USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ცაიტნოტში მყოფი უკრაინა ფრონტის ხაზს ამაგრებს“
თარიღი:  367

უკრაინის არმიას დიდი პრობლემები აქვს - აკლია საბრძოლო მასალები და ვერ ახერხებს ცოცხალი ძალით შევსებას. რასაკვირველია, საბრძოლო მასალების საკითხში კიევი მთლიანად არის დამოკიდებული მოკავშირეებზე, მაგრამ რაც შეეხება ცოცხალი ძალით შევსებაში შექმნილ რთულ სიტუაციას, ეს უკვე უკრაინამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economis) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ცაიტნოტში მყოფი უკრაინა ფრონტის ხაზს ამაგრებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯერ კიდევ შარშან, ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ, დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, დღეს კი ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ომის „ჩიხური ვერსიაც“ კი ოპტიმისტურ სცენარად მოჩანს. ჰორიზონტზე საგანგაშო ვითარების ნიშნები გამოიკვეთა და, დიდი ალბათობით, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი: რუსეთის არმია უკრაინის თავდაცვას გაარღვევს და ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო ღრმად შეაღწევს.

(...)

კაცმა რომ თქვას, უკრაინის არმიამ უკვე მოახდინა სასწაული - რუსეთის სანაქებო შავი ზღვის ფლოტი ძალიან დააზარალა, მას უკან დაახევინა და ოდესის ნავსადგურიდან ხორბლის ექსპორტი აღადგინა. გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო სტრუქტურები ისეთ შორეულ საავიაციო და სარაკეტო რეიდებს ახორციელებენ დრონებითა და რეაქტიული არტილერიით, რომ ადრე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა: უკრაინელები ბომბავენ რუსეთის საომარ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. დარტყმები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი შეშფოთდა - ვაითუ ნავთობზე მსოფლიო ფასებმა მოიმატოსო და უკრაინას კონფიდენციალურად ურჩია, რომ ნავთობის გადამუშავების ობიექტების დაბომბვისაგან თავი შეეკავებინა.

მაგრამ საბრძოლო მოქმედებები უმთავრესად ხმელეთზე მიმდინარეობს, რომლის დროსაც თავს უამრავი პრობლემა იჩენს, მათ შორის საბრძოლო მასალების დეფიციტი. სწორედ ჭურვების უკმარისობამ აიძულა უკრაინელები ავდეევკიდან უკან დაეხიათ. მართალია, დრონები ჭურვების უკმარისობის ნაწილობრივ კომპენსირებას ახდენენ, მაგრამ უპილოტო საფრენი აპარატები, თავიანთი გარკვეული უპირატესობის მიუხედავად, არტილერისაგან განსხვავებით, საბრძოლო პოზიციების მასირებული დაბომბვისათვის არ გამოდგებიან.

(...)

რუსეთის არმია ფრონტზე უკრაინის ქვემეხების თითოეულ ბათქს ერთბაშად ხუთი ზალპით პასუხობს. რატომ იგვიანებს მოკავშირეების დახმარება? თავი რომ დავანებოთ ამერიკელი ტრამპისტი კონგრესმენების მიერ „დამარხულ“ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მსხვერპლი აღმოჩნდა, რას აკეთებს ევროპა? რატომ არ მუშაობენ სამხედრო ქარხნების სრული დატვირთვით? რუსეთი წელიწადში დაახლოებით სამ მილიონ ჭურვს ამზადებს და დამატებით კიდევ ირანისაგან და სამხრეთ კორეისაგან იღებს, ამ დროს კი ევროპა წლის ბოლოსათვის მხოლოდ 1,4 მილიონი ჭურვის გამოშვებას გეგმავს. ორი მილიონი ჭურვის დამზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ 2025 წლის ბოლოსათვის თუ მოხდება.

უკრაინის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის ყველაზე საუკეთესო იქნება ჩეხეთის იმ ინიციატივის რეალიზება, რომლის მიზანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სათანადო კალიბრის ჭურვების ძიება და მათი მოგროვება წარმოადგენს. ჩეხებმა უკვე დაიწყეს მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს საწყობებში სიარული და ამ დროისათვის თითქმის 800 ათასამდე ჭურვი მოიძიეს, რომელთა საყიდლად ფულს  გერმანია, ნიდერლანდები, დანია და კანადა დადებენ.

(...)

თუ საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის საკითხში უკრაინა მთლიანად არის დამოკიდებული მოკავშირეებზე, ამას ვერ ვიტყვით არმიის ჯარისკაცებით შევსებაზე. კიევი ვერავის ვერ გადააბრალებს იმას, რომ დღემდე ვერ მოაგვარა ჯარში გაწვევა-მობილიზაციის პრობლემა. უკრაინული არმიის პირადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 43 წელს შეადგენს. მართალია, ჯარისკაცთა საბრძოლო სული შენარჩუნებულია, მაგრამ ორწლიანი განუწყვეტელი ბრძოლებისაგან დაღლილი სამხედრო მოსამსახურეების როტაცია აუცილებელია.

რუსეთის მთავრობა თავის არმიის ცოცხალი ძალით შესავსებად ასეთ ქმედით ღონისძიებებს ახორციელებს: კრემლი ღარიბი ოჯახების წევრ ახალგაზრდა მამაკაცებს ისეთი რაოდენობის ფულს სთავაზობს, რომლის გაფიქრება მათ არასოდეს არ შეეძლოთ, ამიტომაც კონტრაქტის დადების მსურველები საკმაოდ არიან. როგორც ექსპერტი კონრად მუზიკა თვლის, ყოველთვიურად ფრონტზე მყოფი რუსული არმიის ქვედანაყოფები 30 ათასამდე ახალ, ძალ-ღონით სავსე ახალწვეულებით შევსებას იღებენ. ეს ძალა საკმარისია იმისათვის, რომ ახლო მომავალში ე.წ. „სახორცე შეტევები“ გაგრძელდეს - ისე როგორც ეს ავდეევკის შტურმის დროს ხდებოდა.

(...)

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე თავს ვერანაირად ვერ გაიმართლებს თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის გაჭიანურების გამოც. ჯერ კიდევ გასული ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლამ ცხადჰყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფრონტის წინა ხაზზე აგებულ თავდაცვის კომპლექსურ სისტემას: უკრაინის ჯარმა, დიდი ბრძოლების მიუხედავად, რუსულ გამაგრებულ ხაზს ვერაფერი დააკლო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ეს გაკვეთილი ვერ აითვისა - მან საინჟინრო ჯარებს და სამოქალაქო მოიჯარეებს დავალება გამაგრებული ხაზის შესაქმნელად მხოლოდ ნოემბერში მისცა. ეშელონისებური თავდაცვა, რომელიც გულისხმობს ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაკეთებას, „დრაკონის კბილების“ დადგმა-მოწყობას, ადგილების დანაღმვას, საცეცხლე წერტილების განლაგებას და მიწაყრილების მოწყობას ქვეითების დასაცავად, ჯერ მხოლოდ გრძელდება და მათი დასრულება შორს არის. „ამიტომაც, როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, ჩიხური სიტუაციის გაგრძელება ამ ეტაპზე უკრაინისათვის ყველაზე საუკეთესო სცენარად რჩება“, - ასკვნის კონრად მუზიკა.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/03/25/ukraine-is-in-a-race-against-time-to-fortify-its-front-line

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.