USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«China National Radio» (ჩინეთი): „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „გადასახლება“: უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?“
дата:  411

ჩინეთის ეროვნულმა რადიომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა საუბარი სამხედრო მიმომხილველ ჯოუ ვეიჯენთან, რომლის დროსაც იგი ეხება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის ნაწილობრივ ყირიმიდან აფხაზეთში (საქართველოს ტერიტორია, რუსეთის მიერ ოკუპირებული) გადატანას. ტექსტი გამოქვეყნებულია სათაურით „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „გადასახლება“: უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?“.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

ამას წინათ თანამგზავრის მიერ კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბევრმა ხომალდმა ყირიმში მდებარე სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვა. ბოლო დროს უკრაინის არმია რამდენჯერმე შეეცადა სევასტოპოლზე თავდასხმას და სამხედრო ბაზას გარკვეული ზიანიც მიაყენა. ამ ფონზე მოსკოვმა გადაწყვიტა შავი ზღვის ფლოტისათვის ახალი ბაზა გამოეძებნა და იპოვა კიდეც - ოჩამჩირის უბე აფხაზეთში, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობს კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

(...)

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთი აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის უბეში - იქ, სადაც ქალაქი ოჩამჩირეა განლაგებული, შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ახალ პუნქტს ქმნის. ოჩამჩირის პორტი ორმაგი დანიშნულებისაა - იქ არის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ნავმისადგომები. როგორც ჩანს, ახალი ბაზის მშენებლობა გულისხმობს „დროებით უკანდახევას შეტევაზე გადასვლის მიზნით“, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „სივრცის დროზე გადაცვლას“. ამ გადაწყვეტილების წყალობით, რუს სამხედროებს შეუძლიათ სტრატეგიული პასიურობიდან აქტიურობაზე გადავიდნენ.

რასაკვირველია, შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლიდან გაყვანა არ ნიშნავს ამ სამხედრო პორტზე უარის თქმას, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული წელია მოქმედებს (1783 წლიდან). ოჩამჩირის პორტი შეიძლება ახალი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი გახდეს რუსეთის ფლოტისათვის, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი შეინარჩუნოს. ოჩამჩირე ოდესიდან პირდაპირი ხაზით 700 კილომეტრით არის დაშორებული, ასეთი მანძილი კი უკრაინას ხელს შეუშლის საზღვაო თუ საჰაერო დრონების დარტყმებისათვის გამოყენებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ „გადასახლება“ გავლენას არ მოახდენს რუსეთის ხომალდების მობილურობასა და შემტევ ძლიერებაზე. რუსული გემებს ახალი ბაზიდანაც შეუძლიათ უკრაინის ღრმაწყლიან ნავსადგურებზე შეტევა.

(...)

როგორც ჩანს, რუსეთი ტაქტიკურად უკან იხევს, რომ შემდეგ შეტევაზე გადავიდეს - სავარაუდოდ, ნატოსთან დასაპირისპირებლად. გარდა ამისა, რუსეთს ოჩამჩირეში ახალი ბაზის მშენებლობისათვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს და რუსეთს სამხრეთიდან ესაზღვრება. 2008 წელს [ქართულ-ოსური კონფლიქტის საფუძველზე] მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ კრემლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, არც საქართველო არ დაეთანხმა და მთლიანობაში - არც საერთაშორისო გაერთიანება.

სამხრეთ კავკასიაში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ამას წინათ მომხდარი ამბებით, რასაკვირველია, რეგიონში ნატოს გეგმებიც სერიოზულად იცვლება, მისი გააქტიურების მხრივ. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთული ექსპანსიის შესაკავებლად, მოსკოვმა  აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის შექმნა განიზრახა.

(...)

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ოჩამჩირის პორტში დღეს არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები არასაკმარისია და, აქედან გამომდინარე, ხომალდების დიდი რაოდენობით გასათავსებლად მოუხერხებელია. შესაბამისად, ამ მომენტში მოსკოვისათვის ოპტიმალური ვარიანტს ოჩამჩირეში ჯერ-ჯერობით ფლოტის მხოლოდ გარკვეული ნაწილის ბაზირება წარმოადგენს.

თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა - ეს გრადიოზული გეგმაა, რომელიც მოითხოვს არამარტო ღრმაწყლოვან და გაუყინავ ნავსადგურს, არამედ კარგად შეთავსებულ ბუნებრივ პირობებსაც, ასევე რიგი დამატებითი სამხედრო ობიექტების მშენებლობას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. (...)

წყარო: https://military.cnr.cn/jsrp/20231010/t20231010_526446179.shtml

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати