USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Die Welt» (გერმანია): „კიევის სურვილი გერმანული ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უკრაინის დაბნეულობის გამოხატულებას წარმოადგენს“
дата:  1584

„დიდი მოლოდინის მიუხედავად, კიევმა ვერადავერ შეძლო კონტრშეტევაში წარმატების მიღწევა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები და პოლიტიკოსები ბერლინს ფრთოსანი რაკეტის - „ტაურუსის“ (Taurus) მიცემას სთხოვენ... მაგრამ არ არის საჭირო დიდი სამხედრო თეორეტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ კიევი „ტაურუსებით“ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებს. ასეთი თხოვნები მხოლოდ უსუსურობის მანიშნებელია“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კიევის სურვილი გერმანული ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უკრაინის დაბნეულობის გამოხატულებას წარმოადგენს“ (ავტორი - ჟაკ შუსტერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსებმა, მართალია, ვერ შეძლეს ნატოსა და ევროკავშირის სიმტკიცის შესუსტება უკრაინის დახმარების საკითხში, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლეთიც არასწორი გზით წავიდა: პუტინის რუსეთი ვერც ეკონომიკურმა სანქციებმა ვერ დააჩოქა, ვერც პოლიტიკური იზოლაციის მცდელობებმა. გარდა ამისა, აშკარად ჩანს, რომ ომი სულ უფრო სისხლისმღვრელი და   გააფთრებული ხდება.

იმავდროულად დასავლეთი ხმამაღლა ნიშნის მოგებით აცხადებს, რომ რუსებმა დიდი შეცდომა ჩაიდინეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყეს. რასაკვირველია, დასავლეთის განწყობა სამართლიანია, რუსებმა მართლაც გლობალური შეცდომა დაუშვეს: ვლადიმერ პუტინს ნატოს დასუსტება სურდა, ალიანსი კი უფრო მტკიცდება და ფართოვდება. იგი იმედოვნებდა, რომ ევროკავშირს დაშლიდა, მაგრამ ევროკავშირი ფეხზე მტკიცედ დგას. კრემლის ბინადარი ფსონს უკრაინის სწრაფ კაპიტულაციაზე დებდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდა - კიევი იბრძვის. ასეთი არგუმენტები შეიძლება ბევრი მოინახოს, მაგრამ მოდით, სიტუაციას სხვა მხრიდან შევხედოთ:

დასავლეთის მიერ დაშვებული შეცდომებიც არანაკლებ სერიოზულია. აშშ-სა და ევროპას სჯეროდა, რომ რუსეთს მუხლებზე დასცემდნენ, მაგრამ რუსეთზე ჯერ ისევ ფეხზე დგას, თანაც ურყევად. დასავლეთმა ფსონი რუსეთის იზოლაციაზე დადო დანარჩენი მსოფლიოსაგან, მაგრამ მოსკოვს ჯერ კიდევ უამრავი კონტაქტი აქვს და მის იზოლაცია-კარანტინზე ლაპარაკი ზედმეტია.

იგივე სიტუაციაა უკრაინის კონტრშეტევის მიმართთაც - კიევის სარდლობის ხმამაღალი დაპირებები არ მართლდება, რუსული თავდაცვითი ხაზის გადალახვა ვერ ხერხდება... კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები იმედოვნებდნენ, რომ ამერიკელი და ევროპელი ინსტრუქტორების მიერ სამხედრო ბაზებზე გაწრთვნილი უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტზე სასწაულებს მოახდენდნენ და სწრაფ წინსვლას უზრუნველყოფდნენ, მაგრამ არაფერს ამის მსგავსს ვერ ვხედავთ. ისეთი პირი უჩანს, რომ საზაფხულო კონტრშეტევა საშემოდგომოდ გადაიქცევა - ფაქტია, რომ ფრონტებზე პროგრესი ან საერთოდ არ არის, ან ძალიან უმნიშვნელოა. არც იმის პერსპექტივა არ ჩანს, რომ შეტევა გაფართოვდება და მისი ტემპი მოიმატებს. კიევი მძიმე სიტუაციაშია ჩავარდნილი და მდგომარეობის გამოსასწორებლად საშუალო სიშორის ფრთოსან რაკეტებს ითხოვს..

ყველა ვერ იქნება კლაუზევიცი (გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი, გენერალი - ს.კ.), მაგრამ „ტაურუსებთან“ დაკავშირებით  სიტუაცია გარკვეულია: ამ რაკეტებს კონტრშეტევასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და მათი დახმარებით რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გატავისუფლება შეუძლებელია. უკრაინას უფრო მეტად თანამედროვე საარტილერიო სისტემები გამოადგება, რაც მას აქვს, მაგრამ არ ჰყოფნის. დანაკარგებს, რასაკვირველია, ორივე მხარე განიცდის, მაგრამ მოსკოვს, კიევისაგან განსხვავებით, ბევრი რეზერვის გამოყენების შესაძლებლობა აქვს. მოკლედ, კიევის სწრაფვა რაკეტების შესაძენად რაღაც არაგონივრულია და გაოცებას იწვევს, სარდლობის დაბნეულობას და უსუსურობის გამოხატულებას წარმოადგენს.

ამჟამად ფრონტზე პატური სიტუაციაა შექმნილი: ერთი მხრივ, უკრაინის არმიას რუსი ოკუპანტების გაძევება ქვეყნის ტერიტორიიდან არ შეუძლია. მეორე მხრივ, მოსკოვის გეგმებიც გაცამტვერდა უკრაინის დამარცხების თაობაზე, კიევს დასავლეთი დახმარებას უწევს. პროგნოზი შემაძრწუნებელია: ომი უფრო დაუნდობელი და სისხლისმღვრელი გახდება და მისი საშინელებები როგორც უკრაინელებსა და რუსებს, ასევე ევროპელ ხალხებს კიდევ დიდიხანს გაჰყვება.

წყარო: https://www.welt.de/politik/deutschland/article246837246/Offensive-gegen-Russland-Kiews-Wunsch-nach-Raketen-ist-ein-Ausdruck-der-Ratlosigkeit.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати