USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«The Washington Post»: „ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან არ დავიხიოთ“ (ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან)
თარიღი:  279

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) გამოქვეყნა სტატია სათაურით „ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან არ დავიხიოთ“ (ავტორი - დევიდ იგნატიუსი), რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს შინაარსია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში მკვეთრი განცხადება გააკეთა აშშ-ის კონგრესის მიმართ იმ დროს, როცა რუსული რაკეტები უკრაინის სამხრეთში ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ: „მოგვეცით იარაღი რუსეთის შეტევის შესაჩერებლად და თუ არ მოგვცემთ, უკრაინა გააძლიერებს დარტყმებს რუსეთის აეროდრომების, ენერგეტიკული ობიექტებისა და სხვა სტრატეგიული სამიზნეების მიმართ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობდა გაძლიერებულად დაცულ, ქვიშიანი ტომრებით გარშემორტყულ საპრეზიდენტო [ადმინისტრაციულ] კომპლექსში, რომელშიც ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ორწლიანი ომის განმავლობაში არცერთი ძველი სამოქალაქო პირი აღარ დარჩა. დაცვა იმდენად გამკაცრებული იყო, რომ პლასტიკური ავტოკალამიც კი ჩამომართვეს... ვოლოდიმირ ზელენსკი ისევე აქტიურად და ისეთივე მეომრულად განწყობილი ლაპარაკობდა, როგორც ორი წლის წინ, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ - ყოფილმა მსახიობმა, რომელსაც უკრაინის ხელმძღვანელობა ომის დროს  მოუწია - ამჟამად მთლიანად შეითვისა მეომარი ქვეყნის პრეზიდენტის როლი, თავისი უკვე განუყრელი სამხედრო ფორმით. იგი აქ, სამშობლოში უფრო ნაკლებად დაძაბუნებული ჩანდა, ვიდრე ერთი თვის წინ მიუნხენში გამოიყურებოდა, უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩემთან საუბრისას ისე ჩანდა, რომ მას მოსწონდა საომარ მდგომარეობაში მყოფი ერის სიმბოლოდ წარმოჩენა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ის კონგრესის მიერ სამხედრო დახმარების (60 მილიარდი დოლარის მოცულობით) პაკეტის მიღების გადადება უკრაინას ძვირი დაუჯდა: სამხედროებმა ვერ დაგეგმეს სამომავლო ოპერაციები იმის გამო, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები თითქმის ექვსი თვეა დაობენ და კიევისადმი დახმარების საკითხზე ვერ შეთანხმებულან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი და შეიძლება უკანდახევა მოუწიოს, თავისი ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საბრძოლო მასალების დაზოგვის მიზნით. „თუ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა არ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება არც ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა (საზენიტო რაკეტების Patriot-ების სახით), არც რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და არც 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები“, - თქვა პრეზიდენტმა, - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უკან დავიხიოთ“.

სამხედრო მდგომარეობის თვალსაჩინოდ წარმოსადგენად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქარალდის ფურცელი აიღო და საბრძოლო მოქმედებების მარტივი სქემა დახაზა: „თუ თქვენ დღეში 8 ათასამდე ჭურვი გჭირდებათ ყოველდღიურად, ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მაგრამ გაქვთ მხოლოდ 2 ათასი, როგორ მოიქცევით? რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზი უნდა შეამციროთ. რა თქმა უნდა, მოგიწევთ უკანდახევა, რითაც რუსები სწრაფად ისარგებლებენ და შეტევას დიდი ქალაქებისაკენ მიმართავენ“.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან აღარ დავიხიოთ“, - აგრძელებს ვოლოდიმირ ზელენსკი, - „ავდეევკის დატოვების შემდეგ შევძელით სიტუაციის სტაბილიზება ჩვენი სამხედროების მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების წყალობით. და თუ ფრონტის ხაზი სტაბილური იქნება, უკრაინა მოახერხებს ახალი ბრიგადების ჩამოყალიბებას, შეიარაღებას, გაწრთვნას და მიმდინარე წელს ახალი კონტრშეტევის ორგანიზებას. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რუსები გააკეთებენ“.

როცა პრეზიდენტს ვკითხე, საკმარისი აქვს თუ არა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები თავისი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, მან ასე მიპასუხა: „მე არ მინდა, რომ რუსეთმა გაიგოს, თუ რამდენი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გვაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ ნამდვილად მეტი გვჭირდება. ამერიკის კონგრესის დახმარების გარეშე დეფიციტი უფრო მეტი იქნება. ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ საკუთარ წარმოებასაც ვაფართოვებთ, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის“.

იმდენად, რამდენადაც რუსული დრონები, რაკეტები და მაღალი სიზუსტის მქონე ბომბები უკრაინის თავდაცვის სისტემას არღვევენ და ქვეყნის ინფრასტრუქტურას დიდ ზიანს აყენებენ, ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა არჩევანი აღარ აქვს, თუ არა რუსეთის საზღვრის მიღმა, მტრის ზურგში მდებარე ობიექტებს საპასუხო დარტყმა მიაყენოს და დაბომბოს. ამის მაგალითია უკრაინული დრონების თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გახშირდა. ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე - გააფრთხილეს თუ არა იგი აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა - როგორი ხმებიც ვრცელდება ვაშინგტონში - შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა, მან დაადასტურა, რომ აშშ-ის რეაქცია დადებითი არ იყო, მაგრამ ამერიკა უკრაინას ხელს ვერ შეუშლის, თუ სად და რამიხნით გამოიყენებს კიევი საკუთარი წარმოების იარაღს: „ჩვენ ვისარგებლეთ ჩვენს მიერ დამზადებული დრონებით. ვერავინ ვერ გვეტყვის იმას, რომ ჩვენ ამის გაკეთების უფლება არ გვაქვს“.

ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია რუსეთის დარტყმების შეჩერება ქვეყნის ენერგოსისტემაზე, თუ თვითონაც იგივენაირად დაბომბავს და კრემლს ანალოგიურ ფასს გადაახდვინებს: „როცა ჩვენი ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები არ გვაქვს, რუსები კი გვიტევენ, მე გეკითხებით - რატომ არ უნდა შეგვეძლოს მათთვის პასუხის გაცემა? რუსებმაც უნდა იწვნიონ საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს ბენზინის, დიზელის საწვავის, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება... ჩვენ სამართლიანად ვიქცევით... და როცა რუსეთი შეწყვეტს თავის მოქმედებას, ჩვენც გავჩერდებით“.

ის, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის სასწრაფოდ სურს, არის შორის მოქმედების რაკეტების - ATACM-300-ების მიღება, რომლებსაც, მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში არსებული სამიზნეების, განსაკუთრებით აეროდრომების განადგურება შეუძლია, საიდანაც აფრენილი რუსული თვითმფრინავები უკრაინისკენ მაღალი სიზუსტის მქონე ფრთოსან რაკეტებს უშვებენ და სერიოზულ ზიანს აყენებენ.

„როცა რუსეთს ასეთი რაკეტები აქვს, ჩვენ კი არა, როცა რუსეთი გვიტევს მსგავსი რაკეტებით და ყველაფერს გვინგრევს - სკოლებს, სამოქალაქო შენობებს, ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს, მათთვის პასუხის გასაცემად სწორედ ATACM-300-ები გვჭირდება“, - ამბობს პრეზიდენტი ინტერვიუში. იგი ხაზს უსვამს, რომ შორი მოქმედების რაკეტები რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად კი არ სურს, არამედ მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყირიმში არსებული აეროდრომების გასანადგურებლად. „როცა მოსკოვი გაიგებს, რომ ჩვენ მის სამხედრო აეროდრომებზე განლაგებული თვითმფრინავების განადგურება შეგვიძლია, ისინი ყირიმიდან შეტევას შეწყვეტენ. მოხდება ისე, როგორც შავი ზღვის ფლოტთან მიმართებით მოხდა: ჩვენ ისინი ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან გავაძევეთ. ასევე გავაძევებთ ყირიმის აეროდრომებიდან“.

კითხვაზე, „ვაშინგტონში გავრცელებული ხმების თანახმად, ATACM-300-ები უკვე უკრაინისკენ მოაქვთ და რას იტყოდით ამის თაობაზეო“, მან გაიცინა და თქვა: „ბოდიში, მაგრამ მე თქვენ ამ ინფორმაციას ვერ გაგანდობთ“. შემდეგ კი დაამატა: „ამჟამად რაკეტები უკრაინაში არ არიან“.

პრეზიდენტმა ქებით მოიხსენია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რუსეთის სიღრმეში შეწევა 1000 კილომეტრით და მეტი მანძილით შეუძლია, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ომის მოსაგებად მხოლოდ დრონები საკმარისი არ არის. ჩვენ შევძელით სამხედრო-საზღვაო დრონების წარმატებით გამოყენება და რუსული ფლოტის შევიწროვება შავი ზღვის უკრაინული აკვატორიიდან... მაგრამ ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ არის. ისინი მხოლოდ დრონებია და არა დიდი სიმძლავრის მქონე რაკეტები“.

„თვლით თუ არა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს იარაღის მიწოდების საქმეში და ამ მხრივ მართლები არიან ის ქორი-კრიტიკოსები, რომლებიც მას აკრიტიკებენ? - ამ კითხვაზე ვოლოდიმირ ზელენსკი ასე პასუხობს: „ჩემი აზრით, ჯო ბაიდენი სიფრთხილეს იჩენს იმიტომ, რომ რუსეთის ბირთვული შეტევის პროვიცირება არ მოახდინოს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ დარტყმას ვერ გაბედავს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსი ლიდერის მოქმედების პროგნოზირება ძნელია... იგი შეშლილია. მსოფლიოში ვერ იპოვით ისეთ ადამიანს, რომელიც 100-პროცენტიანი სიზუსტით გეტყოდათ, თუ რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი. აი, ამიტომაც ჯო ბაიდენი ფრთხილად მოქმედებს“.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ორწლიანი ომი, რომლის დროსაც უკრაინის არმიის საუკეთესო ოფიცრები და ჯარისკაცები დაიღუპნენ, მძიმე გაკვეთილს წარმოადგენს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ადრევე უნდა შეეჩერებინა: „პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სისუსტე გამოიჩინა, როცა პუტინმა 2014 წელს ყირიმი მიიტაცა. ევროპას რუსეთთან ვაჭრობა სურდა და ამიტომ მოსკოვს უკრაინასთან ომისათვის გზა გაუხსნა. კრემლმა ყირიმი ისე დაიპყრო, რომ დასავლეთს რაიმე მნიშვნელოვანი რეაგირება არ მოუხდენია. რუსეთი არავის არ შეუჩერებია. უკან თუ გადავიხედავთ, მივხვდებით, რომ ამ საშინელი ომის თავიდან აცილება მხოლოდ ძალის დემონტრირებით შეიძლებოდა“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ვლადიმერ პუტინი ცბიერია, მაგრამ ჭკვიანი არ არის. როცა თქვენ ჭკვიან ადამიანს ებრძვით, ამ დროს ბრძოლა წესების დაცვით ხდება. მაგრამ თუ ეშმაკ და ცბიერ ადამიანთან გაქვთ შეტაკება, მისგან საფრთხეს ყოველთვის უნდა ელოდო“, - ასე შეაფასა უკრაინის ლიდერმა თავისი მოწინააღმდეგე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მოქმედების ვარიანტები დამოკიდებულია კონგრესის გადაწყვეტილებაზე: „სანამ უკრაინას ამერიკა არ დაეხმარება, ჩვენ იქ დავრჩებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, აღმოსავლეთის ფრონტზე. შეგვიძლია ლოკალური შეტევების განხორციელება, მაგრამ რუსების შესავიწროვებლად მეტი რაოდენობით იარაღი გვჭირდება“.

„ნახევარი წელიწადი დავკარგეთ, სანამ კონგრესმენები ერთმანეთს ეკამათებოდნენ. დროის დაკარგვა მეტად აღარ შეიძლება. უკრაინა პარტიებს შორის განსახილველი პოლიტიკური საკითხი არ უნდა იყოს. უკრაინისადმი დახმარების კრიტიკოსები ომში დადებულ ფსონებს ვერ აცნობიერებენ. თუ უკრაინა დაეცემა, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს რუსეთის მტრებად და მეგობრებად დაყოფს“, - აღნიშნა უკრაინელმა ლიდერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის აგრესიის წინაარმდეგ არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ დასავლეთის მობილიზებაშიც. მე მინდა, რომ კონგრესის წევრებმა, რომლებიც უარს აცხადებენ უკრაინისადმი დახმარებაზე, კარგად გააცნობიერონ უკრაინის ლიდერის ნათქვამი, თუ რა ფასი გადაიხადა მისმა ქვეყანამ რუსეთისადმი დაუმორჩილებლობისთვის და გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც წინ დახვდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ვაშინგტონი მხარს არ დაუჭერს თავის მეგობარ უკრაინას.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2024/03/29/ignatius-zelensky-interview-ukraine-aid-russia/

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.