USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
"The New York Times" : „უკრაინისთვის მისაცემი ტანკების ძიებაში: ევროპის არმიებს მძიმე ჯავშანტექნიკა არ ჰყოფნით“
Date:  589

„ერთი თვის შემდეგ, რაც ბერლინი თავისი მოკავშირეების თხოვნას დათანხმდა გერმანული ტანკების - „ლეოპარდების“ - უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე, აღმოჩნდა, რომ  მძიმე ტექნიკის ის „დიდი ნაკადი“, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები კიევს პირდებოდნენ, სინამდვილეში მხოლოდ „პატარა ნაკადული“ აღმოჩნდა“, - ნათქვამია ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში „უკრაინისთვის მისაცემი ტანკების ძიებაში: ევროპის არმიებს მძიმე ჯავშანტექნიკა არ ჰყოფნით“ (ავტორები - ერიკა სოლომონი და სტივენ ერლანგერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უცებ აღმოაჩინა, რომ მათი არმიების არსენალებში არსებული ტანკები ან სარემონტოა, ან სათადარიგო ნაწილებით არ არიან უზრუნველყოფილნი. სირთულეები გაჩნდა უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო წრთვნების საკითხშიც - ტანკების ეკიპაჟების მომზადებაში. პოლიტიკოსები პირისპირ შეეჩეხნენ მოულოდნელ დაბრკოლებებს როგორც საკუთარ ორგანიზაციებში (ნატო, ევროკავშირი), ისე უშუალოდ ეროვნულ თავდაცვით სტრუქტურებშიც. ბევრი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები იძულებულნი გახდნენ უკან მიეწვიათ პენსიაში გასული ინსტრუქტორები, რათა უკრაინელებისათვის მათთვის უცხო ტანკების მართვა ესწავლებინათ.

რუსეთთან მებრძოლი უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდების საკითხში შექმნილი პრობლემები მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა იმ რეალობისა, რომელსაც ევროპა დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებდა და ყურადღებას არ აქცევდა: ბრიუსელი, პარიზი, ბერლინი და ლონდონი თვლიდნენ, რომ ცივი ომის შემდეგ მსხვილმასშტაბიანი ომების საფრთხე უკვე წარსულს ჩაბარდა და „დათბობის“ პერიოდში სულაც აღარ იყო აუცილებელი დიდი სამხედრო ხარჯების გაწევა. შესაბამისად, არმიები ქრონიკულად დაუფინანსებელი რჩებოდა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპა ამ ფაქტს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.

დღეს ევროპის ქვეყნების მცდელობა, რომელიც ორი სატანკო ბატალიონის (62 ტანკის შემადგენლობით) ჩამოყალიბებისათვის საჭირო მძიმე ჯავშანტექნიკის სხვადასხვა ქვეყნებში  ძებნით გამოიხატება, უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა.

ასეთი სიტუაციის ირონიულობა განსაკუთრებით ჩანს ტანკების მწარმოებელ სახელმწიფოს მდგომარეობაზე. ბევრი ევროპელი გერმანიას და მის კანცლერს ოლაფ შოლც აკრიტიკებდა და იმ გაუბედავი ნაბიჯების გამო, რასაც ბერლინი უკრაინის დახმარების საკითხში დგამდა. კანცლერი ანგარიშს უწევდა საზოგადოების განწყობას და თავს არიდებდა სიტუაციის ესკალაციას რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დათანხმდა ნატოს წევრების თხოვნებს - ფრონტზე გაგზავნილიყო მათ ეროვნულ არმიებში არსებული გერმანული „ლეოპარდები“. მაგრამ... იმ ქვეყნებმა, რომლებიც გერმანიას აკრიტიკებდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათი „ლეოპარდები“ ისეთ გამართულ და საბრძოლო მდგომარეობაში არ არიან, როგორშიც უნდა ყოფილიყვნენ... მოკლედ, ტანკების მოგროვება ძნელად მიმდინარეობს.

თქვენ თვითონ განსაჯეთ:

ფინეთი, რომლის პარლამენტის წევრები, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ფონზე, ყველაზე მეტად ლაპარაკობდნენ უკრაინის დახმარებაზე და ბერლინს მწარედ საყვედურობდნენ, ახლა აცხადებენ, რომ ჰელსინკს კიევისათვის სულ სამი „ლეოპარდის“ მიცემის საშუალება აქვს, ისიც მხოლოდ ისეთი მოდიფიკაციისა, რომელიც განნაღმვის ფუნქციას ასრულებს,  საბრძოლო „ლეოპარდები“ (200 ერთეული) კი ფინეთს თვითონ დაჭირდება - ქვეყანას რუსეთთან თითქმის ათასკილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს და ახლა, როცა ნატოს წევრია, საკუთარი თავდაცვის დასუსტება არ სურს.

შვედეთმა, რომელიც ზეწოლას ახდენდა გერმანიაზე - „ნებართვა მომეცი შენი წარმოების ტანკები უკრაინას გავუგზავნოო“, 24 თებერვალს მორიდებულად განაცხადა, რომ ომში მხოლოდ 10 „ლეოპარდს“ გაგზავნის...

ესპანეთმა, რომელსაც თავის არმიაში 108 გერმანული ტანკი აქვს და ეგონა, რომ ყველა საბრძოლო მზადყოფნაში იყო, ახლა დარწმუნდა, რომ ბევრი „ლეოპარდი“ „დაჭრილია“ და „მკურნალობა“ - რემონტი ჭირდება, რაც თვეები გაგრძელდება. ამას ემატება ისიც, რომ სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი წევრს პარტია „რამოსი“ წარმოადგენს, რომელსაც თითქმის პრორუსული განწყობა აქვს და ტანკების უკრაინისთვის გადაცემა არ სიამოვნებთ.

პოლონეთი, რომელსაც გერმანიასთან ბოლო წლებში რთული დამოკიდებულება აქვს, ოლაფ შოლცს გაუბედაობის გამო აკრიტიკებდა და იმუქრებოდა, რომ ტანკებს უკრაინას ბერლინის თანხმობის გარეშე მიაწოდებდა. რამდენიმე დღის წინათ კი ვარშავამ განაცხადა, რომ  მას მხოლოდ 14 ტანკის მიცემა შეუძლია (მათგან რამდენიმე „ლეოპარდი“ კიევს უკვე გადაეცა, პოლონეთი ახლა უკრაინულ ეკიპაჟებს ამზადებს, თუმცა სწავლება ჯერ არ დამთავრებულა).

იმის გამო, რომ „ლეოპარდ-2“-ის თანამედროვე ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პრობლემებს აწყდება, ნიდერლანდები, გერმანია და ბელგია გამოვიდნენ ინიციატივით, რომ უკრაინას ამ წლის ბოლომდე უფრო ძველი „ლეოპარდ-1“-ები გაუგზავნონ, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა გერმანელმა გენერალმა განაცხადა, ბუნდესვერის სარდლობა იძულებული გახდა ტანკის ამ ძველი მოდელის უკვე ასაკოვანი გადამდგარი მექანიკოსები და ტანკის მძღოლები მთელ ქვეყანაში მოეძებნა, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/02/28/world/europe/ukraine-tanks.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way