ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) თავის სტატიაში სათაურით „რესპუბლიკელები უკრაინისადმი დახმარებას ბლოკავენ და ამით კიევის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნიან“ (ავტორი - კარუნ დემირჭიანი), აანალიზებს კონგრესის ზედა პალატაში - სენატში მომხდარ პოლიტიკურ კონფუზს, როცა სენატორთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის უკრაინის დახმარების გაწევის შესახებ.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
წარუმატებელმა კენჭისყრამ (მომხრე - 49, მოწინააღმდეგე - 51) აჩვენა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსებისა და კანონმდებლების მხარდაჭერა კიევის მიმართ სუსტდება, თანაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როცა უკრაინის კონტრშეტევამ თავის მიზნებს ვერ მიაღწია, რუსეთი კი ახლა თვითონ გადადის შეტევაზე.
რესპუბლიკელებმა, დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოწოდების მიუხედავად, ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს. მათ უკრაინისადმი დახმარება იმიგრაციულ პოლიტიკას დაუკავშირეს, რაც მართლაც ძალიან უადგილო იყო. „დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი გადაწყვეტილებით უკრაინა ბედის ანაბარად მიატოვეთ. ისტორია მკაცრად დაგმობს მათ სახელებს, ვინც თავისუფლების ბრძოლას ზურგი შეაქცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ. კანონპროექტის ჩაშლა იმას მოასწავებს, რომ უკრაინას მცირე შანსები რჩება დამატებითი ამერიკული დახმარების მისაღებად მიმდინარე წლის ბოლომდე, ან შეიძლება უფრო გვიანაც. სხვათა შორის, აშშ-ის თეთრი სახლი და უკრაინის ხელმძღვანელობა ბოლო დროს სიგნალებს უგზავნიდნენ ამერიკელ კანონმდებლებს, რომ ფულისა და იარაღის მიწოდების გარეშე კიევს წლის ბოლომდე რესურსები დაუმთავრდება და თავდაცვით ბრძოლებს ვეღარ გააგრძელებს. სამწუხაროდ, მათი ხმა დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
ასეთმა სასოწარკვეთილმა თხოვნებმა და განცხადებებმა ვერანაირად ვერ მოულბეს გული რესპუბლიკელ სენატორებს, რომლებიც კენჭისყრის წინ რამდენიმე საათის განმავლობაში დემოკრატებთან კამათობდნენ - ამდენ ფულს უკრაინას ვახარჯავთ, ჩვენ კი მექსიკასთან საზღვარი ვერ გაგვიკონტროლებია, არალეგალური იმიგრაცია დიდ ზიანს გვაყენებს და დროა, მეტი თანხები კედლის აშენებას მოვახმაროთო.
დემოკრატები თავს იმართლებდნენ და ამბობდნენ, რომ 20 მილიარდი დოლარია გამოყოფილი საზღვრის დასაცავად და რომ რესპუბლიკელები ცდილობენ თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უკრაინას კრიზისი შეუქმნან.
რასაკვირველია, კენჭისყრის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის დახმარების საკითხი საბოლოოდ დაიბლოკა. დემოკრატებს კვლავ ექნებათ იმის უფლება, რომ კენჭისყრა ისევ მოხდეს და კანონპროექტის განხილვა სენატის დღის წესრიგში შეიტანონ, მაგრამ გაუგებარი და გაურკვეველია, როდის მოხდება ახალი კენჭისყრა და რჩება თუ არა უკრაინას რუსეთთან გამკლავების დრო ამერიკული დახმარების გარეშე.
ზოგიერთი კანონმდებელი თვლის, რომ საკითხი შეიძლება გადაწყდეს ინვარში ან თებერვალში, როცა სენატი მთავრობისათვის 2024 წლისათვის ფინანსების გამოყოფის საკითზე იმსჯელებს. სხვა სენატორები კი დარწმუნებულები არიან, რომ კიდევ ორი თვის მოლოდინში უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია გაუარესდება.
„საათი წუთებს ითვლის“, - განაცხადა დემოკრატმა სენტორმა პეტი მიურეიმ, - ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თავდაცვის შესაძლებლობა აღარ აქვთ. მთელი მსოფლიო ახლა ჩვენ გვიყურებს და ფიქრობს, რამდენად შეუძლია ამერიკას თავისი მოკავშირეს გვერდით დაუდგეს მძიმე დროს“.
რესპუბლიკელები ასევე ითხოვდნენ, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ისრაელისადმი დახმარების საკითხიდან ცალკე ყოფილიყო განხილული, რაზედაც დემოკრატები არ დათანხმდნენ.
მოკლედ, თავდაპირველი ენთუზიაზმი და კიევისადმი დახმარების მზადყოფნის სურვილი კონგრესში დღეს უკვე შესამჩნევად არის მინავლებული - უკრაინის ჯარის სამხედრო მოქმედება ჩიხშია შესული და ამ გარემოებამ ამერიკელ კანონმდებლებზეც მძიმე გავლენა მოახდინა. აქვე აღსანიშნავია, რომ კონგრესის ზედა პალატის - სენატის წევრი რესპუბლიკელები უფრო მეტად არიან განწყობილნი პროუკრაინულად, ვიდრე ქვედას - წარმომადგენლების პალატის რესპუბლიკელი წევრები, სადაც ბევრია დონალდ ტრამპის მომხრეც.
წყარო: https://www.nytimes.com/2023/12/06/us/politics/senate-ukraine-aid-bill.html?searchResultPosition=13
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/