USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა ეცემა, ამიტომ პრეზიდენტი, მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების გზით, ხელისუფლების კონცენტრირებას ცდილობს“
Date:  197

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) უკრაინის მთავრობაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა ეცემა, ამიტომ პრეზიდენტი, მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების გზით, ხელისუფლების კონცენტრირებას ცდილობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის პარლამენტს სპეციალური სხდომის ჩატარება მოუხდა მინისტრთა მოულოდნელი გადადგომების განსახილველად. ეს იყო ომის პირობებში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ჩაფიქრებული და რეალიზებული მცირე შოუ, რომ იგი მსოფლიო პრესის სათაურებში მოხვედრილიყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრებმაც კი ფაქტიურად სასაცილოდ აიგდეს: ზოგიერთი მინისტრის მიმართ ნდობის ვოტუმი დადასტურდა, პარლამენტმა მათი გადადგომა არ დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს, აღმასრულებელი ხელისუფლება კი დისფუნქციას განიცდის.

იმ მინისტრებს შორის, რომლებიც გადადგომის დადასტურებას ელოდნენ, მძიმეწონიანებიც იყვნენ.: ორი ვიცე-პრემიერი - ირინა ვერეშუკი და ოლღა სტეფანიშინა, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა. უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი ალექსანდრე კამიშინი - ქარიზმატული პიროვნება, რომელსაც გრძელი თმები უკან, კუდის სახით აქვს შეკრული. გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეცი და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი ვიტალი კოვალი... და ყველაზე ცნობილი წამსვლელებიდან - დიმიტრი კულება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

განმარტა რა საკადრო გადაადგილებების მიზეზები, პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანას „ახალი სტრუქტურა ჭირდება“. რასაკვირველია, იგი ამჩნევდა იმას, თუ როგორ ეცემოდა როგორც პირადად პრეზიდენტის, ასევე მისი მთავრობის პოპულარობა, რაც ბოლო თვეებში ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებშიც ფიქსირდებოდა. იმდენად, რამდენადაც ომის დროს არჩევნები გაუქმებულია, ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, რომელიც პრეზიდენტს შეეძლო გამოეყენებინა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების შესაცვლელად.

რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შექმნილ ურთიერთობას: დაძაბულობა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას შორის 2022 წლიდან შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც მატულობდა. რუსეთთან ომის დაწყებამდე ორი მამაკაცის კარიერა გვერდი-გვერდ ვითარდებოდა: პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2019 წელს, „მოწყენილი სახის“ დიპლომატი „დავიწყების ნისლიდან“ გამოიყვანა და იგი ჯერ პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშნა, შემდეგ კი საგარეოპოლიტიკური უწყება ჩააბარა. სხვათა შორის, დმიტრო კულებამ, უნარიანმა კომუნიკატორმა, რომელიც სათვალეებით უფრო ჰარი პოტერს ჰგავდა, ვიდრე ჯონი ლენონს, მოდელიერ ვივიენ ვესტვუდის ჰალსტუხებში გამოწყობილმა, საკმაოდ დიდი პატივისცემა მოიპოვა უცხოელ დიპლომატებს შორის კიევში და დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში... მაგრამ საბოლოო ჯამში, დმიტრო კულებას მიერ გატარებული დიპლომატია, ზოგჯერ მკვეთრიც კი, ყოველთვის არ შეესაბამებოდა თავისი ბოსის - ვოლოდიმირ ზელენსკის უხეშ და ემოციურ რიტორიკას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომწიფდა აზრი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი „ხელების გასვრას“ თავს არიდებსო. „მას საქმის ბოლომდე მიყვანა არ უყვარს“, - ასეთი იყო საპრეზიდენტო ბლოკის დეპუტატთა ერთ-ერთი წონიანი წარმომადგენლის პოზიცია.

ინსაიდერების ვარაუდით, დმიტრო კულებას ბედი ჯერ კიდევ აპრილში გადაწყდა, როცა ანდრეი სიბიგა, რომელსაც, გავრცელებული ხმებით, მინისტრი უნდა ჩაენაცვლებინა, პრეზიდენტის ოფისიდან კულებას მოადგილედ გადაიყვანეს. პრეზიდენტთან ახლოს მდგომი რამდენიმე წყარო ვარაუდობს, რომ იმ დროს ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილის განხორციელებას ხელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეუშალა - ვაშინგტონმა კიევს ურჩია, რომ მსგავსი ფიქრებისთვის თავი დაენებებინა. ახლა კი, როცა აშშ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო ციებ-ცხელებით არის დაკავებული, კიევმა იდროვა და მთავრობაში საკადრო გადაადგილებების გეგმის რეალიზება დაიწყო.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული გავლენა გარკვეული დოზით მაინც იგრძნობა, მაგალითად, პრეზიდენტის მრჩეველ როსტისლავ შურმასთან მიმართებით, რომელიც კულისებში მოქმედებდა და საკმაოდ გავლენიანადაც, მაგრამ იმავდროულად წინააღმდეგობრივ პიროვნებას წარმოადგენს. მას უახლოეს ხანში ადმინისტრაციიდან გაუშვებენ და მის ფუნქციებს „კუდიანი“ ალექსანდრე კამიშინი (სტრატეგიული დარგების მინისტრი) შეასრულებს.

რასაკვირველია, მშვიდობიანობის დროს მინისტრის გადაყვანა პრეზიდენტის მრჩევლად შეიძლება დაქვეითებას ნიშნავდეს, მაგრამ ომის დროს, როცა ხშირად პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე მინისტრებისა, ანუ ალექსანდრე კამიშინის მრჩევლად დანიშვნა მის დაწინაურებას ნიშნავს.

ცხადია, ომის პერიოდის ხელისუფლების ცენტრალიზების გათვალისწინებით, მინისტრების გადაადგილებები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ვერც პოლიტიკაზე და ვერც საომარ ვითარებაზე, რომელიც ბოლო დროს უკრაინის აღმოსავლეთში სულ უფრო უარესდება. ამასთან, ზოგიერთი წყაროს აზრით, კიდევ უფრო ძლიერდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი: „მას ირგვლივ ბევრი ლოიალური ადამიანი ახვევია, მაგრამ ახლა თითქმის ყველა მის მიმართ ლოიალური იქნება“, - ამბობს იაროსლავ ჟელეზნიკი, ოპოზიციური დეპუტატი.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/09/04/as-his-popularity-fades-volodymyr-zelensky-culls-his-cabinet

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way