USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Die Welt» (გერმანია): „1941 წელს, როცა საბჭოთა შინსახკომმა იოსებ სტალინის ბრძანებით დნეპროჰესის კაშხალი ააფეთქა“
дата:  669

უკრაინაში მდინარე დნეპრზე არსებული ნოვაია კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით დასავლურ და განსაკუთრებით გერმანულ პრესაში ბევრი სტატია იბეჭდება.

გაზეთი „ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „1941 წელს, როცა საბჭოთა შინსახკომმა იოსებ სტალინის ბრძანებით დნეპროჰესის კაშხალი ააფეთქა...“ (ავტორი - იოჰან ალტხაუსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მდინარეებზე შექმნილი კაშხლები ადამიანის შემოქმედების ერთ-ერთ თვალსაჩინო პროდუქტად ითვლება, ბუნების გარდაქმნის მიზნით, ამიტომ ასეთი ნაგებობების დანგრევა ძალიან საშიშია - მათი დარღვევით გამოწვეული ზიანი ძალიან დიდია და მხოლოდ ბირთვული ობიექტები თუ შეედრებიან. ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომიდან სამხედრო ექსპერტები გამაფრთხილებლად აცხადებდნენ, რომ რუსეთის არმიას მდინარე დნეპრზე არსებული კახოვკის ჰესის კაშხლის (აშენდა 1950-55 წლებში) აფეთქება შეუძლიაო და როგორც ჩანს, 6 ივნისის ღამეს სწორედ ეს მოხდა.

მსგავსი აფეთქების ისტორიული პრეცედენტი უკვე არსებობს - ნოვაია კახოვკასგან ჩრდილოეთით მდებარე დნეპროჰესის კაშხლის დანგრევა მეორე მსოფლიო ომის დროს.

უკრაინის სსრ-ის ქალაქ ზაპოროჟიესთან ახლოს დნეპროჰესის მშენებლობა, რომელიც საბჭოთა სტალინური ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენდა, 1927 წელს დაიწყო. მას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა: მდინარე დნეპრი სანაოსნო გამხდარიყო, დნეპრის წყლით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მორწყულიყო და გამომუშავებულიყო ელექტრონერგია. მშენებლობა, რომლიც აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობდა, 1932 წელს დასრულდა: იმ დროისთვის დნეპროჰესი ევროპის უდიდეს ელექტროსადგურად ითვლებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, კერძოდ 1941 წელს, როცა გერმანიის არმიამ (ვერმახტმა) საბჭოთა წითელი არმია შეავიწროვა, ბოლშევიკმა დიქტატორმა იოსებ სტალინმა შინსახკომს („ენკავედეს“) უბრძანა, რომ გერმანული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად დნეპროჰესის კაშხალი აეფეთქებინა, რაც 1941 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათსა და 15 წუთზე  განხორციელდა. კაშხალი 20 ტონა დინამიტით ააფეტქეს, წარმოქმნილ 21 მეტრი სიმაღლისა და 175 მეტრი სიგრძის მქონე ნარღვევში დნეპრის წყალმა იხუვლა და რაც კი ქვემო დინების ტერიტორიაზე იყო, ყველაფერი განადგურდა - ქარხნები, სამდინარო ნავსადგურები და რაც მთავარია, ქალაქები და სოფლები.

შინსახკომს კაშხლის აფეთქების შესახებ არც მოსახლეობა არ გაუფრთხილებია და არც იქ მყოფი წითელი არმიის ქვედანაყოფების მეთაურები.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუდგენელია - არსებობს მონაცემები, რომ დაიღუპა 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და წითელი არმიის ჯარისკაცები. რაც შეეხება გერმანიის არმიას, ვერმახტი არ დაზარალებულა - აფეთქებიდან 8 დღის შემდეგ ვერმახტმა დნეპრის მარჯვენა ნაპირი დაიკავა და ყირიმისა და აზოვის ზღვისაკენ გაიჭრა.

1941 წლის 4 ოქტომბერს გერმანელი სპეციალისტებმა დაზიანებული კაშხლის რემონტი დაიწყეს, 1942 წელს კი დნეპროჰესმა ელექტროენერგიის გამომუსავება ისევ დაიწყო, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით.

როცა ვერმახტი იძულებული გახდა 1943 წლის ოქტომბერში უკან დაეხია, კაშხალი ახლა უკვე გერმანელებმა ააფეთქეს, ძირითადად საარტილერიო ჭურვებით და ავიადაბომბვებით. მოხდა ისევ წყალდიდობა, მაგრამ ზარალი უცნობია. 1944 წელს  საბჭოთა ინჟინრებმა, ამერიკული General Electric-ის დახმარებით, დნეპროჰესის რეკონსტრუქცია განახორციელეს, 1950 წელს, როცა უკვე სტალინურ საბჭოთა კავშირსა და თავისუფალ დემოკრატიულ დასავლეთს შორის ცივი ომი დაწყებული იყო, დნეპროჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება ისევ დაიწყო.

წყარო: https://www.welt.de/geschichte/zweiter-weltkrieg/article242140009/Staudamm-Sprengung-Als-der-Dnipro-1941-schon-einmal-entfesselt-wurde.html

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати