USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ვლადიმერ პუტინის სასარგებლო იდიოტები: ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთს არ უპირისპირდება“
თარიღი:  323

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინის სასარგებლო იდიოტები: ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთს არ უპირისპირდება“.

პუბლიკაციაში განხილულია ე.წ. „სასარგებლო იდიოტების“ საკითხი, რომელიც ცივი ომის დროინდელ ტერმინს წარმოადგენს და იმ პერიოდისთვის მასში იგულისხმებოდნენ კომუნიზმის უნებლიე მხარდამჭერები და მოკავშირეები. დღეისათვის „სასარგებლო იდიოტები“ სტატუსი ოდნავ შეცვლილია და მასში განსახიერებულები არიან ევროპელი და საერთოდ დასავლელი პოლიტიკოსები - „რუსეთის უნებლიე მომხრე-მოკავშირეები“. რა თქმა უნდა, სიტყვა „უნებლიე“ ამ შემთხვევაში პირობითია, რადგან თითოეული ადამიანი თავის მოქმედებას კარგად აცნობიერებს.

სტატიაში ჩამოთვლილია ის გერმანელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი სხვადასხვა პერიოდში, „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ სახელით, თავის სასარგებლოდ იყენებდა და ახლაც იყენებს - მაგალითად, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, რომელიც გადადგომის შემდეგ რუსეთის ენერგეტიკულ ბიზნესტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, თინო ხრუპალა - პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ თანათავმჯდომარე და ბუნდესტაგის დეპუტატი, რომელიც მუდმივად რუსეთის დროშის ფერების მქონე ჰალტუხს ატარებს, ეგონ კრენცი და სხვა რიგი პოლიტიკოსები.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ევროპაში და დასავლეთში „სასარგებლო იდიოტების“ სპექტრი ფართოდაა წარმოადგენილი. ისინი უკიდურესად მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების წევრები არიან და მათი აზრები ბევრ საკითხში რადიკალურად განსხვავდებიან, მაგრამ უკრაინის მიმართ ისინი ხშირად ხმაშეწყობილად გამოდიან და რუსეთისათვის სასარგებლო პოზიციას გამოხატავენ -  ცეცხლის დაუყონებლივი შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებით, რითაც ისინი კრემლს უკრაინის მიწებით ფაქტიურად აჯილდოებენ. ასეთი ე.წ. „ინტელექტუალები“ მასმედიაში და აკადემიურ წრეებში გამოდიან და უარყოფენ რუსეთის იმპერიულ ზრახვებს, ამართლებენ კრემლის აგრესიულობას, „ცრემლებს ღვრიან“ რუსეთის ევროპული პოლიტიკისაგან ჩამოშორებაზე და რუსეთ-უკრაინის ომს „აშშ-სა და რუსეთს შორის ომად“ წარმოსახავენ, ზოგიერთი კი უფრო შორს მიდის და მას „აშშ-ჩინეთის ომად“ ნათლავს. შეიძლება ითქვას, რომ დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთს ასეთი „მეგობრები“ ძველებურად ბევრი ჰყავს.

ვლადიმერ პუტინს მხარდამჭერები ევროპის რამდენიმე მთავრობის შემადგენლობაში ჰყავს, თვით პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე 2010 წლიდან, ამ მხრივ ყველაზე აშკარა „სასარგებლო იდიოტია“. ამ პოპულისტ პოლიტიკოსს დასავლეთი არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული უკრაინის პერმანენტული მხარდაჭერის გამო და ეწინააღმდეგენა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების რეალიზებას, სიამოვნებით იყენებს რუსულ იაფფასიან გაზს. მისი მთავრობა ასევე ეწინააღმდეგება უკრაინისათვის იარაღის ტრანზიტით მიწოდებას. უნგრეთის მეზობელი ავსტრიის მთავრობა, სარგებლობს რა ნეიტრალიტეტით და ნატოს არაწევრი ქვეყნის სტატუსით, თავის თავს „დასავლეთისა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელ ხიდს“ უწოდებს და კარგად ვაჭრობს უკრაინასთანაც და უფრო უკეთესად - რუსეთთან.

საბერძნეთი, ევროკავშირის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ანტირუსულ სანქციებს იცავს, მაგრამ უარს აცხადებს და არ ემხრობა არსებული სანქციების გამკაცრებას, მაგალითად, რუსული ნავთობის იმპორტის  აკრძალვას - ალბათ, იმიტომ, რომ გავლენიანი ბერძნული კომპანიები დიდ შემოსავალს იღებენ. სხვათა შორის, საბერძნეთის მსგავს ლოიალურ პოლიტიკას ატარებს კვიპროსიც, რომელიც ოფშორული ფინანსური ნავსაყუდელის სახელით სარგებლობს და რომელმაც მხოლოდ ახლახანს, ისიც აშშ-ის ზეწოლით, რუს ბიზნესმენებს ადგილობრივ ბანკებში გახსნილი 4 ათასამდე ანგარიში დაუხურა.

რაც შეეხება სერბეთს და თურქეთს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან და ამ მხრივ ისინი შეზღუდულები არ არიან ევროპული სანქციების დაცვით, არც კი მალავენ იმას, რომ რუსეთთან მომგებიანად ვაჭრობენ, სიამოვნებით სარგებლობენ ყველანაირი „შავი ხვრელებით“ და რუსეთსაც შემოსავლებს უზრდიან.

ზოგიერთმა სახელმწიფომ ერთი შეხედვით თითქოსდა კეთილშობილური განზრახვები ისეთ პოლიტიკურ საქმიანობად გადააქცია, რომლებიც ვლადიმერ პუტინის გულს ათბობს. მაგალითად, შვეიცარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ჩუმად გამოიყენა ადგილობრივი კანონები და უკრაინისათვის იარაღის მიწოდება დაბლოკა, მაგალითად, ანგარიში გაუყინა ერთ-ერთი შვეიცარიულ კომპანიას, რომელმაც იტალიის არმიის კუთვნილი 96 ტანკი „ლეოპარდი“ უკრაინისათვის შეიძინა.

შვედეთიც უნებლიედ თუ ნებით ასრულებს რუსეთის ხელშემწყობის როლს. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ შვედეთის მთავრობის მიერ „საკუთარ კარში გატანილი გოლი“, რომელიც, ხელმძღვანელობდა რა სიტყვის თავისუფლების პრინციპით, ამას წინათ უფლება მისცა თავის მოქალაქეს საჯაროდ დაეწვა მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი, რითაც საშინლად გააბრაზა თურქეთი, რომლის მოსახლეობა ძირითადად ისლამურია და რომელსაც ვეტოს უფლება აქვს შვედეთის ნატოში მიღების საკითხში. გამოდის, რომ შვედეთმა თავისი მოქმედებით - ასეთი „ავტოგოლებით“ ზიანი საკუთარ თავს მიაყენა. სხვათა შორის, შვედები თვითონ ვლადიმერ პუტინმაც სიამოვნებით დატროლა: ამას წინათ დაღესტანში ყოფნის დროს მან მონაწილეობა მიიღო ყურბან-ბაირამის დღესასწაულის ზეიმში, თვითონ გადაიღო ვიდეო და აჩვენა, თუ როგორ მოწიწებით უნდა მოეპყროს ადამიანი ყურანს, რომელიც, რუსეთის კანონმდებლობით, სიწმინდედ ითვლება და მისი შებღალვა დანაშაულს წარმოადგენს.

მაგრამ ისე ჩანს, რომ უკრაინის ინტერესების დამცველი ევროკავშირის მტკიცე კედლის შემადგენელი „აგურებიც კი შეიძლება ჩამოცვივდნენ“: სლოვაკეთი, მაგალითად, უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია და დასავლური დახმარების ტრანზიტული სახელმწიფოს წარმოადგენს. გარდა ამისა, ბრატისლავამ ამას წინათ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს საბჭოური 19 ავიაგამანადგურებელი „მიგ-29“ გადასცა... მაგრამ, როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, არ არის გამორიცხული, რომ სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, მემარცხენე რუსოფილის რობერტ ფიცოს პარტიამ გაიმარჯვოს, რომელმაც უკრაინელი „ფაშისტი“ პოლიტიკოსები რუსეთის პროვოცირებაში დაადანაშაულა - კრემლი თქვენ თვითონვე აიძულეთ, რომ შემოჭრილიყოო.

საფრანგეთი ხომ ნატოშიც და ევროკავშირშიც ერთ-ერთ საყრდენ-ღერძად ითვლება, მაგრამ იქაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს რუსეთს უჭერენ. მაგალიტად, ამას წინათ ფრანგულმა საპარლამენტო კომისიამ მარინ ლი პენი - გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის მთავარი მოწინააღმდეგე - რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო გააკრიტიკა. მადამ ლი პენი მუდმივად იმეორებდა რუსულ ნარატივს ყირიმის ანექსიის შესახებ და ამიტომ, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მისმა პარტიამ კრემლისაგან 9 მილიონი ევრო მიიღო (ინ ბანკებში, რომლებზეც რუსეთს გავლენა აქვს და აკონტროლებს). მართალია, მარინ ლი პენმა დაგმო რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ გასული წლის ოქტომბერში, ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, მან განაცხადა, რომ დასავლეთის ანტირუსული სანქციები კრემლზე არანაირ გავლენას არ ახდენს, [ანუ მისი პროგნოზი გამართლდა].

იტალიის კოალიციურ მთავრობას უკიდურესი მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ხელმძღვანელობს, იგი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერად ითვლება, მაგრამ იმავე კოალიციურ მთავრობაში შედის აგრეთვე იტალიის სიდიდით მეორე პარტია, მატეო სალვინის ლიდერობით, რომელიც ანტირუსულ სანქციებს მხარს არ უჭერს და რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე (და შეიძლება ახლაც) ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელად ითვლებოდა.

გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი, ევროკავშირისა და ნატოს ძლიერ საყრდენს წარმოადგენს. და მაინც, ამის მიუხედავად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელსაც ბუნდესტაგშიც ჰყავს დეპუტატები და რომელსაც ქვეყნის შიდა სადაზვერვო სამსახურის BND-ის (Bundesnachrichtendienst) უფროსმა ბრუნო კალმა რუსული ნარატივების პროპაგანდისტი უწოდა, გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობაში სულ უფრო პოპულარული ხდება (მას მხარს უჭერს ელექტორატის 30%). ამჟამად „ატერნატივა გერმანიისათვის“ პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს  მმართველი სოციალ-დემოკრატების შემდეგ. პარტიის ლიდერია ძალზე მომხიბლავი და ტელეგენური მემარცხენე პოლიტიკოსი სარა ვაგენკნეხტი,, რომელიც ომის სწრაფი დამთავრების მომხრეა, თუნდაც ის უკრაინას ძვირად დაუჯდეს. მარტალია, გერმანიის მოსახლეობა ჯერ კიდევ მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარებას, მაგრამ ტენდენცია მომხრეთა რაოდენობის შემცირებას აჩვენებს.

„სასარგებლო იდიოტთა“ მიერ მოყოლილი „ზღაპრები“ საკმაოდ სიცოცხლისუნარიანნი არიან. მათი ძირითადი თეზისები ასეთია: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება თვითონ ნატომ მოახდინა; უკრაინა საერთოდ, ხელოვნურ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელიც ისტორიულად რუსეთის ნაწილია; ომის გაგრძელება წყალს აშშ-ის წისქვილზე ასხამს და თავის მხრივ, ვაშინგტონიც ცეცხლზე ნავთს უმატებს - თავისი გლობალური ჰეგემონიის გაძლიერებისა და რუსეთის დასუსტების მიზნით და ა.შ. ეს თეზისები სხვადასხვანაირი სახით ვრცელდება, მაგრამ არსი ერთნაირი აქვთ. ერთ-ერთი, მაგალითად, ასე ჟღერს: 1999 წელს ნატო თავს დაესხა სერბეთს, ხოლო 2011 წელს - ლიბიას. და თუ აშშ-ის არმია შეიჭრა ერაყის სუვერენულ სახელმწიფოში და ავღანეთში, განა ისეთი რა განსაკუთრებული მოვლენა მოხდა რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრით? კიდევ ერთ ვერსიას წარმოშობის „შიდა ისტორია“ აქვს: კრიზისის ფარული მიზანია მომზადდეს ნიადაგი სამომავლოდ, რათა „ევროკავშირი საბოლოოდ ნატოს ქუსლის ქვეშ აღმოჩნდეს“.

თუმცა ის, რაც ერთმანეთთან უკიდურესად მემარჯვნეებს, მემარცხეენებს და „ევროპის ინტელექტუალურ“ ოპოზიციას აკავშირებთ, ეს ბევრად უფრო მარტივია: ეს არის ცივი ომის დროინდელი ანტიამერიკანიზმი, გადმონაშთის სახით. მემარჯვენე თინო ხრუპალა, რომელიც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაშია დაბადებულ-გაზრდილი, ამტკიცებს, რომ უკრაინის ომით ამერიკა სარგებლობს, რომელმაც გერმანია იაფი რუსული „მილსადენური“ გაზიდან ძვირ ამერიკულ თხევად „ტანკერულ“ გაზზე გადაიყვანა: „ეს ჩვენთვის ხაფანგია - იმიტომ, რომ იმპორტირებული ამერიკული გაზი ძალიან ძვირი ჯდება: გერმანელები იძულებულნი გახდებიან თავიანთი ბიზნესი ამერიკაში გადაიტანონ“. ფრაუ სარა ვაგენკნეხტი, მისი მემარცხენე ოპონენტი თვლის, რომ ომი აშშ-ის პოლიტიკის შედეგია, რუსეთს თავს მოახვია ვაშინგტონმა, რომელიც ცდილობს უკრაინა თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს.

ბერლინში ამას წინათ გამართულ პოლიტიკურ მიტინგზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „მშვიდობის მომხრეების“ წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც მთავრობის მისამართით გაჰყვიროდნენ - „ომის გამჩაღებლები ხართო“. ოლაფმა, რომელიც ჩვეულებრივად თავაზიანი და აუღელვებელია ხოლმე, მიკროფონი აიღო და ყველას გასაგონად განაცხადა - „სწორედ რუსეთს სურს უკრაინის დაპყრობა და განადგურება... თქვენ, მყვირალებს, ცოტა ტვინი რომ მაინც გქონდეთ, გაიგებდით, თუ ვინაა ომის ნამდვილი გამჩაღებელი - ვლადიმერ პუტინი“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/07/03/-vladimir-putins-useful-idiots

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.