USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „ რუსეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ BRICS-ის გაერთიანებას აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენებს“
дата:  682

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინი ისეთ ეკონომიკებს აერთიანებს, რომლებსაც დასავლეთის დაჩრდილვა შეუძლიათ // რუსეთის ლიდერი იმედოვნებს, BRICS-ის გაერთიანებას აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენებს“ (ავტორები - ვალერი ჰოპკინსი და დევიდ პირსონი). პუბლიკაციაში განხილულია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის მნიშვნელობა, რომელიც დღეს, 22 ოქტომბერს იწყება რუსეთის ქალაქ ყაზანში.

„2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთმა კრემლის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დააწესა, რის შედეგადაც რუსეთს შესაძლებლობა აღარ აქვს მსოფლიო საბანკო სისტემისადმი წვდომაზე და საერთოდ, ვაშინგტონი და ბრიუსელი შეეცადნენ, რომ მოსკოვი მსოფლიო ურთიერთობის სისტემიდან გაერიყათ. მაგრამ Зრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განზრახული აქვს დასავლეთს დემონსტრაციულად აჩვენოს, რომ კრემლს საიმედო და მნიშვნელოვანი მოკავშირეები ჰყავს.

BRICS-ის  გაერთიანების ძირითადი წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები. BRICS-ის  წევრობა სურთ კიდევ ათამდე სახელმწიფოს. საინტერესოა, რომ უცნაური სახელწოდება BRICS-ი („ბრიკსი“) მოიფიქრა 2001 წელს ერთ-ერთმა ამერიკელმა ბანკირმა, რომელმაც აბრევიატურა მასში თავდაპირველად მონაწილე ქვეყნების სახელთა საწყისი ასოებით შეადგინა. დღეისათვის BRICS-ში შედიან ისეთი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა დედამიწის მცხოვრებთა ნახევარს უდრის და რომელთა ეკონომიკა პლანეტის ეკონომიკის 35%-ს შეადგენს.

BRICS-ის კონფერენციის მიზანია აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს თავისი ეკონომიკური ძლიერება, აგრეთვე მიიზიდოს სხვა ქვეყნები გაერთიანებაში გაწევრიანებისათვის, რომლის გამოყენებას რუსეთი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისათვის ცდილობს, დასავლეთის დომინირების გარეშე.

„BRICS-ის სამიტი ყაზანში - დასავლეთისადმი ვლადიმერ პუტინის ერთგვარ საპასუხო დარტყმას წარმოადგენს“, - განაცხადა ალექსაბდრე გაბუევმა, აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის დირექტორმა ბერლინში, - „ვლადიმერ პუტინს სურს მოახდინოს ძველი საერთაშორისო წესრიგის დანგრევა და ახალის მშენებლობა, მაგრამ უკვე დასავლეთის საპირისპიროდ“.

რუსეთის პრეზიდენტი ბოლოს დროს, როცა სამიტი მოახლოვდა, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა „ბრიკსის“ ქვეყნების წევრთა ეკონომიკურ ძლიერებას - „ბოლო ათწლეულში გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (40%) სწორედ BRICS-ის წევრ ქვეყნებში ხდება, ხოლო „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებში მცირდება“, - აცხადებდა იგი მოსკოვში რუს და უცხოელ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის დროს.

გასულ წელს ვლადიმერ პუტიმა ვერ შეძლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ BRICS-ის სამიტში მონაწილეობა - იმიტომ, რომ სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრია და რადგან რუსეთის ლიდერზე დაპატიმრების ორდერია გაცემული (უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო), კრემლის ბინადარმა აფრიკაში გამგზავრება ვერ გაბედა - მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უსაფრთხოებას პირდებოდა.

„ყაზანის კონფერენციაში მონაწილე მსოფლიოს ყოველი სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან საერთო ფოტოსურათს გადაიღებს, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი იზოლაციაში არ იმყოფება“, - აცხადებს ალექსანდრე გაბუევი, რომელიც რუსეთიდან „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით არის გაძევებული, - „რუსეთი მსოფლიო ქვეყნების საზოგადოების წევრია, მაგრამ მისი გარიყვა მხოლოდ დასავლეთს სურს. აქედან გამომდინარე, დასავლეთი უმცირესობაშია, რომელიც რუსეთს ოსტრაკიზმს უწყობს“.

პეკინი და მოსკოვი დაინტერესებულები არიან BRICS-ის გაფართოებით, ამიტომ კრემლმა ყაზანის სამიტში 20 მეტი სახელმწიფოს ლიდერი (წარმომადგენელი) მიიწვია, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებით არიან დაინტერესელნი. რუსეთიც და ჩინეთიც მსოფლიო ფინანსური სისტემის შეცვლის ინიციატივით გამოდიან. არის იდეა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩანაცვლდეს ახალი ორგანიზაციით, რომელსაც BRICS-ის წევრები დააფუძნებენ.

ანალიტიკოსები დააკვირდებიან, თუ როგორი ურთიერთობა ექნებათ სამიტის დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის - იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის ამას წინათ სასაზღვრო კონფლიქტი მოხდა ჰიმალაებში. „თუ სი ძინპინი და ნარენდრა მოდი ერთმანეთს ხელს ღიმილით ჩამოართმევენ და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ მათ ბირთვულ ქვეყნებს შორის დაძაბულობა მცირედ მაინც არის შესუსტებული, ეს ძალიან კარგი იქნება“, - ამბობს ერიკ ოლანდერი, ამერიკული ვებ-საიტის China Global South Project-ის რედაქტორი.

BRICS-ის გაფართოება ჩინეთის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება: პეკინის მიზანია როგორმე დაასუსტოს თავისი მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქე - ამერიკის შეერთებული შტატები. ჩინეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების კვალობაზე, რომელიც პეკინის მოსკოვთან პოზიტიური დამოკიდებულებით არის განპირობებული (უკრაინის ომის ფონზე), ჩინეთი იძულებული ხდება მეტი ყურადღება დაუთმოს განვითარებად და ნეიტრალურ ქვეყნებთან ურთიერთობას. ანალიტიკოსთა აზრით, „ბრიკსში“ სულ უფრო მეტი ქვეყნის გაწევრიანების ფონზე, პეკინსა და მოსკოვს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მათი ლეგიტიმურობა, როგორც მსოფლიოს ძლიერი ქვეყნებისა, უფრო მეტია, ვიდრე ვაშინგტონისა და მისი კლუბის მდიდარი წევრებისა.

„ჩინეთი ისწრაფვის, რომ „ბრიკსი“ გლობალური სამხრეთის ქვეყნების კოალიციად წარმოადგინოს დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ მეთაურობს“, - ამბობს იუნ სუნი, ვაშინგტონის სტიმსონის ცენტრის ჩინური პროგრამების დირექტორი, - მაგრამ ნიუანსი ისაა, რომ რაც უფრო დიდია კოალიცია და მრავალრიცხოვანი, მით უფრო ძნელია მისი პოლიტიკური კოორდინირება და სუსტია ერთიანობა“.

მართალია, ჩინეთს შეუძლია იმედი ჰქონდეს ანტიდასავლურად განწყობილი ქვეყნების იმედი ჰქონდეს (მაგალითად, რუსეთისა და ირანის სახით). მას ასევე შეუძლია გარკვეულწილად დაარწმუნოს დიდი დემოკრატიული სახელმწიფოები (ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) პეკინის კეთილგანწყობაში მათ მიმართ, მაგრამ სი ძინპინი ვერ შეძლებს იმას, რომ ისინი აშშ-ის წინააღმდეგ აამხედროს. ექსპერტები თვლიან, რომ ბრაზილიას, ინდოეთს და სამხრეთ აფრიკას BRICS-ი ერთგვარ შუამავლად მიაჩნიათ პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში და არა იმის შესაძლებლობად, რომ ამა თუ იმ მხარის მოკავშირედ გამოვიდნენ.

იგივე შეიძლება ითქვას BRICS-ის კიდევ ერთი დამფუძნებლის - რუსეთის მიმართაც, რომელსაც თავისი კერძო ინტერესებიც აქვს. ცხადია, მოსკოვი პეკინს ბევრად ჩამოუვარდება ეკონომიკური ძლიერებით, მაგრამ კრემლს სურს გარკვეული გავლენა ჰქონდეს ეგვიპტეზე და საუდის არაბეთზე - ნავთობით მდიდარ ქვეყანაზე. გასული წლის დეკემბერში ვლადიმერ პუტინი ერ-რიაში ვიზიტით ყოფნის დროს მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ-სალმანს სეხვდა და განაცხადა, რომ მათმა ორმხრივმა ურთიერთობამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია, მაგრამ ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთი ერთმნიშვნელოვნად კრემლის მხარეს არ იჭერს და ცდილობს დააბალანსოს თავისი დამოკიდებულება როგორც მოსკოვთან, ასევე ვაშინგტონთან და საერთოდ, დასავლეთთან.

დასამალი არაა, რომ BRICS-ის გაერთიანება რიგი მიზეზებით თანდათან მტკიცდება - მაგალითად, ბრაზილიის ხელისუფლებაში პრეზიდენტის სტატუსით დაბრუნდა ლუის ინასიო სილვა და ლულა, რომელიც ვლადიმერ პუტინს 2025 წლიდან BRICS-ის თავმჯდომრედ ჩაანაცვლებს. გავიხსენოთ, რომ სწორედ ბრაზილიელი ლიდერი იყო ის ადამიანი, რომელმაც, თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში (2003-2011 წლებში), რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა BRICS-ის გაერთიანების შექმნას და ენთუზიაზმით გამოდიოდა განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/10/21/world/europe/russia-china-brics.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати