USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«The Economist» : უკრაინის არმია ცდილობს ჯარში გასაწვევად „კარგი“ ახალგაზრდები იპოვოს და მათ უკეთესი პირობები შესთავაზოს
дата:  

უკრანაში მობილიზაციის ახალ სტრატეგიას ამზადებენ. ომში ბევრი მებრძოლი იღუპება და სახიჩრდება. არმიას შევსება ჭირდება, ცოცხალი ძალა, ფრონტზე  დაღუპულ-დაჭრილები ჩასანაცვლებლად, ჯარში წამსვლელი მოხალისეები ცოტაა. ამიტომ ზოგიერთ ოლქში ადგილობრივმა სამხედრო კომისარიატებმა სპორტდარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში რეიდების განხორციელება დაიწყეს. უკრაინელები არმიაში წასვლას თავს არიდებენ, მგრამ კიევს იმედი აქვს, რომ ჯარის დაკომპლექტების ახალი მეთოდები გაამართლებს, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის არმია ყველანაირად ცდილობს ჯარში გასაწვევად „კარგი“ ახალგაზრდები იპოვოს და მათ უკეთესი პირობები შესთავაზოს. რუსეთიც დიდ დანაკარგებს განიცდის მაგრამ მოსკოვს ცოცხალი ძალის მხრივ უპირატესობა აქვს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიაში გაწვეული ახალგაზრდები ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს განასახიერებენ, მაგრამ მათ ერთი საერთო ნიშანი აერთიანებთ: ახალწვეულებს არავინ არ ეკითხება, თუ რა აინტერესებთ და სადაც მეთაურობა ჩათვლის საჭიროდ, მათ იქ გზავნიან. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში წრთვნა გავლილი ახალწვეულებიდან არავინ არ ელოდა, რომ მათ ყველაზე ცხელ ადგილზე გაგზავნიდნენ [უაზროდ] საბრძოლველად [სადაც ჯარისკაცები ბუზივით იხოცებიან მასირებული დაბომბვებით]. ზოგიერთები მოხალისეებად ჩაეწერნენ და იმედი ჰქონდათ, რომ პროფილურ ქვედანაყოფებში მოხვდებოდნენ - დრონების ოპერატორებად ან არტილერისტებად. ზოგიერთები სოფლებში მამაკაცები პირდაპირ სახლებიდან ძალით გამოიყვანეს. ერთ-ერთმა შუა ხნის ახალწვეულმა ყბის პროთეზების აღებაც კი ვერ მოასწრო. ასეთი კონტინგენტით დანაკარგებიც დიდია: დონბასის ფრონტის სანგრებში მჯდარმა ოცეულმა ერთ კვირაში ექვსი ადამიანი დაკარგა.

დიახ, უკრაინელების არმიაში გაწვევას თან კურიოზებიც ახლავს, მწვავე და მწარე ისტორიებიც ბევრია. კიევი თავგანწირულად ცდილობს დაიცვას თავისი მიწა რუსების შეტევისაგან. ისიც ცხადია, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის არმია არ მისცემს გარანტიას ახალწვეულს მისი სურვილის მიხედვით დისლოკაციის ადგილის თაობაზე, მით უმეტეს, საომარი მდგომარეობის დროს.

ჯარში გაწვევა სულ უფრო რთულდება: სამხედრო კომისარიატებში ნებაყოფლობით არავინ არ  მიდის. ამიტომაც ზოგიერთი გაწვევის პუნქტის თანამშრომლები სპორტდარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში რეიდებს აწყობენ, ასეთი წესით არმიაში გაგზავნილებიდან ძალიან ცოტა ხდება ნამდვილი ჯარისკაცი. „ჩვენთან მოჰყავთ 45-47 წლის მამაკაცები“, - ჩივის ერთ-ერთი ფრონტელი მეთაური, - „მათ ჯერ ფრონტის ხაზზე არ მოუღწევიათ და უკვე დაიღალნენ, სულს ძლივს ითქვამენ“.

გააცნობიერა რა პრობლემის არსებობა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სექტემბერში ახალ სამობილიზაციო სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. სამხედრო უწყების წარმომადგენლის  ილარიონ პავლიუკის თქმით, „ამჟამინდელმა სისტემამ საკუთარი თავი ამოწურა. ბევრმა უკრაინელმა შეცდომით ჩათვალა, რომ მის ნაცვლად ვიღაც სხვამ უნდა იბრძოლოს. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს“.

რეფორმების მიხედვით, ახალწვეულებს ფართო არჩევანი ექნებათ კონკრეტული სახეობის ჯარებში სამსახურისათვის. გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების დასვენებისა და როტაციის მკაფიო სისტემა. მოხალისეები განსაზღვრული დროით იმსახურებენ და არა ისე, როგორც ახლა - უვადოდ. შეიქმნება ციფრული რეესტრი, რომელიც ქვეყნის საკადრო რესურსების უკეთ გაგებას გულისხმობს.

სხვათა შორის, უკრაინაში არიან ცალკეული ქვედანაყოფები, რომლებშიც მობილიზაციის კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, მაგალითად, მე-3 შემტევი ბრიგადა - უკრაინის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფს წარმოადგენს. უკრაინაში ბევრგან დაინახავთ სარეკლამო  განცხადებებს, პლაკატებს შენობათა კედლებზე, რომელთა მიხედვით, ბრიგადის ჯარისკაცები გობლინებს - ბოროტების სიმბოლოებს ებრძვიან. ბრიგადის რეპუტაცია მაღალია - კარგი ტექნიკა, სამხედრო საქმის კარგად მცოდნე მეთაურები, სამსახურის კარგი პირობები საკმაოდ ბევრ უკრაინელ ახალგაზრდას იზიდავს. „რასაკვირველია, ავდეევკაში (ქალაქში, სადაც გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობს) გაგზავნა და იქ ბრძოლა არავის არ ხიბლავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, მათთან შესაბამისი მუშაობის შემდეგ, ბრძოლაზე თანხმობას აცხადებენ“, - ამბობს ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ქრისტინა ბონდარენკო.

რა თქმა უნდა, რუსეთსაც აქვს სამობილიზაციო პრობლემები. კრემლის ტაქტიკის მიხედვით, წარმატება ომში ცოცხალი ძალის რაოდენობით შეიძლება იქნეს მიღწეული. რუსეთის სარდლობა ფრონტის ხაზზე ხშირად მოუმზადებელ ახალწვეულებს აგზავნის, შესაბამისი შეიარაღების გარეშე. როგორც ჩანს, ამითიც არის გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი დონე - ყოველდღიურად თითქმის 1000 რუსი ჯარისკაცი იღუპება. მაგრამ ელემენტარული მათემატიკა გვაჩვენებს, რომ უკრაინა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის მხრივ კოლოსალური გამოწვევის წინაშე დგას: რუსეთს, რომელიც უკრაინას მოსახლეობით ოთხჯერ ჭარბობს, ოთხჯერ მეტი რაოდენობის ჯარისკაცის გაწვევა შეუძლია. რუსეთში არსებობს ისეთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონები, სადაც არმიაში სამსახური სტაბილური შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ითვლება. სხვათა შორის, საკმაოდ კარგი ანაზღაურებით.

საერთოდ, კრემლმა ომისათვის მინიმალური მოთხოვნები სწორედ საკონტრაქტო გაწვევით დაიკმაყოფილა, ამიტომაც მოსკოვი მთლიან მობილიზაციას თავს არიდებს. ვლადიმერ პუტინს რომ სრული მობილიზაცია გამოეცხადებინა, მაშინ მას მოუწევდა იმის აღიარება, რომ რუსეთი უკრაინასთან ოფიციალურად იმყოფება ომის მდგომარეობაში, ახლა კი ისეთი ვითარების იმიტაცია ხდება, რომ ომი კი არ მიმდინარეობს, არამედ რაღაც შეზღუდული სახის „სპეცოპერაცია“.

უკრაინაში უკვე გაჩნდნენ სამხედრო სარდლობისა და მთავრობის კრიტიკოსები, რომელთა მტკიცებით, არმიის მდგომარეობა სავალალოა და რეფორმა ძალიან გვიანდება. მაგალითად, გადამდგარი პოლკოვნიკი ვიქტორ კამლიუკი აცხადებს, რომ „უკრაინა შეიძლება ხაფანგში აღმოჩნდეს, თუ მომავალი წლის მარტისათვის კარგად არ მოემზადება - როგორც კი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ვლადიმერ პუტინის ისევ უმაღლეს მთავარსარდლად დარჩება, კრემლი მთელი ძალებით შეეცდება ომის გაგრძელებას. ამიტომაც კიევმა საერთო-ეროვნული მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს“.

მაგრამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი ომის განმავლობაში მაქსიმალისტურ მოწოდებებს ეწინააღმდეგება და არ ეთანხმება გასაწვევი ასაკის ოფიციალურ მომატებას არარეზერვისტებისთვის, რომელიც ამჟამად 27 წლით განისაზღვრება. რასაკვირველია, იგი, ალბათ, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს - პრეზიდენტს ხალხში უკმაყოფილების გამოწვევა არ სურს: „პრეზიდენტს არ უნდა, რომ მას დიქტატორის სახელი ჰქონდეს“.

რა თქმა უნდა, ომის დროს, ასეა თუ ისე, ზოგჯერ რთული და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. პოლკოვნიკ ვიქტორ კამლიუკის თქმით, არმია ისეთი მტაცებელია, რომელიც მუდმივად საკვებს ითხოვს: „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. გვიწევს, რომ ვიყოთ სასტიკები და სისხლისმსმელები. თუ ამ ომს წავაგებთ, ყველა ცუდ დღეში აღმოვჩნდებით“.

მოკლედ, მთავარი ამოცანაა ახალწვეულები დარწმუნება ბრძოლისათვის, მათი მოტივაციის გაძლიერება. ჯერ-ჯერობით კი სიტუაცია სასურველი არ არის. „მე მზად ვარ ვემსახურო ქვეყანას იქ, სადაც მეტი სარგებლობის მოტანა შემიძლია, ჩემი ცოდნით და უნარით. ახლა კი დღე-ღამეში 24 საათი მხოლოდ საევაკუაციო სამსახურში ვარ და ვხედავ, რომ ზოგჯერ უაზროდ უამრავი უკრაინელი იღუპება“, - ამბობს დონბასის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მყოფი მეომარი, მეტსახელად „დირიჟორი“, რომლის დასკვნით, „არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ასეთი დაუფასებლობა და პრიმიტიულად გამოყენება“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/12/17/ukraines-army-is-struggling-to-find-good-recruits

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати