USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს“
Date:  294

„უკრაინის მთავრობამ, პირველად ომის ორი წლის განმავლობაში, გადაწყვიტა შემოეღო ელექტროენერგიის დროებითი ციკლური გამორთვები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თვით ზაფხულის პერიოდშიც კი, ეკონომიკური ხარჯვის მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით „რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს“ (ავტორები - კონსტან მეხე, მარია ვარენიკოვა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიის სარდლობა მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჯარების წინსვლას, პარალელურად კი მთავრობა აცხადებს, რომ კვლავ დადგა ძნელად გადასალახავი პრობლემის წინაშე: აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდების შენარჩუნება ისეთ პირობებში, როცა რუსეთის არმია სულ უფრო ხშირად ბომბავს უკრაინის ელექტროსადგურებს და მათ ანგრევს.

ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით მთავრობამ დაადგინა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საერთო-ეროვნული მასშტაბით, რეგულარულად იქნება შემოღებული, თვით ზაფხულის პერიოდშიც კი, ელრქტრონერგიის ვეერული - დროებით-ციკლური - გამორთვები. მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა, მაგრამ მხოლოდ რეგიონებში, ახლა კი ხელისუფლება იძულებული გახდა გამორთვები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს.

„ბრძოლა ელექტროენერგიის წარმოების შესანარჩუნებლად ჩვენთვის ახალ ფრონტს წარმოადგენს", - დაწერა გასულ კვირას სოციალურ ქსელებში მაქსიმ ტიმჩენკომ, რომელიც უკრაინის ყველაზე მსხვილ კერძო ელექტროენერგეტიკულ კომპანიას (DTEK) ფლობს. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები „დროსთან ბრძოლაში“ არიან ჩაბმულნი, რომ რაც შეიძლება მალე აღადგინონ დაზიანებული ელექტროსადგურები და მომხმარებლები ენერგიით უზრუნველყონ.

ელექტრონერგიის საყოველთაო გამორთვები დაგეგმილია საღამოს 6 საათიდან და შუაღამემდე გაგრძელდება. გრაფიკი პირველად გავრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა გაურკვეველია, თუ როდემდე იქნება დენის მიწოდება შეზღუდული - ვადები, თუნდაც მიახლოებითი, ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის.

უკრაინელებისათვის განსაკუთრებით მძიმე იყო 2022/2023 წლების ზამთარი, როცა რუსეთის ჯარი მეთოდურად ურტყამდა ქვეყნის მრავალრიცხოვან ელექტროსადგურებს, რის სედეგადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სინათლისა და გათბობის გარეშე დარჩა, თუმცა უკრაინის არმიამ სწრაფად ისწავლა რუსული რაკეტების ჩამოგდების ხერხები, გააძლიერა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და მეტ-ნაკლებად სიტუაცია გააუმჯობესა. ასე იყო მიმდინარე წლის გაზაფხულამდე.

იმდენად, რამდენადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ-ჯერობით ისევ არ ჰყოფნით იარაღი და საბრძოლო მასალები, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესში გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების გამო (მართალია, კონგრესმენებმა დახმარების პაკეტი საბოლოოდ მიიღეს, მაგრამ იარაღის უკრაინამდე მიტანას დრო ჭირდება), დღეს კიევს რუსეთის დარტყმებისადმი წინააღმდეგობის გაწევა უძნელდება, თანაც ისეთისა, რომელიც სულ უფრო გაწაფული და დახვეწილი ხდება.

რუსეთის გააქტიურება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაში აძლიერებს იმის საფრთხეს, რომ ელექტროენერგიის გამორთვები ნეგატიურად იმოქმედებს არამარტო  კერძო მომხმარებლებზე, არამედ ზიანს მიაყენებს სამხედრო-თავდაცვით მრეწველობასაც და თანაც ზუსტად იმ დროს, როცა პროდუქციის გამოშვება მწვავედ არის აუცილებელი.

„რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის გამორთვა წარმოების ტემპებს ანელებს, რომელიც სულ უფრო ძვირადღირებული ხდება“, - ამბობს ალექსანდრე დმიტრიევი, რომელიც უკრაინის არმიისათვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიჯწოდების საკოორდინაციო ჯგუფში მუშაობს, - სამოქალაქო მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემის გადატანა შედარებით იოლად შეუძლია, მაგრამ სამხედრო მრეწველობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, უბრალოდ, კოლაფსს იწვევს“.

უკრაინა ცდილობს დახმარება გარედან მიიღოს - მეზობლების მხრიდან: კიევმა უკვე მიმართა დასავლელ პარტნიორებს ელექტროქსელური მოწყობილობებითა და დანადგარებით დახხმარების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, უკრაინა უკვე იღებს ელექტროენერგიას რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და მოლდოვადან - მართალია, არასაკმარისად, მაგრამ მაინც.

„ჩვენ ასევე მივმართეთ დასავლეთის ქვეყნებს მოგვაწოდონ ნახმარი მოწყობილობები, რომლებიც მათ არარ ჭირდებათ, ჩვენ კი მათ შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ“, - ამბობს „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში კომპანია DTEK-ის პრეს-მდივანი პავლე ბელოდედი, - „ელექტრომოწყობილობების სწრაფად ყიდვა ან შეკვეთა შეუძლებელია, ამიტომ ერთადერთი, რის მიღებაც დაუბრკოლებლად შეიძლება, ნახმარი აპარატურა წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელთა პოლიტიკური ნება, დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ“.

უკრაინაში შეიძლება იმ ელექტრომოწყობილობების გამოყენება, რომლებიც საბჭოური წარმოებისაა და ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს აღარ ჭირდებათ. ზოგიერთი პოსტკომუნისტური ქვეყნიდან ჩამოწერილი ელექტროდანადგარების მიწოდების პროცესი უკვე დაიწყო.

ცნობილი უკრაინელი მოკრივე ალექსანდრე უსიკი, რომელიც გასულ კვირას მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში, ამ კამპანიას შეუერთდა და გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც მას მაისური აცვია წარწერით „ბრძოლა სინათლისათვის“. მოკრივემ  ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი რუსების შეტევას ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხშიც გაუძლებს.

უკრაინა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის განსამტკიცებლად ითხოვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას, განსაკუტრებით კი ამერიკული წარმოების „პეტრიოტის“ (Patriot) სისტემებს, რათა თბოელექტროსადგურები და ჰესები რუსული რაკეტებისა და დრონებისაგან დაიცვას. „პეტრიოტის“ ორი კომპლექსი ხარკოვის ოლქში რეალურად უზრუნველყოფს ენერგეტიკული ობიექტებისა და მოსახლეობის დაცვას’, - თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას პასუხისმგებლობით მიუდგნენ ელექტროენერგიის მოხმარებას: „ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ელექტროენერგიის წარმოებაში, ამიტომ უკრაინის ყოველმა მოქალაქემ მაღალი შეგნებითა და პასუხსიმგებლობით უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.

თერძმა (ტანსაცმლის მკერავმა) ალექსანდრემ, რომელიც ელექტროენერგიის რიგით მომხმარებელს წარმოადგენს, გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში თქვა, რომ მას ძალიან აშფოთებს დენის ვეერული გამორთვები, რადგან მისი ბიზნესი დაზარალდება. სხვა კერძო მომხმარებლებიც უკმაყოფილონი არიან მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

„როცა ელექტროდენის მოწოდება ითიშება ხოლმე, ჩემი ოჯახის წევრები ამისთვის მზად არიან და აცნობიერებენ, რომ ენერგიის ხარჯვის შემცირება აუცილებელია... მაგრამ მე ყველაზე უფრო სამუშაოზე დენის გამორთვისა მეშინია. ელქტროენერგიის გარეშე მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია“, - ამბობს ალექსანდრე, რომელმაც თავისი გვარი არ გაამჟღავნა და ანონიმად დარჩენა ისურვა.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/05/20/world/europe/russia-ukraine-lights.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way