USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«The Print» (ინდოეთი): „რატომ სთხოვა მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინმა ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებს და არა თავის ინდოელ „მეგობარს“ ნარენდრა მოდის და ჩინელ „ძმას“ სი ძინ პინს“
Date:  259

ინდური პოპულარული ინგლისურენოვანი გამოცემა The Print („ანაბეჭდი“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ სთხოვა მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინმა ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებს და არა თავის ინდოელ „მეგობარს“ ნარენდრა მოდის და ჩინელ „ძმას“ სი ძინ პინს“ (ავტორი - სეშადრი ჩარი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 „ვაგნერის“ ამბოხებასთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და წერტილიც არ დასმულა. ვლადიმერ პუტინის ყოფილი შეფ-მზარეულის და „გამოცდილი მეგობრის“ ევგენი პრიგპჯინის მიერ გამოხატული დაუმორჩილებლობის მთავარი მიზეზები ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული. როგორც მისი მოულოდნელი დაწყება და ასევე მოულოდნელი შეწყვეტა ბევრ კითხვებს და ეჭვებს ბადებს. საინტერესო ისაა, რომ „ვაგნერს“ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში აქვს „ფესვები გადგმული“ და ევგენი პრიგოჟინი კრემლის ბევრ დელიკატურ დავალებას ასრულებდა. მთლიანობაში არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალშის არაფერი არ გაირკვევა და გადატრიალების მცდელობის ირგვლივ ყველაფერი სიბნელით იქნება მოცული. არავინ იცის, თუ რამდენად მართალია ჩეჩენი ლიდერის - ევგენი პრიგოჟინის „ყოფილი“ მეგობრის - რამზან კადიროვის მიერ ნათქვამი - „ვაგნერის“ მეთაური ნაწყენი იყო იმით, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ იგი ჯილდოს ელოდა და უარი მიიღო - მის ქალიშვილებს პოლინას და ვერონიკას, სანქტ-პეტერბურგში მიწის დიდი ნაკვეთები უფასოდ არ გამოუყვეს.

ასე იყო თუ ისე, ვლადიმერ პუტინმა სწრაფი რეაგირება მოახდინა „ვაგნერის“ ამბოხზე და ალექსანდრე ლუკაშენკოს პირით ყოფილ მეგობარს ევგენი პრიგოჟინს შეუთვალა, რომ თუ არ გაჩერდებოდა და მოსკოვისაკენ წინსვლას გააგრძელებდა, მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფები დაუნდობლად განადგურდებოდნენ.

თავდაპირველად, როგორც კი „ვაგნერის“ ამბოხი გახდა ცნობილი, ვლადიმერ პუტინი, თავი რომ დაეზღვია, დაუკავშირდა თურქეთისა და ირანის ლიდერებს და მათ დახმარება სთხოვა. მართალია, ანკარამ და თეირანმა დასავლეთის გასაგონად განაცხადეს, რომ ამბოხება „რუსეთის შიდაპოლიტიკური საკითხია“ და მასში არ ჩაერეოდნენ, მაგრამ სინამდვილეში, რეჯეფ ერდოღანმა და იბრაჰიმ რაისმა, როგორც ჩანს, მხარდაჭერა მაინც აღუთქვეს. ამის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დაურეკა და უთხრა, თუ რა უნდა გადაეცა მას ევგენი პრიგოჟინისათვის.

მაგრამ ამ სიტუაციაში უცნაური ისაა, რომ ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ინდოეთს „დიდ და ძლიერ სახელმწიფოდ“, ხოლო პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის - „ძვირფას მეგობრად“ თვლის, ნიუ-დელის დახმარებისთვის არ მიმართა.

სხვათა შორის, ზუსტად იმ დღეს, როცა „ვაგნერის“ ამბოხება ხდებოდა, ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარემ ღრმა შეშფოთება გამოხატეს უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და კიევს დაპირდნენ, რომ ამ მხრივ დახმარებას გააგრძელებდნენ. მართალია, დოკუმენტში რუსეთი ნახსენები არ არის, მაგრამ გასაგებია, რომ იმ დროს, როცა ვაშინგტონი და ნიუ-დელი კიევს სოლიდარობას უცხადებენ, ინდოეთისადმი მიმართვა მხარდაჭერისათვის კრემლისა და პირადად ვლადიმერ პუტინისათვის არაპრესტიჟული იქნებოდა, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

ამასთან, გაოცებას იწვევს სხვა რამ: თუ ინდოეთისადმი თხოვნა არაპრესტიჟული იქნებოდა, მაშ რატომ არ მიმართა მხარდაჭერისათვის ვლადიმერ პუტინმა თავის იდეოლოგიურ „ძმას“ - ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, რომელთანაც „უსაზღვრო მეგობრობის“ ფიცი აქვს დადებული?

ჩინეთი დუმილს ინარჩუნებდა იმ მომენტიდან, როცა პირველი ცნობები გავრცელდა ამბოხების თაობაზე. „ცისქვეშეთმა“ პირველი ოფიციალური განცხადება მხოლოდ პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს შეხვედრისა და საუბრის შემდეგ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ „მომხდარი ფაქტი რუსეთის საშინაო საქმეს წარმოადგენს“, თუმცა იქვე დააფიქსირა მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ, სტაბილურობისა და განვითარების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ ამბოხება წარუმატებელი გამოდგა, მან მაინც აჩვენა ის გეოპოლიტიკური ცვლილება, რაც წყნარი და ინდოეთის ოკეანეების რეგიონში ხდება კრემლთან მიმართებით - ერთი მხრივ, რუსეთს და ინდოეთს, მეორე მხრივ, რუსეთს და ჩინეთს შორის. რასაკვირველია, ჩინეთიც და რუსეთიც მხედველობაში მიიღებს ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორობას აშშ-სთან და ნიუ-დელის შებრუნებას პირით ვაშინგტონისაკენ არაორზრავნად შეაფასებენ.

იმ დროს, როცა სი ძინპინი მზადაა ინდოეთის ასეთი „შებრუნებისთვის“ ამერიკისაკენ (პეკინს ინდოეთთან ძველი მტრობა აქვს საზღვრებთან დაკავშირებით), ვლადიმერ პუტინისათვის, ალბათ მძიმე იქნება ჩინეთისაგან და ინდოეთისაგან დისტანცირება, თანაც ვაშინგტონთან და დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში. არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა „ვაგნერელები“ თურქეთს და ირანს გაუგზავნოს დასახმარებლად, რაც რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

ინდოეთისათვის აუცილებელია სიფხიზლე არ მოადუნოს და იმავდროულად მოსკოვთან თანამშრომლობა გააგრძელოს, უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით. საბოლოო ჯამში ნიუ-დელისათვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ეკონომიკურ განვითარებას, ვიდრე ლოდინს უკრაინის ეკონომიკის აღდგენისათვის.

წყარო: https://theprint.in/opinion/why-putin-reached-out-to-iran-and-turkey-but-not-to-friend-modi-or-brother-xi-jinping/1648221/

 

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way