ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ილუზიებზე: რატომ ინარჩუნებს ლონდონი კოლონიური იმპერიის ნამსხვრევებს ინდოეთ-ატლანტის ოკეანეებში?“ (ავტორი - საიმონ ჯენკინსი), რომელშიც განხილულია გაერთიანებული სამეფოს კოლონიური წარსულის გადმონაშთების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა აცხადებს, რომ უარს არ იტყვის „ზღვისიქითა ტერიტორიებზე“, მაგრამ რატომ? კოლონიური ეპოქტის დროინდელი ასეთი ოცნებები ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.
ვისია დიეგო-გარსია?
უცნაური და ჭკუის ამრევი ფაქტია, მაგრამ ბრიტანეთის იმპერია გარკვეული სახით დღემდე არსებობს. ლეიბორისტების მთავრობის მინისტრმა, რომელიც იმპერიის ნაფლეთების მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი, ახლახან განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში ჩაკარგული ჩაგოსის არქიპელაგი მავრიკს დაუბრუნდა და ახლა კუნძული დიეგო-გარსია პორტ-ლუის - მავრიკის დედაქალაქის დაქვემდებარებაში იმყოფება.
დეკოლონიზაციის ეს მოკრძალებული აქტი ფრიად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა ერთი მინუსი მაინც მოჩანს: მთავრობას იქ მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ბაზის შენარჩუნება სურს. კი მაგრამ, რატომ? ჩვენ ხომ აღარ ვმართავთ არც ინდოეთს და არც სინგაპურს. ესე იგი, სამხედრო ბაზის შენარჩუნება, რომელიც ინდოეთის ოკეანეში გვაქვს, თუნდაც აშშ-სთან ერთად, სუფთა იმპერიულ შოუს ჰგავს.
იმპერიის ნამსხვრევები - წმ. ელენეს კუნძულიდან ბერმუდებამდე
ჩვენი „იმპერიული“ მინისტრის სტივენ დაუთის დაქვემდებარებაში 14 „ზღვისიქითა ტერიტორია იმყოფება, მათ შორის ბევრი არქიპელაგებს (კუნძულთა გროვას) კუნძულებს წარმოადგენენ - ბერმუდის, პიტკერნის, მონსერატისა და კაიმანის, აგრეთვე წმინდა ელენეს (გახსოვთ ნაპოლეონ ბონაპარტი?), ამაღლებისა და ტრისტან დ’აკუნიას კუნძულები, რომლებზეც ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებენ გაერთიანებული სამეფოს დროშები. მათ იცავს სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები, იქაური მოსახლეობა კი ძველებურად ბრიტანეთის ეროვნულ ჰიმნს ასრულებს.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრმა „ზღვისიქითა ტერიტორიებმა“ - ისეთებმა, როგორებიცაა ბელიზი, ტუვალუ, სეიშელი და ბაჰამი - მშვიდად და ჩუმად მოიპოვეს დამოუკიდებლობა. სხვები „დამოკიდებულ“ ტერიტორიებად დარჩნენ - დამოკიდებულნი მეფეზე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაზე და სამეფოს მიერ უზრუნველყოფილ სამხედრო დაცვაზე.
ოფშორული „შავი ხვრელები“
ზოგიერთი ამ ტერიტორიის ასეთი „დაჩაგრული“ (ნახევრადსუვერენული) მდგომარეობა კომპენირებულია იმ გარემოებით, რომ ბრიტანეთმა უფლება მისცა მათ გადაქცეულიყვნენ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ (სპარსეთის ყურის ქვეყნების შემდეგ) თავშესაფრად - ოფშორულ ფინანსურ ცენტრებად - უკანონო და დაუბეგრავი სიმდიდრისათვის, ანუ ისეთი ქონებისათვის, რომლის წარმომავლობა უცნობია. ეს არის ნამდვილი საფრთხე-მუქარა მსოფლიოს ხაზინებისათვის: ყოველწლიურად ჩამოთვლილი კუნძულები ბრიტანელ და სხვა ქვეყნების გადასახადების გადამხდელთ მილიარდებიან შემოსავლებს ართმევენ.
ლონდონის საბანკო ლობის ძლიერება და ძალაუფლება ისეთი ფართოა, რომ კაიმანებს, ბერმუდებს და სხვებს ვერავინ ვერაფერს უბედავს. სადღაც კაიმანის კუნძულებსა და ბრიტანულ ვირჯინის კუნძულებს შორის რეალურად არსებობს დიდი ბრიტანეთის სამეფო ხაზინის „შავი ხვრელი“, სადაც ყოველწლიურად 22 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჩინარდება.
გიბრალტარი - „ბრიტანული მონაკო“
ორი „დამოკიდებული“ ტერიტორია დიდ პრობლემებს ქმნის - გიბრალტარი და ფოლკლენდი. ის, რომ ბრიტანეთმა ნება მისცა 1704 წელს მიტაცებული და სამხედრო ბაზად გადაქცეული გიბრალტარს ესპანეთთან ურთიერთობა გაეფუჭებინა, ეს სრულ აბსურდს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ კოლონიის მოსახლეობას მოსწონთ თავიანთი ანკლავი დაბალი გადასახადებით, მაგრამ გეოგრაფიულად „ბრიტანული მონაკო“ - როგორც გიბრალტარს უწოდებენ - ესპანეთის (იბერიის ნახევარკუნძულის) კონტინენტურ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, უკვე დროა, რომ ლონდონმა მადრიდთან გიბრალტარის სუვერენიტეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ აპრილში წინა კონსერვატიული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი განიხილავდა რაღაც შეთანხმების პროექტს, რომელიც გიბრალტარის სტატუსს ითვალისწინებდა ბრექსიტის შემდგომ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოლაპარაკება შეწყდა.
ბრძენი მარგარეტ თეტჩერი: ფოლკლენდის ბედი
გასულ კვირას სტივენ დაუთიმ თავს ნება მისცა ირონიული რეგირება მოეხდინა არგენტინის მორიგ მოთხოვნაზე, რომ ბრიტანეთს მისთვის ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები დაებრუნებინა. დღეს არავის აღარ ახსოვს, მაგრამ შეგახსენებთ: 1982 წლამდე, სანამ არგენტინა კუნძულებზე სამხედრო დესანტს გადასხამდა და ბრიტანეთ-არგენტინის ომი დაიწყებოდა, მარგარეტ თეტჩერის მთავრობა ბუენოს-აირესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მათი არგენტინისათვის გადაცემის თაობაზე, თუმცა კუნძულელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ისევე როგორც ჰონკონგთან მიმართებით, სპეციფიკური ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ასეთი გარიგება სრულიად ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნებოდა, ხოლო გაეროს ძალების ყოფნა კუნძულელთა თვითმმართველობის გარანტი გახდებოდა. მაგრამ არგენტინის სამხედრო ხუნტის გაუაზრებელი მოქმედების გამო მოლაპარაკებამ ფიასკო განიცადა. თუმცა ეს 42 წლის წინათ იყო...
დღეს ფოლკლენდის კუნძულების 3600-კაციანი მოსახლეობის დასაცავად დიდი ბრიტანეთი წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს. ამ კუნძულებს, ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ერთი გონივრული მომავალი აქვთ - იარსებოს ახლოს მდებარე კონტინენტთან ინტეგრაციაში, ანუ სამხრეთამერიკულ სახელმწიფოსთან - არგენტინასთან ერთად. თუ ეს კონსერვატიულმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა შორეულ 1982 წელს გააცნობიერა (მან იმავე პერიოდში იგივე განაცხადა ჰონკონგის დეკოლონიზაციასთან მიმართებითაც), რატომ არ შეუძლია ამის გადნობიერება ლეიბორისტ პრემიერ-მინისტრს კიტ სტარმერს და მის მთავრობას? ამის ნაცვლად იგი მზადაა ფული ატლანტის ოკეანის ქარს გაატანოს და ისეთი სახე მიიღოს, თითქოსდა დიდი ბრიტანეთი ძველებურად კოლონიურ იმპერიას - მეტროპოლიას წარმოადგენს, რომლის ტერიტროიები ინდოეთის ოკეანეშიც არის და ატლანტის ოკეანეშიც. ჭეშმარიტად, განდიდების მანიამ საზღვრები არ იცის.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.