USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „ქრთამები და მიმალვები: როგორ ცდილობენ უკრაინელები არმიაში გაწვევიდან თავის არიდებას“
თარიღი:  1188

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქრთამები და მიმალვები: როგორ ცდილობენ უკრაინელები არმიაში გაწვევიდან თავის არიდებას“ (ავტორი - შონ უოლკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინელ მამაკაცთა ნაწილი დანაზოგ ფულს იმაში ხარჯავს, რომ ჯარში არ გაიწვიონ და ფრონტზე არ მოხვდნენ, მაგრამ ისინი, ვინც უკვე ფრონტზე იბრძვის, ასეთ ქცევას სამშობლოს ღალატად თვლიან.

რამდენიმე თვის წინ უკრაინიის ტერიტორიიდან გასვლისას 39 წლის ოდესელმა მესაზღვრეებს დოკუმენტი აჩვენა, რომლის თანახმად, მას ხერხემლის სერიოზული ტრამვა ჰქონდა და, შესაბამისად, გათავისუფლებული იყო სამხედრო სამსახურისგან. მას უფლება ეძლეოდა ქვეყნიდან გასულიყო თავისი სურვილისამებრ: აკრძალვა მას არ ეხებოდა.

„ერთმა მესაზღვრემ დამცინავად მკითხა: „როგორც ჩანს, ხერხემლის გამრუდება თქვენი საავადმყოფოს საყვარელი დიაგნოზია, ხომ?“, - იხსენებს მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, - მე მივხვდი, რომ ისინი საქმის კურსში იყვნენ და მათთვის მე პირველი არ ვარ, ვისაც ჯანმრთელობის ცნობაში ხერხემლის პრობლემა ეწერა. მაგრამ რადგანაც მათ ჩემთვის ხელის შეშლა არ შეეძლოთ, ამიტომ ხელი ჩაიქნიეს და გამიშვეს“.

ანონიმმა მამაკაცმა აღიარა, რომ სამხედრო კომისარიატში 5 ათასი დოლარი გადაიხადა ქრთამის სახით, რათა თავი აერიდებინა უკრაინის არმიაში გაწვევისა და ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნისათვის

„მივხვდი, რომ სანგარში ჯდომას ვერ გავუძლებდი, ამიტომაც ავიღე ჩემი დანაზოგი და „საქმის მომგვარებელს“ დავუკავშირდი. ყველამ იცის, სად უნდა მოძებნოს ასეთი კაცი. გადავუხადე ნაღდი ფულით. შემდეგ მან გამგზავნა საავადმყოფოში, სადაც ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამიკეთეს და სამედიცინო დასკვნა მომცეს, რომ მე ხერხემლის სერიოზული პათოლოგია მაქვს. ამ დასკვნის საფუძველზე ქვეყნიდან გასვლის დოკუმენტიც ავიღე. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყოველ ეტაპზე, სადაც კი მივიდოდი, ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანებმა არათუ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, არამედ „წილშიც იჯდნენ“, - ამბობს ანონიმი მამაკაცი.

ზოგიერთი ცნობით, უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ ქვეყანა არალეგალურად დატოვა ათი ათასობით უკრაინელმა, ბევრმა ქრთამის მეშვეობით.

რადგანაც უკრაინის სამხედრო კომისარიატებში მექრთამეობამ მაღალ დონეს მიაღწია, 11 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი გაათავისუფლა ზურგის სამხედრო სტრუქტურებში გაბატონებული კორუფციის გამო. „ეს სისტემა ისეთმა ადამიანებმა უნდა მართონ, რომლებმაც იციან, თუ რა არის ომი და რატომ არის ცინიზმი და მექრთამეობა ქვეყნის ღალატი ომის დროს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვის დროს.

ოდესა, უკრაინის შავიზღვისპირა ქალაქი, მაქინაციისა და ჯარიდან თავი არიდების („უკლონიზმის“) გაუგონარ კერად იქცა: ადგილობრივი საოლქო სამხედრო კომისარი მას შემდეგ დააპატიმრეს, როცა მას ხუთი მილიონი დოლარის „დანაზოგი“ უპოვეს და ესპანეთში მდიდრული ვილის მფლობელობა დაუდგინეს. ამჟამად კორუმპირებული ჩინოვნიკების სამართლებრივი დევნა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს - სამხედრო კომისარიატებში მექრთამეობის ფაქტებთან დაკავშირებით თითქმის ასამდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„ცინიზმი ყველგან ერთნაირია. ესაა უკანონო გამდიდრება, უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზება, სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა, სამხედრო ვალდებულთა უკანონოდ გადაყვანა საზღვარზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა გასულ ხუთშაბათს.

რეზონანსული კორუფციული სკანდალი გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა, მაგრამ რუსეთთან წელიწადნახევრიანი ომის პირობებში ასეთი მოვლენები კიევისათვის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის.

ომის პირველივე კვირეებში ასობით ათასი რიგითი უკრაინელი, პატრიოტიული სულისკვეთების ტალღაზე, ჯარში მოხალისედ ჩაეწერა, რათა ქვეყნის დამოუკიდებლობა დაეცვა და რუსეთის არმიის პირველი შეტევა უკუეგდო. მაგრამ მას შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა. პირველი ახალწვეულებიდან და მოხალისეებიდან ბევრი უკვე დაღუპულია, დაჭრილია ან მუდმივ ინვალიდად არის გადაქცეული, უკრაინის არმიას კი ჯარისკაცები, ახალწვეულები ჭირდება, რომ ბრძოლისუნარიანი იყოს. დღეისათვის ისინი, „ვისაც მამულისათვის გული კვლავ უძგერს“, უკვე დიდი ხანია მოხალისედ არიან ჩაწერილნი და ჯარში მსახურობენ, იმათ კი, ვინც სახლში არიან დარჩენილნი, არმიაში სამსახური არ სურთ.

მრავალშვილიანი მამები, ინვალიდები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების თნამშრომლები ჯარში გაწვევისაგან თავისუფლდებიან, მაგრამ დანარჩენები ვალდებულნი არიან არმიაში იმსახურონ, თუ ისინი უწყებას მიიღებენ. სამობილიზაციო ბრიგადები ქუჩა-ქუჩა დადიან, ეზოებში შედიან და კარიდან კარზე აკაკუნებენ უწყებების გადასაცემად. ზოგჯერ გასაწვევი ასაკის მამაკაცები მათ წინააღმდეგობას უწევენ, თუმცა სამობილიზაციო ბრიგადის წევრებიც, თავის მხრივ, არმიაში სამსახურის უარმყოფებს კარგად  „ფუთავენ“, ავტოფურგონებში ათავსებენ და პირდაპირ კომისარიატებში, შესაკრებ პუნქტებში  მიჰყავთ.

ზოგიერთი უკრაინელი მამაკაცის თქმით, მათ, რა თქმა უნდა, უწყების მიღება არ სიამოვნებთ, მაგრამ თუ ჯარში გაიწვევენ, იმსახურებენ კიდეც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც  თავგანწირულად ცდილობენ ჯარში სამსახურის თავიდან არიდებას, თუმცა მათ საოცნებო ხუთი ათასი დოლარი ჯიბეში არ აქვთ.

ოდესაში, ისევე როგორც უკრაინის უმრავლეს ქალაქებში, ურთიერთობისათვის „ტელეგრამ-არხებით“ სარგებლობენ, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ ცნობებს, თუ სად და რომელ ადგილზე არიან კომისარიატების თანამშრომლები, რათა სამხედროვალდებულებმა მიმალვა მოასწრონ. ინფორმაციები და შეტყობინებები ყოველ ხუთ წუთში ახლდება.

მობილიზებული ახალწვეულები ფრონტზე გაგზავნის წინ რამდენიმე კვირაში „ახალგაზრდა მებრძოლის“ მოკლე კურსს გადიან. ზოგიერთებს დიდ ბრიტანეთში გზავნიან მოსამზადებლად - ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლის მეთოდების შესასწავლად, თუმცა როცა ისინი ბრუნდებიან და მოწინააღმდეგის პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე, დასავლური წრთვნა ბრძოლის ველზე არაეფექტურობას აჩვენებს. ძალიან დიდია დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა.

მოკლედ, რისკები და ფსონები ძალიან მაღალია, ამიტომ ბევრი მობილიზაციას თავს ისე არიდებს, როგორც შეუძლია. ისინი, ვინც უკვე გაწვევის უწყება მიიღო, არცთუ იშვიათად სახლებში იკეტებიან, კარს არ აღებენ, რომ კომისარიატებში ძალით არ წაიყვანონ.

„არის ადამიანთა ორი კატეგორია: ერთნი უკვე არმიაში არიან, მეორენი კი სახლებში არიან მიმალულნი და ქუჩაში გამოსვლისა ეშინიათ, რათა კომისარიატის თანამშრომლებმა შესაკრებ პუნქტში არ წაიყვანონ. მათ ჯარისკაცების ხელფასის მატება არ აინტერესებთ, არმიაში სამსახური არ სურთ“, - ამბობს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც საქმეში კარგად არის ჩახედული.

ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, გაიხსენა სცენა, რომელიც კიევის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში: „როგორც ათი საათი შესრულდა, სამხედრო წესების თანახმად, კლუბი უნდა დახურულიყო. ამ დროს შენობაში ფორმიანი შეიარაღებული ადამიანები შემოიჭრნენ, ქალები განაცალკევეს და გარეთ გაუშვეს, მამაკაცებს კი უწყებები მისცეს. ჩემს მეუღლეს მნიშვნელოვანი სამსახური აქვს, ამიტომ ის გაწვევისაგან გათავისუფლებულია, ჩემი ნათესავი „ქუჩაში დაჭერების ოპერაციას“ როგორღაც გადაურჩა და ახლა სახლში ზის, გარეთ დიდი ხანია არ გამოდის“.

უკრაინელები იმ თანამემამულეებს, რომლებიც არმიაში გაწვევას თავს არიდებენ (ანუ „უკლონისტებს“), მოღალატეებად თვლიან. ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მობილიზაციასთან დაკავშირებული სირთულეები აღიარა, მიიღო შესაბამისი ზომები სამხედრო კომისარიატების გადაჭარბებული მცდელობის აღსაკვეთად, მაგრამ იმავდროულად განაცხადა, რომ არმიაში გაწვევის გარეშე რუსეთს ვერ დაამარცხებენ. როგორც ცნობილია, თავის მხრივ, კრემლმა ასობით ათასი ახალგაზრდა გაიწვია არმიაში.

„რა თქმა უნდა, მობილიზაცია არავისთვის სასიამოვნო არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო“, - აღიარა ამას წინათ ინტერვიუში პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა.

„ისინი, ვინც თავიანთი შინაგანი მოწოდებით ჩაეწერნენ ჯარში მოხალისედ ომის დაწყებისას, ყველაზე მეტად არიან პატრიოტები, მაგრამ 17-თვიანი ბრძოლით დაიღალნენ და მათი შეცვლა აუცილებელია. რასაკვირველია, ომის დროს ჯარში სამსახური საშინელებაა - შეიძლება დაიღუპო და დასახიჩრდე. აბა, წარმოიდგინეთ: ახლა 21-ე საუკუნეა, უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული, სამსახურს იწყებთ, ამ დროს კი ხელში შაშხანას იღებ და იძულებული ხართ საკუთარი სახლი დაიცვა. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი ცდილობს მოსახლეობას აუხსნას, თუ რა დევს სასწორზე, როცა იბრძვი - ქვეყნის მომავალი და ხალხის ბედი“, - ამბობს მიხეილ პოდოლიაკი.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2023/aug/15/bribes-and-hiding-at-home-the-ukrainian-men-trying-to-avoid-conscription

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.