USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
თბილისი
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის ნატოში მიღება შეცდომა იქნებოდა არა მარტო ნატოსთვის, არამედ თვითონ უკრაინისათვისაც“
თარიღი:  514

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ნატოში მიღება შეცდომა იქნებოდა არა მარტო ნატოსთვის, არამედ თვითონ უკრაინისათვისაც“ (ავტორი - ქრისტოფერ ჩივისი, აშშ-ის კარნეგის ფონდის პროგრამების დირექტორი).

უკრაინა და მისი მხარდამჭერები თეთრი სახლისგან ითხოვენ უფრო მტკიცე დაპირებას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ნატოს ივლილის სამტზე, რომელიც სამხედრო ბლოკის შექმნის 75-ე წლისთავს ეძღვნება და რომელიც ვაშინგტონში უნდა გაიმართოს. მათი დაბეჯითებითი მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ ეს ძალზე სახიფათო იდეას წარმოადგენს: ერთი მხრივ, თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ამერიკა ვალდებული იქნება უკრაინის უსაფრთხოების დასაცავად გრძელვადიანი პერსპექტივით და მეორე მხრივ, უკრაინის წევრად მიღება ნატოს სერიოზულ მოწყვლადობას უქმნის - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საბოლოო ჯამში კი არ გაძლიერდება, არამედ უფრო დასუსტდება, ვიდრე დღეს არის. გარდა ამისა, თვითონ უკრაინისთვისაც არ იქნება სასარგებლო და საუკეტესო ვარიანტი ნატოში გაწევრიანება.

ჯო ბაიდენმა დიდი ძალისხმევა გასწია უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის. რომ არაფერი ვთქვათ ორწელიწადნახევარში გაწეულ 175 მილიარდიან დახმარებაზე, სულ ახლახან ამერიკის პრეზიდენტმა იტალიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოაწერა უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც დამატებით სუბსიდიებს ითვალისწინებს. ამიტომ ჯო ბაიდენმა ახლა, ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, უკრაინის ალიანსში მიღების საკითხი მეორე პლანზე უნდა გადაიტანოს.

უკრაინას ნატოში მიღება წესდების მე-5 მუხლის გამო სურს, რომელიც უსაფრთხოების დაცვის კოლექტიურ ვალდებულებას ითვალისწინებს. მაგრამ რამდენად სასარგებლო იქნება ნატოსათვის ისეთი ახალი წევრის მიღება, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება? ესე იგი, გამოდის, რომ მე-5 პუნქტის ძალით, ნატო რუსეთთან ომში უშუალოდ უნდა ჩაერთოს?

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ნატოში მიღების სურვილის ფონზე, ოფიციალური სამხედრო ანალიზი, თუ როგორი იქნება სიტუაცია ნატოს მხრიდან უკრაინის თავდაცვის ვალდებულების შესრულების დროს, დღემდე არ ჩატარებულა, მაგრამ ზედაპირული გადახედვაც კი საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ: ვითარება ძალიან სერიოზული იქნება.

პრაქტიკულად, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ომი, უკრაინა-რუსეთს შორის მაინც მტრული დამოკიდებულება შენარჩუნდება. რუსეთს, თავისი სამხედრო პოტენციალით, ძველებურად ექნება უპირატესობა უკრაინაზე. დღეისათვის უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 300 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. არმიის ასეთი რაოდენობა, როცა ომი დასრულდება, დემობილიზებული უნდა იქნეს, რადგან სამხედრო ბიუჯეტი, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის აუცილებლობით, უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინა ნატოში იქნება მიღებული, მაშინ ალიანსის სხვა წევრები იძულებული იქნებიან თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განალაგონ, ალბათ, მნიშვნელოვანი რაოდენობით, მაგრამ გაურკვეველი ვადით. წინა წლებში, როცა ნატოს ჯარები რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირდებოდა (ვთქვათ, ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში), ამისათვის აშშ-ის არმია გამოიყენებოდა, რომელიც ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს რუსეთის სესაკავაბელად, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ომის შემდეგ ამერიკა უკრაინის ტერიტორიაზე თავის იმდენ ჯარს განალაგებს, იმ რესურსებით და შეიარაღების იმ მასშტაბით, რომელიც უკრაინის თავდაცვისათვის იქნება აუცილებელი.

ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ინტერესთა სიმძიმის ცენტრის გადაადგილება ამჟამად აზიისაკენ ხდება, პარალელურად კი, ორივე პარტიაში (დემოკრატიულშიც და რესპუბლიკურშიც) უკრაინისადმი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერის დონე მცირდება. ალბათობა იმისა, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი  - რესპუბლიკელი ან დემოკრატი - მოისურვებს აშშ-ის არმია უკრაინაში შეიყვანოს და ამით რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაზე წავიდეს, ძალიან მცირეა. თვით ჯო ბაიდენსაც კი, რომელიც მხარს უჭერს კიევს, არ სურს ამერიკის ჯარის გაგზავნა უკრაინაში - ომის ესკალაციის საფუძვლიანი ესკალაციის საფრთხის შიშით.

მართლია, ბოლო დროს ომისაგან მიღებულმა შოკმა ბევრი ევროპული დედაქალაქი აიძულა თავადაცის ხარჯები გაედიდებინათ, მაგრამ აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს წლები დაჭირდებათ, რომ ცივი ომის დროინდელი სამხედრო ძლიერება აღადგინონ. შესაძლოა უკრაინის ზოგიერთ ნატოელ მოკავშირეს ჰგონია, რომ სამხედრო ძლიერების დეფიციტს ბირთვული იარაღი შეავსებს, მაგრამ იდეა ნატოს მხრიდან რუსეთთან ატომური კონფრონტაციის დაწყებაზე, უკრაინის დასაცავად, რომელსაც პოტენციურად მსოფლიო ცილივიზაციის განადგურება შეუძლია, ფანტაზიას წარმოადგენს.

ამრიგად, ნატოს ვალდებულება უკრაინის როგორც მოკავშირის დაცვაზე, საბოლოო ჯამში შეიძლება უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ის ფურცელი, რომელზეც ის იქნება დაწერილი. ამით ეჭვქვეშ დადგება ნატოს ვალდებულების შესრულება სხვა წევრების მიმართ, რაც  ჩრდილოატლანტიკური კავშირის სისუსტის მაჩვენებელი  იქნება. განუხორციელებელი დარჩება აშშ-ის სხვა გლობალური ვალდებულებებიც.

უფრო მეტიც - ვაშინგტონის სამიტზე იმის ოფიციალური გამოცხადებაც კი, რომ უკრაინა სამომავლოდ ნატოში იქნება მიღებულიო (ბუქარესტის სამიტის მსგავსად), ძალიან გაართულებდა მოლაპარაკების დაწყებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით - იმიტომ, რომ რუსეთს ამ საკითხისადმი ძალიან ნერვიული დამოკიდებულება აქვს. ამიტომაც ნატოს ნებისმიერმა წევრმა, რომელიც აღიარებს, რომ ეს ომი მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს (თვით აშშ-ის ჩათვლით), უკრაინას ასეთი დაპირება ამ ეტაპზე არ მისცეს. ის ჟესტები და მცდელობები, რომლებიც უკრაინის ნატოში შესასვლელად იქნება მიმართული, ასევე გავლენას მოახდენს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რომელიც ხშირად აცხადებს, რომ აგრესიულ და ესპანსიონისტურ ნატოს ებრძვის.

უკრაინას ნამდვილად ჭირდება უსაფრთხოების გარანტიები მომავლისათვის, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო უკეთესი ვარიანტები არსებობს, ვიდრე ნატოში გაწევრიანება. დასავლეთი დაინტერესებულია, რომ რომ ომი უკრაინისათვის სასარგებლო და მომგებიანი პირობებით დასრულდეს, სწორედ ამიტომ აწვდის იარაღს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაინგრეს და თავიდან იქნას აცილებული კატასტროფული მარცხი. კიევი უნდა დავარწმუნოთ, რომ თუ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე დათანხმდება, ყველა არსებული შეთანხმება დახმარებაზე შენარჩუნებული იქნება და გაგრძელდება. ცხადია, რომ ხელშეკრულების დადება, რასაკვირველია, მტკივნეული იქნება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს, როცა ამის დრო დადგება.

ნატოს უკრაინას უკვე გამოიყო ასობით მილიარდი დოლარი, რომელიც ძალზე გულუხვ თანხას წარმოადგენს. უკრაინის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ თხოვნები ნატოში მიღებაზე, ხოლო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ - ამ საკითხის განხილვის მცდელობა. ამის ნაცვლად სამიტზე ძირითადად ყურადღება უნდა გამახვილდეს ომის შეწყვეტაზე და დანგრეული ეკონომიკის აღდგენაზე. ეს არის უკრაინის აყვავების ერთადერთი გზა და საბოლოო ჯამში, ქვეყანა მოგებული დარჩება.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/article/2024/jun/20/ukraine-nato-membership

 

 

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.