აშშ-ის ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ (The New Yorker) 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იმედისა და უიმედობის ზაფხული თბილისში: ქართველები ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადებიან - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელი შეუშალოს ქვეყნის გადასვლას რუსული სტილის ავტორიტარიზმზე?“ (ავტორი - ნადია ბერდი).
გთავაზობთ ვრცელი სტატიის მიმოხილვას.
პუბლიკაცია იწყება თბილისური პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის აღწერით, რომელიც ორიოდე თვის წინ გამართულმა საპროტესტო აქციებმა განაპირობა. როგორც ავტორი წერს, მისთვის თბილისი ძალზე ნაცნობი ქალაქია, სადაც იგი სამი წელი ცხოვრობდა და ამიტომ ბევრი მეგობარი ჰყავს. როცა გაიგო ანტისამთავრობო გამოსვლების ამბავი „უცხოური აგენტების კანონის“ მიღების გამო, იგი დაგვიანებით, მაგრამ მილანიდან (იტალია) საქართველოსაკენ მაინც გამოემგზავრა, როგორმე რაიმეთი რომ დახმარებოდა მეგობრებს. „თბილისში ცხოვრების დაბალი დონეა, თუმცა მე ყოველდღე ვხედავ მთაზე წარმომართულ მინისა და ფოლადისაგან აგებულ სასახლეს, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. მანვე ჩამოაყალიბა პოპულისტური სოციალ-კონსერვატიული პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს 2012 წლიდან მართავს“, - აღნიშნავს ავტორი.
ნადია ბერდი საკმაოდ ვრცლად საუბრობს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის შესახებ“, რომელიც, მისი აზრით, ანტიდემოკრატიულია, მიმართულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მასმედიის წინააღმდეგ, იმეორებს რუსეთის მიერ მიღებული მსგავსი კანონის დებულებებს. დასავლეთმა ქართული კანონის მიღება გააკრიტიკა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რუსეთმა კი, თუ მხედველობაში მივიღებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარია ზახაროვას განცხადებას, პრინციპში, მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას.
პუბლიკაციის ავტორი უმეტესად ესაუბრება ქართულ პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს - მაგალითად, ნინო კუპატაძეს (მენეჯმენტის კონსულტანტს), ელენე ხოშტარიას (პარტია დროას“ ლიდერს) და სხვებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ „ევროპული გზის“ ღალატისა და რუსული ორბიტისკენ გადახრის გამო. ესაუბრება აგრეთვე ახალგაზრდებს - მაგალითად, ფოტორეპორტიორ ლუკა ღვინიაშვილს, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ამიტომ ის პოლიციამ დააკავა.
სტატიაში ავტორის მიერ პოზიტიურად არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი, „რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე აიძულა ქვეყნის მეთაურის პოსტიდან წასულიყო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მან მემკვიდრეობით მიიღო კორუმპირებული საქართველო, რომელიც განავითარა, აღმოფხვრა კორუფცია, განამტკიცა დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით პოლიცია, ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს დაუახლოვა.. ნატოში ინტეგრაცია მიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის სავიზიტო ბარათი იყო. იგი სწრაფად გახდა დასავლეთის ფავორიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა (თბილისში დთეს ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა არსებობს)...
თუმცა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა მზარდი ავტორიტარიზმითა [და დემოკრატიული ნორმების დარღვევით] აღინიშნა. მისი პრეზიდენტობა დაემთხვა საქართველოსათვის კატასტროფულ მოვლენას - 2008 წლის აგვისტოს ომს რუსეთთან, რომელიც საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის მტავრობამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთოპბა გაწყვიტა, რომელიც დღემდე არ აღდგენილა. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტიან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო, გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“. სხვათა შორის, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ქვეყნის დაშორება დასავლეთისაგან სწორედ იმ წლიდან დაიწყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველი იმით მიიზიდა, რომ ის ერთადერთი პარტია იყო, რომელიც გარანტირებდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დაუბრუნებლობას ხელისუფლებაში. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტი მცირე ხანს უკრაინაში საქმიანობდა, მაგრამ საქართველოში როცა დაბრუნდა, იგი საპყრობილეში აღმოჩნდა. პროკურატურამ მას ბრალად დასდო თანამდებობრივი მდგომარეობის ბორიტად გამოყენება. „თბილისის ქუჩებში მრავლადაა სარეკლამო ფარები ექს-პრეზიდენტისა და მის თანამზრახველთა გამოსახულებით და წარწერით „არა ნაცებს!“, - აღნიშნავს ავტორი, რომელიც ქართული ანალიტიკური ცენტრის - პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს კორნელი კაკაჩიას ესაუბრება: „საქართველო ამჟამად მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცების პერიოდში იმყოფება. ქართული ოცნება, ისევე როგორც წინა მმართველმა პარტიებმა, ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინა და არცევნების დროს ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.
რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ქართული ოცნებას“ მაინცდამაინც დიდი რუსვილი არ გამოუჩენია, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს მიერთებოდა. ამით ღვივდებოდა მითქმა-მოთქმა და ეჭვები, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც მოსკოვთან კავშირებს ინარჩუნებს. რუსეთთან დამოკიდებულება ერთ-ერთი ის „წითელი ხაზია“, რომელსაც, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აზრით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არ გადააბიჯოს. „მაგრამ საზოგადოება, რომელიც წლობით იყო პრინციპულად პროევროპული, ამჯერად უკვე იცვლება“, - ამბობს გიგა ბოკერია, ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი.
ენდობიან თუ არა ახალგაზრდები (თაობა Z) ქართული პარტიების ლიდერებს? „ისინი არ ენდობიან ყველას, ვინც ამბობს: „მე ვიქნები საერთო ლიდერი“, „მე გავაერთიანებ ყველას’ და ა.შ. ასეთი მესია იყო მიხეილ სააკაშვილი. ასეთივე მესიაა ბიძინა ივანიშვილი“, - ამბობს ამერიკელ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში ანა თავაძე, რომელიც კვირ-ფემინისტური მულტიმედიური პლატფორმის GrlzWave-ს მენეჯერად მუშაობს.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ მმართველმა პარტიამ ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრს გადასცა და პრეზიდენტს ფაქტიურად ცერემონიალური სტატუსი დაუტოვა. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაში 2018 წელს მმარტველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელსეწყობით მოვიდა, მას ბიძინა ივანიშვილმა ნდობა გამოუცხადა. თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ოპოზიცია აკრიტიკებდა, მაგრამ როცა მან, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო, იგი ოპოზიციისათვის უკვე დადებით პიროვნებად გადაიქცა. პრეზიდენტი ხშირად დადიოდა დასავლეთში, ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და საქართველოს მთავრობას უარყოფითად მოიხსენიებდა. რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა პრეზიდენტის გადახრა ოპოზიციისაკენ და მისთვის იმპიჩმენტის მოწყობას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას და მას ვეტოც დაადო, მაგრამ პარლამენტმა ვეტო გადალახა. ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას სამოქმედო გეგმა შესთავაზა - ე.წ. „ქართული ქარტია, რომელშიც პრიორიტეტი ენიჭება პროდასავლური კურსის გატარებას.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები შეთახმდნენ, რომ უარს იტყვიან იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციაზე, მათ შორისაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (Transparency International Georgia), რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება. ავტორი ესაუბრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს - 46 წლის ეკა გიგაურს: „ეს ჩვენი ღირსების საკითხია. მზად ვართ ჯარიმებისათვის კანონის დარღვევის გამო. ჩვენ არ გვსურს ვინმემ გვიწოდოს აგენტები და ჯაშუშები. ჩვენ საქართველოს პატრიოტები ვართ“, - ამბობს ეკა გიგაური.
კიდევ ერთი ორგანიზაცია - ინგლისურენოვანი ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო OC Media-ც არ აპირებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მოთხოვნების შესრულებას, მაგრამ მისი ხელმძღვანელი მარიამ ნიკურაძე შეშფოთებულია, ვაითუ ოქტომბრის არჩევნებამდე იურიდიული სტატუსის გარეშე დარჩეს და არჩევნებში დამკვირვებლის აკრედიტაცია ვერ მიიღოს.
ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული, იმაში გამოიხატება, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მარგინალები არ გახდნენ. „ჩვენ გვჭირდება უპირატესი უმრავლესობის მოპოვება“, - ამბობს გიგა ბოკერია სტატიის ავტორთან საუბარში. არის იმის იმედი, რომ ახალგაზრდები ფართოდ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ისინი ხმას პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მისცემენ. მაგრამ ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის, შეძლებს თუ არა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიმართ მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენებას და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. საქარტველოს საგარეოპოლიტიკური ტრაექტორია გარე ფაქტორებზეც არის დამოკიდებული: თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ამ ფაქტსაც შეუძლია გავლენის მოხდენა. „დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისათვის სასურველი არ არის. ჩვენებს ეშინიათ, რომ დონალდ ტრამპის ბუნებიდან გამომდინარე, ვაითუ მან გარიგება დადოს [რუსეთთან] და რაღაც მომენტში საქართველო, მოლდოვა და უკრაინა „ავტობუსის ქვეშ მოაყოლოს“ - ბედის ანაბარად მიატოვოს.
ლუკა ღვინიაშვილს, რომელიც საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ დააკავა, სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა - „წვრილმანი ხულიგნობისათვის“. იგი ამჟამად „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან უარყოფითად არის განწყობილი. „ახალგაზრდები ოპოზიციისაკენ მიდიან, ჩვენ სხვა არჩევანი უკვე აღარ გვაქვს“, - ამბობს იგი „ნიუ-იორკერის“ ჟურნალისტთან საუბარში.
წყარო: https://www.newyorker.com/news/dispatch/a-summer-of-hope-and-despair-in-tbilisi