USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«The Hill» (აშშ): „ქართველი ერის დემოკრატიული მომავალი საეჭვო ხდება“
дата:  209

ამერიკულ გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველი ერის დემოკრატიული მომავალი საეჭვო ხდება“ (ავტორები - დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ყოფილი თანაშემწე და იან კელი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, უკრაინაში მისი გაბედული ვიზიტის დროს, ისე შეხვდნენ, როგორც გმირს. აშშ-ის ლიდერის კიევში ჩასვლამ, რუსეთთან სისხლისმღვრელი ომის დროს, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამოქალაქო საზოგადოება და რიგითი მოქალაქეები გააერთიანა და გამარჯვების იმედი ჩაუნერგა.

შეადარეთ ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტი ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის თბილისში ვიზიტს, რომელიც ერთსა და იმავე დღეს განხორციელდა. იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი (მას ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს) და პრემიერ-მინისტრი ორ ამერიკელ სტუმარს შეხვდა, საქართველოს ხელისუფლების ბევრი მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები სენატორების ვიზიტს გულგრილად მოეკიდნენ.

ასეთი შეუსაბამობა ხაზს უსვამს საქართველოს პრობლემებს. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“  საპარლამენტო არჩევნები მოიგო, შემდეგ კი საპრეზიდენტოც (2012-2013 წლებში), ქვეყანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მოხვდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობით დააგროვა. მას ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული. ბევრი ბიძინა ივანიშვილს იმ ძალად თვლის, რომელიც მთავრობის უკან დგას და მას კულისებიდან მართავს, მიუხედავად განცხადებისა, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა. [ბოლო წლებში] ქვეყანა სულ უფრო ძლიერ გადაიხარა კრემლისაკენ და დაშორდა დასავლეთს.

დადგა დრო იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესოს იმ ზოგიერთ ქართველს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის დარღვევას ცდილობენ, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით. სხვებისთვის ეს სიგნალი იქნება.

იმ ათი წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა გაუმჯობესდა, ხოლო უკრაინასთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა შესამჩნევად გაუარესდა. მთავრობის პრორუსული ტრაექტორია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამაც კი ვერ შეწყვიტა.

კიევმა თბილისში თავისი ელჩი, პროტესტის ნიშნად, უკან გაიწვია იმის გამო, რომ უკრაინის აზრით, საქართველომ მას მხარი ისე აქტიურად არ დაუჭირა, როგორსაც ის ელოდა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ საქართველო კი არა. ამასობაში კი  ქართული მთავრობის ჩინოვნიკებმა და მმართველი პარტიის პოლიტიკოსებმა ამერიკას კრიტიკა დაუწყეს, ხოლო აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სხვა ამერიკელები უპრეცედენტო რიტორიკული თავდასხმების ობიექტები გახდნენ.

„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი აბსურდულად ბრალს სდებს ამერიკას იმაში, რომ თითქოს ვაშინგტონს სურვილი აქვს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიოს. ჩვენი აზრით, ასეთი ბრალდება ჭეშმარიტებისაგან ძალიან შორს დგას - ომის გაფართოება არის ის არასასურველი უკანასკნელი ნაბიჯი, რასაც დასავლეთი არასოდეს არ გადადგამს და არც შეეცდება.

აიღო რა მაგალითი კრემლის სამოქმედო გეგმიდან, საქართველოს პარლამენტი ისეთი კანონპროექტის მიღებას აპირებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო ორგანიზაციების) წინააღმდეგაა მიმართული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, თუ ისინი თავიანთი დაფინანსების 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, მაშინ შეიძლება „უცხოეთის აგენტებად“ ჩაითვალონ. იმის გამო, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებელი შიდა დონორები არასაკმარისად არიან (უფრო სწორად, ისინი ცდილობენ მთავრობასთან კონფლიქტი არ მოუვიდეთ), ამიტომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, არსებობისა და საქმიანობისათვის, დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს. აღნიშნული კანონპროექტი ნეგატიურად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა, რომლის თქმით, „დოკუმენტი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებსაც უკეთესი მომავლის აშენება სურთ“.

თბილისში ყოფნისას ამერიკელი სენატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ როცა მათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაც მოისურვეს (რომელსაც 17-თვიანი პატიმრობის დროს სასტიკად ეპყრობიან), საქართველოს მთავრობამ მათი თხოვნა არ შეასრულა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების დროს იქნა დაკავებული, 2021 წლის ოქტომბერში. ამჟამად იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რადგან ხელისუფლება სასტიკად ექცევა - მთავრობამ უარი განაცხადა მის გათავისუფლებასა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში არის ჩაბმული, იქაურმა ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მიხეილ სააკაშვილის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, მაგრამ თბილისმა მათაც უარი უთხრა. ამან კიდევ უფრო დაძაბა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა.

იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობა პროდასავლური ორიენტაციის ერთგული რჩება და ევროატლანტიკური ინტერგრაციისაკენ ისწრაფვის, ქვეყნის მტავრობა სულ უფრო მეტად იხრება მოსკოვისაკენ. ასეთი მოქმედება სარისკოა, რადგან შეიძლება საქართველოს მიმართ ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა შესუსტდეს, რასაც ქვეყნის რუსული გავლენის სფეროში მოქცევა მოჰყვება. ასეთი პრორუსული გადახრა საკმაოდ უჩვეულოა იმ ქვეყნისაგან, რომელიც 2008 წელს რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა და მოსკოვმა მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა. შეიძლება გვეფიქრა, რომ კრემლის აგრესიული მოქმედება თბილისსა და კიევს მოსკოვის წინააღმდეგ გააერთიანებდა, მაგრამ ეს დღევანდელი მთავრობის პირობებში არ მოხდება. გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ უარყო მიწვევა კიევში ჩასვლაზე, რუსეთის არმიის შეჭრის წლისთავის აღსანიშნავად.

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნებასთან“ და  მთავრობასთან კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მას უფლებამოსილება არ ჰყოფნის რეალური ცვლილებების განსახორციელებლად. მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალება შეუძლია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გადაუწყვეტია.

საქართველოში სიტუაციის გაურესების გამო, ევროპარლამენტმა არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებას და მიხეილ სააკაშვილისადმი მკაცრი მოპყრობის დაგმობას. სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან დახმარების გაწევა შეიძლება შეწყდეს, თუ მთავრობა დემოკრატიისაგან უკანდახევას გააგრძელებს. ეს ნაწილობრივ გასაგებს ხდის იმ ცივ დახვედრას, რომელიც თან ახლდა მის ვიზიტს თბილისში.

დღემდე არც ევროკავშირს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობისათვის პასუხისმგებლები არიან, არავითარი სანქციები არ დაუწესებიათ. ახლა ზუსტად ის დრო დადგა, რომ ეს გაკეთდეს.

ბოლო დღეებში ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტები საქართველოში იშვიათია, რადგან მთავარი ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზეა გადატანილი. ადრე, როცა ამერიკელი სენატორები საქართველოში ჩადიოდნენ, მათ ყველა ქართველი ესალმებოდა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მაგრამ ის დღეები წარსულს ჩაბარდა. თუ დასავლეთი სწრაფად არ იმოქმედებს, მაშინ ჩვენ  შეიძლება კითხვა დავსვათ: „ვინ დაკარგა საქართველო?“.

წყარო: https://thehill.com/opinion/international/3874004-the-nation-of-georgia-democratic-future-is-slipping-away/

მოამზადა სიმონ კილაძემ

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати