USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
«The Economist»: „იმ დროს, როცა უკრაინელი კაცები მტერს ებრძვიან, ქალები ზურგში მუშაობენ“
Date:  790

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვყნებს სტატიას სათაურით „იმ დროს, როცა უკრაინელი მამაკაცები მტერს ებრძვიან, ქალები ზურგში მუშაობენ“. პუბლიკაციაში გადმოცემულია ერთ-ერთი უკრაინელი ქალის ცხოვრება საომარ პერიოდში, პარალელურად განხილულია უკრაინის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: უმუშევრობისა და დასაქმების დონე, ქალთა მდგომარეობა ომის დროს, მათი შრომითი პირობები და ა.შ.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

49 წლის ოქსანას ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ომმა ქმრისა და ვაჟის სიცოცხლე შეიწირა - ისინი ტერნოვკაში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში ცხოვრობდნენ და რუსული არტილერიის დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ტერნოვკა ამჟამად ნაწილობრივ დანგრეულია. ოქსანა, რომელიც ომამდე ცეკვის მასწავლებელი იყო, ჯერ პოლონეთში იმყოფებოდა ლტოლვილად, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. ნაცნობებმა უთხრეს, რომ  ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია მუშებს ეძებსო და მან მიწის ქვეშ, მეშახტედ დაიწყო მუშაობა. ერთი მხრივ, კარგი ჯამაგირია, მეორე მხრივ, პენსიაც მაღალი იქნება. „მუშაობა ჩემს უბედურებას დროებით მავიწყებს“, - ამბობს ოქსანა.

ომმა მილიონობით უკრაინელის ცხოვრება მკვეთრად შეცვალა. რა თქმა უნდა, შეიცვალა შრომა-დასაქმების ბაზარიც. 4,8 მილიონმა ადამიანმა სამსახური უეცრად დაკარგა. უმუშევრობის დონემ 2022 წლის გაზაფხულზე 30%-ს მიაღწია, თუმცა დღეისათვის უკვე თითქმის 18%-მდეა შემცირებული. ამის მიზეზი რამდენიმეა: მამაკაცების უმრავლესობა ფრონტზე იბრძვის, უმუშევარი ქალები კი საზღვარგარეთ ლტოლვილების სტატუსით არიან წასულნი, ხოლო ვინც უკრაინაში დარჩნენ, მათ ქარხნებში, ფაბრიკებში და მაღაროებში კაცები ჩაანაცვლეს. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, შრომის უნარიანი უკრაინელების 17%-მა პროფესია შეიცვალა. ომში უკვე, სულ ცოტა, 70 ათასი უკრაინელი დაიღუპა და 120 ათასამდე დაიჭრა. რაც მეტ მამაკაცს იწვევენ ჯარში, მით მეტ ადგილს იკავებენ ქალები იმ სფეროებში, სადაც ადრე, ტრადიციულად, მხოლოდ ძლიერი სქესი მუშაობდა.

ომის დროს  ზუსტი მონაცემების შეგროვება რთულია, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ დღეს უკრაინის შერყეულ ეკონომიკის განმტკიცება ძირითადად ქალების ზურგზე გადადის. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის იულია სიდორენკოს თქმით, ამჟამად უკრაინაში დარეგისტრირებულია 36 ათასი მცირე და საშუალო კომპანია, რომელთაგან 51 პროცენტს ქალები ხელმძღვანელობენ. სულ უფრო მეტი ქალი იწყებს მუშაობას მრეწველობაში, მშენებლობისა და სამთო-მომპოვებელ სფეროებში: „რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას უფრო მკაფიოდ მაშინ დავინახავთ, როცა ომი დასრულდება და რეკონსტრუქცია დაიწყება“.

უახლოეს წლებში უკრაინას ექიმებისა და ფსიქიატრების მტელი არმია დაჭირდება, რომლებმაც ომისაგან დასახიჩრებულ და ტრამვამიღებულ, დავრდომილ ვეტერანებს უნდა უმკურნალოს და მოუაროს. რასაკვირველია, მკურნალი ექიმებიდან ბევრი ქალი იქნება. ისინი, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ომის შემდგომ ეკონომიკის აღდგენაშიც.

ტერნოვკის ქვანახშირის შახტში, საიდანაც 600 მამაკაცი ფრონტზე გაიწვიეს, მათი ადგილი ქალებმა ჩაანაცვლეს. მართალია, კომპანიაში ქალები ადრეც უშაობდნენ, მაგრამ არცერთი არ იყო მიწის ქვეშ დასაქმებული, დღეს კი ისინი რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე ლენტურ კონვეიერებს მართავენ, მიწისქვეშა ლიფტებს აკონტროლებენ.

ქვანახშირის მოპოვება უმძიმესი და დამქანცველი საქმეა, ომმა კი კიდევ უფრო სახიფათო გახადა. გასულ ზამთარში, როცა ელექტროენერგია ითიშებოდა, მეშახტეებს ჯერ ფეხით კილომეტრების გავლა,   შემდეგ კი ავარიული კიბით 600 მეტრი სიღრმიდან მიწის ზედაპირზე ამოსვლა უხდებოდათ. ახლა უკვე დიზელ-გენერატორების მეშვეობით შედარებით მეტი უსაფრთხოების დონეა შენარჩუნებული.

უკრაინას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში. თუ 1990 წელს მრეწველობაში, კაცებთან ერთად, ქალების 54% იყო დასაქმებული, ომამდე მათი რაოდენობა 48%-ით შემცირდა. 1992-2022 წლებში ქალები ძირითადად მუშაობდნენ აღზრდა-განათლების, ტურიზმისა და სხვა „მსუბუქ“ სფეროებში, სადაც ხელფასები „მამაკაცურ სამუშაოებთან“ შედარებით დაბალი იყო. მხოლოდ 2017 წელს გაუქმდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიღებული კანონი, რომლითაც ქალებს 450 „კაცური“ პროფესიის შესწავლა და მუშაობა ეკრძალებოდათ (მაგალითად, ქალისთვის აკრძალული იყო სატვირთო ავტომობილის მძღოლისა და შემდუღებლის სპეციალობა).

თუმცა გარკვეული სტერეოტიპები მაინც შენარჩუნებულია: „ჩემი აზრით, ქალები შახტში არ უნდა მუშაობდნენ, მათ თავიანთი უნარები უფრო სხვა სფეროებში უნდა გამოავლინონ“, - ამბობს ტერნოვკის ქვანახშირის შახტის უფროსი იგორ ზაბელინი, - ქალისთვის პრიორიტეტი ოჯახისა და სახლის მოვლა უნდა იყოს“. ამასთან, იგი აღიარებს, რომ დღეისათვის შახტს სხვა გამოსავალი არ აქვს, ქალების დასაქმება გარდაუვალი ხდება. მწარე რეალობაა ის, რომ ალბათ, ბევრი ყოფილი მეშახტე ფრონტიდან ვერ დაბრუნდება და ვინც ომს გადაურჩება, მათგანაც ბევრი დაჭრილი იქნება და მიწის ქვეშ მუშაობას ვერ შეძლებს.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/11/12/as-ukrainian-men-head-off-to-fight-women-take-up-their-jobs

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way