უკრაინელებს იმედი ჰქონდათ, რომ კონტრშეტევა სწრაფად განვითარდებოდა და ეფექტიანი იქნებოდა, მაგრამ ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლიბერასიონის“ (L’Iberation) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კონტრშეტევა: უკრაინის არმიის „ბლიცკრიგი“ დაიმარხა“ (ავტორი - სტეფანი სიო). პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ „რუსეთთან ომი გაჭიანურების ფაზაში გადავიდა“. ავტორი ცდილობს უპასუხოს კითხვებს - რატომ ჩაიშალა კონტრშეტევა? რა შეცდომები დაუშვა უკრაინის არმიის სარდლობამ?
ომის შესახებ ჯორჯ ორუელის სიტყვების პერეფრაზირებას თუ გავაკეთებთ, სამხედრო მოქმედებები სპორტულ შეჯიბრს ჰგავს, ოღონდ იარაღის გამოყენებით და ადამიანთა რეალური სიკვდილით. არტილერია, ტანკები, ავიაცია, განნაღმვის სისტემები - ეს ყველაფერი უკრაინის არმია საკმარისი არ ჰქონდა, რომ ივნისში დაწყებულ კონტრშეტევას პოზიტიური შედეგები მოჰყოლოდა. კიევის მიზანს კი, გავიხსენოთ, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენდა, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით, პლუს ძალთა თანაფარდობის შეცვლა და სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება რეგიონში.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მოვლენების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს - ძირითადად, პესიმისტური და ოპტიმისტური. ერთი მხრივ, უკრაინის ჯარების სარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ „კონტრშეტევა ჩიხში შევიდა და უკრაინის არმია პოზიციურ ბრძოლაზე გადავიდა“, მეორე მხრივ კი, უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შეტევა გრძელდება, რუსებს ეგონათ, რომ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ შეცდნენ“.
ვალერი ზალუჟნის პესიმისტურმა ნათქვამმა და ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმისტურმა განმარტებამ, ბუნებრივია, აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინის ფარგლებსგარეთ. გენერალი პრეზიდენტის გარემოცვამ დატუქსა - სამხედრო პირი ასე არ უნდა ლაპარაკობდესო. „ცეცხლზე ნავთი დაასხვა“ ამერიკულ ჟურნალ „თაიმში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც პრეზიდენტის საქმიანობა საკმაოდ კრიტიკულად არის გადმოცემული და, რასაკვირველია, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის არასასიამოვნო იქნებოდა. დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ პრეზიდენტსა და გენერალს შორის განხეთქილება არსებობსო, მაგრამ ახლახან პრეზიდენტის ოფისის უფროსმა უარყო, რომ არავითარი უთანხმოება არ არის.
„რუსებს რაოდენობით აქვთ უპირატესობა, ჩვენ კი - ხარისხით“
დღეს უკრაინული საზოგადოება გულგატეხილია: ჯერ ერთი, რომ მოსახლეობა ომში დაღუპულებს გლოვობს (მსხვერპლი მართლაც მნიშვნელოვანია), მეორე მომენტი ისაა, რომ ხალხი ასევე დასტირის იმ იმედის გაცრუებას, რომელიც შეტევის დაწყებამდე არსებობდა
ზოგადად სიტუაცია მართლაც სამგლოვიაროა: ხუთთვიან გააფრთრებულ ბრძოლებში უკრაინის არმიამ წინ მხოლოდ 10-15 კილომეტრით წაიწია და 370 კვ.კმ-ის გათავისუფლება შეძლო, რაც ზღვაში წვეთს წარმოადგენს. ბრძოლები მელიტოპოლის დასაკავებლად, რომელიც სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა, თითქმის მთლიანად ჩაიფუშა. იმავდროულად, რასაკვირველია, ლოკალურ წარმატებებს შეიძლება მივაკუთვნოთ ის ზიანი, რაც უკრაინამ ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით რუსების შავი ზღვის ფლოტს მიაყენა ყირიმში.
„ჩენ ამჟამად ფრონტზე პარიტეტულ სიტუაციას მივაღწიეთ: რუსები რაოდენობით მეტნი არიან, ჩვენ კი უკეთესად, მაღალ დონეზე ვართ მომზადებული“, - ამბობს ოფიცერი სტეპანი, რომლის ქვედანყოფი სამხრეთის ფრონტზე გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობდა. მართლაც, 250 რუს ჯარისკაცთან შეტაკებისას 30 უკრაინელიდან 6 დაიღუპა და 15 დაიჭრა, რუსებმა კი ბევრად უფრო მეტი ზარალი განიცადეს. სამწუხაროდ, დაზიანდნენ უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული „ბრედლები“ და გერმანული „ლეოპარდები“... „ჩვენთვის ნათელი გახდა ისიც, რომ ავიაციის მხარდაჭერის გარეშე შეტევის დაწყებას აზრი არ აქვს“, - აცხადებს სტეპანი, - „ყველა ლაპარაკობს ამერიკულ ავიაგამანადგურებლებზე F-16-ებზე, მაგრამ ისინი უკრაინის ცაში ჯერ არ ჩანან და სანამ მათ ველოდებით, შეიძლება ტანკების გარეშე დავრჩეთ. თუ კონტრშეტევას ვგეგმავთ, მაშინ ყველაფერი საკარისი რაოდენობით უნდა იყოს ძლიერი დარტყმისათვის“.
კონტრშეტევის ჩაშლა მცდარმა დაგეგმვამ გამოიწვია
შეტევის დაწყების დრო - 4-6 ივნისი - შემთხვევით არ იყო შერჩეული: სწორედ ამ დროს მოხდა 1944 წელს მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმა ნორმანდიაში. ეს, ალბათ, უკრაინის დასავლური ორიენტაციის სიმბოლოსაც ნიშნავს.
როგორც სტეფანი ჰყვება, კონტრშეტევა თავიდანვე არასწორად დაიგეგმა. „ძირითადი დარტყმა რუსებისათვის ზაპოროჟიესა და დონეცკს შორის კი არ უნდა დაგეგმილიყო, არამედ ხერსონიდან, რომელიც ყირიმთან ახლოს არის. საჭირო იყო ყირიმის განცალკევება, რომ რუსეთის არმიისთვის ლოჯისტიკა დარღვეულიყო“, - ამბობს იგი ჯარისკაცული პირდაპირობით, - „6 ივნისს ჩვენ დნეპრი უნდა გადაგველახა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსებმა იცოდნენ ჩვენი განზრახვის შესახებ, მათ საპასუხო ზომები მიიღეს, ამიტომ გეგმის შეცვლა სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოქმედება წარუმატებელი აღმოჩნდა“.
შემოდგომის მიწურულს უკრაინის არმიის წინსვლა ზაპოროჟიეს ფრონტზე საერთოდ შეჩერდა, ჯარი ერთ ადგილს ტკეპნის. ამჟამად ბრძოლები ძირითადად ქალაქ ავდეევკასთან მიმდინარეობს: ქალაქი რუსების მიერ თითქმის მარწუხებშია მოქცეული. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალ ალექსანდრე სირსკის პრეტენზიებს უყენებენ „პოსტსაბჭოური სამხედრო კულტურის“ გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ახალგაზრდა ოფიცრების ხედვებს, თუ როგორ უნდა იბრძოლოს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის არმიამ.
არჩევნები არა, მაგრამ იქნება „მოხუცების“ მობილიზაცია
ალექსანდრე სირსკის აკრიტიკებენ იმისათვის, რომ იგი არ ზრუნავს [ბრძოლით დაღლილი] სამხედრო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შეცვლაზე. „ჩვენ ვთხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მართლაც ვერავინ შეგვცვლის“, - ამბობს სტეპანი, თუმცა ახლო პერსპექტივისათვის სიტუაცია შეიძლება შედარებით გაუმჯობესდეს - თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2024-2025 წლებში ჯარში უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც გაიწვევენ.
თეორიულად, ჯარში ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა წავიდეს. მას ასევე მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შექმნილი ვითარების გამო. ამას წინათ ხმა გავრცელდა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის კულუარებში თითქოსდა 2024 წლის არჩევნების სტრატეგია მუშავდებაო - ვოლოდიმირ ზელენსკის მეორედ არჩევის მიზნით, რომ მან იგივე პოლიტიკა გააგრძელოს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა
მაგრამ ასეთი საეჭვო ავანტიურის დაგეგმვა, როგორც ჩანს, ჩაიშალა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითონვე განაცხადა, რომ „ბრძოლის დროს არჩევნების ჩატარების დრო არ არის“. მაგრამ ეს ახლა, ამ მომენტში. რა იქნება გაისად?
წყარო: https://www.liberation.fr/
მოამზადა სიმონ კილაძემ