USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
The New York Times - „როგორ შედის რუსეთში დასავლური საქონელი: სატვირთო ავტომანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით
Date:  396

ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როგორ შედის რუსეთში დასავლური საქონელი: სატვირთო ავტომანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით" (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„საქართველო. ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი. აქედან ყოველდღიურად სატვირთო ავტომობილების ქარავანი მრავალ კილომეტრზეა გაჭიმული მთიან გზატკეცილზე, რუსეთის საზღვართან ახლოს. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ რიგი ყოველდღიურად უფრო გრძელი ხდება. ტრაილერები (ავტოფურები) რამდენიმე დღეა დგანან და საზღვარზე გასვლის რიგს ელოდებიან - ეზიდებიან ავტოსათადარიგო ნაწილებს, სამრეწველო მასალებს, ქიმიკატებს, თვით ქაღალდსაც კი ჩაის ერთჯერადი პაკეტებისათვის. მათი „მოგზაურობა“ თურქეთში იწყება და რუსეთის ქალაქებში მთავრდება, სადაც დასავლური საქონელი სულ უფრო მეტი მოთხოვნილებით სარგებლობს.

უკრაინის ომმა მკვეთრად გაწყვიტა რუსეთ-ევროპის სავაჭრო კავშირები, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკამ მასში ასევე სწრაფად შეიტანა კორექტივები - იპოვა პროდუქციის იმპორტის  ალტერნატიული გზები. საქართველო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 3,6 მილიონი მცხოვრებით, რომელსაც რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში ომი ჰქონდა - ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთის გარესამყაროსთან დამაკავშირებელ მოხეხებულ ლოჯისტიკურ არხად გადაიქცა.

ტვირთების მოცულობის მკვეთრი ზრდა ფურების მძღოლებისათვის და გადამზიდი კომპანიებისათვის სიკეთის მომტანი აღმოჩნდა - მაგალითად, მურმან ნაკაშიძისათვის, 48 წლის ქართველისათვის, პატარა სატრანსპორტო კომპანიის მფლობელისათვის ოთხი სატვირთო ავტომანქანით, რომლებსაც ტვირთები თურქეთიდან რუსეთში გადააქვთ - ყველაფერი, დაწყებული ელექტრონიკიდან დამთავრებული სამშენებლო მასალებით. მას შემდეგ, რაც ბევრმა ევროპულმა კომპანიამ მოსკოვთან ვაჭრობა შეწყვიტა უკრაინის ომთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, ან სანქციების გამო - მურმან ნაკაშიძის ბიზნესმა აყვავება დაიწყო.

მისი მობილური ტელეფონი გამუდმებით რეკავს: სთხოვენ, რომ ტვირთები რუსეთში გადაუტანოს, გაზრდილი ფასების მიუხედავად. „ბევრისთვის ეს მართლაც ომია, ბევრისთვის კი მოგების წყარო“, - ამბობს მურმან ნაკაშიძე და იქვე ამატებს - „ეს ჩვენთვისაც კარგია, ჩვენი ეკონომიკისათვის, მაგრამ სხვებისთვის ცუდია“.

რუსეთს უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შტორმის გადატანის საქმეში ძალიან დაეხმარა საქონლის იმპორტი საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროდუქცია დეფიციტური გახდა და დასავლურმა კომპანიები რუსული ბაზარი დატოვეს, მოსკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2022 წელს სულ რაღაც 3%-ით შემცირდა.

მართალია, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები „ნისლით არის მოცული“, მაგრამ აშკარაა, რომ ზოგიერთი ექსპერტ-ეკონომისტის პროგნოზი არ გამართლდა - რუსეთის სრული კრახი, დასავლური სანქციების გავლენით, არ მომხდარა.

ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ „გარეუბანში“, კავკასიაში მდებარე საქართველოს ტერიტორია ყველაზე სწრაფი და მოხერხებული სახმელეთო-სატრანზიტო მარშრუტია თურქეთისაკენ და ევროპისაკენ, რომელიც, ბუნებრივია, რუსეთისათვის დასავლეთთან ერთ-ერთ ძირითად სავაჭრო გზად იქცა.

საქართველოს წამყვანი ბანკის - TBC Capital-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა და მათმა უდიდესმა ნაწილმა საქართველოს გზებზე გაიარა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემების მიხედვით, დეკემბერში სატვირთო ავტომობილების რიგი, რომლებიც რუსეთის საზღვართან გზატკეცილზე იყვნენ ჩამწკრივებულები, ორჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. დღეს ავტოფურების ნაკადი იმდენად დიდია, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მათ გატარებას ვერ ასწრებს.

„ამჟამად აქ ყველაა შეკრებილი - ბელარუსები, ყაზახები, უზბეკები... - რომლებიც ადრე არ იყვნენ“, - ამბობს 60 წლის მძღოლი ალიკ ოჰანესიანი, რომელიც მანქანის ძრავას ჩაჰკირკიტებს რიგის მოლოდინში. ზოგჯერ მძღოლებს იმდენი ხნის ცდა უწევთ, რომ [რუსეთში] გადასატანი სწრაფფუჭებადი ტვირთი გადასაყრელი ხდება.

რუსეთის საბაჟო სამსახური [ზემო ლარსში] უკვე მუშაობს ტვირთების მომსახურე ზონების გაფართოებაზე, საქართველოში კი 5-კილომეტრიან გვირაბს აშენებენ გზატკეცილის ყველაზე პრობლემური ადგილის გვერდის ახვევის მიზნით, რომელიც ხშირად არის ხოლმე ზვავებით ჩახერგილი.

ავტომანქანების რიგი ხშირად ისეთი გრძელია, რომ მათი მწკრივი თბილისიდან იწყება. სატვირთოები გზის ნაპირზე დგანან, მძღოლები კი, სანამ რიგი მოუწევთ, თვლემენ. მოძრაობას პოლიციის პატრული აკონტროლებს. რა თქმა უნდა, რიგი უწყვეტი არ არის - მთიან გზაზე არის ისეთი ადგილები, სადაც ავტომანქანების გაჩერება არ შეიძლება. როგორც კი ავტოფურა საზღვარს მიუახლოვდება, მძღოლებს გასასვლელი ნომერი ეძლევათ, რომელიც ადგილის გარანტიას იძლევა.

არის შემთხვევები, რომ დიდი ხნის დგომა მძღოლებს არ აწყობთ და ასეთ მომენტებში ისინი რუსეთში აზერბაიჯანის გავლით მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ გზა და დრო რამდენიმე დღით იზრდება.

შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ევროპული ტვირთების რომელი ნაწილია აკრძალული (სანქციადადებული) ევროკავშირის მიერ, თუმცა ქვეყნის გადაქცევა რუსეთთან ვაჭრობის საკვანძო რგოლად ხაზს უსვამს იმასაც, რომ აქ შეიძლება სანქციების დაცვის მხრივ რაღაც პოტენციური ხარვეზი არსებობდეს.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის მკაცრად იცავს დასავლურ სანქციებს და რომ ბევრი ტვირთის გატარებაზე კომპანიებს უარი ეთქვათ. მაგრამ მმართველი პარტიის ოპონენტები პარლამენტში ამბობენ, რომ საქონელი და ფული საზღვარზე მეტწილდ დაუბრკოლებლად გადის. ეს შემთხვევა იმას აჩვენებს, თუ როგორ აძლევენ ნებას მესამე ქვეყნები იმ სახელმწიფოებს, რომელთა წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, გვერდი აუარონ სავჭრო შეზღუდვებს, - ამბობს მარია შაგინა, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

„საქართველო წინასწორობის დაცვას (ბალანსირებას) ცდილობს ოფიციალურ პროდასავლურ ორიენტაციასა და რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას შორის“, - აღნიშნავს მარია შაგინა სატელეფონო ინტერვიუში. მისი თქმით, ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ შეიძლება საქართველოს სანქციების  გამოყენების სურვილი და უნარი გაუქროს. „ამ მხრივ საქართველო ძალიან ვიწრო სივრცეში იმყოფება“.

„იმ დროს, როცა რუსეთი თვითონ აწარმოებს საკუთარი საჭიროებისათვის სურსათის მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო აზიიდან სამომახმარებლო საქონელს იღებს, საქართველოს მარშრუტი მოსკოვს იმ დასავლური პროდუქციისა და ნედლეულის მიღებაში ეხმარება, რომლებიც ქარხნებისთვისაა განკუთვნილი“, - განმარტავს ივან ფედიაკოვი, რუსული ბაზრის კონსალტინგური კომპანიის InfoLine-ს ხელმძღვანელი, რომელიც რიგ ფირმებს კონსულტაციას უწევს არსებული შეზღუდვების დაძლევა-გადატანაში.

„დღეს მთავარი პრობლემა სამრეწველო პროდუქციის გადაზიდვაშია“, - ხაზს უსვამს ექსპერტი. ივან ფედიაკოვის თქმით, მაგალითად, რუსეთი თავისთვის საკმარის ჩაის ამზადებს [ან სხვა ქვეყნებიდან შეაქვს], მაგრამ მას არ აქვს ჩაის პაკეტებისთვის საჭირო ქაღალდი, რომლის  იმპორტი ადრე ხდებოდა. აპრილში ევროკავშირმა ამ ქაღალდის ექსპორტი რუსეთში აკრძალა და რუსული კომპანიები, ქარხნები იძულებულნი გახდნენ ალტერნატივა თურქეთში და ჩინეთში მოეძებნათ. საქართველოს გავლით ჩაისთვის საჭირო ქაღალდი სწრაფად იქნა მიტანილი რუსეთში, - ამბობს ივან ფედიაკოვი, - ამით ქარხნებმა თავის გადარჩენა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლეს“.

როგორც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, მაისიდან რუსეთმა 20 მილიარდზე მეტი თანხის საქონელი მიიღო ე.წ. პარალელური იმპორტის სახით. სხვათა შორის, ეს ისეთი იმპორტია, როცა პროდუქცია ქვეყანაში მწარმოებელი (სავაჭრო ნიშნის მფლობელი) კომპანიის ნებართვის გარეშე შედის. ტვირთების დიდი ნაწილი ავტომობილებისა და ქარხნებისათვის საჭირო მოწყობილობისაგან შედგება.

მთლიანობაში, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დასასრულისათვის რუსეთმა თითქმის აღადგინა იმპორტის ომამდელი დონე, შესაბამისად, გაფართოვდა შემოსავლების ძირითადი წყარო - საბაჟო გადასახადები.

ალექსანდრე დავითიძე, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის წევრები არ გადაიტანენ იმ ტვირთებს რუსეთში, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მცირე კომპანიებმა ასეთი ნაბიჯი გადადგან. მისი თქმით, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ მან ელექტრონული ფოსტით რუსული კომპანიებისა და კერძო პირებისაგან შეტყობინებები მიიღო, რუსეთში სხვადასხვა პროდუქციის გადაზიდვაში დახმარების თხოვნით.

„ამჟამად ასეთ შეტყობინებებს უკვე იშვიათად ვიღებ“, - ამბობს ალექსანდრე დავითიძე საუბრის დროს, - ეს ნიშნავს, რომ მათ ან სხვა კომპანია მოძებნეს, ან საკუთარი შექმნეს“.

რუსეთთან ეკონომიკურმა თანამშრომლობამ, რომლის არმიას საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილი აქვს ოკუპირებული 2008 წლის ომის შედეგად, ბევრი ქართველი გააღიზიანა.

„ჩვენმა მთავრობამ ძირითადად შუალედური მდგომარეობა აირჩია“, - ამბობს გიორგი ონიანი, გლობალური ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის თბილისის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი, - „მაგრამ მათგან ზოგიერთები რუსეთთან და კრემლთან თავს ახლოს გრძნობენ“.

ეკონომისტების განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვის ასეთ ძლიერ იმპულსს მთავრობა და ბიზნესი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

„როცა [მთავრობას] მტკიცე პოლიტიკური პოზიცია არ აქვს, ამ დროს, უმეტეს შემთხვევებში, ბიზნესი ყოველთვის შემოსავლის წყაროებს ეძებს“, - ამბობს გიორგი მჟავანაძე, TBC Capital-ის უფროსი იურისტი, - „თურქული და რუსული ბიზნესი საქართველოს სტარანზიტო  ქვეყნად იყენებენ, ჩვენ კი მათ არ ვსჯით“.

საქართველოს ყველაზე დიდი ფოთის საზღვაო ნავსადგური ამჟამად ფართოვდება, რაც  მას შესაძლებლობას მისცემს დიდი გემები მიიღოს და ტვირთების მომსახურება ორჯერ გაზარდოს. „პროექტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის წინ დაიწყო, დღეს უფრო სწორ გადაწყვეტილებად ჩანს, ვიდრე ეს ადრე მიაჩნდათ“, - აღნიშნავს იენს როულინსონი, ნიდერლანდური კომპანიის APM Terminal-ის კომერციული დირექტორი. მისი თქმით, პორტის გავლით გადაზიდვებმა მკვეთრად მოიმატა.

თვითონ APM Terminal-მა, უკრაინის ომის დაწყების გამო, რუსეთთან საქმიანი კავშირები გაწყვიტა, ამიტომ საით მიდის ფოთის პორტიდან ტვირთები, კომპანია ამას ვერ აკონტროლებს. ზოგადად კი, იენს როულინსონის თქმით, ტვირთების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უფრო ცენტრალური აზიისათვის არის განკუთვნილი, ვიდრე რუსეთისათვის.

რაც შეეხება მურმან ნაკაშიძეს, ქართული სატრანსპორტო მცირე კომპანიის მფლობელს, მას თავისი ფირმის გაფართოება სურს, მაგრამ ვერ ახერხებს მეტი მძღოლების მიღებას, რადგან დღეს შორი ტვირთების გადამტან მძღოლებზე დიდი მოთხოვნაა. „გარდა ამისა, მათ დიდი ხელფასები უნდათ“, - განმარტავს მურმანი.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/01/13/world/europe/georgia-russia-cargo-border.html?searchResultPosition=3

 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way