USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება“
дата:  371

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება“ (ავტორები - ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი და მაიკლ შვიცი). „რუსებისა და კორეელების კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება“, - ნათქვამია ვრცელ მასალაში.

გთავაზოვთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

რუსეთის არმიის სარდლობამ კურსკის ოლქში თავი მოუყარა 50-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას, რომელსაც დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაციც ემატება და ემზადება შეტევისათვის, რათა უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს.

როგორც ამერიკული დაზვერვა იუწყება, რუსეთმა ესოდენ მნიშვნელოვანი ძალები ისე შეკრიბა, რომ დონბასის ფრონტიდან რაიმე ქვედანაყოფები კურსკის ოლქში არ გადაუყვანია, ანუ კრემლისთვის მთავარი პრიორიტეტი ისევ დონბასი რჩება, თუმცა იმავდროულად სურს კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი დროულად, ზამთრის დადგომამდე გაათავისუფლოს, რომელიც უკრაინის არმიამ აგვისტოში დაიკავა, ოთხი თვის წინ. შესაბამისად, უკრაინის არმიაზე ზეწოლა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე განხორციელდება.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის ქვედანაყოფების შეტევა, ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებთან ერთად, დღე-დღეზე დაიწყება. ამჟამად, ფხენიანის რეჟიმის წარგზავნილები რუს ჯარისკაცებთან ერთად იწრთვნებიან კურსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში.

რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი შეტევა განხორციელდება დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაგრამ მანამდე, სანამ პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიიღებს, ანუ ინაუგურაციამდე.

დონალდ ტრამპს ადრე არაერთხელ განუცხადებია, რომ მას განზრახული აქვს რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება სწრაფი დასრულება, მაგრამ როგორ და რა ფორმით, ეს ჯერ მკაფიოდ არ განუმარტავს. ერთადერთი, რაც არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა თქვა, ისაა, რომ გეგმის მიხედვით, რუსეთი დაკავებულ ტერიტორიას ინარჩუნებს.

აშშ-ის დაზვერვისა და პენტაგონის ზოგიერთი წარმომადგენელი უკრაინის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას პერსპექტივაში პესიმისტურად უყურებს და აღნიშნავენ, რომ რუსეთის ძალები ბევრად აღემატება უკრაინის ძალებს როგორც კურსკის ოლქში, ასევე დონბასში. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ეს არის იმის შედეგი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა უუნარო აღმოჩნდა მოეგვარებინა ჯარისკაცების კრიტიკული უკმარისობის პრობლემა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დიდ დახმარებას უწევს - იგი ცდილობს, რომ  კონგრესის ამჟამინდელი შემადგენლობა კიევისადმი რაც შეიძლება მეტი დახმარების გამოყოფაზე აიძულოს, ხოლო ამერიკული დაზვერვა - უკრაინას რაც შეიძლება მეტი და ზუსტი სადაზვერვო ცნობები მიაწოდოს.

ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინის ჯარების შეჭრამ კურსკის ოლქში სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ კიევის ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსების განუწყვეტელი წინსვლის გამო, ძალიან შეთხელდნენ. მართალია, უკრაინას კურსკის ოლქში საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება ჰყავს, მაგრამ საეჭვოა, რომ უკრაინელებმა რუსებისა და კორეელების ერთობლივ შეტევას გაუძლონ.

დასავლელი და უკრაინელი სამხედრო პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ნაწილების დახმარება მოსკოვისადმი ომის სერიოზულ ესკალაციას შინავს - ყველაზე მნიშვნელოვანს ორი წლის განმავლობაში.

ამერიკელების აზრით, ჩრდილოეთ კორემა რუსეთში 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზავნა. კორეელი სამხედრო მოსამსახურეები რუსულ ფორმებში არიან გადაცმულნი და რუსული იარაღით ეკიპირებულნი (ტყვიამფრქვევებით, სნაიპერული შაშხანებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით და რეაქტიული გრანატმტყორცნებით), თუმცა ისინი საერთორუსულ ქვედანაყოფებში კი არ არიან გაბნეულნი, არამედ ცალკე ქვედანაყოფების სახით იბრძოლებენ, თავიანთი ოფიცრების მეთაურობით.

რუსი ინსტრუქტორები ჩრდილოკორეელებს ავარჯიშებენ როგორც საარტილერიო სროლაში, ასევე ქვეითთა ტაქტიკაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტრანშეებისა და სანგრების დაკავების ბრძოლაში. აშკარაა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები გამოყენებულნი იქნებიან  პირდაპირი შეტევებისა და ხელჩართული ბრძოლების დროს, უკრაინის არმიის პოზიციების დასაკავებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არ არიან, რომ კიმ ჩენ ინმა რუსეთში საომრად გაგზავნილ თავის სამხედრო კონტინგენტს რაიმე შეზღუდვა დაუწესა. კორეელები, რასაკვირველია, იბრძოლებენ, მაგრამ კონკრეტულად რომელი მიმართულებით და როგორ, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. უკრაინელი ჩინოვნიკები კონფიდენციალურად ამბობენ, რომ კორეული ქვედანაყოფები ორ ჯგუფადაა გაყოფილი - შემტევით და ზურგის ქვედანაყოფებად. პირველი უშუალოდ ფრონტის ხაზზე იბრძოლებს, მეორე კი იმ ტერიტორიაზე დაამყარებს წესრიგს, რომლებსაც რუსები და კორეელები ერთობლივი ძალებით გაათავისუფლებენ.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი მარავალრიცხოვანი არმია ჰყავს, მაგრამ რუსებისაგან განსხვავებით, კორეელი ჯარისკაცები დიდი ხანია ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ და მათ საომარი გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვთ. ამასთან, ის ქვედანაყოფები, რომელიც რუსეთს ეხმარებიან, ჩრდილოეთ კორეის არმიაში საუკეთესოდ ითვლებიან. სადაზვერვო მონაცემებით ირკვევა, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის მე-11 კორპუსის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელიც ქვეყნის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებსაც მოიცავს.

აგვისტოში უკრაინის არმიამ შედარებით იოლად დაიკავა კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი - ისე, რომ პრაქტიულად წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა თანდათან დაიბრუნა თითქმის ნახევარი და ახლა გენერალური შეტევისათვის ემზადება. ამასთან, ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ რუსებს და კორეელებს მძიმე დანაკარგები ექნებათ - დაახლოებით ისეთი, როგორსაც რუსები დონბასში განიცდიან (1200 ჯარისკაცი დღეში).

როგორც უკვე ვთქვით, ჩრდილოკორეელები მსუბუქი იარაღით იბრძოლებენ, მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე, ამასთან, არავინ არ იცის, რა ნებისყოფას გამოიჩენენ გამოუცდელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე. არის ასევე აზრი, რომ რუსები და კორეელები, წარმატების შემთხვევაში, კურსკის ოლქიდან შეტევის შემდეგ, უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე არ გაჩერდებიან და მის ტერიტორიაზე შეიჭრებიან. ამასთან დაკავშირებით უცნობია, ნება დართო თუ არა კორეელებს კიმ ჩენ ინმა უკრაინის ტერიტორიაზეც აწარმოონ ბრძოლები თუ ისინი მხოლოდ კურსკის ოლქით არიან შემოფარგლულნი. შესაძლოა კორეელები საზღვარზე გაჩერდნენ, რუსები კი უკრაინის სიღრმეში წინსვლას შეეცდებიან.

და მაინც - როგორ იბრძოლებენ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები?

ჯორჯ ბაროსი, აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, კორეელები კარგად არიან ორგანიზებულები, მათი დისციპლინა უმაღლეს დონეზეა, ანუ ამ მხრივ რუსებს ბევრად სჯობიან.

რობ ლი, ფილადელფიის საგარეოპოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სამხედრო სპეციალისტი, რომელიც უკრაინიდან ახლახან დაბრუნდა, ამბობს: „რა თქმა უნდა, ათასობით კორეელ ჯარისკაცს კურსკის ოლქში სამხედრო ვითარების შეცვლა შეუძლია. კორეელი ჯარისკაცები ახალგაზრდები არიან და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან, ბევრ რუს კონტრაქტიანთან შედარებით“.

ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას, ჯარისკაცების სანაცვლოდ, რაკეტები და რაკეტული ტექნოლოგიები გადასცა. მოსკოვი ფხენიანს დიპლომატიურ მხარდაჭერასაც უწევს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა იმედოვნებს, რომ მისი ჯარისკაცები საბრძოლო გამოცდილებას რეალურ ომში მიიღებენ და ეს სასარგებლო იქნება ქვეყბის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისათვის.

პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ იციან, გაგზავნის თუ არა კიმ ჩენ ინი დამატებით სამხედრო ქვედანაყოფებს რუსეთში. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანს რუსეთ-უკრაინის ომში დამატებით კიდევ 100 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა შეუძლია, თუმცა ჯორჯ ბაროსის თქმით, ეს არ მოხდება ერთდროულად და ერთჯერადად. კორეის რეჟიმი, სავარაუდოდ, ჯარების რაოდენობას ნელ-ნელა გაზრდის, ვთქვათ, თვეში 15 ათასამდე.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/11/10/us/politics/russia-north-korea-troops-ukraine.html

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати