USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინას მხოლოდ ერთი თვე აქვს, რომ დეფოლტი თავიდან აიცილოს“
Date:  306

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინას მხოლოდ ერთი თვე აქვს, რომ დეფოლტი თავიდან აიცილოს“, რომელშიც გაანალიზებული კიევის საგარეო ვალების მომსახურების მდგომარეობა. „საომარ სიტუაციაში მყოფი უკრაინის ფინანსური მდგომარეობა უმძიმესია“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთთან ომი უკრაინის ეკონომიკას უმძიმეს ზარალს აყენებს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) თითქმის ოთხჯერ შემცირდა. ცენტრალური ბანკი მწირ სავალუტო რეზერვებს „წვავს“, , ხოლო რუსეთის ამასწინანდელმა მასიურმა საჰაერო შეტევებმა უკრაინის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე სამომავლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაურკვეველი გახადა. „ძლიერი არმია ძლიერ ეკონომიკას ეყრდნობა“, - განაცხადა 17 ივნისს ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ, თუმცა ამ მხრივ უკრაინაში მკვეთრი დისპროპორცია აღინიშნება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაგვიანებული გადაწყვეტილებით უკრაინისათვის 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტის თაობაზე, იარაღის ფული კიევს ჯერ-ჯერობით აქვს. თუ ამას დავუმატებთ დასავლეთში დარჩენილი რუსული აქტივების პროცენტებით სარგებლობას (ევროკომისიის გადაწყვეტილებით), მაშინ უკრაინას თავის გატანა მეტ-ნაკლებად შეუძლია. პრობლემა იმაშია, რომ რომ უკრაინას საბოლოო ჯამში მაინც ფინანსური კრიზისი ემუქრება, თანაც ძალიან მალე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის კრედიტორები დათანხმდნენ იმაზე, რომ კიევმა ვალების მომსახურება (გადახდები) შეაჩეროს. ეს ერთგვარი „სულის მოთქმა“ - როგორც დასავლეთის მთავრობების, ასევე კერძო კრედიტორების მხრიდან - წელიწადში მთლიანი მშპ-ის 15%-ს შეადგენს. გადახდები რომ არ შეჩერევულიყო, მაშინ ვალების მომსახურების ხარჯები ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში მოცულობით მეორე ადგილზე იქნებოდა - თავდაცვის ხარჯების შემდეგ. მაგრამ ფინანსური საფრთხე ახლოვდება: მორატორიუმის ვადა, განსაკუთრებით ფრანგული Amundi-სა და ამერიკული Pimco-ს მხრიდან, პირველ აგვისტოს იწურება.

ამრიგად, უკრაინას ერთი თვეა აქვს დარჩენილი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაინტერესებულია, რომ სერგეი მარჩენკომ მოლაპარაკება დაიწყოს ვალის ჩამოწერაში, რაც ნაკლებადსავარაუდოა. თუ უკრაინა თავს გაკოტრებულად გამოცხადებს, მაშინ ეს იქნება ძალიან საგანგაშო ნიშანი და ინვესტორები დასავლეთის დაპირება-ვალდებულებებში ეჭვს შეიტანენ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი დეფოლტი ქვეყნის აღდგენისათვის კატასტროფის მომასწავებელი გახდება.

ვალების რესტრუქტურიზაცია (გადახდის ვადების ცვლილება) გაგანია ომის პირობებში ძალიან იშვიათობაა.  საერთოდ, ქვეყნები რესტრუქტურიზაციაზე მხოლოდ იმიტომ მიდიან, რომ ფინანსურ ბაზრებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, ამისათვის კი მათი ვალები მართვადი უნდა იყოს, ანუ სახელმწიფო ვალების მომსახურებას განუწყვეტლივ უნდა აქცევდეს სათანადო ყურადღებას. მცირე ვალების სწრაფი რესტრუქტურიზების განხორციელება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი, უფრო დიდი ვალების - რთული: კრედიტორები, დიდ თანხებთან დაკავშირებით, პრეტენზიებს ყოველთვის გამოძებნიან. რადგანაც უკრაინას ფინანასურ ბაზრებთან, ომის გამო, ურთიერთობა არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ სწრაფი რესტრუქტურიზება საჭირო არ არის. ივლისში ფინანსთა მინისტრმა კრედიტორებს ისეთი გარიგება შესთავაზა, რომლის თანახმად, ვალების მომსახურების თანხები 60%-ით უნდა შემცირდეს, მაგრამ კრედიტორებმა გულგრილად უპასუხეს, რომ შემცირება მხოლოდ 22%-ით შეიძლებაო.

უკრაინას ჰაერივით სჭირდება ფიანანსური საშუალებები. ამ წლის დასასრულისათვის საგარეო ვალებისა და მშპ-ის შეფარდება 94%-ს მიუახლოვდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ისეთი ეკონომიკისათვის, რომელსაც რთული ფინანსური ისტორია აქვს.

იმ თანხების მოცულობა, რასაც მოკავშირეები უკრაინას აძლევენ, შთამბეჭდავია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კიევისათვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ უკრაინაში იარაღის (არტილერიის ტანკების, და სხვა სანრძოლო მასალების) სახით ჩადის და არა ნაღდი კუპიურების სახით.. აშშ-ის ამასწინანდელი 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან მხოლოდ 8 მილიარდი ნაღდი თანხა გადაეცა უკრაინის მთავრობას.

მართალია, ჩამოსაწერი (და სარესტრუქტურიზაციო) ვალის მოცულობა (მშპ-ის 60%), საკმაოდ მოკრძალებულია - 12 მილიარდი დოლარი - მაგრამ უკრაინისათვის მაინც მნიშვნელოვანია. თუ კრედიტორები საბოლოოდ უარს იტყვიან გარიგებაზე, ქვეყანა, რომელიც ისედაც ძლივს ახერხებს ფულის დაზოგვა-განაწილებას სხვადასხვა დარგებისათვის, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.

გარიგების დადების გარეშე უკრაინას ორი ვარიანტი რჩება: პირველი - დაიწყოს მოლაპარაკებები ვალების მომსახურებაზე მორატორიუმის გასაგრძელებლად, რომ გადახდა 2027 წლისათვის მაინც გადაიტანოს. მეორე - გამოაცხადოს დეფოლტი. ეს შეიძლება რადიკალურ გადაწყვეტილებად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, პირველთან შედარებით, რაიმე დიდი განსხვავება არ არის.

კერძო სექტორის ინვესტორი ყოველთვის იმაზე ფიქრობს (განსაკუთრებით საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ), თუ რას მოიგებს. რა თქმა უნდა, უკრაინის ფინანსური სანდოობის საკითხში ბევრი რამ დასავლეთის სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. დასავლელ გადასახადის გადამხდელს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს - როდემდე უნდა იყრებოდეს თანხები უკრაინის უძირო ორმოში?

როგორც ჩანს, ნოემბერში თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, სიტუაცია უკრაინის დაფინანსების საკითხში გაუარესდება - რესპუბლიკელი ლიდერი სკეპტიკურად არის განწყობილი. ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილნი უკრაინული ობლიგაციების დასავლელი მფლობელებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მართალია, მოკავშირეებისა და სავალუტო ფონდის მტკიცებით, რესტრუქტურიზება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს ფინანსურ ბაზრებს დაუბრუნდეს, როგორც კი ომი დამთავრდება და მოკავშირეებიც ვალებს შემდეგ ჩამოაწერენ, ინვესტორები დარწმუნებულნი არ არიან.

უკრაინის აღდგენის ძირითადი კომპონენტია საბაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამოქალაქო საცხოვრებელი ფონდის აღდგენა, სპეციალისტების სწავლება - პრინციპში, ეს ყველაფერი კერძო ინვესტორებისათვის მომგებიანი არ იქნება, ამიტომ მთელი სიმძიმე მოკავშირეებს დააწვებათ. ამჟამინდელი შესაძლო ჩიხი  საგანგაშო პერსპექტივას ბადებს: კიევის მომხრე სახელმწიფოებსა და უცხოელ კერძო ინესტორებს შორის გაჩენილი უნდობლობა ყოველგვარ პროგრესს დაამუხრუჭებს. მინისტრმა სერგეი მარჩენკომ სწორად გააკეთა, როცა კომერციულ კრედიტორებს გაახსენა, რომ „ქვეყნის არმია მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, თუ მისი მხარდამჭერი ეკონომიკაც ძლიერია“. ამასთან, მინისტრს შეეძლო იგივენაირად კიდევ ერთი, მაგრამ შებრუნებული სახის გამონათქვამი გაეხსენებინა: „ქვეყნის ეკონომიკა იმდენად არის ძლიერი, რამდენად ძლიერია მისი არმია, რომელიც ქვეყნის არსებობის გარანტს წარმოადგენს“.

წყარო: https://www.economist.com/finance-and-economics/2024/06/30/ukraine-has-a-month-to-avoid-default

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way