USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«The Spectator» : „შეძლებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი „ქორების“ შეკავებას? - კირილ ბუდანოვის პოლიტიკური პორტრეტი"
Date:  396

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი „ქორების“ შეკავებას?“ (ავტორი - მარკ გალეოთი), რომელშიც გაანალიზებული უკრაინის სამხედრო დაზვერვის - თავდაცვის უწყების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობა და გადმოცემულია მისი ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის პოლიტიკური პორტრეტი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას მისი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და ქვეყნის გადასარჩენად. ასევე უეჭველია, რომ ხმამაღალი რიტორიკის მიუხედავად,  ეს მხარდაჭერა იმავდროულად შეზღუდულია, შეიძლება ითქვას, პირობითიც კი და ომის ესკალაციის თავიდან აცილების სურვილით არის ნაკარნახევი. ეს თვალსაჩინოდ იქნა დემონსტრირებული ამას წინათ ვაშინგტონის მიერ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსთან -  კირილ ბუდანოვთან მიმართებით.

ამ კვირაში „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული მასალის თანახმად, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით კირილ ბუდანოვს თავისი თანამშრომლებისთვის უბრძანებია „მოემზადებინათ მასობრივი დარტყმები“ რუსეთის შიგნით არსებული სამიზნეების წინააღმდეგ, მოსკოვის ჩათვლით და ამისათვის გამოეყენებინათ „ყველაფერი, რაც სამხედრო დაზვერვას გააჩნდა“. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც სტატიაშია მოხსენიებული, იყო რუსეთის შავი ზღვის ნავსადგურის ნოვოროსიისკის დაბომბვა უპილოტო საფრენი აპარატებით. კიდევ ერთ ვერსიას წარმოადგენდა რუსეთის სასაზღვრო ქალაქებში პოლიციის უბნებზე დივერსიული თავდასხმების მომზადება და განხორციელება.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, კირილ ბუდანოვი ვაშინგტონის თხოვნას „დარტყმების მიყენების გადადებაზე დათანხმდა“. ანუ იგულისხმება, რომ  მთელი ამ კამპანიის იდეა უარყოფილი იქნა. ზოგიერთების ვარაუდით, ამ საკითხში უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუწია ჩარევა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელები შეშფოთებას გამოხატავდნენ ზოგადად უკრაინის სპეცსამსახურების ამბიციების გამო, კონკრეტულად კი გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვის მოქმედებასთან დაკავშირებით. თავისი ასაკის მიხედვით - იგი 37 წლისაა - კირილ ბუდანოვი სრულიად ახალგაზრდა კაცს წარმოადგენს  როგორც უკრაინის უმაღლესი სარდლობის, ასევე მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურების სტანდარტით, თუმცა მან უკვე დაიმსახურა ენერგიული და მიზანმიმართული, მცოდნე ოფიცერის რეპუტაცია. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსეთთან ომში მოლოდინს გადაჭაარბა - როგორც ფრონტზე, ბრძოლის ველზე დაზვერვის საკითხში, ასევე, სავარაუდოდ, მტრის ზურგში მოწყობილი რეიდებისა და ჩატარებული ოპერაციების სახით.

კირილ ბუდანოვი რეგულარულად ფიგურირებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მისი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი უკურნებელი სენით არის დაავადებული და რომ ომი სულ მალე დასრულდება, ყირიმიც ამ ზაფხულის ბოლომდე იქნება დაბრუნებული. რასაკვირველია, ასეთი განცხადებები შესაძლოა ნაწილობრივ წინასწარგანზრახულია და ფსიქოლოგიური ომის ელემენტს წარმოადგენს - იგი ცდილობს კრემლზე და რუსულ ელიტაზე გავლენა მოახდინოს და  ისინი „კალაპოტიდან ამოაგდოს“, იმავდროულად კი უკრაინის მოკავშირეები გაამხნევოს. კიდევ ერთი მომენტი: კირილ ბუდანოვს აშკარად მოსწონს იყოს წინააღმდეგობრივი და არაერთმნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფიგურა.

კირილ ბუდანოვის ენთუზიაზმს ხშირად საკმაო სიფრთხილით უყურებენ. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მასზე საუბრისას და დადებითად შეფასებისას გარკვეული პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა: „მაგრამ ზოგჯერ, დროდადრო ისე ჩანს, რომ ის უფრო მეტად არის დაინტერესებული რუსეთის წინააღმდეგ [ხმაურიანი] მოქმედებით და რაღაც ზიანის მიყენებით, ვიდრე ომში გამარჯვებით“. ასევე ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის აზრით, ბუდანოვთან დაკავშირებით პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ იგი „ძალზე ამბიციური პიროვნებაა. ის ძალიან სწრაფად წავიდა შორს და არ ფიქრობს იმაზე, რომ უკვე საჭიროა გაჩერდეს, დროებით მაინც. იგი გრძნობს, რომ ომის დასრულების შემდეგ მის წინაშე ფართო მოქმედების შესაძლებლობები გაჩნდება“.

როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე ამ საკითხთან მიმართებით, ნათელია, რომ დასავლეთი, ან უკიდურეს შემთხვევაში, აშშ - მთელი ძალისხმევით ცდილობს, რომ უკრაინელები ისეთი მოქმედებისაგან შეაკავოს, რომლებსაც ომის ესკალაციის გამოწვევა შეუძლიათ და რომელიც უკრაინისთვის წარმატებული არ იქნება. მაგალითად, პირდაპირი დარტყმა ყირიმზე, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა თქვა, „ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მუქარა იქნება და ვაითუ მან ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელსაც ადრე ვერ ბედავდა“. სწორედ ამიტომაც დასავლეთი არ აწვდის კიევს ისეთ იარაღს, რომელიც მსგავსი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

ანალოგიურად შეიძლება ითქვას შარშან აგვისტოში მომხდარი რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის - დარია დუგინას მკვლელობის შესახებაც, რომელიც, მართალია, ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუ ის მართლაც უკრაინის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, მაგრამ ვაშინგტონი მაინც მკაცრი გაფრთხილებით გამოვიდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის შესახებ სამომავლოდ. ამის მიუხედავად, თავდასხმები გრძელდებოდა - დრონებით შეტევები რუსეთის სიღრმეში (რომელიც ომის დროს კანონიერად მიიჩნევა და ამას მოსკოვიც და ვაშინგტონიც მეტ-ნაკლებად შეეგუენ), მაგრამ ასე ვერ ვიტყვით ზოგიერთ იმ მკვლელობაზე, რომელიც ბოლო დროს რუსეთში განხორციელდა, მაგალითად, ბლოგერ-ნაციონალისტის ვლადლენ თათარსკის სიკვდილი სანქტ-პეტერბურგში, შენიღბული ბომბის აფეთქების შედეგად. ბევრის აზრით, ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იქნა ორგანიზებული.

კირილ ბუდანოვი აქტიური მომხრეა იმისა, რომ უკრაინის ტერიტორია და საზღვრები 1991 წლის მდგომარეობით აღდგეს, ყირიმის ჩათვლით და იგი ამ მხრივ, ბუნებრივია, მარტო არ არის, მაგრამ ეს კიდევ არაფერი: იგი წარმოადგენს პატარ, მაგრამ საკმაოდ ხმაურიან ჯგუფსაც, რომელსაც ძალიან სურს რუსეთის ფედერაციის დაშლა და დემონტაჟი თუ არა, მისთვის ძირის გამოთხრა და სამუდამოდ დასუსტება მაინც. ასეთ სიტუაციაში ხშირად ხდება საჭირო ვოლოდიმირ ზელენსკის ჩარევა, ვაშინგტონის მხარდაჭერით, რომ უკრაინელი „ქორები“ როგორმე „დაამშვიდონ“ და შეაკავონ.

კირილ ბუდანოვი იდგა 2021 წელს განოხრციელებული „ვაგნერგეიტის“ სპეცოპერაციის უკან, რომლის მიხედვით, განზრახული იყო რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები იმ თვითმფრინავში შეეტყუებინათ, თითქოსდა ვენესუელაში გასამგზავრებლად, ყალბი დოკუმენტებით, რომელსაც შემდეგ კიევში დასვამდნენ და ყველას დააპატიმრებდნენ. მოგვიანებით კირილ ბუდანოვი გეგმავდა როგორც მალიში (აფრიკის სახელმწიფოში) მოქმედ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებზე თავდასხმას, აგრეთვე სირიაშიც.

ახლახანს გენერალ-მაიორი ბუდანოვი მოუწოდებდა მოლდოვას მთავრობას, რომ შეტევა განეხორციელებინა პრორუსული ანკლავის - დნესტრისპირეთის წინააღმდეგ. ყოველ ჩამოთვლილ შემთხვევებში ვოლოდიმირ ზელენსკი ერეოდა ხოლმე, რათა დროულად მომხდარიყო დაგეგმილი ოპერაციების დაბლოკვა, რომელიც არამარტო მოსკოვის, არამედ  რიგი დასავლური მთავრობის შეშფოთებას გამოიწვევდა.

როგორც ნათქვამია, „გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა“. იგივე უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით, „ჩვენ ყველა ერთი და იგივე დანიშნულების პუნქტისაკენ მივდივართ, მაგრამ სხვადასხვა გზებით“. და მაინც, იმდენად, რამდენადაც კიევი მზარდი ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული, საჭიროა ომის ენდშპილის (დასასრულის) რაღაც სახით ფორმულირება, რომელიც განსხვავებული იქნება რუსეთის სრული კაპიტულაციისაგან. და თუ ეს ასე მოხდება, უკრაინელი „ქორების“ მოქმედება პრეზიდენტ ზელენსკისათვის სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/can-zelensky-hold-back-his-hawks

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way