ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „იდუმალი შუამავლები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარებიან: რატომაა დასავლური სანქციები „საცერივით წყალგამტარი?“, რომელშიც განხილულია ანტირუსული სანქციების არაეფექტურობისა და რუსული ეკონომიკის განვითარების მიზეზები.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა უკვე განწყობილია იმისათვის, რომ დასავლურ სანქციებს ათწლეულობით კიდევ გაუძლოს. ფაქტები მოწმობენ, რომ რუსებისათვის სანქციების ეფექტის მინიმუმამდე დაყვანა რაიმე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. შეხედეთ: ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება - მეორე კვარტალში 4%-იანი მატება დაფიქსირდა და ეს ხდება ისეთი უმკაცრესი სანქციების პირობებში, რომელიც ოდესმე ისტორიულად შემოუღიათ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. მოსახლეობა არ შიმშილობს, ხელფასები მატულობს, ვაჭრობა ყვავის. მართლაცდა, რაშია საქმე?
კითხვაზე პასუხის გასაცემად შევხედოთ ყაზახეთს: ამ ცენტრალაზიურ რესპუბლიკას უკრაინაში ომის დაწყებისას მომგებიანი ბილეთი შეხვდა. საქმე იმაშია, რომ როცა ევროპულ ფირმებს, ტექნოლოგიური პროდუქციის მსხვილ მწარმოებლებს, რუსეთში პროდუქციის ექსპორტი აკრძალათ, სავაჭრო არენაზე ყაზახეთი გამოვიდა, რომელმაც თავისი 50 პროფილური კომპანიით - საწარმოო პოტენციალით 100 მილიონი დოლარი წელიწადში - გაჩენილი სიცარიელე შეავსო. შესაბამისად, ყაზახეთის ექსპორტი რუსეთში 20023 წელს 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმავდროულად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონიკის იმპორტი ევროპიდან ყაზახეთში. ალბათ, მკითხველი კარგად მიხვდება, რომ რუსულმა ფირმებმა ევროპელი მიმწოდებლების შესანარჩუნებლად გვერდითი გზები იპოვეს.
თანაც ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც რუსეთთან ვაჭრობამ მკვეთრად იმატა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ. ყაზახეთის გვერდით დგას სომხეთი, აზერბაიჯანი, საქარტველო, თურქეთი და სხვა სახელმწიფოები. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ამ ქვეყნებში ევროკავშირიდან ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, 2021 წელთან შედარებით.
მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები დასავლეთის ძალისხმევის ნაწილი იყო უკრაინისადმი დახმარების საკითხში, მაგრამ აგრესორს სავაჭრო ემბარგომ დღემდე რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ომის დაწყებიდან მესამე წელს რუსეთის ეკონომიკა კი არ ინგრევა, არამედ იზრდება და ვითარდება, იმავე დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ეკონომიკური ზრდა დაბალია ან თითქმის არ შეინიშნება. თანაც, როგორც ირკვევა, ვაჭრობა ყველაზე მეტად გაიზარდა იმ პროდუქციით, რომლებზეც დრეს ყველაზე მკაცრი შეზღუდვაა გამოცხადებული. ევროპელი ჩინოვნიკები გამალებით ცდილობენ „ხვრელების“ ამოქოლვას, მაგრამ ჯერ-ჯერობით წარუმატებლად.
საშუამავლო ვაჭრობის ზრდაში შეიძლება გამოვყოთ სამი მთავარი ფაქტორი:
პირველი - აკრძალული პროდუქციით ვაჭრობა, რომლებიც სანქციებზე ვრცელდება. დღეისათვის ევროკავშირმა 14-პაკეტიანი სანქციები აქვს მიღებული, თანაც ყველაზე ბოლო ახლახანს - ივნისის დასასრულს მიიღო. ამ სანქციების ჩარჩოებში იკრძალება იმ ყველაფრის ექსპორტი, რითაც რუსეთმა შეიძლება ბრძოლის ველზე რაიმე ფორმით ისარგებლოს. და მაინც, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, იმ სამხედრო ტექნიკის ნახევარზე მეტი, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს, შეიცავს ევროპაში და აშშ-ში წარმოებულ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს. სხვათა შორის, იმავე ყაზახეთის მაგალითზე ირკვევა, რომ იმპორტის ყველაზე სწრაფი ზრდა ევროკავშირიდან შეიმჩნევა ქიმიური, ელექტრონული და მანქანათმშენებლობის პროდუქციაში, ანუ რომლებიც დასანქცირებულია. მიუხედავად ამისა, 2022 წელს აღნიშნული სამრეწველო პროდუქციოს იმპორტი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გაორმაგდა, ხოლო 2023 წელს კიდევ 23%-ით იმატა. სომხეთმა ევროპიდან ორჯერ მეტი ქიმიური პროდუქციის იმპორტი განახორციელა, ხუთჯერ მეტი IT-მოწყობილობების და ოთხჯერ მეტი ელექტრონიკისა, 2021 წელთან შედარებით. მაგრამ ეს ციფრები საბოლოო არ არის, რადგან პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარს კონტრაბანდული გზით კვეთს და ბევრი რამ ოფიციალურად არ აღირიცხება. შესაძლოა თურქმა და ცენტრალაზიელმა ექსპორტიორებმა მართლაც არ იციან, თუ საიდან და როგორი გზებით ხვდება მათთან აკრძალული ევროპული და საერთოდ, დასავლური პროდუქცია - იმიტომ, რომ ტვირთების ნაწილი სანამ მათამდე მიაღწევდეს, რამდენიმე შუამავალს იცვლის.
მეორე მიზეზი არაპირდაპირი სავაჭრო ბუმისა ისაა, რომ 2022 წელს რუსეთმა აკრძალა ევროპიდან სატვირთო ავტომობილების პირდაპირი შესვლა რუსეთის ტერიტორიაზე. მაგალითად, ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, მაგრამ დატვირთულ ავტომანქანებს რუსეტში შესვლა მხოლოდ ირიბი გზებით, მესამე ქვეყნების ტერიტორიის გავლით შეუძლიათ. აი, სწორედ ამიტომ გაიზარდა ორჯერ ევროპული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების მოცულობა ყაზახეთში.
მაგრამ ყველაზე რთულადაა საქმე მესამე მიზეზთან (ტენდენციასთან) დაკავშირებით: მესამე ქვეყნების კომპანიები ევროპიდან ისეთ ზოგიერთი პროდუქციის იმპორტს ახდენენ, რომლებიც სანქციების დარღვევის არ წარმოადგენს, მაგრამ როგორც ირკვევა, ბრძოლის ველზე გამოიყენება, მაგალითად, საფეიქრო მრეწველობის პროდუქცია (ტექსტილი). ევროკავშირის სპეციალისტებს ეს გარემოება რატომღაც მხედველობიდან გამორჩათ და, ალბათ, შეცდომას გამოასწორებენ. რასაკვირველია, ევროკავშირი ებრძვის სანქციების დამრღვევ კომპანიებს: უკვე შედგენილია „შავი სია“, რომელშიც 2200 ფირმა და ფინანსისტია შეტანილი.
აშკარაა, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკა დიდ მოგებას იღებს იმ ყველაფრისაგან, რაც კი რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. თვითონ განსაჯეთ: ხუთი ცენტრალაზიური რესპუბლიკის ერთობლივი ეკონომიკა 2022 წელს გაიზარდა 4%-ით, 2023 წელს კი 6%-ით. სომხეთის ეკონომიკამ კი 2023 წელს „ნახტომი“ გააკეთა - მოულოდნელად 8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, აქ მოკლე ხანში სწრაფად გაფართოვდა ტვირთის გადამზიდავი სექტორი, რომელიც ბოლო დროს 20%-ით მატულობს.
ეს ყველაფერი ევროპელი ჩინოვნიკებისათვის თავის ტკივილად იქცა, რომლებიც არანაირად არ ელოდნენ სანქციების გვერდის ავლის ასეთ მასშტაბებს.
პრობლემის რეალურად გადაწყვეტისათვის აუცილებელია აღნიშნული ქვეყნების (სომხეთი და ა.შ.) მთავრობების მხარდაჭერა, მაგრამ აქაც პრობლემები იჩენს თავს: რეგიონის ქვეყნები აფასებენ მოსკოვთან ურთიერთობებს და არ სურთ კრეთან დამოკიდებურების გაფუჭება. გარდა ამისა, ამგვარ „შუამავლობაში“ არსებობს პოლიტიკოსთა დაინტერესებაც - სანქციების დარღვევით მეტი ფულის შეძენა შეიძლება.
ევროპას ხელი პულსზე უნდა ჰქონდეს დადებული და მის ყველა ცვლილებას უნდა გრძნობდეს. ალბათ, სასურველია ზოგჯერ „თაფლაკვერის“ პოლიტიკის გატარებაც. მაგალითად, სომხეთმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო რუსეთთან ვაჭრობის საშუამავლო ფირმების დახურვა, როცა ერევანს ბრიუსელმა 270 მილიონი ევრო კრედიტის სახით გამოუყო. მაგრამ დასავლეთი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თაფლაკვერით, ხშირად „მათრახიც“ საჭიროა - მაგალითად, უნდა აიკრძალოს მესამე ქვეყნებში ექსპორტი და მათი ბანკების მიმართ „შოლტი“ იქნას გამოყენებული. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯით ევროპული კომპანიებიც დაზარალდებიან. რაც შეეხება უკრაინას, მისთვის ანტირუსული სანქციები, ჯერ-ჯერობით, არაეფექტიანია და დღევანდელი სიტუაცია კიევს სასიკეთოს არაფერს უქადის - რუსეთი იდუმალი შუამავლების წყალობით დასავლურ ტექნოლოგიებს იღებს და ომს აგრძელებს.
წყარო: https://www.economist.com/
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.