USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „როგორ მართავს ჯო ბაიდენი აშშ-ის ორ ყველაზე რთულ მოკავშირეს - უკრაინას და ისრაელს“
Date:  423

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) 5 მაისის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „როგორ მართავს ჯო ბაიდენი აშშ-ის ორ ყველაზე რთულ მოკავშირეს - უკრაინას და ისრაელს“ (ავტორი - დევიდ სანგერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკმაოდ კარგად აჩვენა თავისი მძიმე მდგომარეობა ორი მიმართულებით: როგორი ძნელია სწორი მიდგომის პოვნა ამერიკის ურთულეს მოკავშირეებთან - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელთა ქვეყნებს, როგორც ჯო ბაიდენმა დაიფიცა, „იმდენხანს დაიცავდა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნებოდა“.

იმ კონფლიქტებს, რომლებშიც ვოლოდიმირ ზელენსკი და ბენიამინ ნეთანიაჰუ არიან ჩაბმულნი, საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ისინი ხალხებს შორის ურთიერთწყენის საფუძველზე გაჩნდნენ და მათ ფესვები წარსულში აქვთ გადგმული. სამწუხაროდ, ისე დაემთხვა, რომ ორივე დღეს კრიტიკულ გადამწყვეტ მომენტამდე მივიდნენ. ამასთან, აშკარა გახდა, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან სამი ქვეყნის ინტერესები (აშშ, უკრაინა, ისრაელი), არაფერი რომ არ ვთქვათ მათ ლიდერებზე, რომელთა ხელისუფლება, სხვადასხვა მიზეზების გამო, გარკვეულწილად შესუსტებულია (აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ისრაელში კოალიციური მთავრობა მყიფეა, უკრაინაში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, მაგრამ ომის გამო გაუგრძელდა).

პრობლემა იმითაც უფრო მძიმდება, რომ ვაშინგტონში არ აქვთ წარმოდგენილი ერთიანად, თუ როგორი შეიძლება იყოს მისაღები ფინალი უკრაინაში და ღაზაში. კიევი მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ უკრაინამ სრულიად უნდა გაიმარჯვოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, უნდა გათავისუფლდეს ყოველი მტკაველი მიწა, რომელიც კრემლმს აქვს დაპყრობილი. ისრაელს კვლავ მიზნად აქვს დასახული „ჰამასის“ „ტოტალური განადგურება“ იმ გარანტიით, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის ტრაგედია არასოდეს აღარ განმეორდება.

მაგრამ უკრაინისა და ისრაელის სურვილები არარეალისტურია: რუსეთი სანქციებმა ისე ვერ დაასუსტა, როგორსაც დასავლეთი ელოდა, კრემლი ძლიერდება. „ჰამასის“ სრული განადგურების მოწოდებები კი სამუდამო ომს ნიშნავს (ისრაელის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ომი ღაზას სექტორში წლის ბოლომდე გაგრძელდება და შეიძლება მომავალ წელსაც). ჯო ბაიდენი ცდილობს სიტუაცია ანტიკრიზისულად მართოს და უარესი თავიდან აიცილოს. იგი გაურბის პასუხს კითხვაზე, რით შეიძლება დასრულდეს საბოლოოდ ეს ომები.

„არც უკრაინა და არც ისრაელი ჩვენი მოკავშირეები არ არიან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე“, - ამბობს დევიდ აარონ მილერი, კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - ჩვენ მათთან ისეთი შეთანხმებები არ გვაქვს დადებული, როგორებიც გვაქვს, მაგალითად, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან ან ფილიპინებთან... მაგრამ ჩვენ მაინც ვართ დაინტერესებული იმით, რომ ეს ომები მომდევნო ნაკლებად ძალადობრივ ეტაპზე გადავიყვანოთ და ჩამოვაყალიბოთ ხედვა, თუ როგორ უნდა იქნენ ისინი შეწყვეტილი“.

ორივე შემთხვევაში ჯო ბაიდენმა უკვე გადადგა ნაბიჯები და მსხვილი ფსონები დადო: გასულ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას აძლევს იმის ნებას, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს, მაგრამ შეზღუდულად, მხოლოდ ფრონტის პირა რეგიონებში. ეს პირველი მსგავსი განცხადებაა აშშ-ის პრეზიდენტისაგან 27-თვიანი რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში. ჯო ბაიდენი იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივ თხოვნებზე, რაც ზეწოლაში გადაიზარდა.

პრეზიდენტის თანაშემწეების თქმით, ჯო ბაიდენს Tავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია („ბირთვული ომის პროვოცირება არ უნდა მოხდეს’), არამედ მცირე გამონაკლისი გააკეთა ესკალაციის დაუშვებლობიდან. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს გამონაკლისი შეიძლება კიდევ განმეორდეს: როგორც ენტონი ბლინკენმა თქვა კიევიდან დაბრუნების შემდეგ, ამერიკული სტრატეგია შეიძლება ბრძოლის ველზე შექმნილი სიტუაციისდა მიხედვით შეიცვალოს.

ჯო ბაიდენის მრჩევლები კერძო საუბრების დროს ამბობენ, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრიორიტეტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან დასაკარგავი აღარაფერი არ აქვს და სიტუაციას განუსაზღვრელად ამწვავებს, ჯო ბაიდენი კი თავს იკავებს - თეთრ სახლში მაინც ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის ბრძოლაში გამოიყენებს და შეეცდება მსოფლიო დაარწმუნოს, რომ თუ კიევი გააგრძელებს ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას, კრემლი უკრაინას თავისი ყველაზე ძლიერი იარაღით მოაშთობს. რა თქმა უნდა, თავის მხრივ უკრაინა დარწმუნებულია, რომ ამერიკის შიშით რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს და რომ ბირთვული საფრთხე გამოგონილია.

მეორე დღეს იმ გადაწყვეტილებიდან, როცა ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკული იარაღის შეზღუდული გამოყენების ნება დართო რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად, მან ასევე გადადგა ნაბიჯი ბენიამინ ნეტანიაჰუზე ზეგავლენის მოსახდენად, ვისთანაც ბოლო დროს ურთიერთობა ძალიან გაუარესდა. ჯო ბაიდენის გეგმა სამი ეტაპისაგან შედგება:

პირველი ფაზა - ცეცხლის შეწყვეტა ექვსი თვით. ისრაელის ჯარები ღაზას დასახლებული პუნქტებიდან გადიან. „ჰამასი“ ათავისუფლებს ებრაელ მძევლებს ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. პალესტინელი დევნილები ღაზას სექტორში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდებიან. ფართოვდება ჰუმანიტარული დახმარება. მსოფლიო პალესტინელ დევნილებს ათასობით დროებით საცხოვრებელ კომპაქტურ ბინას აწვდის. გრძელდება მოლაპარაკება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. წარმატებების შემთხვევაში მხარეები მეოე ეტაპზე გადადიან.

მეორე ფაზა - ხდება ყველა დარჩენილი ებრაელი მძევლის, აგრეთვე ტყვე სამხედრო მოსამსახურეების (განსაკუთრებით ქალების) გათავისუფლება. ისრაელის ჯარების სრულად გადიან ღაზას სექტორის ტერიტორიიდან. ცეცხლის ექვსთვიანი შეწყვეტა თანდათანობით გადადის სამხედრო მოქმედების შეწყვეტაში.

მესამე ფაზა - დაღუპული ებრაელი მძევლების ნეშთების დაბრუნება. ღაზა სექტორის რეკონსტრუქციის რეალიზების დაწყება აშშ-სა და მსოფლიო საზოგადოების მონაწილეობით.

ჯო ბაიდენმა იცის, რომ თუ ისრაელის სამშვიდობო გეგმა არ გაამართლებს, მას თავის პარტიაში პრობლემები შეექმნება, რაც არასასურველია პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მაგრამ რადგანაც ჯო ბაიდენი ისრაელის მტკიცე მოკავშირეა ბოლო 50 წლის განმავლობაში, მას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ საქმე აუცილებლად ექნება გოლდა მეირის მსგავს პიროვნებასთან. პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია დაემუქროს ისრაელის დღევანდელ მთავრობას, მაგრამ არც მისი მიტოვების უფლება არ აქვს.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/06/03/us/politics/biden-israel-ukraine.html

 

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way