USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
«The Hill» (აშშ): „როგორ შეიძლება საქართველოში ჩატარებული არჩევნებით სერიოზული დარტყმა მიადგეს პუტინს, ან ამერიკას“
дата:  1060

აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ შეიძლება საქართველოში ჩატარებული არჩევნებით სერიოზული დარტყმა მიადგეს პუტინს, ან ამერიკას“ (ავტორი - კოლინ მეინი, თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე). მასალაში განხილულია საქართველოს დღევანდელი საშინაო მდგომარეობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - წინასაარჩევნო სიტუაციისა  და ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციის ჩათვლით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

 „ოქტომბრის ბოლოს საქართველოში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელსაც ამერიკული და ევროპული დემოკრატიული ძალები განიხილავენ როგორც ბოლო შანსს ავტოკრატიული ნიშნების მქონე ხელისუფლების შესაცვლელად, რომლის სულისჩამდგმელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. საქართველოში ბევრი თვლის, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და მისი ფაქტიური ლიდერი, მილიარდერ-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად და ხელისუფლების კონსოლიდაციისათვის  ვლადიმერ პუტინის სტრატეგიით სარგებლობს, ამით იგი ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირებას.

არჩევნებამდე თვენახევრით ადრე მმართველი პარტია „შეთქმულების თეორიებს“ ავრცელებს და აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისაკენ უბიძგებს. ამ მოტივ-საბაბით „ქართული ოცნება“ ზღუდავს თავისუფალ პრესას, დასავლეთისაგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და „ლგბტ-საზოგადოების“ წარმომადგენლებს.

„საქართველოს მმართველი რეჟიმი რუსეთის ჰიბრიდული ომის განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენს“, - აცხადებს თამარ ჩორგოლეიშვილი, ფედერალისტთა პარტიის თანადამფუძნებელი. ამჟამად საქართველოში ათზე მეტი ოპოზიციური პარტია მოქმედებს, ისინი უპირისპირდებიან „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხელისუფლების დამარცხების მეთოდებზე ვერ შეთანხმებულან. „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ოცნება“ ხელისუფლებაში იმყოფება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ის არის ხელისუფლების წყარო და არა ქართველი ხალხი. სწორედ მან მიიტაცა ხელისუფლება საქართველოში“, - ხაზს უსვამს თამარ ჩორგოლეიშვილი.

(...)

„ჩემი სიმპათია საქართველოს მიმართ გამომდინარეობს იქიდან, რომ (ამაში ევროპელებიც მეთანხმებიან) ჩვენ მოწმენი გავხდებით - საქართველო ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა იქნება და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს“, - ამბობს „ჰილ“-თან საუბარში მაიკ ტერნერი, ამერიკელი კონგრესმენი (რესპუბლიკელი ოჰაიოს შტატიდან), რომელიც აგვისტოში თბილისში იმყოფებოდა სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად, რათა „ქართული ოცნებისათვის“ მიენიშნებინათ: ამერიკელები, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც, გაერთიანებულნი არიან იმ მიზნით, რომ საქართველოში დემოკრატიისადმი საფრთხე განეიტრალებული იქნას.

„საქართველოსთვის დემოკრატიული სისტემის შენარჩუნება აუცილებელია - ქართველები ევროპისაკენ ისწრაფვიან. თუ ასე არ მოხდება, მაშინ საფრთხე შეექმნება დიდი დემოკრატიული პროექტის განხორციელებას, რომელსაც საფუძველი ბერლინის კედლის დაცემამ შეუქმნა“, - ამბობს მაიკ ტერნერი. თავის მხრივ, ჯინ შაჰინი The Hill-თან საუბარში აცხადებს, რომ თბილისში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გატარებული სახიფათო ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შედეგია ის, რომ პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, (ანუ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“), რომელიც რუსული მსგავსი სამართლებრივი აქტის ერთგვარ არეკვლას წარმოადგენს და ანტისამთავრობო განწყობების ჩასახშობად არის მიმართული. კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, „უცხოური აგენტების“ იარლიყის მიწებებით მთავრობა ცდილობს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიის ერთადერთი საყრდენიც დაიქვემდებაროს - სამოქალაქო საზოგადოება, დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი პრესის სახით.

„ჩვენ არ გვადარდებს, გაყინავს თუ არა ხელისუფლება ჩვენს საბანკო ანგარიშებს და დაგვაჯარიმებს“, - ამბობს ეკა გიგაური, Transparency International Georgia-ს ხელმძღვანელი, რომელიც 12 სექტემბერს აშშ-ის კონგრესში სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა, - „ჩვენ ყველაზე მეტად არჩევნების ბედი გვაღელვებს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ხელი შეგვეშლება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი დაკვირვებაში... ახლავე უკვე შესამჩნევია, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და თავს ესხმის ოპოზიციას. ეს არჩევნები ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარი რეფერენდუმის როლს შეასრულებს - საით უნდა წავიდეს ქვეყანა - დასავლეთისაკენ თუ რუსეთისაკენ“.

(...)

ამომრჩეველთა ხმების მისაღებად და 5%-იანი ბარიერის გადასალახავად ათზე მეტი პოლიტიკური პარტია იბრძვის, ზოგიერთები საარჩევნო ალიანსებს და ბლოკებს ქმნიან ცდილობენ პარლამენტში ადგილების მეტი რაოდენობა მიიღონ. მაგრამ რადგანაც საქართველოს პოლიტიკაში ტრადიციულად გავრცელებულია განხეთქილება, ეგოიზმი, პირადი უნდობლობა,  ურთიერთქიშპობა და იმედგაცრუება, წინასაარჩევნო სიტუაციის დაძაბულობა მწვავედ იგრძნობა.

მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთ მსხვილ და კარგად ცნობილ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, „ნაციონალები“ ერთგვარ იზოლაციაში იმყოფებიან სხვა პარტიებს შორის. ამის მიზეზია პარტიის დამაარსებლის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის (უბრალოდ, „მიშა“) მდგომარეობა - იგი დაპატიმრებულია თანამდებობის ბოროტად სარგებლობის ბრალდებით.

ოდესღაც 2000-იანების დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილი პროევროპულ, დემოკრატიულ რევოლუციონერად და „დემოკრატიის შუქურად“ იქნა შერაცხული, მაგრამ ხელისუფლებაში თითქმის ათი წლით ყოფნამ მასში უარყოფითი ტენდენციები  გააჩინა - პარანოიდალური სწრაფვა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. იგი მკაცრად ექცეოდა კრიტიკოსებს და დაუნდობლად უსწორდებოდა სავარაუდო პოლიტიკურ მტრებს, რის გამოც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლებმა ხმა მის პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ მისცეს, არამედ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები თავიანთ ლიდერს „ქართულ ოცნებასთან“ მებრძოლ „წამებულ გმირად“ თვლიან, რომელიც ძალადობივმა რეჟიმმა საპყრობილეში ჩაკეტა. როგორც ამბობენ, მას ჯანმრთელობა შერყეული აქვს.

(...)

„ოპოზიცია ამჟამად უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ორი თვის წინათ. ყალიბდება საარჩევნო ალიანსები. ოპოზიციის ძირითადი სტრატეგია გამოიხატება იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა განხეთქილების ჩამოგდება ვერ შეძლოს და სიტუაციის პოლარიზება ვერ მოახერხოს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით“, - ამბობს თამარ ჩორგოლეიშვილი, რომლის მეუღლე გიგა ბოკერია ფედერალისტთა პარტიის თანადამფუძნებელია. იგი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა, [ახლა კი ყოფილ პრეზიდენტთან მკვეთრად გამიჯნულია - ესეც ქართული პოლიტიკის ტრადიციას წარმოადგენს].

ნათია მეზვრიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, აცხადებს, რომ მისი პარტია თანაბრად ცდილობს შორს იყოს როგორც „ქართული ოცნებიდან“, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამიტომაც თავს არიდებს მოლაპარაკებებს კოალიციის შექმნის მიზნით. პარტიის დამაარსებელი გიორგი კვირიკაშვილი 2015-2018 წლებში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის თავმჯდომარე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. „ჩვენ ამ არჩევნებში დამოუკიდებლად ვმონაწილეობთ... მთავარია შედეგების გაყალბება არ მოხდეს“, - ხაზს უსვამს ნათია მეზვრიშვილი.

(...)

როგორც გასულ თვეში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა თავის ანგარიშში, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ხასიათდება დაშინებებით და ძალადობის მუქარებით, რაც შეშფოთებას იწვევს საქართველოს საერთაშორისო მხარდამჭერებში - ისინი გამაფრთხილებლად აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში კიევის მიმართ გაძლიერებული დახმარების  ფონზე სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს ნაკლები ყურადღება ექცევა.

„საფრთხე იმაში გამოიხატება, რომ თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მოსახლეობის ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ სწრაფვისა და პროამერიკული განწყობის მიუხედავად, უკან დაიხევს, ეს მსოფლიოში დემოკრატიის დაცემის მაჩვენებელი იქნება“, - ამბობს დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, - „და ეს ასევე იქნება მოსკოვის გამარჯვება და ბრიუსელ-ვაშინგტონის დამარცხება. საქართველოს ევროპაში თავისი ადგილის დაკავება სურს, მაგრამ მისი სურვილის შესრულება საფრთხის ქვეშაა“.

წყარო: https://thehill.com/homenews/4878570-how-georgias-election-could-deliver-a-major-blow-to-putin-or-the-us/

 

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати