USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
«The Hill» (აშშ): „ტრამპმა რიტორიკა შეცვალა და თავისი ხმამაღალი დაპირებებისაგან ნელ-ნელა უკან იხევს“
თარიღი:  985

დონალდ ტრამპისათვის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება იოლი არ იქნება, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპმა რიტორიკა შეცვალა და თავისი ხმამაღალი დაპირებებისაგან ნელ-ნელა  უკან იხევს“ (ავტორი - ბრეტ სემუელსი). „რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირება ერთ დღეში და ერთ კვირაშიც ვერ მოხერხდება... მთავარი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინმაც და ვოლოდიმირ ზელენსკიმაც [ორივე მხარისათვის მისაღები] ხელშეკრულების დადების სურვილი გამოამჟღავნონ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტი ამომრჩევლებს უამრავი საკითხის მოგვარებას დაპირდა, კერძოდ, ხარჯების სწრაფად შემცირება, უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულება - ინაგურაციამდეც კი - და ბაჟების შემოღება აშშ-ის ეკონომიკის მხარდასაჭერად.

მაგრამ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ამ დაპირებების შესრულება იოლი არ იქნება. მაგალითად, ამასწინანდელ ინტერვიუში არჩეულმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ გაზრდილმა ბაჟებმა შეიძლება სამომხმარებლო ფასები კიდევ უფრო მოამატოს, ამიტომ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთო. ჟურნალ „თაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში (რომელმაც იგი „წლის ადამიანად“ გამოაცხადა), ტრამპმა თქვა, რომ კვების პროდუქტებზე ფასების შემცირება, რომლებიც უკვე გაზრდილია, ძნელი იქნება, ხოლო არჩევნების შემდეგ პირველივე პრესკონფერენციის დროს პალმ-ნიჩში (ფლორიდის შტატი) აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტა უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის შესუსტება.

დონალდ ტრამპს დემოკრატებმა და კრიტიკოსებმა იმავწუთს ბრალი წაუყენეს, რომ იგი მოლოდინებს აქვეითებს, იმედს უცრუებს ამომრჩევლებს და უფრო მეტიც - უარს აცხადებს დაპირებების შესრულებაზე. არჩეული პრეზიდენტის გარდამავალს შტაბს და სხვა მოკავშირეებს მოუწიათ განმარტებები გაეკეთებინათ, რომ დონალდ ტრამპი, უბრალოდ, ყოვლისმომცველი წინასაარჩევნო რიტორიკიდან სახელმწიფოს მართვის კონკრეტულ ნიუანსებზე და რეალიებზე გადავიდაო.

„ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი ხმების დიდი უპირატესობით აირჩია და მას წინასაარცევნო დაპირებების შესრულებისთვის სათანადო მანდატი მისცა... იგი თავის სიტყვას აუცილებლად შეასრულებს“, - განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა და თეთრი სახლის მომავალმა პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლივიტმა.

დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მოკავშირემ ასევე განმარტა, რომ არჩეული პრეზიდენტის მოქმედება და ნაბიჯები არ ეწინააღმდეგება ადრე გაცხადებულ დაპირებებს, უბრალოდ, იგი ადრინდელი ტიპიური „სარეკლამო“ რიტორიკიდან რეალური საქმის კეთებაზე გადადის.

თავის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი მუდამ აკეთებდა აქცენტს აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. კერძოდ, მან ბრძოლა გამოუცხადა ინფლაციას, რაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხს წარმოადგენდა თეთრი სახლის დაუფლებისათვის სწრაფვაში. იგი არჩთუ იშვიათად აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს საკვები პროდუქტების გაძვირების გამო და მხარდამჭერებს ფასების შემცირებასა და ენერგიის წარმოების გადიდებას პირდებოდა - ხაზს უსვამდა, რომ ამ ორ ფაქტორს ერთმანეთთან ურთიერთკავშირი აქვს ფასების წარმოქმნის პროცესში.

„ფასები დაიკლებს. აი, ნახავთ. ფასები შემცირდება და თანაც ძალიან სწრაფად. გაიაფდება არამარტო პროდუქტები და დაზღვევა, არამედ ყველაფერი“, - პირდებოდა დონალდ ტრამპი თავის მომხრეებს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში.

პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე არცევნების წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის სასასრგებლოდ მიცემული ხმა იმას ნიშნავს, რომ ხალხი პროდუქტების გაიაფების მოწმე გახდება.

მაგრამ ჟურნალ „თაიმში“ ინტერვიუს დროს 25 ნოემბერს დონალდ ტრამპის შეფასებებში უკვე სიფრთხილე სეინიშნება. კითხვაზე, რამოხდება, თუ იგი ფასების შემცირებას ვერ მოახერხებს და იქნება თუ არა მისი პრეზიდენტობა მილიონობით მხარდამჭერის იმედგაცრუება, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იგი ასე არ ფიქრობს. „მაგრამ შეხედეთ, ფასები დემოკრატებმა როგორ ასწიეს. მე დაწევა მინდა, მაგრამ ხომ იცით, რომ მომატება ადვილია, დაწევა კი ძნელი. ალბათ, შევძლებ იმის სესრულებას, რაც ვთქვი. ვფიქრობ, რომ ენერგიის წარმოების მატება ფასებს შეამცირებს. საჭიროა წესრიგის დამყარება მიწოდებაში... ხომ გესმით, რომ მიწოდების არხები მთლიანად დარღვეულია“.

დემოკრატებმა იმავწუთს დონალდ ტრამპის დაძრახვა დაიწყეს - „აი, ხედავთ? მას ჯერ კიდევ არ დაუწტია თავისი ფუნქციების შესრულება და უკვე უკან იხევს, არღვევს წინასაარცევნო დაპირებებს...“.

„კანდიდატი ტრამპი საკვებზე ფასების შემცირებას დაგვპირდა, მაგრამ ეტყობა, უკვე არჩეული ტრამპი თავისი სიტყვის შესრულებას არ აპირებს“, - დაწერა „იქს-ქსელში“ სენატორმა ელისაბედ უორენმა, დემოკრატმა მასაჩუსეტსის შტატიდან, - მარა-ლაგოში უკვე შამპანურებს სვამენ, პრეზიდენტად არჩეული ტრამპი კი აცხადებს, რომ თურმე ფასდაკლება ზალიან ძნელი ყოფილა. სამწუხარო ტრანსფორმაციაა. აი, თქვენს წინაშე უკვე ხდება დაპირებების დარღვევა“.

დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა დონალდ ტრამპს მისივე ნათქვამი შეახსენა, რომელთა თანახმად, დონალდ ტრამპი საბაჟო გადასახადებს შეამცირებდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე გამოსვლისას კი მან თქვა, რომ სიტყვას არ ღალატობს, მაგრამ აღიარებს იმ რისკებს, რომ ზოგიერთი კომპანია თავიანთ ხარჯებს მომხმარებელთა კისრიდან ამოიღებს. „მე არაფრის გარანტირება არ შემიძლია. მე ხვალინდელი დღის გარანტორი ვერ ვიქნები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კორონავირუსის ეპიდემიამდე ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა გვქონდა. ამაში ჩემი დიდი დამსახურებაც არის. მე ჩინეთისა და სხვა ქვეყნების  წინააღმდეგ დიდი გეგმები მქონდა..“.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპი თავის ჩვეულებრივ ტრადიციას - ყოყოჩობას დაუბრუნდა და კანადას ამერიკის 51-ე შტატად გადაქცევა შესთავაზა, პანამას არხის წართმევით დაემუქრა და ისევ გრენლანდიის ყიდვაზე დაიწყო ლაპარაკი - „ამერიკისათვის ყინულოვანი კუნძულის დაუფლება აბსოლუტურად აუცილებელიაო“. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპისათვის პანამის არხზე და გრენლანდიაზე ლაპარაკი ერთგვარი ბერკეტია ბაჟების შესამცირებლად აშშ-ის გემებისათვის, რომლებიც პანამის არხში ცურავენ - წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოეკეანისაკენ.

ბოლო დროს დონალდ ტრამპი ასევე ფრთხილად ლაპარაკობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, რომლის შეწყვეტას, სექტემბრის დებატების დროს, მანამდე ფიქრობდა, სანამ მისი როგორც პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდებოდა.

ამ კვირაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დარეგულირება ძალიან რთული იქნება, ახლო აღმოსავლეთის ომისაგან განსხვავებით, რომელშიც ჩართულნი არიან ერთი მხრივ, ისრაელი, მეორე მხრივ კი ირანი და სხვა მრავალი ტერორისტული დაჯგუფება. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად უნდა იყვნენ შეთანხმების დასადებად საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, თუმცა მან არ გააჟღერა, თუ რა კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ ორივე მხარეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპისათვის იოლი არ იქნება ვლადიმერ პუტინზე გავლენა მოახდინოს. „თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ამერიკა მთელ თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს, მაშინ იგი შეძლებს. მე ვიცი, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე ბევრად ძლიერია. ამერიკა ბევრად ძლიერია რუსეთზე. ამერიკის ეკონომიკა ყველაზე ძლიერია. ამერიკა რუსეთზე მეტად მდიდარია და მას მეტი გავლენა აქვს“.

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც დონალდ ტრამპი ბევრ დაპირებებს იძლეოდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მას არ შეუსრულებია. მაგალითად, მან არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედელს ააშენებდა, თანაც თვით მექსიკის ხარჯებით. მართალია, ზოგიერთ ადგილას კედელი ნამდვილად აიგო, მაგრამ ამაში მექსიკას ერთი ცენტიც არ დაუხარჯავს.

2016 წელს დონალდ ტრამპი ასევე დაპირდა ამომრჩევლებს, რომ გააუქმებდა სამედიცინო მომსახურების კანონს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ მიღებულს, მაგრამ ვერ მოახერხა. რესპუბლიკელებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ კანონიდან სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პუნქტი ამოიღეს, მაგრამ კანონმდებლებისათვის მისი მთლიანად გაუქმება ან ალტერნატიული კანონის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა.

წყარო: https://thehill.com/homenews/administration/5051314-trump-campaign-promises-difficulties/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.