,,ბიზნესის ხელშემწყობმა ცენტრმა'' ქუთაისმა მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა ნედლი ხორცის და ყველის საცალო ვაჭრობის ბიზნეს ოპარატორების, ასევე ამავე პროდუქტების მომხმარებლების კვლევები.
კვლევები პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში განხორციელდა.
ბიზნესოპერატორთა კვლევა ჩატარდა იმერეთის 4 ქალაქში: ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიასა და ხონში. სულ გამოიკითხა 59 ოპერატორი, მათ შორის, ნედლი ხორცის 24 ოპერატორი, ყველის 31 ოპერატორი და ორივე პროდუქციის 4 ოპერატორი. ასევე აღსანიშნავია, რომ რეალიზატორთა შორის 6 წარმოადგენდა ყველით გარე მოვაჭრეებს.
ფიზიკური პირი - გარე მოვაჭრეები რომლებიც ბაზრობებზე თავად ყიდიან ხორცს, რეალიზატორებს შორის არ დაფიქსირებულა.
კვლევის ერთ-ერთი თემა იყო ის, თუ რამდენად კარგად იცნობენ ამ პროდუქტების ბიზნესოპერატორები კანონმდებლობას და რეგულაციებს. გამოკითხულ ბიზნესოპერატორთა დიდი ნაწილი 5 წელზე მეტია ოპერირებს, აქვთ მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა, მაგრამ ნორმატიულ და საკანონმდებლო დოკუმენტებთან ურთიერთობა ნაკლებად ქონდათ და ამ კუთხით განათლების სურვილი არ გააჩნიათ. მათი 96% დაკავებული მხოლოდ ამ საქმიანობით.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ კანონმდებლობას სრულად იცნობს მხოლოდ 7%, ნაწილობრივ იცნობს 15%, თუმცა ეს ის სეგმენტია, რომელიც ერიდება უცოდინრობას და ესმის, რომ
ბიზნესოპერატორი ვალდებულია გაცნობიერებული იყოს კანონმდებლობაში. რეალიზატორთა დიდი უმრავლესობა - 78% არ თვლის საჭიროდ საკუთარ განათლებას, მორჩილად ენდობა და სრულად არიან დამოკიდებული ბაზრის ადმინისტრაციაზე და დაქირავებულ ვეტ-ექიმზე. ჩანს ის ფაქტიც, რომ სურსათის რეალიზაციაში ჩართული არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი დარგობრივი განათლება სასერთიფიკატო კურსის დონეზეც კი.
კანონმდებლობაში და რეგულაციებში სრულად გაცნობიერებული 4 ოპერატორი კი იურიდიულ პირებს წარმოადგენენ (2 სამაგალითო მაღაზია სამტრედიაში და 2 ქუთაისში), რომლებიც საუკეთესოდ ოპერირებენ კანონმდებლობის სრული დაცვით, დანერგილი აქვთ HAჩჩP-ი და ვიზიტის მომენტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რეალიზაციის პირობები, რეალიზატორის ჩაცმულობა-მომსახურება, მაცივარში პროდუქციის განლაგება სრულ შესაბამისობაში იყო ნორმატივებთან. მათ იციან კანონმდებლობა და ეცნობიან ცვლილებებსა და სიახლეებს.
სურსათის უვნებლობის მხრივ სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია ნედლი ხორცის და ყველის რეალიზაციებს შორის. ხორცის შემთხვევაში, სარეალიზაციო ხორცის 100% ობიექტზე შემოდის ნახევარი ან მთლიანი ტანხორცი თანმხლები დოკუმენტებით, ყოველმხრივ მოწესრიგებული, შემოწმებული და უვნებელი, რაც ლაბორატორიული კვლევებითაც გამოვლინდა - აღებული 11 ხორცის ნიმუშიდან ყველა აკმაყოფილებდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნას.
ამ ფაქტს ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ხორცის რელიზების საკითხში კანონმდებლობის მოწესრიგებას და მისი აღსრულების ორგანიზებას უკავშირებს.
,,ხორცის რეალიზაციის ჯაჭვი მოწესრიგებულია: სასაკლაოზე მიმწოდებელი წარადგენს პირადობას, ხოლო ბაზარზე მომწოდებელი (ანუ სასაკლაო) წარადგენს ფორმა#2-ს, ეტიკეტს და დამღავს პროდუქტს წესისამებრ. ყველა შემთხვევაში მომწოდებელი არის სასაკლაო. შესაძლებელია, ერთი დოკუმენტაციით რომელიმე ბიზნესოპერატორმა შეუსაბამოდ დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია გააკეთოს, თუმცა მონიტორინგის დროს მსგავსი რამ არ გამოვლინდა, საკლავის არსებული რაოდენობა შეესაბამებოდა დოკუმენტაციას. ხორცის მიწოდების კანონმდებლობასთან შესაბამისობა ლაბორატორიულ ანალიზებშიც გამოისახა თვალნათლივ, სადაც არ გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა,’’-ნათქვამია კვლევაში.
განსხვავებული რეალობაა ყველის რეალიზაციისას, სადაც 13 ნიმუშიდან 4-ში აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, აღმოჩნდა ოქროსფერი სტაფილოკოკი.
,,სპეცმანქანით და ეტიკეტის დაცვით ყველის პროდუქციის მიწოდება ხდება მხოლოდ ქსელურ მაღაზიებში ბრენდირებული საწარმოების მიერ. გამოკითხვაში მონაწილე ყველის მწარმოებელი 3 იურიდიული პირი არის საწარმოები (შავნაბადა, რესპუბლიკა, გოდოგნის ფერმა), რომლებსაც დიდი ალბათობით დანერგილი აქვთ HAჩჩP-ი და ყველა რეგულაციის დაცვით ოპერირებენ ბაზარზე, თუმცა ასეთი საწარმოების ჯამური წილი ბაზარზე მცირეა. ბაზრის უმეტესი ნაწილი უჭირავს არაკონტროლირებად, შეუსაბამო გარემოში დამზადებულ ყველს, რომლის უპირატესობა მხოლოდ „გემოა", დანარჩენი პარამეტრით (უვნებლობა, ხარისხი, სარეალიზაციო/შენახვის/ტრანსპორტირების პირობები) შეუსაბამო, საეჭვო ან გაურკვეველია. ყველის მიწოდება ხშირად - ჩანთებით, ვედროებით, კალათებით, ცელოფნებით... ზოგჯერ არაერთგვაროვან სურსათთან შეხებაში, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და ა.შ. ასეთი მომოწდებლების 100% არიან ფიზიკური პირები. მათი ნაწილი თავად ახდენს საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას ქუჩაში, ბაზრობის გარეთ, მაღაზიის გარეთ... ან აბარებენ ყველით მოვაჭრეებს (ლაბორატორიული კონტროლისა და ყოველგვარი კვლევის გარეშე).
როგორც აღვნიშნეთ, ხორცის რეალიზატორებს სრულყოფილად აქვთ ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი თანმდევი დოკუმენტები, რასაც ყველზე ვერ ვიტყვით, თუმცა ყველის შემთხვევა განსხვავებულია, სოფლებში გლეხების უმრავლესობა ამზადებს ყველს და წარმოუდგენელია რომ წვრილმა საოჯახო ფერმერმა და „ბებოებმა" თავიანთი ყველის ყოველი პარტია ლაბორატორიული კვლევის ოქმით უზრუნველყონ, ან თუნდაც ეს თვეში ერთხელ მოახერხონ, რადგან ეს დაკავშირებულია ფინანსურ და საორგანიზაციო ხარჯებთან, მით უმეტეს, რომ არავინ თხოვს მათ ამის გაკეთებას!’’-ნათქვამია კვლევაში.
სურსათის უვნებლობის ექსპერტი თინა არაბიძე აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზას საკანონმდებლო რეგულაციებში ხედავს. მისი თქმით, კვების და სოფლის მეურნეობის სფეროში არ უნდა ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი განათლება სერთიფიკატის დონეზე მაინც.
,,ევროპის რიგ ქვეყნებში კვების და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანებს საჭიროა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება. ჩვენთანაც უნდა დაიწყოს ამ თემაზე მუშაობა, რათა შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდნენ ამ სფეროში და საფრხე არ შეექმნას მომხმარებლების ჯანმრთელობას,’’-ამბობს თინა არაბიძე.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოიკითხა ხორცისა და ყველის 394 მომხმარებელი.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 33% კვირაში ერთხელ ყიდულობს ნედლ ხორცს, ხოლო 21% ორ კვირაში ერთხელ, ხოლო 17 % თვეში ერთხელ. ყველს კი მოსახლეობა გაცილებით უფრო მაღალი ინტენსივობით ყიდულობს, კერძოდ, კვირაში ერთხელ გამოკითხულთა 39%, კვირაში ორჯერ 33%, ორ კვირაში ერთხელ 13%, თვეში ერთხელ 6%.
შესყიდვის ადგილის მიხედვით შემდეგი სურათია: ხორცს გამოკითხულთა 41%-მდე აგრარულ ბაზრობებზე ყიდულობს, 26% ქსელურ სუპერმარკეტში, 15%-მდე არაქსელურ უბნის მაღაზიებში. დანარჩენი პირდაპირ გლეხისგან ანდა გარე ბაზრობებზე.
ხორცის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ აგრარულ ბაზრობებს უპირატესობას ანიჭებენ დაბალი ფასის და კარგი ხარისხის გამო, ხოლო სუპერმარკეტებს - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ფართო არჩევანის გამო, ასევე მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სავაჭრო წერტილის სახლთან სიახლოვე.
გამოკითხულთა 32% ყველს პირდაპირ გლეხებისგან ყიდულობს, 28% - აგრარულ ბაზრობაზე, 19 %- ქსელურ, 7% არაქსელურ მაღაზიებში და 12% გარე მოვაჭრეებისგან.
ყველის შესყიდვის ადგილის არჩევისას მოსახლეობის უმრავლესობისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ აგრარულ ბაზრობებზე და გლეხებისგან პირდაპირ ყიდვისას ფასი არის დაბალი, ასევე, აგრარულ ბაზრობებზე ყველის დიდი არჩევანია.
გლეხებისგან ყველის შეძენის მაღალი 32% განპირობებულია იმით, რომ ყველს ყიდულობენ ნაცნობ-ახლობლის ოჯახიდან, სადაც დარწმუნებულია მყიდველი დამამზადებლის სისუფთავეში, ჯანმრთელობაში და ცხოველის სათანადო პატრონობაში.
,,დარღვევებზე მომხმარებლის 60% რეაგირებს, და ეს სამომხმარებლო აქტივიზმზე მიუთითებს, მაგრამ არა სამომხმარებლო ცნობიერებაზე. მორეაგირე მომხმარებლის დიდი ნაწილი სუპერმარკეტებში შეიძენს, იხდის ძვირს და ითხოვს კიდეც შესაბამისობას. უმეტეს შემთხვევაში ეს რეაგირება კონსულტანტთან პრეტენზიის გამოთქმაში გამოიხატება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მხოლოდ 3-მა ადამიანმა დარეკა. მომხმარებლის ასეთი პასიურობა მეორეს მხრივ სავაჭრო ადმინისტრაციის კულტურის დონის ამაღლებითაც არის განპირობებული. წლების წინ ბიზნესოპერატორი უკადრისად და შეურაცხმყოფელად პასუხობდა მომხმარებლის პრეტენზიას, ახლა ბოდიშს იხდის და ცვლის/იბრუნებს საქონელს, რაც მომხმარებელზე დადებითად მოქმედებს და მტრულად არ განაწყობს. მომხმარებელთა 30% არასდროს რეაგირებს და მათი 66% თვლის, რომ აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება. ჩვენი აზრით, ეს უფრო ფსიქოტიპია ადამიანისა, რომელსაც სხვისი ხელით გამზადებულის მირთმევა უყვარს, რადგან მიუხედავად ბევრი დარღვევისა და თვალშისაცემი შეუსაბამობებისა, მაინც შეიმჩნევა წინსვლა მოწესრიგებისკენ.
აღსანიშნავია, რომ რეაგირებათა მხოლოდ 19% შემთხვევაში არ მოგვარდა პრობლემა, თუმცა პრობლემათა შინაარსი ჩვენი კვლევის ფარგლებში ვერ დადგინდა,’’-ნათქვამია კვლევაში.
თინა არაბიძე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში არასამთავრობო სექტორის და მასმედიის როლს უსვამს ხაზს.
,,არასამთავრობოებმაც ამ კუთხით მოადუნეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. საჭიროა მეტი გადაცემა მომზადდეს სურსათის უვნებლობის საკითხზე, ვასწავლოთ მოსახლეობას, როგორ მოიქცეს, რათა მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ. საჭიროა მედიამ და არასამთავრობოებმა ამ კუთხით მეტი ყურადღება გამოიჩინონ,’’-ამბობს თინა არაბიძე.
კვლევები განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS)
ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
წყარო: http://www.radiodk.ge