USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Die Tagespost» (გერმანია): „კავკასია - დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის „უკანა ეზო“ - მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე“
Date:  701

გერმანულ კათოლიკურ საერთოეროვნულ გაზეთ „დი ტაგესპოსტში“ (Die Tagespost) დაბეჭდილია სტატია სათაურით „კავკასია - დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის „უკანა ეზო“ - მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე“ (ავტორი - შტეფან ბაიერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართველები კარგად იცნობენ თავიანთ რუს მეზობელს, ჯერ მეფის, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის დროიდან. 2008 წელს კი ვლადიმერ პუტინის არმია სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა და მის რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება მოახდინა. ამასთან, მართალია, მოსკოვი მათ აკონტროლებს, თუმცა ორივე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს შემადგენლობაში განიხილება.

რუსეთთან დამოკიდებულება ქართველებში წინააღმდეგობრივია და ქართულ საზოგადოებას ორ შეურიგებელ ბანაკად ჰყოფს. პროპუტინურმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ქართველი მილიარდერი და იმავდროულად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს და აფინანსებს, პარლამენტში ისეთი კანონპროექტი შეიტანა და და დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დასავლურ კურსს ზღუდავს და პრორუსულს უპირატესობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო იმ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებულ ანალოგიურ სამართლებრივ აქტს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ (ან უფრო მარტივად - „უცხოური აგენტების“) კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან ივსება, შესაბამის სამთავრობო უწყებაში „უცხოური ინტერესების გამტარებელ“ იურიდიულ სუბიექტად უნდა დარეგისტრირდეს.. მართალია, კანონპროექტი არ ეხება ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციებს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მაგრამ ეხება მაგალითად, „საქართველოს კარიტასს“, რომელიც საზღვარგარეთიდან მიღებულ თანხებს ჰუმანიტარული საქმიანობისათვის ხარჯავს. ანაიტ მხოიანი, „საქართველოს კარიტასის“ დირექტორის თქმით, მისი ორგანიზაციის ფულადი სახსრები საქართველოს უღარიბეს ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება. არადა, კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს კარიტასი“ „უცხოეთის აგენტად“ უნდა გამოცხადდეს, რაც ორგანიზაციისათვის ნამდვილ შეურაცხყოფას ნიშნავს.

„აგენტის“ სტატუსი - დასავლური გავლენის შეზღუდვისათვის...

კანონპროექტს, რომელსაც ოპოზიცია „რუსულ კანონად“ ნათლავს, ოფიციალურად, მიმართულია ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ. საქართველოში დასავლეთისაკენ სწრაფვა ძლიერია, მოსახლეობის უმეტესობას პროევროპული განწყობა აქვს, ქვეყანამ უკვე მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამ დროს, ხელისუფლება ფაქტიურად ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ კანონპროექტს იღებს, რომელიც, სხვათა შორის, გმობს უცხოეთის საეკლესიო გავლენასაც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტის ძალაში შესვლას ვეტო დაადო, თუმცა მმართველ პარტიას ვეტოს გადალახვა შეუძლია, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დეპუტატების საკმაო რაოდენობა ჰყავს.

პრეზიდენტმა განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტისადმი დამოკიდებულება იმას ნიშნავს, თუ რომელი მიმართულებით განავითარებს თავის პოლიტიკას საქართველო - დასავლეთთან, ევროპასთან დაახლოების თუ რუსეთთან დაახლოების მიზნით. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციას.

ქართული ეკლესია და „აგენტობის“ კანონპროექტი

იმ დროს, როცა საქართველოს კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოეთიდან მიღებულ შემოსავლებზე, ახალი კანონი ფაქტიურად ხელს უწყობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დომინირებას. არაერთგვაროვნად გამოხატა კანონპროექტის მიმართ თავისი დამოკიდებულება ქართული ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის განცხადებით, „ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფება... ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ხშირად არასწორად ვიქცევით“. საპატრიარქომ მრევლს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ილია მეორის ნათქვამის ინტერპრეტირება არ მოეხდინათ, თან გააფრთხილა, რომ გლობალური მასშტაბის ცვლილებების ფონზე ქვეყანას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

საქართველოს საპატრიარქომ 27 აპრილის განცხადებაში, რომელიც ხაზგასმულად ანტიეკუმენისტურია, აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის საზიანო და სახიფათოა უცხოური იდეოლოგიევის გავრცელება“, იმავდროულად შეაქო მთავრობა, რომელიც დიდ ძალისხმევას იჩენს „ტრადიციული ქართული ფასეულობების დაცვისადმი“.

რა აქვთ საერთო თბილისისა და ერევნის საპროტესტო აქციებს

სხვათა შორის, კავკასიაში სომხებსაც აქვთ რუსეთის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება - ასეული წლების განმავლობაში ისინი რუსეთს, თურქულ-აზერბაიჯანული ღერძის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოკავშირედ ხედავდნენ., მაგრამ 2023 წლის სექტემბერში რუსმა მშვიდობისმყოფლებმა სრული უმოქმედობა გამოიჩინეს, როცა აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის (სომხურად - არცახის) გაკონტროლება დაიწყო და რეგიონიდან სომხები გააძევა, რომლებიც აქ ათასობით წელი ცხოვრობდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარების ქვედანაყოფები ქვეყანას დაიცავდნენ როგორც თურქეთისაგან, ასევე ირანისაგან. თუმცა ქრისტიანულ სომხეთს ყველაზე მეტი საფრთხე დასავლეთიდან (თურქეთისგან) და სამხრეთიდან (ირანისგან) კი არ ელოდება, არამედ აღმოსავლეთიდან - აზერბაიჯანისაგან, რომლის ლიდერი, დიქტატორი ილჰამ ალიევი სომხეთს დიდი ხანია „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებს.

ისევე როგორც ქართული საზოგადოება, სომხური საზოგადოებაც გაყოფილია: იმ დროს, როცა სომხეთის მთავრობა დასავლეთისაკენ იხრება, ერევნის ქუჩებში ათასობით სომეხი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და მოსკოვთან მჭიდრო კავშირების მომხრეა.  ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს ეკლესიის წარმომადგენელი - თავუშის ეპარქიის არქიეპოსკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვააგნ მელიქიანი. ორივე ბრალს სდებს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას იმაში, რომ ხელისუფლება თავისი მოქმედებით ღალატობს ეროვნულ ინტერესებს, საზოგადოებაში განხეთქილება შეაქვს და ფაქტიურად, ქვეყანას თურქულ-აზერბაიჯანულ ალიანსს გადასცემს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთს ვლადიმერ პუტინის ხელში აგდებს. ის, რომ კრემლს თავისი კოზირები აქვს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, ეს უდავოა.

წყარო: https://www.die-tagespost.de/politik/der-kaukasus-ist-ein-pulverfass-art-251452

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way