USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Guardian» : „ევროპელმა „მინი-ტრამპებმა“ ამერიკელი „დიდი ტრამპის“ დაცემა გადაიტანეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება“
Date:  345

 „როცა დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თეთრ სხლში ყოფნის უფლება წაერთვა, ევროპელმა პოლიტიკურმა პოპულისტებმა ძლიერი მოკავშირე და მფარველი დაკარგეს. და მაინც, ბევრმა ევროპელმა „მინი-ტრამპმა“ ამერიკის პრეზიდენტის დაცემა და მისი მომხრეების კაპიტოლიუმზე შეტევა მეტ-ნაკლებად გადაიტანეს და ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რესპუბლიკელთა ლიდერი თეთრ სახლში დაბრუნდება და „ევროპული გემების იალქნებს ქარი დაუბერავს“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპელმა „მინი-ტრამპებმა“ ამერიკელი დონალდ ტრამპის დაცემა გადაიტანეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება“ (ავტორი - პოლ ტეილორი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

დონალდ ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ევროპის კავშირს „მტერი“ უწოდა, ხოლო ნატო „მოძველებულ ბლოკად“ შერაცხა. უფრო ადრე იგი ღიად მიესალმა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას Brexit-ის თაობაზე და მოუწოდა ევროკავშირის სხვა წევრებს ლონდონისათვის მიებაძათ. (...)

გასაკვირი არაა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებში ბევრ მაღალჩინოსანს „შიშისაგან აკანკალებს“ იმ პერსპექტივის წარმოდგენის შემდეგ, თუ რა ბედი ეწევათ მათ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში - მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს წინ სასამართლო პროცესები ელოდება წარდგენილი ბრალდებების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი თავიდანვე ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის, ევროპელების შიში სულ უფრო ძლიერდება - ვაითუ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან თავისი ქადილი შეასრულოს და უარი განაცხადოს უკრაინის მხარდაჭერაზე, აგრეთვე ტარიფები დასწიოს ევროპული პროდუქციის იმპორტზე.

დონალდ ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერები კონტინენტური ევროპიდან - ისეთები, როგორებიც არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და პოლონეთის ფაქტიური ლიდერი, მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელი იაროსლავ კაჩინსკი, ბრიუსელთან მწვავე დავას აგრძელებენ ევროპული კანონების უზენაესობასთან, მიგრაციასთან და „ლგბტ-საზოგადოების“ წევრების უფლებებთან დაკავშირებით.

სულ მალე ვიქტორ ორბანს და იაროსლავ კაჩინსკის შეიძლება ახალი არალიბერალი მოკავშირე გამოუჩნდეთ - სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც თავისი ტაქტიკა პირდაპირ დონალდ ტრამპისგან გადაიღო და რომელიც, დიდი ალბათობით, 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. როგორც რობერტ ფიცო აცხადებს, სლოვაკეთის ამჟამინდელი პროევროპული და ლიბერალური მთავრობა ცდილობს არჩევნები ჩაშალოს  და კორუფციის ფაქტები მიჩქმალოსო.

რობერტ ფიცო, რომლის პარტია „სმერი“ ევროპელი სოციალისტებისა და სოციალ-დემოკრატების ალიანსში შედის, დასავლეთს ბრალს სდებს რუსეთ-უკრაინის ომის გაჩაღების წინაპირობების შექმნაში და აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიევს ყოველგვარ დახმარებას შეუწყვეტს. სლოვაკი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ Smer-ის ლიდერი ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას შეზღუდავს და ოპოზიციის წმენდას ჩაატარებს ისე, როგორც ეს გააკეთეს მეზობლებმა - ვიქტორ ორბანმა და იაროსლავ კაჩინსკიმ. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ რობერტ ფიცო შეუერთდეს ევროკავშირის მიგრაციული პაქტის მოწინააღმდეგეებსაც.

ბრატისლავური 30 სექტემბრის არჩევნების შემდეგ ევროპელი ტრამპისტების გამოცდის პროცესი ვარშავაში გაგრძელდება, სადაც 15 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში პოლონელი „სიმართლის მოყვარულები“ უპრეცედენტო მესამე ვადით დარჩენას ცდილობენ და ოპოზიციის - ლიბერალურ-მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობის - ლიდერს დონალდ ტუსკს დემონად წარმოსახავენ. პოლონეთის მმართველი პარტია დღეს ყველას აკრიტიკებს - ბრიუსელს, მოსკოვს, ბერლინს და ახლა კიევსაც კი და მას პოლონელი ფერმერების გაკოტრების მცდელობას აბრალებს, უკრაინული მარცვლეულის ევროპაში ექსპორტის გამო.

უნგრელი ვიქტორ ორბანი, რომელმაც გასულ წელს ბუდაპეშტში ამერიკელი ულტრამემარჯვენე კონსერვატორების კონფერენციას უმასპინძლა და რომელიც „ფოქს ნიუსის“ ყოფილი ტელეწამყვანის თაკერ კარსლსონის მეგობარია, მასმედიას და სოციალურ ქსელებს მკაცრად აკონტროლებს. იგი უნგრულ ოპოზიციას „ბრიუსელის მარიონეტებს“ უწოდებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელ ხალხს და უნგრეთის განათლების სისტემას თავს მოახვიონ „გეი-პროპაგანდა“ და უნგრელ მოსწავლეებს სკოლაში ტრანსგენდერობა ასწავლონ.

პოლონეთის მმართველი პარტიის (PiS) მთავრობაც მსგავსი ტრიუკის განხორციელებას ცდილობს: არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩატარდება ოთხი კითხვით, რომელთაგან ერთ-ერთი ასე „მიმზიდველად“ ჟღერს: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალური მიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ისე როგორც ამას ევროპული ბიუროკრატია გვთავაზობს?“.

დონალდ ტრამპის ტაქტიკამ - შეუტიოს მასმედიის ძირითად საშუალებებს და უპირატესობა მისცეს მემარჯვენე გამოცემებს, რომლებიც „ალტერნატიულ ინფორმაციას“ ავრცელებენ - ევროპაში პოპულარობა მოიპოვა. იაროსლავ კაჩინსკიმ და ვიქტორ ორბანმა სამაუწყებლო კომპანიები თავიანთ კონტროლქვეშ მოაქციეს. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, გაჩნდა ამერიკული Fox News-ის მსგავსი ულტრამემარჯვენე ტელეარხები (ვთქვათ, ფრანგული Cnews), რომელთა მეშვეობით მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკოსები თავიანთ იდეებს ავრცელებენ და ამით თავს არიდებენ სხვა მასმედიის ჟურნალისტების არასასიამოვნო კითხვებს. პოპულისტი პოლიტიკოსები ფართოდ სარგებლობენ სოციალური ქსელებითაც და მხარდამჭერებს იმრავლებენ.

(...)

Brexit-მა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას აშკარა ზიანი მიაყენა. ამის შედეგად ევროპელმა რადიკალმა მემარჯვენეებმა უარი თქვეს თავიანთ მანიფესტურ დაპირებებზე ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე და ამის ნაცვლად გეზი „ევროპის ეროვნული სახელმწიფოების“ შექმნისაკენ აიღეს, რომელიც ზღუდავს საერთოევროპული კანონმდებლობის უზენაესობას ეროვნულთან შედარებით. ამ ახალი ტაქტიკით ისინი ევროპული ერთიანი საკანონმდებლო წესრიგის დანგრევას ცდილობენ.

არავინ იცის ზუსტად, დაბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში და თუ დაბრუნდება, რამდენად შეუწყობს ხელს მისი გაპრეზიდენტება მისსავე ევროპელ მეგობრებს და თაყვანისმცემლებს ერთიანი ევროსკეპტიკური მოძრაობის შექმნაში. მაგრამ აშკარაა, რომ თუ ასე მოხდება, ეს უამრავ პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო პრობლემას გააჩენს, რისთვისაც ევროპის მთავრობები ცუდად არიან მოზადებულნი.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2023/sep/26/europe-donald-trump-comeback-viktor-orban-eu

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way