USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«The Sunday Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „არსებობს მხოლოდ სამი ქვეყანა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სრულიად ენდობა. აშშ მათ შორის არ არის“
Date:  923

„არსებობს მხოლოდ სამი ქვეყანა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სრულიად ენდობა. აშშ მათ შორის არ არის“ - ამ სათაურითაა გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დენიელ ჰენანის ავტორობით. პუბლიკაციაში განხილულია ბრიტანეთისა და აშშ-ის მოკავშირეობის შესუსტების ტენდენცია და ახალი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსის შექმნის იდეა, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

1939 წლის 3 სექტემბერს, როცა დიდმა ბრიტანეთმა ფაშისტურ გერმანიას ომი გამოუცხადა, მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ ახალი ზელანდიის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, მძიმე ავადმყოფმა და ფაქტიურად სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა მაიკლ ჯოზეფ სევიჯმა ასეთი განცხადება გააკეთა: „წარსულის სიკეთის აღიარებით და მომავლის რწმენით, ჩვენ უშიშრად მივდივართ და მუდამ ბრიტანეთის გვერდით  ვიქნებით. სადაც ის წავა, ჩვენც იქით წავალთ. სადაც ის დადგება, ჩვენც იქ დავდგებით“. რამდენიმე თვის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

რამდენ ქვეყანასთან გვაქვს ჩვენ ისეთი მოკავშირეობითი დამოკიდებულება, რომლებიც ისეთი ინსტიქტური და ავტომატურია, ბუნებრივი და მოსალოდნელი, რომლებიც ახსნას არ საჭიროებენ? სია დიდი არ არის, მაგრამ უეჭველია, მასში შედის სამი ქვეყანა, რომლებთანაც ჩვენ ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, კონკრეტულად კი - ავსტრალიასთან, კანადასთან და ახალ ზელანდიასთან. ჩვენ ერთმანეთთან ენა, კულტურა და ნათესაობა გვაკავშირებს. ჩვენ საერთო სამართლებრივი სისტემა გვაქვს, რომელიც ერთმანეთის პრეცედენტებს ეყრდნობა. გვაქვს მსგავსი საპარლამენტო მმართველოის ფორმები, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტები... ჩვენ ერთი მეფე გვყავს.

მსოფლიოს ოთხი მსგავსი სახელმწიფოს ერთმანეთთან დაახლოების თანამედროვე კამპანია, უფრო მჭიდრო ასოციაციად ჩამოყალიბების მიზნით, 2015 წელს ბრიტანეთის კოლუმბიაში დაიწყო და მიიღო სახელწოდება CANZUK (Canada, Australia, New Zealand, United Kingdom) - ტერმინი, რომელიც პირველად გააჟღერეს გაეროს ოფიციალურმა პირებმა - იმის გამო, რომ ოთხივე ქვეყანა ხმის მიცემის დროს საერთო ფრონტით ერთად გამოდიოდნენ.

CANZUK-ის წევრებს სურთ უფრო მჭიდრო დიპლომატიური და სამხედრო თანამშრომლობა, შრომის ავტომატური უფლება ერთმანეთის ტერიტორიებზე, საერთო ბაზრის შექმნა, რომელიც დაეფუძნება სტანდარტების, მომსახურებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ურთიერთაღიარებას.

ათი წლის განმავლობაში CANZUK-ის იდეა პოზიტიურად განიხილებოდა, მაგრამ  რეალიზების პროცესი საჩქარო არ იყო. მაგრამ შემდეგ, როცა დადგა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა, როცა ჰორიზონტზე გამოჩნდა სატარიფო ომების და აშშ-ის საგარეოპოლიტიკური გადატრიალების აჩრდილი, კანადისა და ახალი ზელანდიის ძირითადმა პარტიებმა, ავსტრალიასთან ერთად, CANZUK-ის იდეას სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით შეხედეს. დიდ ბრიტანეთშიც იგივე ხდება და აი, რატომ:

იმის გასაგებად, თუ რამდენად გადაიხარა მსოფლიო თავისი ჩვეული ღერძიდან, მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ. დავუშვათ, დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მუშაობს ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ. რას გააკეთებდა იგი სხვანაირად? ერთია შეწყვიტოს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის იმ პარტიების ჩათვლით, რომელიც უკვე გზაშია და აღარ მისცეს სადაზვერვო მონაცემებიც, მაგრამ დონალდ ტრამპი უფრო ღრმად მიდის - იგი იმეორებს ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტულ განცხადებებს, ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორს უწოდებს და მას ბრალს სდებს ომის დაწყებაში. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის კიბერბრძოლის სააგენტოს უბრძანა, რომ რუსეთზე შეტევები შეეჩერებიან, რადგან კრემლის მხრიდან თითქოსდა საფრთხე-მუქარები აღარ არსებობს. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა პროუკრაინულად განწყობილი ამერიკელი გენერლები. მან გაეროში ხმა მისცა უკრაინის დამგმობ პრორუსულ რეზოლუციას - რუსეთთან, ბელარუსთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად. ხედავთ, ვისთან ერთად? ჩინეთმაც კი თავი შეიკავა, ამერიკამ კი მხარი დაუჭირა.

ყველაზე სერიოზული კი ისაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მწვავე კამათი თავის ნატოელ მოკავშირეებთან, დანიას გრენლანდიის მიტაცებით ემუქრება, კანადას კი ეკონომიკური ომის გაფართოებით.

ანგლოსფერული დემოკრატიის სხვა ლიდერები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ - ისევე როგორც რომის იმპერიის შორეულ პროვინციათა მმართველები - მაგისტრები, პროკონსულები, პროპრეტორები და პროკურატორები - ვანდალების მიერ მარადიული ქალაქის გაძარცვის შემდეგ. წარმოიდგინეთ, რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი დიდი ბრიტანეთის თავდაცვით პოლიტიკაზე?

1950-იანი წლებიდან ჩვენ ვვარაუდობდით, რომ დიდ ომებში ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოლებდით. კი, ჩვენ შევძელით გავმკლავებოდით პატარა-პატარა ომებს ამერიკელების გარეშე - მაგალითად, ფოლკლენდის კუნძულებზე, იემენში და სიერა-ლეონეში, მაგრამ თუ საქმე ცუდად ვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის კოალიციაში ვიყავით ამერიკასთან ერთად. ამასთანავე, ისევე როგორც სხვა დასავლელი ნატოელი მოკავშირეები, ჩვენ სპეციალიზებული ვიყავით შეიარაღების ცალკეულ სახეობებში და საკუთარ სამხედრო პოტენციალს სრულყოფილად არ ვავითარებდით. ჩვენ აშშ-ის იმედი გვქონდა (გვაქვს) მძიმე შეიარაღებაში, თანამედროვე კოსმოსურ სამხედრო თანამგზავრებში და დაზვვერვაში. უფრო მეტიც - ჩვენივე ბირთვული რაკეტების მომსახურებაშიც ამერიკაზე დამოკიდებულები ვართ.

რუსეთის სამხედრო შეკავებისათვის ჩვენს ძირითად ინსტრუმენტს - რაკეტა „ტრაიდენტ II“-ს ამერიკული მომსახურების ვადა რამდენიმე წელიწადში დაუმთავრდება. რა იქნება შემდეგ? ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ამერიკა ჩვენს საიმედო მოკავშირედ დარჩება? კარგია და სასურველი, ეს რომ ასე იყოს, მაგრამ ბოლო თვეების მოვლენები ეჭვებს აჩენს.

რა დღეში ჩავარდება ევროპა? სასიამოვნოა ისეთი ფიქრი, რომ ჩვენ ძველებურად ერთად ვიქნებით - თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეზე, მაგრამ... ამას წინათ ევროკავშირი ირლანდიაში საზღვრის ჩაკეტვას გეგმავდა დიდ ბრიტანეთთან - იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრი აღარ ვართ. არის იმის ნიშნები, რომ ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს საერთოევროპულ თავდაცვის ნაწილად აღარ ჩათვლის, თუ ჩვენ რაიმე დათმობებზე არ წავალთ. ანუ ევროპაში დიდი ბრიტანეთი თანდათან გარიყული ხდება.

მოკლედ, არის მხოლოდ ქვეყნების ერთი ჯგუფი, რომლებთანაც 40 წლის განმავლობაში არანაირი დავა-კამათი არ გვქონია - CANZUK-ის სხვა ქვეყნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია -იმიტომ, რომ მათთან ერთად მოგვიწევს ვიფიქროთ შეკავების იარაღის მომდევნო თაობის შესაქმნელად. თუ ჩვენ გადავწყვეტთ სრულიად ავტონომიური ბირთვული პოტენციალის შექმნას, რომელსაც არ დაჭირდება ამერიკული საცავების ტექნოლოგიები ან სათადარიგო ნაწილები (როგორც ეს ფრანგებს აქვთ), მაშინ ჩვენ დაგვჭირდება საკუთარი ძალების მობილიზება რაკეტების წარმოებაში. ამაზე ორჯერ მეტი ფული დაიხარჯება, ვიდრე მზა ამერიკული რაკეტების ყიდვაზე. უშუალოდ მხოლოდ დიდი ბრიტანეთისათვის ეს მძიმე ტვირთი იქნებოდა, მაგრამ CANZUK-ის სხვა ქვეყნებთან ერთად ეს სრულიად შესაძლებელია.

CANZUK-ის იდეა პოპულარულია - ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის განცხადებებამდე მას მხარს უჭერდა ქვეყნების მოსახლეობის ორი მესამედი, ახლა კი მით უმეტეს, მხარდამჭერები აუცილებლად გაიზრდებოდა.

მოვლენები ისე ვითარდება, რომ CANZUK-ის იდეის რეალიზება გარდაუვალი და გადაუდებელი ხდება. რასაკვირველია, უფრო უკეთესი იქნება შენარჩუნდეს აშშ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულება ურთიერთთავდაცვის შესახებ, ნატოს ხელშეკრულება, AUKUS-ის პაქტი (ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმება)  და სხვა ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ 1941 წლის ატლანტიური ქარტიის მიღების შემდეგ შევქმენით.

იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ჩვენ ბრიტანულ-ამერიკული ალიანსი შევინარჩუნოთ, CANZUK-ის იდეის სარგებლიანობა მაინც აშკარა იქნება - ის ალიანსს დამატებით განამტკიცებს. მაგრამ თუ ვერ მოხერხდება ალიანსის შენარჩუნება, მაშინ CANZUK-ის ქვეყნების ჯგუფი პლანეტაზე მესამე ძლიერ ძალად გადაიქცევა.

რამდენად სწრაფად შეგვიძლია ორგანიზაციის შექმნა? გავიხსენოთ, რომ მომავალი წლის ოქტომბერში სრულდება 100 წელი, როცა 1926 წელს საფუძველი ჩაეყარა ბრიტანეთის იმპერიის გარდაქმნას მასში შემავალი ქვეყნების ნებაყოფლობით გაერთიანებად - ბრიტანულ თანამეგობრობად.

რამდენადაც ბრიტანეთის იმდროინდელი მეფე გეორგ V ამ მოვლენასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს იღებდა და ეთათბირებოდა, მის შვილიშვილს ჩარლზ III-ს მოუწევს ოთხ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, კირ სტარმერის წინამძღოლობით (რაც, ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ მოხდება). სამიტზე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს CANZUK-ის სამდივნოს შექმნა, რომლის შტაბ-ბინა, ვფიქრობ, ვანკუვერში (კანადაში) უნდა იყოს.

სიტუაციის ასეთი განვითარება თითოეულ პრემიერ-მინისტრს არჩევნებისათვის უდიდეს პოზიტიურ ბიძგს მისცემს. და თუ კირ სტარმერი ამ საქმეში წარმატებას  მიაღწევს, იგი ქება-დიდებას დაიმსახურებს.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way