USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Тбилиси
«Philadelphia Inquirer» (აშშ): „უკრაინას ომში გამარჯვება შეუძლია, თუ დასავლეთი ვლადიმერ პუტინის მიმართ შიშის განცდას შეწყვეტს“ (ინტერვიუ ზელენსკისთან)
дата:  

აშშ-ის გაზეთ „ფილადელფია ინკუაირერში“ (Philadelphia Inquirer) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ომში გამარჯვება შეუძლია, თუ დასავლეთი ვლადიმერ პუტინის  მიმართ შიშის განცდას შეწყვეტს“ (ავტორი - ტრუდი რუბინი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს შინაარსი.

 „როცა ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდიდრულად აგებულ და მოწყობილ საკონფერენციო დარბაზში შემოვიდა, მის სახეზე ისეთი დაღლილობა იყო აღბეჭდილი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ მას [დასვენების] დრო წავართვი. იგი ჩემთან საუბრისათვის დილის თათბირის შემდეგ მოვიდა. ნაბიჯებს ისე დგამდა, თითქოს მხრებით მთელი მსოფლიოს ტვირთი მოჰქონდა. შესაძლოა, ეს ნამდვილად ასე იყო: დასავლური დემოკრატიის მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოუვა უკრაინას.

(...)

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება, თუ დასავლეთი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შიშს შეწუვეტს და ვლადიმერ პუტინის სისუსტეს აღიარებს. უკრაინელმა ლიდერმა განმარტა, თუ რას ნიშნავს გამარჯვება, მან აღნიშნა, რომ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებით ომი არ შეწყდება, პირიქით - კრემლი აგრესიას უფრო მეტად გააგრძელებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპისა და აშშ-ის წინააღმდეგ.

„შეუძლებელია ერთი ხელით უკრაინას დაეხმარო, მეორე ხელით კი ვლადიმერ პუტინს მიესალმო და ჩამოართვა“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, - ასეთი მოქმედება უნაყოფოა, არ იმუშავებს“. საქმე ისე კი არ დგას, რომ დასავლეთი იცავს უკრაინას, „არამედ ისე, რომ უკრაინა იცავს ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ვლადიმერ პუტინის სამომავლო თავდასხმისაგან“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუს დროს მაინც დათანხმდა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: „ერთადერთი პირობა ისაა, რომ მოლაპარაკება შუამავლების მონაწილეობით უნდა გაიმართოს - ისე, როგორც მოხდა შავი ზღვის „მარცვლეულის დერეფნის“ გახსნის დროს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამოცანა ისაა, რომ უკრაინის მთლიანი დანგრევა არ იქნას დაშვებული. აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკრაინელთა ამჟამინდელი და მომავალი თაობებისათვის.

(...)

მე ვკითხე ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ როგორ შეუძლია უკრაინას გადალახოს რუსეთის უპირატესობა ცოცხალ ძალასა და შეიარაღებაში. მისი პასუხი ოთხი კომპონენტისაგან შედგება: „უპირველესად, რუსეთს მეტი ჯარისკაცი ჰყავს, ანუ უპირატესობა აქვს ცოცხალ ძალაში. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს, ერთ დაღუპულ უკრაინელზე ევქსი რუსი დაღუპული მოდის“ [ბრიტანული სადაზვერვო წყაროების მიხედვით, ამჟამად რუსეთის არმია დღეში 1200-მდე ჯარისკაცს კარგავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ომის განმავლობაში, ანუ კრემლისათვის ჯარისკაცები „საზარბაზნე ხორცს“ წარმოადგენენ].

მეორე მომენტი - გასათვალისწინებელია, რომ დრევანდელი ომი ტექნოლოგიურ ომს წარმოადგენს, ანუ ვისი იარაღიც უფრო ტექნოლოგიურია, ის გამარჯვებს. დასავლეთმა რუსეტს უახლესი ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს სანქციების დარღვევა და მათი გვერდის ავლა - ვთქვათ ელქტრონულ-ინტეგრალური სქემების მიღება ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მესამე მომენტი - უკრაინა უკვე აწარმოებს დრონებს და რაკეტებს, მაგრამ ჩვენ მეტი დაფინანსება გვჭირდება, რათა ტექნოლოგიურად რუსეთზე უფრო განვითარებულები გავხდეთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ დასავლურ კომპანიებთან ერთად მაღალტექნოლოგიური სამხედრო საწარმოები შევქმნათ.

და მეოთხე - უნდა გამკაცრდეს რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები: ეს ნიშნავს, რომ 2025 წლისათვის, როცა კრემლს შემოსავლები შეუმცირდება, ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება გადასახადები გაადიდოს. თავის მხრივ, გადასახადების გადიდებით და ფინანსების დაზოგვით რუსეთის მოსახლეობას სოციალური დახმარებები შეუწყდება, რაც მღელვარებას გამოიწვევს. მისთვის ყველაზე საშიში რუსული საზოგადოების უკმაყოფილებაა. რუსების მღელვარება კრემლისათვის ბირთვულ საფრთხეს ნიშნავს“.

(...)

სამწუხაროდ, ნატოს საიუბილეო სამიტი, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, უკრაინას ნატოში გაწევრიანებას არ შესთავაზებს: „ვაცნობიერებთ, რომ დღეისთვის თეთრი სახლი ჩვენი ალიანსში მიწვევისათვის მზად არ არის“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი და მხრებს იჩეჩავს, - და ამ დროს დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დაწყებაში ნატოს ბრალიც არისო“.

„ასეთი პოლიტიკა [ლენინის გამონათქვამს] ნიშნავს - „ერთი ნაბიჯით წინ, ორი ნაბიჯით უკან“, - სინანულით აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი, - „ჩემი აზრით, მსოფლიოს ლიდერების პოლიტიკა ასეთი არ უნდა იყოს. ასე მხოლოდ ჩემი გამნაღმველები დადიან დანაღმულ ველზე“.

„თუ შეერთებულ შტატებს ვლადიმერ პუტინის განრისხების ეშინია - ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვიწვევენ ნატოში - მაშინ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს მეტი თანამედროვე იარაღი მოგვცენ - მეტი „პეტრიოტები“ (Patriot), მეტი „ფალკონები“ (F-16) და ნება დაგვრთონ, რომ დასავლური შეიარაღება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რუსეთის ტერიტორიაზე გამოვიყენოთ. მოკლედ, თუ ნატო მზად არ არის ჩვენი წევრად მიღებისა და დაცვისათვის, მაშინ ალიანსმა ყველაფერი უნდა მოგვცეს და თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ“.

ამჟამად ვლადიმერ პუტინი გრძნობს აშშ-ის მდგომარეობას და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, უკრაინას ნატოსაკენ გზას მოუჭრის. ამ ყველაფერს ჩინეტიც უყურებს და უკრაინას ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნევს იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა პეკინი ტაივანის დაპყრობას. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, კატასტროფა მოხდება, თუ თეთრი სახლი უკრაინას ყველაფრით არ უზრუნველყოფს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

(...)

ჩემთვის მტკივნეული სანახავი იყო, თუ როგორ გადიოდა მოქანცული ვოლოდიმირ ზელენსკი საკონფერენციო დარბაზიდან - იმ დახმარებას მოკლებული, რომელიც უკრაინას რუსეთზე გამარჯვებისათვის ჭირდება. მაგრამ განა ჯო ბაიდენს შეუძლია ისეთი მამაცობის გამოჩენა, როგორსაც უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად ავლენს?

წყარო: https://www.inquirer.com/opinion/zelensky-ukraine-war-interview-trudy-rubin-20240630.html

 

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати