„საქართველოში ჩნდება ახალი ფიგურა, რომელიც შეარყევს სტატუს კვოს“ - ამის შესახებ The New York Times-ი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის შესახებ წერს.
როგორც პარტია „ხალხისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, The New York Times-ში აღნიშნულია, რომ „იმის გამო, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის დროს საქართველოს პოლიტიკა "შეჩერებულია", ანა დოლიძე თავის ჯერს ელის“.
გამოცემა აღწერს ანა დოლიძის ბავშვობის ემოციას, როდესაც იგი, 1990-იანი წლებში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, გაცვლითი პროგრამით ჩავიდა აშშ-ში, კერძოდ, მანჩესტერში (ვერმონტის შტატი).
„პოსტსაბჭოთა წლებში საქართველო მძიმე პერიოდებს გადიოდა. თბილისში ელექტროენერგია და ცხელი წყალი თითქმის არ არსებობდა. პოლიტიკური ვითარება კი არასტაბილური და საშიში იყო. დოლიძე თავს იღბლიანად მიიჩნევს, რადგან შეძლო აშშ-ი სტიპენდიით წასვლა,“ - წერს The New York Times.
"ამ მოგზაურობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა," - თქვა ანა დოლიძემ ინტერვიუში.
ამერიკული გავლენიანი გამოცემის შეფასებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში, დოლიძე საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მზარდი ფიგურა გახდა.
„2021 წლის მაისში მან დააარსა საკუთარი პარტია "ხალხისთვის" და გასულ თვეში ჩატარებულ ეროვნულ გამოკითხვაში, ქვეყნის მეოთხე ყველაზე "დადებით ფიგურად" დასახელდა - 40 პროცენტიანი რეიტინგით. პატივცემული, ერის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, საქართველოს პატრიარქის, 89 წლის ილია მეორეს შემდგომ, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ანა დოლიძე უსწრებს ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტს, საფრანგეთში დაბადებულ სალომე ზურაბიშვილს“, - აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ როდესაც დოლიძე ვერმონტის საშუალო სკოლის სტუდენტი იყო, მეგობრები მას ეხუმრებოდნენ, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ 2018 წელს ეს ტიტული ქალბატონმა ზურაბიშვილმა მიიღო.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მორიგი ეროვნული არჩევნების დადგომამდე ორი წლით ადრე, დოლიძე, როგორც ჩანს, აპირებს შეასრულოს ის პოლიტიკური დაპირება, რომელიც მოზარდმა დადო.
”ანა იყო ძალიან უჩვეულო ბავშვი, ზრდასრული, ორიენტირებული და ამბიციური. ყოველთვის ძალიან დაინტერესებული თავისი ქვეყნის ბედით,“ - თქვა ჰელენ უაიტმა, საზოგადოების აქტივისტმა ვერმონტში, რომელიც დღემდე მისი მეგობარია.
ამასთან, The New York Times-ი ასახელებს ანა დოლიძის ხარისხების ნუსხას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტი და დოქტორის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, მან მიიღო გრანტი N.Y.U-სგან, პროგრამით, რომელიც განკუთვნილია მეცნიერთათვის, საშუალება მისცა ესწავლებინა სამართალი კანადის დასავლეთის უნივერსიტეტში.
გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ ანა დოლიძე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ახორციელებდა კამპანიას საქართველოში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის.
”მე ყოველთვის მქონდა ცვლილების სურვილი. პოლიტიკით, ადვოკატირებით თუ კანონით. შინაგანად ბევრი წყენა და ბრაზი მქონდა,“ - თქვა ანა დოლიძემ ინტერვიუში.
როგორც The New York Times-ი წერს, ანა დოლიძე ღიად აკრიტიკებდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ხოლო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა, 2013 წელს თანამდებობა დატოვა, იგი საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე -2015 წელს.
„მას შემდეგ, ის მსახურობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად. ეს თანამდებობა მან დატოვა ზეწოლის შედეგად, მას შემდეგ რაც პირველად წამოიწყო პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გასულ წელს უკვე პარტია გახდა . 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში იგი თბილისის ერთ-ერთ რაიონში დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს და ხმების 17,9 პროცენტი მოიპოვა. ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში კი ნახტომი, მისთვისაც მოულოდნელი იყო,“ - აღნიშნულია სტატიაში, სადაც ანა დოლიძე ამბობს - ”ეს არის აღიარების უზარმაზარი ნიშანი.”
მაღალ რეიტინგს ზოგიერთი დოლიძის სოციალურ მედიაში აქტიურობას უკავშირებს, სადაც იგი საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება საშუალო მოქალაქეების ცხოვრებას - ეს იქნება მინიმალური ხელფასი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თუ რუსების მასიური შემოსვლა საქართველოში, რათა თავი დააღწიონ უკრაინაში მიმდინარე ომს.
„როგორც 15 წლისა და 19 თვის ბავშვის დედა, ანა დოლიძე სხვა ქართველი მშობლების წუხილსაც ეხმაურება. როდესაც ახალგაზრდა გოგონა ცოტა ხნის წინ, გაუმართავი გაყვანილობის გამო ქალაქის შადრევანში ელექტროშოკით გარდაიცვალა, ქალბატონმა დოლიძემ ხმა აიმაღლა, დაგმო კორუფცია, რომელიც უხარისხო მშენებლობების საშუალებას იძლევა და ხელისუფლებას მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდა“.
The New York Times-ში აღნიშნულია - „ალბათ უფრო აქტუალურია, რომ ანა დოლიძეს განიხილავენ როგორც ახალ სახეს, ვინც არც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ მმართველ პარტიაში - „ქართულ ოცნებაში “ყოფილა ჩართული და არც სააკაშვილის პარტიაში, ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც მისი მიმდევრების მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. მაისში, შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს“.
„ეს დაპირისპირება დამახასიათებელია იმ პოლარიზაციისთვის, რომელმაც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველო გაყო. საქართველოს არ ჰყავს საკითხებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები, მას აქვს ქსელები, რომლებიც დაფუძნებულია ინდივიდებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისას ასუფთავებენ ყველაფერს, რაც წარსულში გაკეთდა“ - The New York Times-ი თომას დე ვაალის - ექსპერტი საქართველოსა და კავკასიის საკითხებში Carnegie Europe-ში, ანალიტიკოსთა ცენტრი ბრიუსელში, მოსაზრებას აქვეყნებს.
თომას დე ვაალის მოსაზრებითვე - „ამ კონტექსტში დოლიძე პოტენციურ „მესამე ძალად“ გვევლინება. ის ქალია, ახალგაზრდაა და ცდილობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქროს. ის არ ესხმის თავის ოპონენტებს, არ საუბრობს პატრიოტული ლოზუნგებით, არამედ საუბრობს რეალურ საკითხებზე“.
„ქართული ოცნების მთავრობა მიზანმიმართულად ამახვილებს ყურადღებას ბატონ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე, რათა ყურადღება გადაიტანოს უფრო აქტუალური, სოციალური და ეკონომიკური საკითხებიდან. ჩვენ სერიოზული ფასი გადავიხადეთ ამ დიქოტომიისთვის. ორი ჯგუფისა და ორი ლიდერის მტრობაზე ფოკუსირება მთავრობის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს მათ საშუალებას აძლევს მართონ ქვეყანა სიძულვილით და არა საკუთარი შესრულებული საქმის მაჩვენებლებით,’’ - განაცხადა ანა დოლიძემ ინტერვიუში. ამერიკული გამოცემა თბილისში მცხოვრები კულტურული ანთროპოლოგი ეკატერინე დიასამიძის მოსაზრებასაც ეხება: „დღევანდელი შედეგი არის ერთგვარი ნიჰილიზმი, რის გამოც წინ ვერ წავალთ. ხალხს აქვს დამოკიდებულება, რომ არაფერი შეიცვლება, რაც ნამდვილად კლავს პროგრესს.”
The New York Times-ი სტატიაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც ეხება: „რუსეთ-უკრაინის ომი ქართულ პოლიტიკაში ძალიან სახიფათოა. 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრით, ქვეყანა ჯერ კიდევ ტრავმირებულია, რამაც მათი ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა გამოიწვია. ქართველები პრაქტიკულად გაერთიანებულნი არიან თავიანთი გიგანტური მეზობლის მიმართ უნდობლობაში. 2022 წელს ნოემბერში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რეიტინგებში გამოკითხულთა 89 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხეა, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა კი მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს.
ბოლო 10 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი რუსი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ომს და სურთ თავის ააცილონ გაწვევას, საქართველოში გადმოსახლდნენ, რომელიც 3.7 მილიონიანი ქვეყანაა. სულ მცირე ორჯერ მეტმა რუსეთის მოქალაქემ გაიარა ქვეყანაში და ისარგებლა საქართველოს ხელისუფლების გულუხვი სავიზო პოლიტიკით, რომელსაც დოლიძე დაუპირისპირდა. თუმცა მის მცდელობას, დაეწესებინა გარკვეული კონტროლი იმაზე, თუ ვინ შეიძლება შემოვიდეს საქართველოში და რამდენ ხანს დარჩეს იქ, შედეგი არ მოჰყოლია, „ქართული ოცნების“ მთავრობა დუმილით შეხვდა, რადგან იგი შეგნებულად ინარჩუნებს ამბივალენტურ პოზიციას რუსეთის მიმართ. მთავრობამ ხმა მისცა გაეროში რუსეთის აგრესიას, მაგრამ სამშობლოში იგი გულმოდგინედ გაურბოდა მოსკოვის კრიტიკას, მაშინაც კი, როცა ათიათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად დემონსტრაციაზე გავიდა“.
The New York Times-ის სტატიის დასასრულს ანა დოლიძე აღნიშნავს: „ქართული პოლიტიკა შეჩერებულია უკრაინის ომის დასრულებამდე. ხალხი ელოდება სივრცეს, რათა გამოთქვას საკუთარი უკმაყოფილება - სოციალურ, ეკონომიკურ, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ სიმშვიდეში ქარიშხლის წინ." - ასეთია პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის პოზიცია.
„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.
აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.
რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.
დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.
იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე, ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.
სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.
ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.
თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.
თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.
მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები სტატიების სათაურებშიც აღარ ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან.