USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Dikgazete» (თურქეთი): „საქართველომ უარი უნდა განაცხადოს თავის მიზნებზე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ“
Date:  

თურქული გამოცემა „დიკგაზეტე“ (Dikgazete) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველომ უარი უნდა განაცხადოს თავის მიზნებზე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ“ (ავტორი - ერხან ალტიპარმაკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელშიც დასავლეთის მხარდაჭერით „ფერადი რევოლუცია“ მოხდა; 2000-იანი წლების დასაწყისში აშშ-მა გადაწყვიტა ჩარეულიყო საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, რომელსაც მანამდე საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში და იმავდროულად იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრიც.

ე.წ. „საქველმოქმედო ორგანიზაციებმა“, რომლებიც ცნობილი „ფილანთროპის“ ჯორჯ სოროსის ფონდიდან იკვებებოდნენ, შეძლეს ანტისამთავრობო ხალხმრავალი საპროტესტო აქციების გამოწვევა საქართველოში, რის შედგადაც ქვეყნის ხელისუფლება შეიცვალა.

მთავრობაში მოვიდნენ ის პიროვნებები, რომლებიც ამერიკელებმა თვითონ მოამზადეს - მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. საქართველო მთლიანად შეტრიალდა დასავლეთისაკენ.

როცა „ქართველმა დემოკრატებმა“ 2008 წელს [სეპარატისტულ] „სამხრეთ ოსეთში“ ქართული არმიის შეყვანა გადაწყვიტეს, მათ ქმედებაში რუსეთი ჩაერია. რუსული ტანკების ლულების დანახვაზე ქართველებმა უკან დაიხიეს. მას შემდეგ, რაც რუსული არმია თბილისთან ახლოს გაჩერდა, მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

რასაკვირველია, საქართველომ დაიწყო რუსეთს საწინააღმდეგო საგარეოპოლიტიკური კურსის გატარება, დასავლეთის წაქეზებით მოისურვა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გამხდარიყო. დაიწყო ქვეყნის საზოგადოების „კვება“ საერთაშორისო გლობალური ფონდებისა და ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებში ნატოს ხომალდები საბრძოლო მზადყოფნით შედიოდნენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიცრები ქართველ ჯარისკაცებს წრთვნიდნენ. ქართული არმია რუსეთთან შესაძლებელი ომისათვის ემზადებოდა - განხორციელდა მისი მოდერნიზება, ქვეყნის სამხედრო არსენალში დასავლური იარაღის რაოდენობამ იმატა. გარდა ამისა, ამერიკელებმა საქართველოს ტერიტორიაზე (ისევე, როგორც უკრაინაში), ბიოლოგიური ლაბორატორიები ააშენეს.

ჩამოთვლილი ფაქტებისა და მოვლენების გათვალისწინებით, შეგვიძლია ისეთი სცენარის განმეორების მომსწრენი გავხდეთ, რომელიც უკრაინის რეალობის ანალოგი იქნება.

ნატოში საქართველოს სავარაუდო გაწევრიანება სინამდვილეში რუსეთისათვის პრობლემას არ წარმოადგენდა. თბილისი დიდ ხნის განმავლობაში ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას, ევროინტეგრაციას, მაგრამ მოსკოვი მის სწრაფვას მაინცდამაინც წინააღმდეგებას არ უწევდა. რუსეთი ასევე არ ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგი იმისა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.

საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკაში კრემლს ერთადერთი რამ აღიზიანებდა - ნატოში მათი გაწევრიანების სურვილი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება ამ ქვეყნებში მოსკოვის მხრიდან რუსეთისათვის საფრთხედ იქნა შეფასებული.

ამას წინათ თბილისის ქუჩებში დასავლეთის მომხრეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო აქციაზე და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს. ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ გამოზრდილმა პოლიტიკოსებმა და ორგანიზაციებმა სამიზნედ რუსეთი აირჩიეს. აქციის მონაწილეებს შორის გაისმა მოწოდებები, რომ სოხუმისაკენ (აფხაზეთისაკენ) და ცხინვალისაკენ შეტევა განხორციელებულიყო.

აშკარაა, რომ საქართველოში [ექსტრემისტული] დაჯგუფებები მომძლავრდნენ. მათი ზეწოლის შედეგად მმართველმა პარტიამ კანონპროექტი პარლამენტში განხილვიდან მოხსნა და უკან გაიწვია. აქციების შედეგად ეს დაჯგუფებებეი უფრო გაბედულები გახდნენ და მკაფიოდ ასახელებენ თავიანთ მიზნებს - მათ სურთ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში ჩაერთოს. (...)

თუ ქართული პროდასავლური დაჯგუფებების ზეწოლას მთავრობა დაეთანხმება, მაშინ დასავლეთი თბილისს მხარს დაუჭერს და ჩვენ ჯარების გადაადგილებებს შევამჩნევთ. რა თქმა უნდა, საქართველო უარს არ იტყვის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“  გაკონტროლებაზე, თუნდაც 50 და მეტი წელი გავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღიც განალაგოს.

ბუნებრივია, თუ მოვლენები ასე განვითარდება, თბილისის პოლიტიკა თურქეთისათვის სახიფათო იქნება - საქართველოს შეუძლია პრეტენზია განაცხადოს თურქეთის ტერიტორიებზე. მსგავსი მაგალითები უკვე იყო წარსულში.

საქართველოს ახლა პოლიტიკური სტაბილურობა ჭირდება - უნდა შემცირდეს ჯორჯ სოროსის დაჯგუფებების გავლენა საზოგადოებაზე. კავკასიის რეგიონში ომი აღარ უნდა მოხდეს.

თბილისს უნდა ახსოვდეს, რომ არსებობენ მეზობელი ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეები, მაგრამ იმავდროულად ისინი მხარს არ უჭერენ ნატოში თბილისის გაწევრიანების სურვილს.

საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ თუ ის თვითონ არ შეუქმნის სხვებს საფრთხეს, მაშინ არც სხვები არ იქნებიან მისთვის საფრთხის შემქმნელნი. საქართველომ უარი უნდა განაცხადოს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შეჭრის სურვილზე.

თუ თბილისი თავისი მიზნების მიღწევის მცდელობას გააგრძელებს, არც საქართველოში და არც შავიზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არ იქნება.

წყარო: https://www.dikgazete.com/yazi/gurcistan-abhazya-ve-guney-osetya-yi-isgal-amacindan-vazgecmeli-5407.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way