USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთის შიშით, ბალტიის ქვეყნები თავიანთ თავდაცვისუნარიანობას აუმჯობესებენ: ფორტიფიკაციის მიმართ ინტერესი ძლიერდება“
თარიღი:  

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთის შიშით, ბალტიის ქვეყნები თავიანთ თავდაცვისუნარიანობას აუმჯობესებენ: ფორტიფიკაციის მიმართ ინტერესი  ძლიერდება“, რომელშიც, უკრაინის ფრონტის ხაზებზე აგებული რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების გათვალისწინებით, განხილულია ბალტიის სახელმწიფოების გეგმები თავდაცვის საკითხებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„სამხედრო ფორტები ისევ მოდაში შემოდიან. გასუ წელს უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობა დიდწილად „სუროვიკინის ხაზმა“ განაპირობა - რუსეთის არმიის მიერ დანაღმულმა ველებმა, ტრანშეებმა და ღრმა თხრილებმა, ბეტონის საცეცხლე წერტილებმა, ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილებმა“, ძველმოდურმა მავთულხლართებმა. და სხვა დაბრკოლებებმა. როცა უკრაინის ჯარისკაცებმა შეტევა შეანელეს, რათა დანაღმული გზები და ველები განენაღმათ, ღრმა თხრილები ამოევსოთ და ტანკების გასავლელი ადგილები „დრაკონის კბილებისაგან“ გაეწმინდათ, ისინი რუსულმა „კამიკაძე“-დრონებმა შეამჩნიეს, ზემოდან ბომბები დააყარეს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ესროლეს. რუსული თავდაცვითი ზღუდეები უკრაინელებისათვის იმდენად მოულოდნელი და შეუსწავლელი აღმოჩნდა, რომ იმდროინდელმა სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის თანამშრომლებს დაავალა მოეძებნათ 1941 წელს გამოცემული საბჭოთა გენერლის პავლე სმირნოვის წიგნი სახელწოდებით „გამაგრებული ხაზის გარღვევა“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

                რუსული „სუროვიკინის ხაზის“ ეფექტურობით ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებიც დაინტერესდნენ. ერთი თვის წინ გამართულ თათბირზე მათ განაცხადეს, რომ რუსეთთან თავიანთი საზღვრების გასწვრივ მსგავს თავდაცვით ნაგებობების კომპლექსს ააგებენ სახელწოდებით „ბალტიის თავდაცვითი ზონა“ - გათვალისწინებულს რუსული ჯავშანსატანკო ჯარების შესაჩერებლად, კრემლის თავდასხმის შემთხვევაში.

ესტონელი სამხედრო ჩინოვნიკების შეფასებით, რუსეთთან საზღვრის მონაკვეთის გამაგრებისათვის დაახლოებით 600 ბეტონის ბუნკერის აგება იქნება საჭირო, თითოეულის ფართობით 35 კვადრატული მეტრი, საერთო ღირებულებით 60 მილიონი დოლარი, რომლებიც მსხვილკალიბრიანი ჭურვის პირდაპირ მოხვედრას გაუძლებენ. მათი მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. რასაკვირველია, მათი მიზანი არ არის და არც იქნება რუსეთის არმიის შეჩერება, არამედ მოწინააღმდეგის არმიის წინსვლის შენელება და წინააღმდეგობის გაწევა, დამხმარე ძალების მოსვლამდე.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, თუ ლატვია და ლიეტუვა მსგავს გამაგრებულ ობიექტებს ააგებენ, მათ შესაბამისად,1116 და 2758 ბუნკერი დაჭირდებათ (საზღვრის სიგრძის გათვალისწინებით).

რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრია. მაგალითად, როგორც გაირკვა, საზღვრისპირა ტერიტორია ბალტიისპირეთის ქვეყნებში პრივატიზებულია, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებს კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება და, როგორც ჩანს, გარკვეული კომპენსაციის გადახდაც მოუწევთ.

სტატიის მიხედვით, ფორტიფიკაციების შექმნით დაინტერესებულია პოლონეთიც, რომელსაც საერთო საზღვარი რუსეთთან კალინინგრადის ოლქში აქვს, აგრეთვე ბელარუსთანაც, სადაც რუსეთის ჯარები არიან დისლოცირებულები.

თუმცა გამაგრებული ხაზის პოპულარობა ნატოს გარკვეული დილენის წინაშეც აყენებს: დრემდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებში მოქმედი სამხედრო დოქტრინა ეშელენისებურ თავდაცვის სისტემას ითვალისწინებს, რომლის ჩარჩოებში არმიას შეეძლო ცეცხლის ხაზიდან უკან დაეხია და მეორე სათადარიგო თავდაცვის ზღუდეზე გადასულიყო, ხოლო თუ ნატო პოზიციურ ბრძოლაზე გადავა, მაშინ მას დაჭირდება დარტყმების განხორციელება მტრის ღრმა ზურგში - სამეთაურო პუნქტების, საწყობების, კომუნიკაციებისა და სამხედრო ობიექტების განადგურება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის ტერიტორიის მასიური დაბომბვა. „მაგრამ ეყოფათ კი პოლიტიკური ნება დასავლელ ლიდერებს მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად?“, - ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/02/10/fearing-russia-the-baltic-states-improve-their-defences

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის