ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სი ძინპინის ნათქვამი „შემზარავი“ სიტყვები: რა უთხრა ჩინელმა სტუმარმა რუს მასპინძელს კრემლის კიბეზე?“ (ავტორი - იან უილიამსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ეს იყო მოსკოვური სამიტის ყველაზე დამაინტრიგებელი მომენტი: როცა სი ძინპინი გასულ ღამით კრემლს ტოვებდა, იგი ვლადიმერ პუტინთან პირისპირ დადგა და რუსეთის ლიდერს უთხრა: „ისეთი ცვლილების დრო მოდის, რომლებიც 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა და ჩვენ ამ ცვლილებებს ერთად განვახორციელებთ“. ორმა მამაკაცმა ხელი ერთმანეთს ღიმილით ჩამოართვა. „მე თანახმა ვარ“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა და მეორე ხელი სი ძინპინს იდაყვზე მოჰკიდა. ჩინელმა ლიდერმა დაამატა: „ძვირფასო მეგობარო, გეტაყვა, თავს გაუფრთხილდი“.
შემდეგ ამხანაგი სი კიბეს ჩაუყვა და თავის ლიმუზინში ჩაჯდა. ვლადიმერ პუტინი უხერხულად იდგა, მიტოვებულად, ხელს უქნევდა წასულ სტუმარს... ერთ მომენტში ისე ჩანდა, რომ მან თითქოს თავი ჩაჰკიდა, როცა სი ძინპინის საავტომობილო კავალკადა თვალს მიეფარა. კრემლის ბინადარი მარტოსულს ჰგავდა.
ანალიტიკოსები გულმოდგინედ, დაბეჯითებით სწავლობენ ამ კარგად „რედაქტირებულ და მომზადებულ სამიტზე“ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას, შეხვედრა-მოლაპარაკების დროს სტუმარ-მასპინძელის ქცევის თითოეულ ნიუანსს, მაგრამ კრემლის კიბეზე მომხდარი ეს შემთხვევა, რომელიც წინასწარმომზადებულს ვერ ვუწოდებთ, უფრო მეტს გვეუბნება სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობაზე, ვიდრე ოფიციალურ განცხადებებსა თუ კომუნიკეებში არსებული მრავალი ბანალური სიტყვა.
ის, რაც ჩვენ დავინახეთ, გასაოცარი იყო. ვლადიმერ პუტინი ყველა სიტუაციაში მთხოვნელის როლში გამოდიოდა. გასაგები და შესამჩნევი იყო, რომ ორი მეზობლის ურთიერთობის დინამიკა ბოლო წლებში იცვლებოდა [ჩინეტის სასარგებლოდ], მაგრამ უკრაინის ომმა ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. რუსეთი ახლა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით. სი ძინპინი დღეს ვლადიმერ პუტინის უფროსი პარტნიორს წარმოადგენს - ძალთა უთანაბრობა აშკარად შესამჩნევია. ჩინელი ლიდერი დროგამოშვებით ძალიან უდარდელ განწყობასაც კი ავლენდა და ოდნავ თუ ცდილობდა თავისი უპირატესობა დაემალა. ვლადიმერ პუტინი კი შეშფოთებული და გაღიზიანებული ჩანდა...
მაგრამ რა ვუყოთ კიბეზე ნათქვამ სიტყვებს, როგორ გავიგოთ და შევაფასოთ?
პოზიტიური გაგება იმაში გამოიხატება, რომ ამხანაგი სი ცდილობდა დაერწმუნებინა უბედურებაში მოყოლილი თავისი მეგობარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უფრო უკეთესად, ვიდრე დღეს. მაგრამ სტუმრის ნათქვამის გაგება მეორენაირადაც შეიძლება, [დასავლეთისთვის] უფრო ცუდის მომასწავებლად: სი ძინპინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა [ჩინურ-რუსული] საერთო გრძელვადიანი პროექტი ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნის თაობაზე და ორივე მამაკაცი უკრაინის ომს ამ პროექტის ნაწილად თვლიან. ორივე მიიჩნევს დასავლურ დემოკრატიას დეკადენტურად, რომელიც ღრმა კრიზისში იმყოფება, იზიარებენ მესიანურ ხედვას თავიანთი იმპერიების ოდესღაც არსებული დიდებულების აღდგენაზე... ჩინეთის კომუნისტური პარტია თავის თავს იმ ძალად თვლის, რომელიც ხარბი და მძარცველი უცხოელებისაგან ქვეყნის ასწლეულობით დამცირების შემდეგ მათ ყველაფერს აანაზღაურებინებს. ამაში გამოიხატება სი ძინპინის მიერ მოხსენიებული „100 წელი“, რაც კომპარტიის მითოლოგიაში დღეს ცენტრალური ადგილი აქვს დაკავებული...
ის, რომ რუსეთი ყველაზე ხარბი იყო იმ უცხოელებიაგან, რომლებმაც ჩინეთს 350 ათასი კვადრატული მილის მოცულობის ტერიტორია წაართვეს მე-19 საუკუნეში, ამას უახლეს გეოპოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს პეკინს და მოსკოვს საერთო ხედვა აქვთ, რომელიც ისტორიული მტრობის ჩარჩოების მიღმა დგას. ალბათ, სწორედ ეს არის „ანგარიშიანი ქორწინება“, მაგრამ იმავდროულად ძალიან სახიფათო. სი ძინპინის მიერ დამშვიდობებისას ნათქვამი სიტყვები მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რომ იგი არასდროს უარს არ იტყვის კრემლზე, არამედ იმასაც, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში გამოჩენილი სიმკაცრე მშვენივრად შეესაბამება ჩინეთის ლიდერის უფრო ფართო მიზნებს - დასავლეთის დასუსტებას. ზოგიერთები სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ალბათ, მზის სხივებს ელოდნენ, მაგრამ ისინი მოტყუვდნენ. სი ძინპინის განცხადებები, რომ ჩინეთი მშვიდობისმყოფელია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი სულ უფრო ხშირად ხდება კონფლიქტის მხარე...
რას იტყვის ვლადიმერ ზელენსკი? როგორ აღიქვამს იგი კრემლის კიბეზე სი ძინპინის გულახდილ ნათქვამს? გაისმოდა ხმები, რომ თითქოს ჩინეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს დაელაპარაკებოდა შუამავლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასე არ მომხდარა. ან თუნდაც ეთქვა რაიმე, განა ზელენსკი მოტყუვდებოდა? იგი კარგად აზროვნებს და დიდი ხანია ეძებს ხერხს, თუ როგორ გამოიყენოს ჩინეთი. რასაკვირველია, ზელენსკიმ ისიც კარგად იცის, რომ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინთან „მეგობრობაზე“ უარს არ იტყვის.
„ცისქვეშეთის“ ლიდერის გამოსამშვიდობებელი სიტყვები იმაზეც გვაფიქრებინებს, თუ რა შეათანხმეს ლიდერებმა კრემლის დახურულ კარს მიღმა. რასაკვირველია, ერთ-ერთია ეკონომიკური დახმარების გაწევა, რაც, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო და კაცმა რომ თქვას, ადრეც შესამჩნევი იყო. მაგრამ როგორი იქნება საბრძოლო მასალებისა და იარაღის მიწოდების საქმე, რასაც პუტინი ითხოვს და რაც ომს და, საერთოდ, გეოპოლიტიკას განსაზღვრავს? შედის თუ არა იარაღის მიწოდება იმ „სამომავლო ცვლილებაში“, რაც ორივე ლიდერმა ერთად უნდა განახორციელოს? ეს ძალიან საშიში პერსპექტივაა, რომელსაც დასავლეთი მომზადებული უნდა შეხვდეს.
წყარო: https://www.spectator.co.uk/article/xi-jinpings-chilling-words-for-putin/