USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
თბილისი
«Bild» (გერმანია): „ისინი ჩვენს ფულს ხარჯავენ: რამდენი საბიუჯეტო თანხა „გაანიავეს“ ქალმა მინისტრებმა“
თარიღი:  

„ბოლო წლებში გერმანულ პოლიტიკაში ფემინიზაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებაში ქალების მომრავლებამ ფედერალურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვია - ქალბატონებმა „ქარს გაატანეს“ ასი ათასობით ევრო, რომელიც ბიუჯეტში გერმანელმა გადასახადის გადამხდელებმა შეიტანეს: მშვენიერი სქესის წარმომადგენლების საერთო დანახარჯებმა პარიკმახერებზე, ვიზაჟისტებზე, კოსმეტოლოგებზე და ფოტოგრაფებზე მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნახევარ მილიონამდე ევრო შეადგინა“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ისინი ჩვენს ფულს ხარჯავენ: რამდენი საბიუჯეტო თანხა „გაანიავეს“ ქალმა მინისტრებმა“ (ავტორი - ნიკოლაუს ხარბუში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

განა ისინი ლამაზები არ არიან - ჩვენი მინისტრი-ქალები? დიახ, მათ მშვენიერი გარეგნობა აქვთ, მაგრამ მათ სურთ უფრო ლამაზები იყვნენ. გალამაზება კი ფულს მოითხოვს...

გერმანიის კოალიციური მთავრობის (რომელსაც შუქნიშანს“ ეძახიან მასში შემავალი პარტიების სიმბოლური ფერების გამო) წევრების გარეგნობა გადასახადების გადამხდელებს საკმაო ფული უჯდებათ. თქვენ წარმოიდგინეთ - ზემოთ ხსენებულ ნახევარ მილიონ ევროში არ იგულისხმება იმ შტატგარეშე  ვიზაჟისტებისა და პარიკმახერების ხელფასები, რომლებიც ჩვენს მინისტრებს ალამაზებენ, ნახევარი მილიონი ევრო მხოლოდ პრემიალურია!

ასეთი მონაცემებს შეიცავს მთავრობის წერილობითი პასუხი კითხვაზე, რომელიც პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ლიდერმა დასვა და რომელზეც ამ დღეებში ოლაფ შოლცის მტავრობის სპიკერმა წარმოადგინა.

2023 წლის პირველი იანვრიდან დაწყებული 20 ივნისის ჩათვლით, სილამაზის ოსტატებს (ანუ პარიკმახერებს და ვიზაჟისტებს) ფედერალური ბიუჯეტიდან 452 354 ევრო ჩაერიცხათ. ამ თანხაში შედის აგრეთვე „მოწვეულ უშტატო თანამშრომლების მგზავრობის  და გამოყენებული მასალების ხარჯები“.

ალბათ, გაინტერესებთ, ვინ არის ხალხის ფულის ყველაზე მეტი მხარჯველი? ვინ და ანალენა ბარბოკი, საგარეო საქმეთა მინისტრი. მის გალამაზებაზე დაიხარჯა 136 552 ვრო ფედერალური ბიუჯეტიდან. ფემინისტური საგარეო პოლიტიკის“ გამტარებელი მინისტრის ვიზაჟისტი ყოველთვიურად 8925 ევროს იღებდა...

ბუნებრივია, კითხვა გაგიჩნდებათ: განა ეს ყველაფერი კანონიერია?

ცნობილი ბონელი სამართალმცოდნე, პროფესორი ქრისტიან ჰილგრუბერი, ითვალისწინებს რა პოსტულატს, რომლის თანახმად „ფედერალური მთავრობა ვალდებულია დაიცვას რესურსების ეკონომიურად ხარჯვის პრინციპი“, ამბობს, რომ „სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი ხარჯები ძალიან საეჭვოა“ და „პოლიტიკურად უმსგავსოდ გამოიყურება“. პროფესორი მთავრობას ურჩევს საჯარო სამსახურის დროს ნაკლები ყურადღება დაუთმოს გარეგნობის ფაქტორებს და უფრო მეტი კომუნიკაციების ფორმებს და შინაარსს“.

ამას წინათ გაზეთმა „ტაგესშპიგელმა“ გამოაქვეყნა მამხილებელი სტატია ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის შესახებ, რომელშიც საუბარია, თუ როგორ იფლანგება ბიუჯეტის ფული პირადულ მოთხოვნილებებზე: ექს-კანცლერს თურმე დღემდე თან დაჰყვება შტატგარეშე „ასისტენტი ქალი“, რომელიც მის თმის ვარცხნილობაზე და მაკიაჯზე ზრუნავს. რასაკვირველია, ანაზღაურება „ასისტენტს“ ფედერალური ბიუჯეტიდან ერიცხება.

გერმანიის გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ რაინერ ჰოლცნაგელმა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადასახადების გადამხდელებისათვის ძნელად გასაგებია, თუ რატომ უნდა წავიდეს ბიუჯეტში გადახდილი ფული ვიღაც ვიზაჟისტებისა და პარიკმახერების ჯიბეში. „ფული იხარჯება ისეთი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც თავიანთი ჭკუით და გამოცდილებით მაინც და მაინც არ ბრწყინავენ და საშუალო დონისა არიან. ამიტომაც ხარჯები მინიმუმამდე უნდა იქნას შემცირებული, ხოლო თუ რომელიმე პოლიტიკოსს სურს საგანგებოდ უნდა გალამაზდეს, მან ფული საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს“, - ამბობს რაინერ ჰოლცნაგელი.

სხვათა შორის, პარიკმახერებთან და კოსმეტოლოგებზე ფულის ხარჯვის ფაქტები გერმანული უახლესი პოლიტიკის ისტორიაში პირველი არ არის. 1994 წელს თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი კეროლა ფონ ბრაუნი იძულებული გახდა თავისი პარტიული პოსტი და ბუნდესტაგში ფრაქციის ლიდერობა დაეტოვებინა - იმიტომ, რომ იგი ამხილეს: თურმე პარიკმახერთან რვაჯერ მისულა თმის დასავარცხნად და ფული თვითონ კი არა, პარლამენტის ფრაქციული ფონდიდან გადაუხდია. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, სულელურ საქციელს წარმოადგენდა, რასაც ფრაუ კეროლას კარიერა შეეწირა.

წყარო: https://www.bild.de/politik/inland/politik/ampel-regierung-so-viel-gaben-die-minister-fuer-styling-aus-84683610.bild.html

 

თბილისი
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის