USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „განა მე ჩივილი შემიძლია, სანამ ომი არ დამთავრდება?“: ძალადობის დილემა უკრაინულ ოჯახებში“
Date:  570

„უკრაინულ ოჯახებში ძალადობის შემთხვევები სწრაფად მატულობს“, - იუწყება ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში, რომლის სათაურია „განა მე ჩივილი შემიძლია, სანამ ომი არ დამთავრდება?“: ძალადობის დილემა უკრაინულ ოჯახებში“ (ავტორი - რუში კუმარი). ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალადობის მომრავლება ფრონტის წინა ხაზიდან დაბრუნებულ მამაკაცებში ფსიქოლოგიური პრობლემებითაა გამოწვეული. უკრაინელი ცოლები  ქმრებისგან ცემას მორჩილად იტანენ, როცა მათი მეუღლეები სამხედრო მოსამსახურეები არიან.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ წელს უკრაინაში ოჯახური ძალადობის თითქმის 300 ათასამდე ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ეს არასრული მონაცემებია - იმიტომ, რომ თუ ძალადობაში მამაკაცები -  სამხედრო მოსამსახურეები ფიგურირებებენ, ამ დროს მათი ცოლები, დები და დედებიც კი, ცემას იტანენ და ხშირ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებენ.

მიმდინარე წლის მაისში სოციალურ მუშაკს ლიუბოვ ნედორიზს ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკის პოლიციიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ფრონტიდან დაბრუნებულმა 30 წლის მამაკაცმა დედა სცემა. შუა ხნის ქალი იძულებული გახდა პოლიციისათვის დახმარება ეთხოვა. ლიუბოვ ნედორიზი, რომელიც ნაცემ ქალს შეხვდა, ამბობს: „მომიყვა, რომ მისი ვაჟი ადრე მშვიდი და წყნარი ადამიანი იყო, უმაღლესდამთავრებულია, ჰყავდა საცოლე... მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც ის ფრონტზე გაიწვიეს, ხარკოვთან ახლოს. უკან გაბოროტებული დაბრუნდა, საცოლეს სცემა, ხოლო როცა დედა მის შეჩერებას შეეცადა, მუშტები მასაც უთავაზა“.

უკრაინაშე სამხედრო მოსამსახურეების მიერ ნაცემი ქალების რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ოჯახებში მეორე ფრონტია გახსნილი და ამ დროს ქალები დამარცხებულ მხარეს წარმოადგენენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს პოლიციამ ოჯახური ძალადობის 291 ათასი ფაქტი დააფიქსირა, რაც 20%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ექსპერტები და სოციალური მუშაკები ელოდებიან, რომ 2024 წელს მაჩვენებლები ისევ გაიზრდება. მიმდინარე წლის ორ თვეში საჩივრების რაოდენობა ოჯახურ ძალადობაზე, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, უკვე 56%-ით არის მომატებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაეროს დემოგრაფიული ფონდის წარმომადგენლის დიანა მასიმოს თქმით, რომელიც უკრაინულ ოჯახებში გენდერული ნიშნით ძალადობის კვლევით არის დაკავებული, ეს მონაცემები მხოლოდ „აისბერგის ზედა ნაწილს“ წარმოადგენს, სინამდვილეში სიტუაცია ბევრად მძიმეა. „საერთოდ, უკრაინაში ოჯახური ძალადობა ტრადიციულად საიდუმლოს წარმოადგენდა და საჯაროდ არ მჟღავნდებოდა. ასე იყო ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდეც, მაგრამ ომიანობის დროს ჩნდება სტრესის ფაქტორი, რის შედეგად ინგრევა ოჯახები, ადამიანები დევნილები და ლტოლვილები ხდებიან, ღარიბდებიან, ქონებას კარგავენ, მუდან სარაკეტო და საავიაციო დაბომბვების ქვეშ არიან, რაც საბოლოო ჯამში მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც აუარესებს. ჭეშმარიტად, უკრაინელი ქალები იძულებულნი არიან სამმაგი დატვირთვა გადაიტანონ. ფრონტზე მამაკაცები მიდიან, ქალის მხრებზე რჩება მთელი ოჯახის შენახვა, თანაც დახმარების გარეშე“, - ამბობს დიანა მასიმო.

კიდევ ერთი სპეციალისტის, ივანა კოვალჩუკის თქმით, არის ტენდენცია, რომ ქალები ნაკლებად ჩივიან იმ შემთხვევაში, როცა ოჯახური ძალადობა ომის მონაწილეებისაგან და ვვეტერანების მხრიდან ხორციელდება. თუ ვინმე წერს საჩივარს, ისინიც ბოდიშს იხდიან, რომ ომის დროს, როცა ქვეყანა საფრთხეშია, პირადულ მდგომარეობაზე ჩივიან: „ეს ის სფეროა, სადაც პატრიარქალური ტრადიციები ჯერ კიდევ ძლიერია. ქალები ხშირად საკუთარ თავს ასეთ კითხვას უსვამენ: აბა, როგორ შეიძლება იმ მამაკაცს - ქმარს, შვილს, მამას ან ძმას - რომელიც ფრონტიდან დაბრუნდა, გმირია და ერის  წინაშე მოვალეობა მოიხადა, მას პოლიციაში უჩივლო? ასეთ აზრებს ძალიან ხშირად ვისმენთ“.

სახლში დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების პოსტტრამვატული სტრესული დარღვევების გახშირებული ფაქტებიდან გამომდინარე, დიანა მასიმო იმ მამაკაცებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის სუბიექტები გახდნენ, „ომის სისასტიკის მსხვერპლთ“ უწოდებს. ლიუბოვ ნედორიზი მას ეთანხმება და ამბობს: „ჩვენი ქმრები, შვილები და ძმები, ომიდან სრულიად შეცვლილები ბრუნდებიან. შეიძლება ფიზიკურად არაფერი სჭირთ, არ დაჭრილან, მაგრამ მათ ფსიქიკა უკვე მოშლილი აქვთ, ამდენი საშინელი სიკვდილის შემყურე. ისინი შინაგანად ძალიან ტრამვირებული არიან“.

დიანას თქმით, მან მსგავსი შემთხვევები ნახა სხვა ქვეყნებშიც, სადაც მრავალი წლის განმავლობაში კონფლიქტები მძვინვარებდა: „30 წლის წინათ მსგავსი ფაქტები ხდებოდა ხორვატეთში, სერბეთში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. თანაც იქ დღემდე შეინიშნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი ტრაგიკული მოვლენების ექო. აუცილებელია კომბატანტთა ოჯახებში მუშაობა, რომ ისინი მორალურად მომზადებულნი შეხვდნენ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს და შეეცადნონ როგორმე სიტუაცია შემსუბუქდეს. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია ოჯახებში ძალზე არასასიამოვნოა“.

წყარო: https://www.theguardian.com/global-development/article/2024/aug/13/women-war-combat-ptsd-ukraine-domestic-violence-gender

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way