USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „ნიკოლაი პატრუშევი - კაცი, რომელიც პუტინს ყურში შხამს აწვეთებს
თარიღი:  509

ბრიტანული გამოცემა „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის, პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის სტატიას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთ წარმომადგენელს - უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს ეხება. პუბლიკაციის სათაურიც საკმაოდ შთამბეჭდავია: „ნიკოლაი პატრუშევი - კაცი, რომელიც პუტინს ყურში შხამს აწვეთებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მე რომ ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვიდან ისეთი ადამიანის ამორჩევა შემეძლოს, რომელსაც ყველაზე საშიშ კაცად ჩავთვლიდი, ის, ალბათ, ნიკოლაი პლატონოვიჩ პატრუშევი იქნებოდა - უშიშროების საბჭოს მდივანი და იმავდროულად [პრეზიდენტთან] ყველაზე ახლოს მდგომი პიროვნება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა რუსულ სისტემაში. ნიკოლაი პატრუშევის რეპუტაცია განუხრელად იზრდებოდა იმის მანიშნებლად, თუ როგორ იხრება რუსეთი ნეოკოლონიური იმპერიალიზმისაკენ. ამ მხრივ, იგი ყველაზე საუკუთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე უკეთ იქნეს მიმართული პუტინის ხროვის ყველაზე ცუდი იმპულსები. ამიტომ, სამწუხაროდ, როცა ნიკოლაი პატრუშევი ლაპარაკობს, მას ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ.

ბოლოსდაბოლოს, ის არამარტო მიმართავს, არამედ აყალიბებს და ქმნის ცუდ იმპულსებს. თავისთავად უშიშროების საბჭო არ არის ძველებური საბჭოთა პოლიტბიურო, როგორც ამას ზოგიერთები ვარაუდობენ. მართალია, საბჭოს შემადგენლობაში მაღალი თანამდებობის მქონე პირები შედიან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულნი, ზოგადად საბჭო მაინც არ ითვლება იმ ორგანოდ, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს.

მაგრამ საქმი ისაა, რომ ნიკოლაი პატრუშევის ხელმძღვანელობის პერიოდში რუსეთის უშიშროების საბჭო პუტინის სახელმწიფოში ერთ-ერთი უძლიერეს ინსტიტუტად გადაიქცა. ფორმალურად ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ნაწილად ითვლება, მაგრამ პრაქტიკულად უშიშროების საბჭო მნიშვნელოვანი დონის ავტონომიურობით სარგებლობს მოსკოვის იპატიევის შესახვევში მდებარე თავისი დახურული ოფისებით. ნიკოლაი პატრუშევი არავის არ ექვემდებარება, ვლადიმერ პუტინის გარდა.

სერ ჰემფრისა და ჯიმი ჰაკერის მსგავსად, რომლებიც თავიანთი გამონათქვამებით -  „დიახ, მინისტრო“ და „დიახ, პრემიერ-მინისტრო“ - მსოფლიოში ბიუროკრატული სისტემის შეუდარებელ დამნერგავებს წარმოადგენენ, ნიკოლაი პატრუშევიც ძლიერ, მაგრამ იმავდროულად შეუმჩნეველ გავლენას ახდენს თავის პატრონზე. იგი კარგად არის გაწაფული იმ ინფორმაციის გაკონტროლებაში, რომელსაც ყოველდღიურად აწოდებენ და მაგიდაზე უდევს. როცა საქმე ეხება უსაფრთხოების საკითხებს (რომლებიც, მისი აზრით, ყველაფერს მოიცავს), სწორედ ნიკოლაი პატრუშევი აყენებს პოლიტიკური დილემის წინაშე პრეზიდენტს და მას მოქმედების ვარიანტებს სთავაზობს. პუტინს, როგორც ცნობილია, არ უყვარს და ღიზიანდება, როცა მას ვინმე რაღაცას ურჩევს და ამით თითქოსდა მის „მართვას ცდილობენ“, მაგრამ ნიკოლაი პატრუშევის ტალანტი იმაში გამოიხატება, რომ მან, როგორც ლავრენტი ბერიამ იცოდა რა სურდა იოსებ  სტალინს, ასევე ზუსტად იცის, თუ როგორ მოახდინოს გავლენა სახიფათო და საშიშ მეფეზე.

ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად გულწრფელად სჯერა ვლადიმერ პუტინს თავისივე მიერ გაკეთებულ საკმაოდ უცნაური განცხადებებისა. რაც შეეხება პატრუშევს, სიტუაციაში ჩახედული დამკვირვებლები თანხმდებიან იმაში, რომ უშიშროების საბოს მდივანი აბსოლუტურად არის დარწმუნებული ერთ საკითხში: რუსეთი მზაკვრული „ანგლო-საქსური“ შეთქმულების წინაშე დგას, მმართველი რეჟიმის დამხობისა და სახელმწიფოს დაშლის მიზნით. რაც უფრო კონფრონტაციული ხდება პუტინი [დასავლეთთან მიმართებით], მით უფრო ძლიერდება ნიკოლაი პატრუშევი და, შესაბამისად, მით უფრო მცირდება განსხვავება მის პირად პოზიციასა და სახელმწიფო პოლიტიკას შორის.

ამის შედეგად, ნიკოლაი პატრუშევის იშვიათი ინტერვიუები რუსულ მასმედიაში  - იგი საკუთარი თავის რეკლამას არ ახდენს - გარკვეული მოვლენების ერთგვარ შეუცვლელ წინამძღვრებს წარმოადგენენ. თავის ბოლო სტატიაში, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო გამოცემაში „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა, ნიკოლაი პატრუშევი ადასტურებს პოზიციას, რომლის თანახმად, უკრაინის ომი სინამდვილეში მხოლოდ ფართო ბრძოლის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს იმ კოლექტიური დასავლეთისა და ნატოს წინააღმდეგ, რომლებმაც „უკრაინა ერთ დიდ სამხედრო ბანაკად გადააქცია“. ის, რომ ჩვენ უკრაინას იარაღს და საბრძოლო მასალებს ვუგზავნით, ვაწვდით სადაზვერვო მონაცემებს“, მისი თვალსაზრისით, არის არა როგორც დახმარება ქვეყნისადმი, რომლის ტერიტორია ულმობელმა და მტრულმა ქვეყანამ მიიტაცა, არამედ როგორც ჩვენი ბოროტი ანტირუსული ზრახვების დადასტურება. სტატიაში ნიკოლაი პატრუშევი ამტკიცებს, რომ ომი რუსეთმა [უფრო დიდი] ომის თავიდან აცილებისთვის დაიწყო. მან ასევე გაამძაფრა რიტორიკა და დასავლეთს აფრთხილებს, რომ „ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი პროპაგანდის ხაფანგში მოხვდნენ, ძველებურად არიან დარწმუნებულნი, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის დროს ამერიკას შეუძლია ისეთი პრევენციული დარტყმის მიყენება, რომელსაც რუსეთ ვერ უპასუხებს“. პატრუშევმა ასეთ პოზიციას „ახლომხედველური და იმავდროულად საშიში სისულელე“ უწოდა.  პრინციპში, ის მართალს ამბობს, მაგრამ მხედველობიდან უშვებს იმ ფაქტს, რომ დასავლეთში არავინ არ აკეთებს მსგავს განცხადებებს - რუსეთისადმი პრევენციული დარტყმის მიყენების თაობაზე.

ნიკოლაი პატრუშევი აგრძელებს იმ უკვე ცნობილი დებულების მტკიცებას, რომ „რუსეთი ითმენს დასავლეთის მზაკვრობას და არავის არ აშინებს თავისი სამედრო უპირატესობით“. ამ დროს იგი სარგებლობს საბჭოთა პერიოდის კლასიკური პრაქტიკული მეთოდით - „მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რუსეთის არსებობას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ჩვენ გვაქვს თანამედროვე უნიკალური შეიარაღება, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია, აშშ-ის ჩათვლით“.

ალბათ, შეიძლებოდა ეს ჩვეულებრივ და რუსებისათვის დამახასიათებელ რიტორიკად ჩაგვეთვალა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და საყურადღებო ისაა, რომ ნიკოლაი პატრუშევის ხაზი კრემლისათვის მეინსტრიმად - ძირითად გაბატონებულ აზრად იქცა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ პატრუშევმა შეასრულა საკვანძო როლი რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცება-ანექსიაში 2014 წელს. განვლილი 8 წლის განმავლობაში მისი ავტორიტეტი სულ უფრო იზრდებოდა, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან პროცესი უფრო დაჩქარდა.

ამჟამად ნიკოლაი პატრუშევი უფრო დიდ როლს ასრულებს საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. სწორედ უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა [უარყოფითად] ამას წინათ გაჟღერებულ განცხადებებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ მილსადენთა აფეთქება თითქოსდა შეიძლება რომელიღაც „პროუკრაინულმა ძალებმა“ მოახდინესო. იგი მილსადენების აფეთქებაში მთავარ დამნაშავედ ამერიკას მიიჩნევს.

ნიკოლაი პატრუშევმა ასევე საკვანძო როლი შეასრულა ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვური ვიზიტის რეალიზებაშიც: მან ამაში დაარწმუნა ვან ი - ჩინეთის კომპარტიის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ხელმძღვანელი, როცა ის მოსკოვში იყო ჩასული, თებერვალში. ნიკოლაი პატრუშევს საზღვარგარეტული ვიზიტების საკმაოდ მჭიდრო გრაფიკი აქვს: ახლახან იგი კუბაზე იყო, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს მიგელ დიას-კანელს და ყოფილ ლიდერს - რაულ კასტროს შეხვდა. ახლა ის უბიძგებს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მოულოდნელად, წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, იმისკენ, რომ ეკონომიკის მილიტარიზება მოახდინოს და აქეზებს მკაცრ რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვისაც თუნდაც ოდნავ რაღაც ოპოზიციური აზრი აქვს.

და მაინც, ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ერთი წლით უფროსია და ვისიც ბევრს ეშინია, უფრო მეტად ადმინისტრატორია, ვიდრე პოლიტიკოსი. იგი არ ითვლება პუტინის სავარაუდო მემკვიდრედ. ის უფრო ხელმწიფის კარის ბოროტ ვეზირს ჰგავს, საბავშვო ზღაპრებში რომ არის - რომელიც მონარქს ეჩურჩულება და ყურში შხამს აწვეთებს. აი, რატომ აქვს ნიკოლაი პატრუშევის ინტერვიუებს მნიშვნელობა. გასულ წელს ყოველი მისი დიდი ინტერვიუს შემდეგ რუსეთის პოლიტიკა სულ უფრო იხრებოდა ავტორიტარიზმისაკენ, მილიტარიზმისა და აგრესიის მიმართულებით. რუსეთი უნდა მოემზადოს ზეწოლისთვის.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/nikolai-patrushev-the-man-dripping-poison-into-putins-ear/?fbclid=IwAR2PIXwJBPoIcYLf8SS5qdhyKjVOWr3B_XbjIaDoy-e1OJxVdWMsEEniRlw

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის