„დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება აღარ სურს. ისინი მდიდრულ რაიონებში ცხოვრებას კარგად ითვისებენ, მაგრამ ქვეყანაში მათი მუდმივი ცხოვრება მთავრობის გეგმებში არ შედის“, - ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს“.
დიდი ბრიტანეთის უკრაინულ საკვირაო სკოლებში, როცა გაკვეთილები მთავრდება, ბავშვებს ყველგან ისე ხვდებიან, როგორც ეს ნებისმიერ ბრიტანულ სკოლაში ხდება, თუმცა ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში ცოტა განსხვავება შეიმჩნევა - მშობლების უმეტესობა ქალია, ხოლო მამაკაცებს შორის ომის ხეიბრები (ინვალიდები) გამოირჩევიან. რომლებთაც კიდურები მოკვეთილი აქვთ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევითი ცენტრის მონაცმებით, ამჟამად დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 40 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებმაც იქ თავშესაფარი 2022 წლის შემდეგ ჰპოვეს. უკრაინელები სწრაფად ეჩვევიან მათთვის უცხო სახელმწიფოში ცხოვრებას. მათ ბევრი ეროვნული სტრუქტურები და ორგანიზაციები შექმნეს - მაგალითად, სკოლები, სადაც უკრაინულ ენას ასწავლიან, არსებობს ბიბლიოთეკები და სხვადასხვა ორგანიზაციების ქსელი. კონფორტის შეგრძნების ზრდა, რასაკვირველია, მათი და ბრიტანელთა დამსახურებაა, თუმცა საკითხს ობიექტურად თუ შევხედავთ, უკრაინელთა დიდ ბრიტანეთში ცხოვრება მთავრობისათვის პრობლემებს ქმნის.
ვიდეოპროდიუსერი ანასტასია საჩკოვა უკრაინიდან, თავის გოგონასთან ერთად, ომის დაწყებისთანავე გაიქცა. იგი ბრიტანელმა წყვილმა შეიფარა. თავშესაფრის სხვა უცხოელი მთხოვნელებისაგან განსხვავებით, რომლებიც, ჩვეულებრივად, სასტუმროებში ცხოვრობენ, მთავრობამ უკრაინელებს ქვეყანაში ცხოვრების ნება დართო, თუ მათ ბრიტანეთის მოქალაქეები გარკვეული ხნით თავიანთ სახლებში ყოფნას პირდებოდნენ, ვთქვათ, 6 თვით ან მეტი ხნით. ანასტასია საჩკოვა კარგი ურთიერთობა აქვს მასპინძლებთან და თავის სამსახურს უკრაინაში დისტანციურად აგრძელებს. იგი ადრე კიევში დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ რაც დრო გადის, დაბრუნების შესაძლებლობა სულ უფრო არარეალური ხდება.
მამაკაცებს უკრაინიდან გასვლა მხოლოდ იმ სემთხვევაში აქვთ ნებადართული, თუ ისინი უკვე მოხუცები არიან, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელო აქვთ, ან მათ კმაყოფაზე სამზე მეტი ბავშვია. როგორც გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, უკრაინიდან წასული მამაკაცების (მიგრანტების) 80 პროცენტს რატომღაც სამე3ცნიერო წოდებები აქვთ და როგორც წესი, ისინი დიდი ბრიტანეთის მდიდრულ რეგიონებში ცხოვვრობენ. ლონდონის რიჩმონდის რაიონში 1000-მდე უკრაინელი ცხოვრობს, რომლებთაც მტავრობა მნიშვნელოვანი მოცულობის დახმარებას აძლევს. მათ ასევე ნებადართული აქვთ მუშაობა და ბევრი ასეც აკეთებს. მაგალითად, იმავე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო წოდების მქონე მოქალაქე ჭურჭელს რეცხავს, თუმცა ეს უფრო გამონალისია, ვიდრე კანონზომიერი მოვლენა. უკრაინელტა უმეტესობა, რომლებიც ინგლისურ ენას კარგად ფლობენ, კარიერულ კიბეზე აღმასვლას ახერხებენ, წარმატებას აღწევენ ბიზნესშიც.
სულ უფრო მეტი უკრაინელი თავის ბედს სამუდამოდ უკავშირებს დიდ ბრიტანეთს. გამოკვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ სად აირჩევენ ცხოვრებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, გასული წლის აპრილში 52% პასუხობდა, რომ დიდ ბრიტანეთში, ახლა კი მათმა რაოდენობამ, ვისთვისაც ბრიტანეთში ცხოვრება უპირატესია, 68%-მდე მოიმატა. მიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოში აღარ ბრუნდება. „ცვენ აქაურ საზოგადოებაში უკვე ინტეგრირებულები ვართ. ჩვენი ბავშვები სკოლაში დადიან, ზოგიერთებს უკვე აქაური შეყვარებულები ჰყავთ და აქ გათხოვება-ქორწინებას აპირებენ“, - ამბობს ოლესია რომანჩენკო არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სახელწოდებით „ფრთები“.
სხვათა შორის, უკრაინელი ბავშვები ადგილობრივ გარემოს ძალიან სწრაფად ეჩვევიან, მათი ადაპტაცია დაჩქარებულად მიმდინარეობს. ბევრი პროგრამას იოლად სძლევს: „რაც მტავარია, ისინი ინგლისურად აზროვნებენ და ფიქრობენ.
რასაკვირველია, ბრიტანეთის მტავრობა უკრაინელებს დიდსულოვნად ხვდება, ნებას აძლევს იმუსაოს, უხდის სოციალურ დახმარებას, ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურებაში და ა.შ. მაგრამ გარკვეული მიმართულებით ბრიტანეთის მთავრობა დიდ სიძუნწეს იჩენს. უკრაინელები მაინც დროებით სტუმრებად ითვლებიან. მართალია, ბევრს თავდაპირველად სამწლიანი ნებართვა ჰქონდა და, ომის გაჭიანურების კვალობაზე, გაგრძელება მოუწევთ, მაგრამ ერთი განსხვავებით: მათ ქვეყანაში ცხოვრების ვადა მოქალაქეობის მისაღებად არ ეთვლებათ.
ეს წესები კონსერვატორთა ბოლო მთავრობამ დაამტკიცა. მათ ლეიბორისტულ მთავრობას დილემა დაუტოვეს, თუ ომის დასრულება კიდევ გაჭიანურდება. ნუთუ ბრიტანეთი ქვეყნიდან გააძევებს იმ ადამიანებს, რომელთა შვილები უკვე ინგლისურად წერენ და ლაპარაკობენ, აზროვნებენ და ფიქრობენ, რომლებიც ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც პრობლემებს არავის არ უქმნიან?
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.