USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«Die Zeit» (გერმანია): „შიში „რუსული კანონის“ წინაშე? საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს“
Date:  202

გერმანულ გაზეთ „დი ცაიტ“-ში (Die Zeit) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შიში „რუსული კანონის“ წინაშე? საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს“ (ავტორი - მაქსიმ კირეევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ყოველ საღამოს ქართველები თბილისის ქუჩებში საკუთარი მთავრობის მიმართ რისხვას გამოხატავენ: დედაქალაქის სტუდენტებისა და ახალგაზრდების უმრავლესობა პარლამენტის შენობის წინ იკრიბება - ერთ დღეს რომ ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ, მეორე დღეს ტექნორიტმებზე და ეროვნულ ინსტრუმენტების მელოდიებზე ცეკვავენ, ევროკავშირის დროშებით ხელში. ასე გრძელდება უკვე ორი კვირაზე მეტ ხანს.

ერთი კვირის წინ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „დაფიონმა“ დემოკრატიის ერთგვარი საჯარო დემონსტრირება განახორციელა: „ვფიცავთ, რომ არასოდეს ქედს არ მოვიხრით იმ ძალის წინაშე, რომელიც ჩვენს სამშობლოს მტერს - რუსეთს ჩააბარებს“, - გაიძახოდა რამდენიმე ასეული ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც პარლამენტის წინ მდებარე პატარა მოედანზე იყვნენ შეკრებილნი.

ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?

მომიტინგეთა რისხვა მიმართულია იმ სამთავრობო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთკავკასიურ პატარა სახელმწიფოს არჩევანის წინაშე აყენებს: რჩება თუ არა საქართველო, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ითვლება, ევროპისაკენ მიმავალ პოლიტიკურ გზაზე? თუ თბილისი ისევ აგრძელებს დრეიფს ავტორიტარიზმისაკენ და რუსეთს უახლოვდება?

პლაკატებზე გამოსახული ლოზუნგები ისე ჟღერს, რომ თითქოსდა ხალხს რუსეთის თავდასხმისა ეშინია: „არა - რუსეთს!“, „არა - რუსულ კანონს!“ - ამ სლოგანებს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის მიმართ სალანძღავი სიტყვებით, ყველგან დაინახავთ. თუმცა საფრთხე უშუალოდ დიდი მეზობლისაგან - რუსეთისაგან - კი არ მომდინარეობს, არამედ საკუთარი ხელისუფლებისაგან - მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობიდან.

უკვე მეორედ, ბოლო 12 თვის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ სადაო კანონპროექტის პარლამენტში მიღებას ცდილობს - დოკუმენტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებების რეგისტრირებას „უცხოეთის ინტერესების წარმომადგენლების“ სახით, თუ მათი ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან საერთაშორისო სპონსორების მიერ ფინანსდება, მაგალითად, სხვადასხვა ფონდებისა და სააგენტოების მეშვეობით. სხვათა შორის, ხელისუფლებამ გასულ წელსაც სცადა იგივე კანონპროექტის მიღება, მაგრამ რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციების შედეგად „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა კანონპროექტის განხილვა შეეჩერებინა და პარლამენტიდან გაეწვია.

„შინაარსი ჰგავს? ჰგავს...“

კანონპროექტი ზოგადად გარკვეულწილად ჰგავს რუსეთის კანონს ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც 2012 წელს არის მიღებული სახელმწიფო სათათბიროს მიერ და სხვადასხვა ჩასწორებებით თითქმის პერმანენტულად მკაცრდება. ახლა ის, თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, კერძო პირების წინააღმდეგაც გამოიყენება. პუტინის რუსეთში იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ, დღეს თანხების მიღება აღარ შეუძლიათ. თანდათანობითი გამკაცრების შედეგად კანონი ხელისუფლების ხელში კრიტიკოსებისა და ოპონენტების დისკრედიტაციის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომლებსაც „უცხოეთის აგენტის“ იარლიყები ეწებებათ.

რუსეთთან ახლოს მდებარე ზოგიერთი სახელმწიფოს ავტორიტარული მმართველი რეჟიმებიც ცდილობენ მსგავსი პრაქტიკის გადაღებას - მაგალითად, ყირგიზეთმა ამას წინათ მიიღო ანალოგიური კანონი.

ქართული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ. მთავრობის განზრახვის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება ქვეყანას საბოლოოდ გადაახვევინებს ევროპული გზიდან და რეფორმების გატარების კურსიდან. წინა კვირაში სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე წარმომადგენელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს.

კანონპროექტიდან გამომდინარე,  ორი ძირითადი პრობლემა იქმნება: პირველი ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თითქმის 95%, რომლებიც დემოკრატიის განვითარების, „ლგბტ“-პირების უფლებების დაცვით, ეკოლოგიური  და სხვა საკითხებით არის დაკავებული, საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსდებიან. აქედან გამომდინარე, დოკუმენტის მეშვეობით, მათი საქმიანობა გაკონტროლებული იქნება.მეორე - კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა გადაუკეტოს. გასულ ხუთშაბათს ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, თუ ქართული კანონპროექტი ძალაში შევა, უნდა შეჩერდეს მოლაპარაკება საქართველოსთან ევროკავშირში მიღების მიზნით. ორი კვირის წინათ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს, იმედი გამოხატა, რომ კანონი მიღებული არ იქნება.

ეჭვები: ახდენს თუ არა რუსეთი გავლენას?

მაგრამ საინტერესოა, რატომ მოახდინა მმართველმა პარტიამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება?

„დღეს ეს საკითხი საქართველოში ყველაზე აქტიურად განიხილება“, - ამბობს შტეფან მარელიუსი, სამხრეთ კავკასიაში მოქმედი კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელი, - „ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ინიცირება რუსეთის ზეწოლით მოხდა“. მისი თქმით, რუსეთის მიზანია შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირის წევრობისაკენ.

იგივეს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ქვეყნის მთავრობას ოპოზიციაში უდგას: მისი მტკიცებით, კანონპროექტის მიღება ხალხის ნების გარეშე რუსული გეგმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით [პროცესის] შეჩერება ვერ ხერხდება.

წყარო: https://www.zeit.de/politik/ausland/2024-04/proteste-georgien-russland-finanzierung-ngo-regierung

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way