USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
«The Guardian»: „ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ილუზიებზე: რატომ ინარჩუნებს ლონდონი კოლონიური იმპერიის ნამსხვრევებს ინდოეთ-ატლანტის ოკეანეებში?“
თარიღი:  516

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ილუზიებზე: რატომ ინარჩუნებს ლონდონი კოლონიური იმპერიის ნამსხვრევებს ინდოეთ-ატლანტის ოკეანეებში?“ (ავტორი - საიმონ ჯენკინსი), რომელშიც განხილულია გაერთიანებული სამეფოს კოლონიური წარსულის გადმონაშთების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა აცხადებს, რომ უარს არ იტყვის „ზღვისიქითა ტერიტორიებზე“, მაგრამ რატომ? კოლონიური ეპოქტის დროინდელი ასეთი ოცნებები ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.

ვისია დიეგო-გარსია?

უცნაური და ჭკუის ამრევი ფაქტია, მაგრამ  ბრიტანეთის იმპერია გარკვეული სახით დღემდე არსებობს. ლეიბორისტების მთავრობის მინისტრმა, რომელიც იმპერიის ნაფლეთების მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი, ახლახან განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში ჩაკარგული ჩაგოსის არქიპელაგი მავრიკს დაუბრუნდა და ახლა კუნძული დიეგო-გარსია პორტ-ლუის - მავრიკის დედაქალაქის დაქვემდებარებაში იმყოფება.

დეკოლონიზაციის ეს მოკრძალებული აქტი ფრიად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა ერთი მინუსი მაინც მოჩანს: მთავრობას იქ მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ბაზის შენარჩუნება სურს. კი მაგრამ, რატომ? ჩვენ ხომ აღარ ვმართავთ არც ინდოეთს და არც სინგაპურს. ესე იგი, სამხედრო ბაზის შენარჩუნება, რომელიც ინდოეთის ოკეანეში გვაქვს, თუნდაც აშშ-სთან ერთად, სუფთა იმპერიულ შოუს ჰგავს.

იმპერიის ნამსხვრევები - წმ. ელენეს კუნძულიდან ბერმუდებამდე

ჩვენი „იმპერიული“ მინისტრის სტივენ დაუთის დაქვემდებარებაში 14 „ზღვისიქითა ტერიტორია იმყოფება, მათ შორის ბევრი არქიპელაგებს (კუნძულთა გროვას) კუნძულებს წარმოადგენენ - ბერმუდის, პიტკერნის, მონსერატისა და კაიმანის, აგრეთვე წმინდა ელენეს (გახსოვთ ნაპოლეონ ბონაპარტი?), ამაღლებისა და ტრისტან დ’აკუნიას  კუნძულები, რომლებზეც ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებენ გაერთიანებული სამეფოს დროშები. მათ იცავს სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები, იქაური მოსახლეობა კი ძველებურად ბრიტანეთის ეროვნულ ჰიმნს ასრულებს.

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრმა „ზღვისიქითა ტერიტორიებმა“ - ისეთებმა, როგორებიცაა ბელიზი, ტუვალუ, სეიშელი და ბაჰამი - მშვიდად და ჩუმად მოიპოვეს დამოუკიდებლობა. სხვები „დამოკიდებულ“ ტერიტორიებად დარჩნენ - დამოკიდებულნი მეფეზე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაზე და სამეფოს მიერ უზრუნველყოფილ სამხედრო დაცვაზე.

ოფშორული „შავი ხვრელები“

ზოგიერთი ამ ტერიტორიის ასეთი „დაჩაგრული“ (ნახევრადსუვერენული) მდგომარეობა კომპენირებულია იმ გარემოებით, რომ ბრიტანეთმა უფლება მისცა მათ გადაქცეულიყვნენ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ (სპარსეთის ყურის ქვეყნების შემდეგ) თავშესაფრად - ოფშორულ ფინანსურ ცენტრებად - უკანონო და დაუბეგრავი სიმდიდრისათვის, ანუ ისეთი ქონებისათვის, რომლის წარმომავლობა უცნობია. ეს არის ნამდვილი საფრთხე-მუქარა მსოფლიოს ხაზინებისათვის: ყოველწლიურად ჩამოთვლილი კუნძულები ბრიტანელ და სხვა ქვეყნების გადასახადების გადამხდელთ მილიარდებიან შემოსავლებს ართმევენ.

ლონდონის საბანკო ლობის ძლიერება და ძალაუფლება ისეთი ფართოა, რომ კაიმანებს, ბერმუდებს და სხვებს ვერავინ ვერაფერს უბედავს. სადღაც კაიმანის კუნძულებსა და ბრიტანულ ვირჯინის კუნძულებს შორის რეალურად არსებობს დიდი ბრიტანეთის სამეფო ხაზინის „შავი ხვრელი“, სადაც ყოველწლიურად 22 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჩინარდება.

გიბრალტარი - „ბრიტანული მონაკო“

ორი „დამოკიდებული“ ტერიტორია დიდ პრობლემებს ქმნის - გიბრალტარი და ფოლკლენდი. ის, რომ ბრიტანეთმა ნება მისცა 1704 წელს მიტაცებული და სამხედრო ბაზად გადაქცეული გიბრალტარს ესპანეთთან ურთიერთობა გაეფუჭებინა, ეს სრულ აბსურდს წარმოადგენს.  რა თქმა უნდა, ამ კოლონიის მოსახლეობას მოსწონთ თავიანთი ანკლავი დაბალი გადასახადებით, მაგრამ გეოგრაფიულად „ბრიტანული მონაკო“ - როგორც გიბრალტარს უწოდებენ -  ესპანეთის (იბერიის ნახევარკუნძულის) კონტინენტურ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, უკვე დროა, რომ ლონდონმა მადრიდთან გიბრალტარის სუვერენიტეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ აპრილში წინა კონსერვატიული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი განიხილავდა რაღაც შეთანხმების პროექტს, რომელიც გიბრალტარის სტატუსს ითვალისწინებდა ბრექსიტის შემდგომ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოლაპარაკება შეწყდა.

ბრძენი მარგარეტ თეტჩერი: ფოლკლენდის ბედი

გასულ კვირას სტივენ დაუთიმ თავს ნება მისცა ირონიული რეგირება მოეხდინა არგენტინის მორიგ მოთხოვნაზე, რომ ბრიტანეთს მისთვის ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები დაებრუნებინა. დღეს არავის აღარ ახსოვს, მაგრამ შეგახსენებთ: 1982 წლამდე, სანამ არგენტინა კუნძულებზე სამხედრო დესანტს გადასხამდა და ბრიტანეთ-არგენტინის ომი დაიწყებოდა, მარგარეტ თეტჩერის მთავრობა ბუენოს-აირესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მათი არგენტინისათვის გადაცემის თაობაზე, თუმცა კუნძულელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ისევე როგორც ჰონკონგთან მიმართებით, სპეციფიკური ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ასეთი გარიგება სრულიად ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნებოდა,  ხოლო გაეროს ძალების ყოფნა კუნძულელთა თვითმმართველობის გარანტი გახდებოდა. მაგრამ არგენტინის სამხედრო ხუნტის გაუაზრებელი მოქმედების გამო მოლაპარაკებამ ფიასკო განიცადა. თუმცა ეს 42 წლის წინათ იყო...

დღეს ფოლკლენდის კუნძულების 3600-კაციანი მოსახლეობის დასაცავად დიდი ბრიტანეთი წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს. ამ კუნძულებს, ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ერთი გონივრული მომავალი აქვთ - იარსებოს ახლოს მდებარე კონტინენტთან ინტეგრაციაში, ანუ სამხრეთამერიკულ სახელმწიფოსთან - არგენტინასთან ერთად. თუ ეს კონსერვატიულმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა შორეულ 1982 წელს გააცნობიერა (მან იმავე პერიოდში იგივე განაცხადა ჰონკონგის დეკოლონიზაციასთან მიმართებითაც), რატომ არ შეუძლია ამის გადნობიერება ლეიბორისტ პრემიერ-მინისტრს კიტ სტარმერს და მის მთავრობას? ამის ნაცვლად იგი მზადაა ფული ატლანტის ოკეანის ქარს გაატანოს და ისეთი სახე მიიღოს, თითქოსდა დიდი ბრიტანეთი ძველებურად კოლონიურ იმპერიას - მეტროპოლიას წარმოადგენს, რომლის ტერიტროიები ინდოეთის ოკეანეშიც არის და ატლანტის ოკეანეშიც. ჭეშმარიტად, განდიდების მანიამ საზღვრები არ იცის.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2024/oct/08/britain-empire-chagos-islands-labour-overseas-territories

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.