USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
«Die Welt» (გერმანია): „სვანეთში - „კავკასიის გვირგვინში“ - მოთხილამურეები ერთადერთობის შეგრძნებას განიცდიან“
თარიღი:  1441

გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) რუბრიკით „რეგიონული კვლევები“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სვანეთში - „კავკასიის გვირგვინში“ - მოთხილამურეები ერთადერთობის განცდას გრძნობენ“ (ავტორი - შტეფან ვაისებორნი). პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის - სვანეთის ისტორია და თანამედროვეობა, წარსულისა და დღევანდელობის ურთიერთკავშირი, ადგილობრივი კოლორიტი, ტრადიციები და რეგიონის განვითარების პერსპექტივა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მხოლოდ ერთ გზას მივყავართ კავკასიონის იმ მაღალი მწვერვალებისკენ, რომლითაც სვანეთი - საქართველოს მთიანი მხარეა განთქმული. სვანეთში მდებარეობს სოფელი უშგული, ყველაზე მაღალმთიანი სოფელი, რომელსაც ზემოდან შხარა - საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი (5201 მეტრი) გადმოჰყურებს.

სვანეთი წინათ და ახლა

როცა 1996 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში უშგული შეიტანა, თავისი კარგად შენახული შუასაუკუნეობრივი კოშკებით, გზები უსაფრთხო არ იყო. სვანეთს ბანდიტური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოელ მოგზაურებს აფრთხილებდა, რომ გამორიცხული არ იყო შეიარაღებული თავდასხმები, ძარცვები და ადამიანთა გატაცებები.

დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ორი რეგიონში არ არის რეკომენდებული ყოფნა - ახაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“, რომლებიც რუსეთის მიერ არიან ოკუპირებულნი. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სტაბილურად და უსაფრთხოდ ითვლება, მათ შორის სვანეთიც, რომელიცსამხრეთ კავკასიაში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს, ხელუხლებელ და იმავდროულად მიმზიდველ მხარედ ითვლება, თავისი შორი მდებარეობის გამო.

სვანური ტრადიციები და ენის გაქრობის საფრთხე

სვანეთი ხასიათდება ძნელადმისადგომი ხეობებით, მაღალმთიანი უღელტეხილებით, მყინვარებითა და პლატოებით. ამ მხარის გაკონტროლებმა რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ მე-19 საუკუნის შუახანებში შეძლო. სვანეთის დაუმორჩილებელი მოსახლეობის გამო პრობლემები ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასაც. დღესაც სვანების ცხოვრების წესი და კულტურა მხოლოდ უმნიშვნელოდ არის შეცვლილი.

ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩევა როგორც უძველესი, ქრისტიანობამდე არსებული ადათ-წესებით, ასევე შუა საუკუნეების ტრადიციებით, მითიური ფოლკლორით, ცეკვებით და ინსტრუმენტებით, რომლებიც ზოგიერთებს შეიძლება არქაულად მოეჩვენოს. გარდა ამისა, სვანებს საკუთარი სალაპარაკო ენა აქვთ, რომელიც ქართული ენის მონათესავედ ითვლება, თავისი ბევრი ხმოვანი ბგერებით, თუმცა სვანური ენით მხოლოდ 30 ათასამდე მცხოვრები სარგებლობს. ამიტომ იუნესკოს კლასიფიკაციით, სვანურ ენა „გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარ ენად“ ითვლება.

სვანეთი - ევროპის ყველაზე მაღალი მხარე

სვანეთს ხშირად „კავკასიის გვირგვინსაც“ უწოდებენ. სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულებისათვის სვანეთის მთები ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს - აქ არის პრაქტიკულად ხელუხლებელი ბუნება, უსასრულო თოვლიანი ფერდობებით და სიწყნარით, განმარტოებით, მშვიდი ადგილებით, რასაც შედარებით უფრო განვითარებულ ალპებში ვერ იპოვით.

სვანეთის მთებში მდებარე სამთო-სათხილამურო ბაზები მცირეა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი. ტურიზმი ძირითადად ბოლო წლებში გახდა პოპულარული. 30 წლის წინათ, ეკონომიკური პრობლემების გამო სვანეთი (განსაკუთრებით ზემო სვანეთი) ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დატოვა, დღეს კი ისინი უკან ბრუნდებიან - ტურიზმის განვითარება შემოსავლების წყარო ხდება.

2016 წელს სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტი „თეთნულდი“ გაიხსნა, რომელიც 4858 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და რამდენიმე მეტრით აღემატება ევროპის ალპების ყველაზე მაღალ მწვერვალს - მონბლანს. „თეთნულდში“ არის 14-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა და მუშაობს ხუთი საწეველა. კურორტი „ხაცვალი“ მხარის ადმინისტრაციულ ცენტრთან - მესტიასთან ახლოს მდებარეობს, გამოირჩევა იდეალური  ხუთკილომეტრიანი ტრასით. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რეალიზდება თუ არა უშბის გიგანტური მყინვარის ათვისების პროექტი გონდოლების მეშვეობით, სადაც ზაფხულშიც შეიძლება თხილამურებით სრიალი.

სვანური სამზარეულო: კუპდარი

მსოფლიოს ბევრი ქვეყნისა და ხალხის სამზარეულოში შეხვდებით ცომის ღვეზელს შიგთავსით, რომელსაც სხვადასხვა სახელი ჰქვია. სვანეთში მას კუპდარს ეძახიან - ცხვრის ან ღორის ხორცის შიგთავსით, რომელსაც შერეული აქვს სანელებლები.

კუპდარს ცხელს მიირთმევენ, სპირტიანი სასმელის - ჭაჭის არაყის - თანხლებით, რომელიც თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული.

„სვანეთი“ - ვარსკვლავი კოსმოსში

დედამიწას „სვანეთთან“ - ციურ სხეულთან - თითქმის 300 მილიონი კილომეტრი აშორებს: „სვანეთი“ ასტეროიდს წარმოადგენს, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის სივრცეში მოძრაობს. ის 1978 წელს საბჭოთა ასტრონომმა ნიკოლაი ჩერნიხმა აღმოაჩინა ყირიმის ობსერვატორიიდან და მას კავკასიის რეგიონში მდებარე კოლორიტული მხარის - სვანეთის სახელი ეწოდა. იმ დროს სვანეთი და მთლიანად საქართველო საბჭოთა კავშირის სემადგენლობაში შედიოდა.

„სვანები - ყველაზე მამაცი და გაბედული ხალხი მსოფლიოში“

ძველ ბერძენ გეოგრაფს სტრაბონს სვანები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე პირველი საუკუნეში ჰყავს მოხსენიებული. მან კარგად იცოდა, რომ კავკასიიდან აღმოსავლეთით საქარავნო გზა მიემართებოდა და სვანებს იმდროინდელ მსოფლიოში უშიშარ მეომრებად თვლიდა.

ტრადიციული არქაული სამართლებრივი ადათ-წესები სვანეთში დღესაც არის შემორჩენილი - გვარის უხუცესიდან დაწყებული, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას არეგულირებს, სისხლის აღებით (შურისძიებით) დამთავრებული, რომელიც ამჟამადაც ნაწილობრივ არის გავრცელებული.

წყარო: https://www.welt.de/reise/nah/article249301052/Georgien-Swanetien-ist-ein-Paradies-zum-Skifahren-und-Freeriden.html

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის