USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
The New York Times-ი ანა დოლიძეზე - საქართველოში ჩნდება ახალი ფიგურა, რომელიც შეარყევს სტატუს კვოს
дата:  217

„საქართველოში ჩნდება ახალი ფიგურა, რომელიც შეარყევს სტატუს კვოს“ - ამის შესახებ The New York Times-ი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის შესახებ წერს.

როგორც პარტია „ხალხისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, The New York Times-ში აღნიშნულია, რომ „იმის გამო, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის დროს საქართველოს პოლიტიკა "შეჩერებულია", ანა დოლიძე თავის ჯერს ელის“.

გამოცემა აღწერს ანა დოლიძის ბავშვობის ემოციას, როდესაც იგი, 1990-იანი წლებში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, გაცვლითი პროგრამით ჩავიდა აშშ-ში, კერძოდ, მანჩესტერში (ვერმონტის შტატი).

„პოსტსაბჭოთა წლებში საქართველო მძიმე პერიოდებს გადიოდა. თბილისში ელექტროენერგია და ცხელი წყალი თითქმის არ არსებობდა. პოლიტიკური ვითარება კი არასტაბილური და საშიში იყო. დოლიძე თავს იღბლიანად მიიჩნევს, რადგან შეძლო აშშ-ი სტიპენდიით წასვლა,“ - წერს The New York Times.

"ამ მოგზაურობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა," - თქვა ანა დოლიძემ ინტერვიუში.

ამერიკული გავლენიანი გამოცემის შეფასებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში, დოლიძე საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მზარდი ფიგურა გახდა.

„2021 წლის მაისში მან დააარსა საკუთარი პარტია "ხალხისთვის" და გასულ თვეში ჩატარებულ ეროვნულ გამოკითხვაში, ქვეყნის მეოთხე ყველაზე "დადებით ფიგურად" დასახელდა - 40 პროცენტიანი რეიტინგით. პატივცემული, ერის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, საქართველოს პატრიარქის, 89 წლის ილია მეორეს შემდგომ, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ანა დოლიძე უსწრებს ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტს, საფრანგეთში დაბადებულ სალომე ზურაბიშვილს“, - აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ როდესაც დოლიძე ვერმონტის საშუალო სკოლის სტუდენტი იყო, მეგობრები მას ეხუმრებოდნენ, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ 2018 წელს ეს ტიტული ქალბატონმა ზურაბიშვილმა მიიღო.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მორიგი ეროვნული არჩევნების დადგომამდე ორი წლით ადრე, დოლიძე, როგორც ჩანს, აპირებს შეასრულოს ის პოლიტიკური დაპირება, რომელიც მოზარდმა დადო.

”ანა იყო ძალიან უჩვეულო ბავშვი, ზრდასრული, ორიენტირებული და ამბიციური. ყოველთვის ძალიან დაინტერესებული თავისი ქვეყნის ბედით,“ - თქვა ჰელენ უაიტმა, საზოგადოების აქტივისტმა ვერმონტში, რომელიც დღემდე მისი მეგობარია.

ამასთან, The New York Times-ი ასახელებს ანა დოლიძის ხარისხების ნუსხას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტი და დოქტორის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, მან მიიღო გრანტი N.Y.U-სგან, პროგრამით, რომელიც განკუთვნილია მეცნიერთათვის, საშუალება მისცა ესწავლებინა სამართალი კანადის დასავლეთის უნივერსიტეტში.

გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ ანა დოლიძე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ახორციელებდა კამპანიას საქართველოში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის.

”მე ყოველთვის მქონდა ცვლილების სურვილი. პოლიტიკით, ადვოკატირებით თუ კანონით. შინაგანად ბევრი წყენა და ბრაზი მქონდა,“ - თქვა ანა დოლიძემ ინტერვიუში.

როგორც The New York Times-ი წერს, ანა დოლიძე ღიად აკრიტიკებდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ხოლო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა, 2013 წელს თანამდებობა დატოვა, იგი საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე -2015 წელს.

„მას შემდეგ, ის მსახურობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად. ეს თანამდებობა მან დატოვა ზეწოლის შედეგად, მას შემდეგ რაც პირველად წამოიწყო პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გასულ წელს უკვე პარტია გახდა . 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში იგი თბილისის ერთ-ერთ რაიონში დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს და ხმების 17,9 პროცენტი მოიპოვა. ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში კი ნახტომი, მისთვისაც მოულოდნელი იყო,“ - აღნიშნულია სტატიაში, სადაც ანა დოლიძე ამბობს - ”ეს არის აღიარების უზარმაზარი ნიშანი.”

მაღალ რეიტინგს ზოგიერთი დოლიძის სოციალურ მედიაში აქტიურობას უკავშირებს, სადაც იგი საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება საშუალო მოქალაქეების ცხოვრებას - ეს იქნება მინიმალური ხელფასი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თუ რუსების მასიური შემოსვლა საქართველოში, რათა თავი დააღწიონ უკრაინაში მიმდინარე ომს.

„როგორც 15 წლისა და 19 თვის ბავშვის დედა, ანა დოლიძე სხვა ქართველი მშობლების წუხილსაც ეხმაურება. როდესაც ახალგაზრდა გოგონა ცოტა ხნის წინ, გაუმართავი გაყვანილობის გამო ქალაქის შადრევანში ელექტროშოკით გარდაიცვალა, ქალბატონმა დოლიძემ ხმა აიმაღლა, დაგმო კორუფცია, რომელიც უხარისხო მშენებლობების საშუალებას იძლევა და ხელისუფლებას მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდა“.

The New York Times-ში აღნიშნულია - „ალბათ უფრო აქტუალურია, რომ ანა დოლიძეს განიხილავენ როგორც ახალ სახეს, ვინც არც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ მმართველ პარტიაში - „ქართულ ოცნებაში “ყოფილა ჩართული და არც სააკაშვილის პარტიაში, ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც მისი მიმდევრების მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. მაისში, შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს“.

„ეს დაპირისპირება დამახასიათებელია იმ პოლარიზაციისთვის, რომელმაც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველო გაყო. საქართველოს არ ჰყავს საკითხებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები, მას აქვს ქსელები, რომლებიც დაფუძნებულია ინდივიდებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისას ასუფთავებენ ყველაფერს, რაც წარსულში გაკეთდა“ - The New York Times-ი თომას დე ვაალის - ექსპერტი საქართველოსა და კავკასიის საკითხებში Carnegie Europe-ში, ანალიტიკოსთა ცენტრი ბრიუსელში, მოსაზრებას აქვეყნებს.

თომას დე ვაალის მოსაზრებითვე - „ამ კონტექსტში დოლიძე პოტენციურ „მესამე ძალად“ გვევლინება. ის ქალია, ახალგაზრდაა და ცდილობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქროს. ის არ ესხმის თავის ოპონენტებს, არ საუბრობს პატრიოტული ლოზუნგებით, არამედ საუბრობს რეალურ საკითხებზე“.

„ქართული ოცნების მთავრობა მიზანმიმართულად ამახვილებს ყურადღებას ბატონ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე, რათა ყურადღება გადაიტანოს უფრო აქტუალური, სოციალური და ეკონომიკური საკითხებიდან. ჩვენ სერიოზული ფასი გადავიხადეთ ამ დიქოტომიისთვის. ორი ჯგუფისა და ორი ლიდერის მტრობაზე ფოკუსირება მთავრობის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს მათ საშუალებას აძლევს მართონ ქვეყანა სიძულვილით და არა საკუთარი შესრულებული საქმის მაჩვენებლებით,’’ - განაცხადა ანა დოლიძემ ინტერვიუში. ამერიკული გამოცემა თბილისში მცხოვრები კულტურული ანთროპოლოგი ეკატერინე დიასამიძის მოსაზრებასაც ეხება: „დღევანდელი შედეგი არის ერთგვარი ნიჰილიზმი, რის გამოც წინ ვერ წავალთ. ხალხს აქვს დამოკიდებულება, რომ არაფერი შეიცვლება, რაც ნამდვილად კლავს პროგრესს.”

The New York Times-ი სტატიაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც ეხება: „რუსეთ-უკრაინის ომი ქართულ პოლიტიკაში ძალიან სახიფათოა. 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრით, ქვეყანა ჯერ კიდევ ტრავმირებულია, რამაც მათი ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა გამოიწვია. ქართველები პრაქტიკულად გაერთიანებულნი არიან თავიანთი გიგანტური მეზობლის მიმართ უნდობლობაში. 2022 წელს ნოემბერში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რეიტინგებში გამოკითხულთა 89 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხეა, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა კი მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს.

ბოლო 10 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი რუსი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ომს და სურთ თავის ააცილონ გაწვევას, საქართველოში გადმოსახლდნენ, რომელიც 3.7 მილიონიანი ქვეყანაა. სულ მცირე ორჯერ მეტმა რუსეთის მოქალაქემ გაიარა ქვეყანაში და ისარგებლა საქართველოს ხელისუფლების გულუხვი სავიზო პოლიტიკით, რომელსაც დოლიძე დაუპირისპირდა. თუმცა მის მცდელობას, დაეწესებინა გარკვეული კონტროლი იმაზე, თუ ვინ შეიძლება შემოვიდეს საქართველოში და რამდენ ხანს დარჩეს იქ, შედეგი არ მოჰყოლია, „ქართული ოცნების“ მთავრობა დუმილით შეხვდა, რადგან იგი შეგნებულად ინარჩუნებს ამბივალენტურ პოზიციას რუსეთის მიმართ. მთავრობამ ხმა მისცა გაეროში რუსეთის აგრესიას, მაგრამ სამშობლოში იგი გულმოდგინედ გაურბოდა მოსკოვის კრიტიკას, მაშინაც კი, როცა ათიათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად დემონსტრაციაზე გავიდა“.

The New York Times-ის სტატიის დასასრულს ანა დოლიძე აღნიშნავს: „ქართული პოლიტიკა შეჩერებულია უკრაინის ომის დასრულებამდე. ხალხი ელოდება სივრცეს, რათა გამოთქვას საკუთარი უკმაყოფილება - სოციალურ, ეკონომიკურ, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ სიმშვიდეში ქარიშხლის წინ." - ასეთია პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის პოზიცია.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати