USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „რატომ ითვლება შავი ზღვა ცხელ წერტილად რუსეთსა და დასავლეთს შორის“
თარიღი:  457

ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ ითვლება შავი ზღვა ცხელ წერტილად რუსეთსა და დასავლეთს შორის“ (ავტორები - ბენ ჰაბარდი და გულსინ ჰარმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ თქვენ თქვენ იმ ადგილების სიის შედგენას დაიწყებთ, სადაც, სავარაუდოდ, აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებულ ძალების პოტენციური შეტაკება შეიძლება მოხდეს, შავ ზღვას პირველი ადგილი უნდა მიაკუთვნოთ. ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ეს გიგანტური წყალსატევი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა, ერთი მხრივ, აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების და მეორე მხრივ, რუსეთის მეტოქეობის არეალად, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომმა მათი კონკურენციის დინამიკა უფრო გააძლიერა.

ამას წინათ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ამერიკული სამხედრო დრონის ჩამოგდება საგანგაშო სიგნალი გახდა ბევრი შავიზღვისპირა და რეგიონსმიღმა ქვეყნისთვის, რომ აქ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეტაკება მოხდეს.

„შავი ზღვის აკვატორიაში ყოველთვის პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ფსონების თამასა განსაკუთრებით „მაღლა არის აწეული“, - ამბობს იან ლესერი, აშშ-ში არსებული მარშალის გერმანული ფონდის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, - „და რაც უფრო დიდხანს გრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტია სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის რისკი“.

ფართობით შავი ზღვა კალიფორნიის შტატზე ცოტა მეტია, მის ნაპირებზე კი ექვსი სახელმწიფო მდებარეობს - მათგან თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ნატოს წევრები არიან, უკრაინა [და საქართველო] კი ალიანსისადმი მეგობრულად არიან განწყობილნი და მასში გაწევრიანება სურთ. ნატო დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა შავიზღვისპირეთს საკვანძო რეგიონად რუსეთის შესაკავებლად.

შავიზღვისპირეთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს თურქეთის როლს, რომელიც მნიშვნელოვან სატრანზიტო საზღვაო გზას აკონტროლებს - შავ და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რომელთა მეშვეობით აქაურ ქვეყნებს მსოფლიო ოკეანეში გასვლა შეუძლიათ.

სრუტეების საერთაშორისო სტატუსს და მათში გემების მოძრაობის წესებს 1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში დადებული კონვენცია არეგულირებს. თურქეთს აქვს მათი დახურვის უფლება ომიანობის დროს, სამხედრო ტვირთების გადატანასთან დაკავშირებით. ამ უფლებით ანკარამ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო, გასულ წელს უკვე ისარგებლა.

შავი ზღვას დიდი მნიშვნელობა აქვს ვლადიმერ პუტინისათვის მოსკოვის გავლენის გასაფართოებლად, რის გამოც სიტუაცია ზღვის აკვატორიაში არასტაბილური გახდა. შავი ზღვა მომსწრეა  2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და 2014 წელს უკრაინაში ანტირუსული გამოსვლებისა... შავი ზღვის ახლოს ხდებოდა სხვა ომებიც - კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, 1992 და 2020 წლებში.

მაგრამ ვლადიმერ პუტინის მიერ ძალის დემონსტრირების ყველაზე ძლიერი ფაქტი გახდა 2014 წელს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, რომლითაც მან შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთის პოზიციები განამტკიცა და სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა მთლიანად გააკონტროლა. მას შემდეგ კრემლი მუდმივად აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას შავ ზღვაზე, რის გამოც 2016 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა კიდეც აღნიშნა, რომ „შავი ზღვა თითქმის რუსულ ტბად გადაიქცაო“.

რუსეთის მეტოქეებმა მოსკოვის გააქტიურებას შავ ზღვაზე და მის ირგვლივ სამხედრო წრთვნებისა და მანევრების გახშირებით უპასუხეს: ნატოს თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები რეგულარულად პატრულირებენ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ასევე რეგულარულად გზავნიან ზღვის აკვატორიაში სამხედრო გემებს, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ მათ იქ ყოფნა, მონტრეს კონვენციის თანახმად, 21 დღეზე მეტი ხნით არ შეუძლიათ.

„დაძაბულობა შავი ზღვის რეგიონში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამძაფრდა“, - ამბობს თურქი სამხედრო ანალიტიკოსი არდა მევლუთოღლუ, - „ასევე გართულდა მონაპირე ქვეყნების ვაჭრობა, შეიზღუდა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რაც კრიზისით ემუქრება რიგი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებას“.

თურქეთი საკვანძო როლს ასრულებს შავი ზღვის მოვლენებში. ჯერ ერთი, რომ ანკარამ, გაეროსთან ერთად, დიდი ძალისხმევა გასწია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისათვის ე.წ. „საზღვაო დერეფნის“ შექმნაში, თანაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მეორე - თურქეთი არ აძლევს იმის უფლებას რუსეთს, რომ ბოსფორ-დარდანელის სრუტეების მეშვეობით, შავი ზღვის ფლოტის გასაძლიერებლად, წყნარი ოკეანისა და ბალტიის ზღვის ფლოტების გემები შეიყვანოს. თურქეთი ასევე ზღუდავს შავ ზღვაში ნატოს არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემების შესვლასაც.

„ამჟამად შავ ზღვაზე გემების კუთვნილების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც მის ნაპირებზე მდებარეობენ“, - ხაზს უსვამს სტამბოლის ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იორუკ ისიქი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს სრუტეებში გემების მოძრაობას. მისი თქმით, ყველაზე ძლიერი ფლოტი შავ ზღვაზე მხოლოდ რუსეთს და თურქეთს ჰყავს. რუმინეთისა და ბულგარეთის ფლოტების ძლიერება ბევრად დაბალია, უკრაინის გემები ბლოკირებულნი არიან, საქართველოს კი მხოლოდ სანაპირო-საზღვაო დაცვის კატერები ჰყავს“.

მაგრამ რადგანაც შავი ზღვის ცა ღია რჩება, ნატომ დრონების სადაზვერვო ფრენების რაოდენობა გააფართოვა, ხოლო რუსეთი, ძალის დემონსტრირების მიზნით, რეაქტიული ავიაგამანადგურებლებით სარგებლობს. ხდება ინციდენტებიც - როგორც უკვე ცნობილია, ერთ-ერთი ფრიად სახიფათო შემთხვევა ამ დღეებში მოხდა, როცა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო.

ამერიკელი ჩინოვნიკები შეშფოთებულები არიან და პროგნოზირებენ, რომ შავ ზღვაზე კიდევ შეიძლება უფრო სახიფათო ინციდენტი მოხდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს შემთხვევითი იქნება და წინასწარგანზრახული - ნებისმიერ მომენტში ასეთი ფაქტი, სავარაუდოდ, სიტუაციის ესკალაციას მოახდენს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. ინციდენტების საფრთხე მხოლოდ მაშინ გაქრება, როცა რუსეთ-უკრაინის ომი შეწყდება.

„ყოველდღიური მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ პოტენციური კონფრონტაციისა და ესკალაციის გეოგრაფია უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია“, - აცხადებს გერმანიის მარშალის ფონდის თანამშრომელი იან ლესერი, რომელიც შავიზღვისპირა ქვეყნებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/03/15/world/middleeast/black-sea-ukraine-war.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის