USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«The Spectator»: „ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები უკრაინას უსიამოვნებებს უმზადებს“
Date:  269

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები უკრაინას უსიამოვნებებს უმზადებს“ (ავტორი - დელიბორ როხასი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ის სავარაუდო სიტუაცია, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს მოჰყვება როგორც ევროკავშირისათვის, ასევე კონკრეტულად საფრანგეთისთვის, გერმანიისათვის და უკრაინისათვის.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

ახალი ამბების კაკაფონიაში ევროპული არჩევნების შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, მხოლოდ ერთი თემა დომინირებს: საფრანგეთისა და გერმანიის - ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფოების - მოქმედი ხელმძღვანელების დამარცხება. მართალია, მათი პარტიების დაბალი შედეგები პროგნოზებით სრულიად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა, როცა რეალური შედეგები უკვე ცნობილია, პრობლემა ისაა, რომ მათი დასუსტებით ევროპაც დასუსტდება და უღონო გახდება რუსეთის წინაშე, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩაბმული.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა უკვე მოახდინა რეაგირება თავისი პარტიის „აღორძინების“ დაბალ შედეგებზე და 30 ივნისს ეროვნული კრების (პარლამენტის) ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე ორი კვირით ადრე გაიმართება.

ფრანგი პრეზიდენტის გადაწყვეტილების ლოგიკა მარტივია: უკეთესი იქნება ჟორდან ბადრელის (მარინ ლე პენის) „ეროვნულ გაერთიანებას“ ახლა, საპარლამენტო არჩევნებში შეებრძოლოს, ვიდრე 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში. იმის გამო, რომ ამომრჩევლების მონაწილეობის დონე მაღალია, ასევე ფრანგული საარჩევნო სისტემის თავისებურების მიზეზით, რომლის თანახმად, სკანდალური და ექსტრემისტულად განწყობილი კანდიდატები პოპულარობით არ სარგებლობენ, ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ მისი ორი სავარაუდო სცენარიდან ერთ-ერთი მაინც გაამართლებს:

პირველი სცენარის მიხედვით, ყველა დაინახავს, რომ ნაციონალისტების ტრიუმფი მხოლოდ შემთხვევითი, ერთჯერადი მოვლენა იყო, მაგრამ არა კანონზომიერი მოვლენა, რომელიც შეიძლება საერთოეროვნულ არჩევნებშიც განმეორდეს.

მეორე სცენარის თანახმად, ნაციონალისტები საკუტარ არათანადროულ წარმატებას მსხვერპლად შეეწირებიან - მათ მოუწევთ მთავრობას უხელმძღვანელონ ან შევიდნენ მმართველ კოალიციაში ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით. ასეთ სიტუაციაში მათთვის რთული იქნება მონაწილეობა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ „დაბომბვაში“ და „ტერორში“, ან დაგმონ ემანუელ მაკრონის მემკვიდრეობა და მისი მოქმედება, როცა პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის დრო მოახლოვდება.

მაგრამ ეს გეგმა წინააღმდეგობაში მოდის ემანუელ მაკრონის სწრაფვასთან გახდეს საერთოევროპული ლიდერი ამ რთულ და სახიფათო დროში. უკეთეს შემთხვევაში მისი პარტია უზრუნველყოფს იმდენი ხმების მიღებას, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობა კი არ იქნება პარლამენტში, არამედ იმდენი, რამდენიც ახლა აქვს. უარეს შემთხვევაში კი „ეროვნული გაერთიანების“ პოლიტიკოსები ხელმძღვანელ პოსტებს დაიკავებენ მეხუთე რესპუბლიკის ახალ მინისტრთა კაბინეტში. ალბათ, არსებობს შუალედური სცენარებიც, რომლებშიც გათვალისწინებულია ვაჭრობა და კომპრომისები იმ ძალებს შორის, რომლებსაც უკრაინის გამარჯვება სურთ და იმ ძალებს, რომლებიც დიდი ხანია რუსეთს ეთამაშებიან. მართალია, საფრანგეთის კონსტიტუცია პატივს სცემს და იცავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მაგრამ თუ მას მმართველი უმრავლესობა არ ეყოლება, ეს ემანუელ მაკრონის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე დაასუსტებს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შედეგები (13,9% ანუ 14 ადგილი 96-დან, რომლებიც გერმანულ პარტიებს უკავიათ) მაინცდამაინც კატასტროფულად არ გამოიყურება, ვთქვათ, წინა, 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, როცა მას 16 ადგილი ჰქონდა, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აშკარად შეინიშნება მიღებული ადგილების კლებადი ტენდენცია: 2014 წლის არჩევნებში გერმანელ სოციალ-დემოკრატებს 27 ადგილი ჰქონდათ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში. კიდევ უფრო შეუწყნარებელი და აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ ოლაფ შოლცის პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ჩამორჩა პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ მიღებულ ხმებს, რომელსაც ექსტრემისტულად თვლიან - აბუ უფრო რადიკალურად, ვიდრე მარინ ლე პენის ფრანგულ „ეროვნულ გაერთიანებას“.

თუ გავითვალისწინებთ „მწვანეების“ კატასტროფულ მარცხს, რომლებიც ოლაფ შოლცის კოალიციურ მთავრობაში შედიან, მაშინ აშკარა ხდება, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა კანცლერ ოლაფ შოლცს „კოჭლი იხვის“ სტატუსი შესძინა უკვე ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2025 წელს უნდა ჩატარდეს. როცა არჩევნები მოახლოვდება, იმ დროისათვის გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები სოციალ-დემოკრატებს „კისერს მოუგრეხენ“, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიც მერცი მხოლოდ სიტყვით უჭერს მხარს ნატოს და უკრაინას. ვადამდელმა არჩევნებმა, საფრანგეთის მსგავსად, შეიძლება ატმოსფერო განმუხტოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გერმანული პოლიტიკური კულტურის სპეციფიკას, მათი ჩატარება ნაკლებსავარაუდოა. ამრიგად, გერმანიის მთავრობა მომდევნო 16 თვის განმავლობაში მოსიარულე მკვდარი“ იქნება, უუნარო და უინიციატივო, რომ არაფერი ვტქვათ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ახალ ეპოქაში, როცა ხისტი ძალა ისევ მნიშვნელოვანი ხდება.

რუსეთი სამჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს ამზადებს, ვიდრე  დასავლეთის ყველა ქვეყანა, ერთად აღებული. არავის არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ ოლაფ შოლცი ან ამენაუელ მაკრონი შეძლებენ საკმარისი თანხების გამოყოფას შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების პრობლემის მოგვარებისათვის. აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ (61 მლრდ. დოლარის ოდენობით), რა თქმა უნდა,  გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის აშშ-ის მიერ კიევისათვის გაწეულ უკანასკნელ დახმარებად იქცეს.

კიდევ უფრო უარესი იქნება დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვება 2024 წლის ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ყველაზე მნიშვნელოვანია სავარაუდო გარიგების დადება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ევროეპელებისა და უკრაინელების გვერდის ავლით. გერმანელმა „მშვიდობის კანცლერმა“ ოლაფ შოლცმა ასეთ ნაბიჯს შეიძლება მხარიც კი დაუჭიროს. ემანუელ მაკრონი პრინციპული წინააღმდეგი იქნება, მაგრამ ვერაფერის გაკეთებას ვერ შეძლებს - იმიტომ, რომ მთავრობაში და პარლამენტში (ეროვნულ კრებაში) უმეტესობა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ წევრები იქნებიან.

ევროპული არჩევნების შედეგები ბევრმა შეიძლება მნიშვნელოვან მოვლენად არ ჩათვალოს - ბოლოსდაბოლოს, ევროკომისია იმავე ცენტრისტული ევროპული კოალიციის ხელში რჩება, რომელსაც, დიდი ალბათობით, ისევ ურსულა ფონ დელ ლაიენი უხელმძღვანელებს. მაგრამ ასეთი დასკვნა შეცდომა იქნებოდა. ევროკავშირის მოჩვენებითი სტაბილურობა მალავს მრავალრიცხოვან და ძალიან მნიშვნელოვან პერტურბაციებს ეროვნულ დონეზე. უპირველესად, ეს გამოიხატება ევროპული პოლიტიკის ორი მთავარი ლოკომოტივის - პარიზისა და ბერლინის - მკვეთრ დასუსტებაში. ევროპელებს და განსაკუთრებით უკრაინელებს მოსალოდნელი შედეგები ნამდვილად არ ესიამოვნებათ.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/the-eu-election-earthquake-spells-trouble-for-ukraine/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way