აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რუსეთი ომში კვლავ უპირატესობას ფლობს: უკრაინელები თავს იცავენ, მაგრამ ისინი დაიღალნენ და საბრძოლო მასალების ნაკლებობას განიცდიან“ ( ავტორები - თომას გიბონს-ნეფი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინელ ჯარისკაცს გაზის საშემდუღებლო სანთურა აქვს მომარჯვებული და რუსული ტანკის დასაჭრელად ემზადება, რომელიც ერთი წლის წინ იქნა მწყობრიდან გამოყვანილი. მას უკვე აღარც ძრავა არ აქვს და არც მუხლუხები, მაგრამ აქვს სქელი ჯავშანი, რომელსაც, ნაწილებად დაჭრის შემდეგ, მიამაგრებენ უკრაინის იმავე მარკის გარემონტებულ ტანკებს, მათი დაცვის გასაძლიერებლად. შემდეგ კი შეკეთებული ჯავშანტექნიკა ქალაქ ავდეევკის გარნიზონის დასახმარებლად გაიგზავნება, 65 კილომეტრის მოშორებით, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული ტანკის დემონტაჟი და მისი ჯავშანის გამოყენების ფაქტი იმას მოწმობს, რომ უკრაინის არმიას საბრძოლო ტექნიკით მომარაგების მხრივ პრობლემები აქვს.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იარაღი რომ სწრაფად მოეწოდებინათ, რუსებს აქედან სწრაფად გავყრიდით, ველ-მინდვრებს დავამუშავებდით, დავთესავდით, მოსავალს მოვიწევდით და საზღვარგარეთ გავიტანდით, ოჯახებს შემოსავალი ექნებოდათ, შვილებს გავზრდიდით... მაგრამ უკვე თითქმის ორი წელი გავიდა და ომი ისევ გრძელდება“, - ამბობს ჯარისკაცი, მეტსახელად „ეგერი“.
უკრაინის სამხედრო პერსპექტივა უღიმღამოდ გამოიყურება. დასავლური უწყვეტი დახმარების გარანტია ისეთი დონის აღარ არის, როგორიც წინა წლებში იყო. ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ უკრაინის არმიის მდგომარეობა დამძიმდა. დასამალი არაა, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე რუსებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: ქალაქი მარინკა პრაქტიკულად მათ ხელშია, ხოლო ავდეევკა თითქმის ალყაშია მოქცეული - რუსები ნელ-ნელა ქალაქთან დამაკავშირებელ ყველა საკომუნიკაციო გზებს იკავებენ. კრემლის ჯარი ქალაქ ჩასოვიარზე შეტევისათვის ემზადება.
უკრაინელ ჯარისკაცები მწარედ ხუმრობენ: „რუსეთის ჯარი არც კარგია და არც ცუდი. ის, უბრალოდ, მრავალრიცხოვანია“. ჯარისკაცულ ხუმრობებში სიმართლის დიდი ნაწილი მოჩანს: მოსკოვს ყველაფერი ბევრი აქვს: მეტი საბრძოლო მასალები, მეტი სატრასპორტო საშუალებები და ჰყავს მეტი ჯარისკაცები. მოსკოვის ჯარი, მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, მაინც ომობს და წინ მიცოცავს. დდღეისათვის აშკარად შეიმჩნევა ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც რუსეთის არმიას ომის დაწყებისას არ გააჩნდა. ამჟამად სიტუაცია პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის მოდერნიზებულ ვერსიას ჰგავს - „უზარმაზარი მასა მასის წინააღმდეგ“.
სწორედ ასეთი ტაქტიკა უზრუნველყოფს რუსეთის უპირატესობას, რომლის მთავარ მიზანს დღეს - შარშან კიევთან, ხერსონთან და ხარკოვთან დამარცხების შემდეგ - დონბასისა და ყირიმის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. რუსეთს ადამიანთა ანუ ცოცხალი ძალის დიდი რესურსი აქვს - მისი მოსახლეობა სამჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობას, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სრული დატვირთვით მუშაობს.
„რუსეთის უპირატესობა ამ ეტაპზე გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს და ჩემი აზრით, ომი ჩიხში ჯერ არ არის შესული“, - ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - „2024 წლის სამხედრო სიტუაციის განვითარებაზე ბევრად დამოკიდებული 2025 წლის პერსპექტივა: უკრაინის არმია ან ისევ კონტრშეტევას დაიწყებს და ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს დაიბრუნებს, ან ომს მართლაც წააგებს, თუ დასავლეთის დახმარების გარეშე დარჩება“.
ამჟამად კი უკრაინა მძიმე მდგომარეობაში არის ჩავარდნილი. პრობლემები, რომლებმაც არმიაში თავი იჩინეს ჯერ კიდევ ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის დროს, ახლა უფრო გამწვავებულია. უკრაინელი ჯარისკაცები დაიღალნენ ისეთი განუწყვეტელი ბრძოლებით, რომელიც თავისი ინტენსიურობით, ხშირად მეორე მსოფლიო ომზე უარესია. მათ არ აქვთ ნორმალური დასვენების შესაძლებლობა, იშვიათად ხდება როტაცია და დანაკარგების ჩანაცვლება, თანაც მხოლოდ გაუწრთვნელ-მოუმზადებელი ახალწვეულებით და შუა ხნის ასაკის მქონე მამაკაცებით.
„ჩვენთან მოყვანილი ათი ჯარისკაციდან სამი თითქმის ლოთია. შეიძლება ითქვას, რომ მათ დაიძინეს და სამხედრო ფორმაში გამოიღვიძეს“, - ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი იმ „მეომრების“ შემყურე, რომლებიც მათ ბრიგადაში სამსახურისთვის გაამწესეს.
სამხედრო ჩინოვნიკთა აზრით, ომში გაგრძელებისა და გამარჯვებისათვის ჯარისკაცთა დამატებითი რაოდენობაა აუცილებელი (დაახლოებით 500 ათასი), ამიტომ ისინი მხარს უჭერენ ფართო მობილიზაციის ჩატარებას. ამ საკითხის გამო სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფრთხილობს, რომ ჯარში გაწვევის არაპოპულარული მეთოდების მუდმივი გამოყენება მოსახლეობაში უკმაყოფილებას გააჩენს. ექსპერტების თქმით, არმიაში კიდევ ნახევარი მილიონი ჯარისკაცის გაწვევის აუცილებლობა იმას მოწმობს, რომ უკრაინას ცოცხალი ძალის მართლაც უდიდესი დანაკარგები აქვს.
უკრაინაში ომის მსხვერპლთა ზუსტ მონაცემებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაახლოებით მაინც შეაფასეს დანაკარგები - მათი ვარაუდით, უკრაინამ ომში უკვე 150 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა. რასაკვირველია, რუსებიც ბევრი დაიღუპნენ, მაგრამ მათ კიდევ აქვთ რესურსები - ჯერ ერთი, რომ კიევის ზაფხულის კონტრშეტევა წარმატებით შეაჩერეს, მეორეც ის, რომ თვითონ ცდილობენ საპასუხო შემტევი ოპერაციების განხორციელებას, თანაც მკაცრი ზამთრის პირობებში.
„ჩვენ დავიღალეთ“, - მეუბნება უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური, რომელმაც გვარი არ გამიმხილა, მისი კომენტარების დელიკატურობის გათვალისწინებით, - „თავის დროზე უნდა ეფიქრათ [მთავრობას], რომ ომში მეტი ხალხი დაგვჭირდებოდა“.
ჯარისკაცთა უკმარისობა უკრაინის არმიისათვის მხოლოდ ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს. უფრო მწვავეა იარაღის დეფიციტი, მით უმეტეს, რომ დასავლური დახმარება მცირდება. უკრაინელი მეთაურები იძულებულნი არიან საბრძოლო მასალები ეკონომიურად გამოიყენონ, რადგან იციან, რომ შეიძლება ჭურვების, ყუმბარებისა და ნაღმების რომელიმე ახალი პარტია ბოლო აღმოჩნდეს.
მახსენდება 2023 წლის დეკემბერი, როცა უკრაინის არმიის მე-10 მსროლელი ბრიგადის საარტილერიო განწესის პირადი შემადგენლობა რამდენიმე დღე ბუნკერში იჯდა და თავიანთი 122-მილიმეტრიანი ქვემეხისათვის ჭურვების მიღებას ელოდებოდა და როცა მანქანა მოვიდა, მხოლოდ... ორი ყუთი ჭურვი მოიტანა, რომელიც იმავე დღეს დაიხარჯა.
„დღეს ჩვენ მხოლოდ ორი ჭურვი გავისროლეთ რუსების პოზიციებისაკენ, ხშირად კი არცერთს არ ვისვრით. ოთხი დღის წინ ჩვენი ქვემეხისათვის მხოლოდ ხუთი ჭურვი მოგვიტანეს“, - ამბობს განწესის მეთაური, მეტსახელად „მონკი“, - „ხვალ-ზეგ შეიძლება რუსები ვეღარ შევაჩეროთ“.
კუპიანსკთან დისლოცირებული 68-ე მსროლელი ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, მეტსახელად „იტალიელი“, „მონკის“ ნათქვამს ეთანხმება და მეუბნება: „ორი ტანკი მყავს, მაგრამ მაქვს მხოლოდ ხუთი ჭურვი... მესმის, რომ ახლა ავდეევკაში ჩვენს მებრძოლებს ძალიან უჭირთ და საბრძოლო მასალებით უპირატესად მათ ამარაგებენ, მაგრამ რა ვქნათ? აქ რომ რუსებმა შემოგვიტიონ, ცარიელი ხელით ვერ შევაკავებთ“.
თუმცა ტრადიციული არტილერიის უმოქმედობას დრონები ანაცვლებენ, რომლებსაც ორივე მხარე ინტენსიურად იყენებს. განსაკუთრებით FPV-ებს, რომლებიც ვიდეოკამერებით, ბომბებით და მართვადი მცირე რაკეტებით არიან აღჭურვილნი. ბოლო თვეებში მათი რაოდენობა უკრაინის არმიაში თითქმის ათჯერ და მეტად გაიზარდა. ფრონტის ზოგიერთ უბანზე დრონები მოწინააღმდეგეს უფრო მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე არტილერია. დრონები თავიანთი ეფექტურებით კასეტურ ნაღმებსაც კი აჭარბებენ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები ამჩნევენ, რომ რუსებმა შედარებით უფრო ღრმად დაიწყეს სანგრების გათხრა და მათი კარგად შენიღბვა, რაც მიზნის მოძებნასა და მის განადგურებას ხელს უშლის.
ავდეევკასთან ახლოს რუსული არტილერიის გრიალი ერთ წუთითაც კი არ წყდება. ასეთი საარტილერიო კანონადა მხოლოდ შარშან, ბახმუტთან ბრძოლის დროს თუ მომისმენია - საბოლოოდ ეს ქალაქი რუსებმა დაიკავეს..
ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2024 წელს უკრაინის არმიის თავდაცვაზე გადასვლა (როგორც ამას პენტაგონი ურჩევს, საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო) ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუ მას სამყოფი საბრძოლო მასალები არ ექნება. იარაღის გარეშე კიევის ჯარი პოზიციების შენაჩუნებას ვერ შეძლებს.
„ჩვენი ბიჭები რუსების განუწყვეტლივი ცეცხლის ქვეშ არიან“, - ამბობს „ეგერთან“ ერთად მყოფი ჯარისკაცი, სახელად „ბარდაკი“, - კარგად გვესმის, რომ ახლა ყველგან „ცხელა“.
წყარო: https://www.nytimes.com/2024/01/13/world/europe/ukraine-russia-war.html