ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „ნატოს გენმდივანს უკრაინის გათავისუფლება და რუსეთისადმი ძლიერი დარტყმის მიყენება სურს“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან (ესაუბრება ზანი მილტონ-ბედოუზი, ჟურნალის მთ.რედაქტორი).
გთავაზობთ ინტერვიუში გაჟღერებულ მნიშვნელოვან საკითხებს:
ა) დარტყმები რუსეთის სიღრმეში - ნატოური იარაღით?
იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ნატოს წევრ-ქვეყნებს ნება დართონ უკრაინას, რომ მათ მიერ მიწოდებული იარაღით, შესაძლებლობისდა მიხედვით, რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს, განსაკუთრებით მის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის ოლქში 10 მაისს წამოწყებული შეტევა ბევრად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უკრაინას არ აქვს უფლება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული დასავლური წარმოების იარაღით დარტყმები მიაყენოს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე „კანონიერ სამხედრო სამიზნე ობიექტებს“. „დადგა დრო, დასავლელმა მოკავშირეებმა იფიქრონ იმაზე, რომ კიევს მოუხსნან გარკვეული შეზღუდვები მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა, თუმცა მას არ დაუსახელებია ალიანსის წევრი ის კონკრეტული ქვეყნები, ვისი მისამართითაც იყო მიმართული მოწოდება (უპირველესად იგულისხმება აშშ).
ბ) იარაღის უკმარისობა უკრაინისათვის
„ხარკოვთან შეტევის დროს რუსეთი არ ერიდება ცოცხალი ძალის რესურსების ზედმეტად გამოყენებას და მზადაა ორიოდე კილომეტრის დაკავებისათვის დიდი ფასი გადაიხადოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას იარაღი აკლია, ის გმირულ წინააღმდეგობას უწევს მტერს“, - ამბობს ნატოს გენმდივანი. ამასთან, მან გააკრიტიკა ალიანსის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც სიტყვით უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევას პირდებიან, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ. „ევროპელმა მოკავშირეებმა კიევს [მარტის თვისათვის] ერთი მილიონი ჭურვის მიცემა აღუთქვეს, მაგრამ რეალურად ამის მსგავსი არაფერი მომხდარა“.
გ) ნატო და რუსეთ-უკრაინის ომი. უკრაინის ნატოური პერსპექტივა
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს უკრაინაში თავისი ჯარისკაცების გაგზავნას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია არ მოხდეს და ნატოსა და რუსეთის რეალურ ომად არ გადაიქცეს. „შეიარაღების მიწოდება და ჯარების გაგზავნა ერთიდაიგივე ნამდვილად არ არის“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენმდივნის ინტერვიუდან ასევე ირკვევა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შორეულ პერსპექტივად რჩება. „კიევმა თავდაპირველად თავისი სამხედრო ინსტიტუტები ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს“, - ამბობს იენს სტოლტენბერგი.
დ) გაერთიანებული ევროპული არმია? არავითარ შემთხვევაში!
„მე მივესალმები ევროკავშირის ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების ზრდას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნატოს ვერ ჩაანაცვლებს. ნატოს ევროპული წევრების თავდაცვის ხარჯები ნატოს ხარჯების მხოლოდ 20%-ს შეადგენს. შესაბამისად, 80% ევროპისგარე სახელმწიფოებზე მოდის, კერძოდ, აშშ-ისა და კანადის მიერ შეტანილ წვლილს წარმოადგენს“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა და ხაზი გაუსვა:
„ნატო ევროატლანტიკური სივრცისათვის მთვარი სამეტაურო სტრუქტურა იყ, არის და იქნება. ევროკავშირმა უმჯობესია თავისი წევრების თავდაცვის მრეწველობის ფრაგმენტაციის გადალახვას და ამ სფეროში სიტუაციის გამოსწორებას მიხედოს“.
ე) „ვიქტორ ორბანი? შევძლებთ მასთან კომპრომისს“
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეძლებს თავის წევრთან - უნგრეთთან - კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას: „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვძებნით გადაწყვეტილებას, რომ ალიანსის ერთიანობა არ დაირღვეს და რომ ყველა წევრი კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგული იყოს. დიახ, მოვძებნით პრაგმატულ გზას“’, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების თაობაზე.
როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანმა 24 მაისს აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოში თავისი როლის გადაფასებას მოახდენს, რადგანაც ბუდაპეშტს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობა არ სურს. ასევე, მისი თქმით, ალიანსის მიერ რუსეთის საფრთხის პროპაგანდა ნატოს მზადებას ნიშნავს მოსკოვთან საბრძოლველად.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.