USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
იმერეთის ოთხ ქალაქში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რეალიზებულ ყველის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოჩნდა
Date:  508
ავტორი:ლილე ბერაძე

,,ბიზნესის ხელშემწყობმა ცენტრმა'' ქუთაისმა მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა ნედლი ხორცის და ყველის საცალო ვაჭრობის ბიზნეს ოპარატორების, ასევე ამავე პროდუქტების მომხმარებლების კვლევები.

კვლევები პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში განხორციელდა.

ბიზნესოპერატორთა კვლევა ჩატარდა იმერეთის 4 ქალაქში: ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიასა და ხონში. სულ გამოიკითხა 59 ოპერატორი, მათ შორის, ნედლი ხორცის 24 ოპერატორი, ყველის 31 ოპერატორი და ორივე პროდუქციის 4 ოპერატორი. ასევე აღსანიშნავია, რომ რეალიზატორთა შორის 6 წარმოადგენდა ყველით გარე მოვაჭრეებს.

ფიზიკური პირი - გარე მოვაჭრეები რომლებიც ბაზრობებზე თავად ყიდიან ხორცს, რეალიზატორებს შორის არ დაფიქსირებულა.

კვლევის ერთ-ერთი თემა იყო ის, თუ რამდენად კარგად იცნობენ ამ პროდუქტების  ბიზნესოპერატორები კანონმდებლობას და რეგულაციებს. გამოკითხულ ბიზნესოპერატორთა დიდი ნაწილი 5 წელზე მეტია ოპერირებს, აქვთ მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა, მაგრამ ნორმატიულ და საკანონმდებლო დოკუმენტებთან ურთიერთობა ნაკლებად ქონდათ და ამ კუთხით განათლების სურვილი არ გააჩნიათ. მათი 96% დაკავებული მხოლოდ ამ საქმიანობით.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ კანონმდებლობას სრულად იცნობს მხოლოდ 7%, ნაწილობრივ იცნობს 15%, თუმცა ეს ის სეგმენტია, რომელიც ერიდება უცოდინრობას და ესმის, რომ

ბიზნესოპერატორი ვალდებულია გაცნობიერებული იყოს კანონმდებლობაში. რეალიზატორთა დიდი უმრავლესობა - 78% არ თვლის საჭიროდ საკუთარ განათლებას, მორჩილად ენდობა და სრულად არიან დამოკიდებული ბაზრის ადმინისტრაციაზე და დაქირავებულ ვეტ-ექიმზე. ჩანს ის ფაქტიც, რომ სურსათის რეალიზაციაში ჩართული არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი დარგობრივი განათლება სასერთიფიკატო კურსის დონეზეც კი.

კანონმდებლობაში და რეგულაციებში სრულად გაცნობიერებული 4 ოპერატორი კი იურიდიულ პირებს წარმოადგენენ (2 სამაგალითო მაღაზია სამტრედიაში და 2 ქუთაისში), რომლებიც საუკეთესოდ ოპერირებენ კანონმდებლობის სრული დაცვით, დანერგილი აქვთ HAჩჩP-ი და ვიზიტის მომენტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რეალიზაციის პირობები, რეალიზატორის ჩაცმულობა-მომსახურება, მაცივარში პროდუქციის განლაგება სრულ შესაბამისობაში იყო ნორმატივებთან. მათ იციან კანონმდებლობა და ეცნობიან ცვლილებებსა და სიახლეებს.

სურსათის უვნებლობის მხრივ სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია ნედლი ხორცის და ყველის რეალიზაციებს შორის. ხორცის შემთხვევაში, სარეალიზაციო ხორცის 100% ობიექტზე შემოდის ნახევარი ან მთლიანი ტანხორცი თანმხლები დოკუმენტებით, ყოველმხრივ მოწესრიგებული, შემოწმებული და უვნებელი, რაც ლაბორატორიული კვლევებითაც გამოვლინდა - აღებული 11 ხორცის ნიმუშიდან ყველა აკმაყოფილებდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნას.

ამ ფაქტს ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ხორცის რელიზების საკითხში კანონმდებლობის მოწესრიგებას და მისი აღსრულების ორგანიზებას უკავშირებს.

,,ხორცის რეალიზაციის ჯაჭვი მოწესრიგებულია: სასაკლაოზე მიმწოდებელი წარადგენს პირადობას, ხოლო ბაზარზე მომწოდებელი (ანუ სასაკლაო) წარადგენს ფორმა#2-ს, ეტიკეტს და დამღავს პროდუქტს წესისამებრ. ყველა შემთხვევაში მომწოდებელი არის სასაკლაო. შესაძლებელია, ერთი დოკუმენტაციით რომელიმე ბიზნესოპერატორმა შეუსაბამოდ დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია გააკეთოს, თუმცა მონიტორინგის დროს მსგავსი რამ არ გამოვლინდა, საკლავის არსებული რაოდენობა შეესაბამებოდა დოკუმენტაციას. ხორცის მიწოდების კანონმდებლობასთან შესაბამისობა ლაბორატორიულ ანალიზებშიც გამოისახა თვალნათლივ, სადაც არ გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა,’’-ნათქვამია კვლევაში.

განსხვავებული რეალობაა ყველის რეალიზაციისას, სადაც 13 ნიმუშიდან 4-ში აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, აღმოჩნდა ოქროსფერი სტაფილოკოკი.

,,სპეცმანქანით და ეტიკეტის დაცვით ყველის პროდუქციის მიწოდება ხდება მხოლოდ ქსელურ მაღაზიებში ბრენდირებული საწარმოების მიერ. გამოკითხვაში მონაწილე ყველის მწარმოებელი 3 იურიდიული პირი არის საწარმოები (შავნაბადა, რესპუბლიკა, გოდოგნის ფერმა), რომლებსაც დიდი ალბათობით დანერგილი აქვთ HAჩჩP-ი და ყველა რეგულაციის დაცვით ოპერირებენ ბაზარზე, თუმცა ასეთი საწარმოების ჯამური წილი ბაზარზე მცირეა. ბაზრის უმეტესი ნაწილი უჭირავს არაკონტროლირებად, შეუსაბამო გარემოში დამზადებულ ყველს, რომლის უპირატესობა მხოლოდ „გემოა", დანარჩენი პარამეტრით (უვნებლობა, ხარისხი, სარეალიზაციო/შენახვის/ტრანსპორტირების პირობები) შეუსაბამო, საეჭვო ან გაურკვეველია. ყველის მიწოდება ხშირად - ჩანთებით, ვედროებით, კალათებით, ცელოფნებით... ზოგჯერ არაერთგვაროვან სურსათთან შეხებაში, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და ა.შ. ასეთი მომოწდებლების 100% არიან ფიზიკური პირები. მათი ნაწილი თავად ახდენს საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას ქუჩაში, ბაზრობის გარეთ, მაღაზიის გარეთ... ან აბარებენ ყველით მოვაჭრეებს (ლაბორატორიული კონტროლისა და ყოველგვარი კვლევის გარეშე).

როგორც აღვნიშნეთ, ხორცის რეალიზატორებს სრულყოფილად აქვთ ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი თანმდევი დოკუმენტები, რასაც ყველზე ვერ ვიტყვით, თუმცა ყველის შემთხვევა განსხვავებულია, სოფლებში გლეხების უმრავლესობა ამზადებს ყველს და წარმოუდგენელია რომ წვრილმა საოჯახო ფერმერმა და „ბებოებმა" თავიანთი ყველის ყოველი პარტია ლაბორატორიული კვლევის ოქმით უზრუნველყონ, ან თუნდაც ეს თვეში ერთხელ მოახერხონ, რადგან ეს დაკავშირებულია ფინანსურ და საორგანიზაციო ხარჯებთან, მით უმეტეს, რომ არავინ თხოვს მათ ამის გაკეთებას!’’-ნათქვამია კვლევაში.

სურსათის უვნებლობის ექსპერტი თინა არაბიძე აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზას საკანონმდებლო რეგულაციებში ხედავს. მისი თქმით, კვების და სოფლის მეურნეობის სფეროში არ უნდა ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი განათლება სერთიფიკატის დონეზე მაინც.

,,ევროპის რიგ ქვეყნებში კვების და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანებს საჭიროა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება. ჩვენთანაც უნდა დაიწყოს ამ თემაზე მუშაობა, რათა შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდნენ ამ სფეროში და საფრხე არ შეექმნას მომხმარებლების ჯანმრთელობას,’’-ამბობს თინა არაბიძე.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოიკითხა ხორცისა და ყველის 394 მომხმარებელი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 33% კვირაში ერთხელ ყიდულობს ნედლ ხორცს, ხოლო 21% ორ კვირაში ერთხელ, ხოლო 17 % თვეში ერთხელ. ყველს კი მოსახლეობა გაცილებით უფრო მაღალი ინტენსივობით ყიდულობს, კერძოდ, კვირაში ერთხელ გამოკითხულთა 39%, კვირაში ორჯერ 33%, ორ კვირაში ერთხელ 13%, თვეში ერთხელ 6%.

შესყიდვის ადგილის მიხედვით შემდეგი სურათია: ხორცს გამოკითხულთა 41%-მდე აგრარულ ბაზრობებზე ყიდულობს, 26% ქსელურ სუპერმარკეტში, 15%-მდე არაქსელურ უბნის მაღაზიებში. დანარჩენი პირდაპირ გლეხისგან ანდა გარე ბაზრობებზე.

ხორცის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ აგრარულ ბაზრობებს უპირატესობას ანიჭებენ დაბალი ფასის და კარგი ხარისხის გამო, ხოლო სუპერმარკეტებს - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ფართო არჩევანის გამო, ასევე მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სავაჭრო წერტილის სახლთან სიახლოვე.

გამოკითხულთა 32% ყველს პირდაპირ გლეხებისგან ყიდულობს, 28% - აგრარულ ბაზრობაზე, 19 %- ქსელურ, 7% არაქსელურ მაღაზიებში და 12% გარე მოვაჭრეებისგან.

ყველის შესყიდვის ადგილის არჩევისას მოსახლეობის უმრავლესობისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ აგრარულ ბაზრობებზე და გლეხებისგან პირდაპირ ყიდვისას ფასი არის დაბალი, ასევე, აგრარულ ბაზრობებზე ყველის დიდი არჩევანია.

გლეხებისგან ყველის შეძენის მაღალი 32% განპირობებულია იმით, რომ ყველს ყიდულობენ ნაცნობ-ახლობლის ოჯახიდან, სადაც დარწმუნებულია მყიდველი დამამზადებლის სისუფთავეში, ჯანმრთელობაში და ცხოველის სათანადო პატრონობაში.

,,დარღვევებზე მომხმარებლის 60% რეაგირებს, და ეს სამომხმარებლო აქტივიზმზე მიუთითებს, მაგრამ არა სამომხმარებლო ცნობიერებაზე. მორეაგირე მომხმარებლის დიდი ნაწილი სუპერმარკეტებში შეიძენს, იხდის ძვირს და ითხოვს კიდეც შესაბამისობას. უმეტეს შემთხვევაში ეს რეაგირება კონსულტანტთან პრეტენზიის გამოთქმაში გამოიხატება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მხოლოდ 3-მა ადამიანმა დარეკა. მომხმარებლის ასეთი პასიურობა მეორეს მხრივ სავაჭრო ადმინისტრაციის კულტურის დონის ამაღლებითაც არის განპირობებული. წლების წინ ბიზნესოპერატორი უკადრისად და შეურაცხმყოფელად პასუხობდა მომხმარებლის პრეტენზიას, ახლა ბოდიშს იხდის და ცვლის/იბრუნებს საქონელს, რაც მომხმარებელზე დადებითად მოქმედებს და მტრულად არ განაწყობს. მომხმარებელთა 30% არასდროს რეაგირებს და მათი 66% თვლის, რომ აზრი არ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება. ჩვენი აზრით, ეს უფრო ფსიქოტიპია ადამიანისა, რომელსაც სხვისი ხელით გამზადებულის მირთმევა უყვარს, რადგან მიუხედავად ბევრი დარღვევისა და თვალშისაცემი შეუსაბამობებისა, მაინც შეიმჩნევა წინსვლა მოწესრიგებისკენ.

აღსანიშნავია, რომ რეაგირებათა მხოლოდ 19% შემთხვევაში არ მოგვარდა პრობლემა, თუმცა პრობლემათა შინაარსი ჩვენი კვლევის ფარგლებში ვერ დადგინდა,’’-ნათქვამია კვლევაში.

თინა არაბიძე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში არასამთავრობო სექტორის და მასმედიის როლს უსვამს ხაზს.

,,არასამთავრობოებმაც ამ კუთხით მოადუნეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. საჭიროა მეტი გადაცემა მომზადდეს სურსათის უვნებლობის საკითხზე, ვასწავლოთ მოსახლეობას, როგორ მოიქცეს, რათა მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ. საჭიროა მედიამ და არასამთავრობოებმა ამ კუთხით მეტი ყურადღება გამოიჩინონ,’’-ამბობს თინა არაბიძე.

კვლევები განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS)
ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

წყარო: http://www.radiodk.ge

 

 

 
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way